ევროკავშირის მიერ დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციების პასუხად ბელარუსის ხელისუფლებამ 28 ივნისს განაცხადა, რომ წყვეტს ყოველგვარ ურთიერთობას ევროკავშირთან და ასევე აჩერებს თავის მონაწილეობას „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში, რომლის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება ევროკავშირსა და ექვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას - საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას - შორის.
ასევე ნახეთ ევროკავშირი გმობს ბელარუსის გადაწყვეტილებას გაწყვიტოს კავშირი ბლოკთანევროკავშირში სინანული გამოთქვეს ბელარუსის გადაწყვეტილებაზე, გაწყვიტოს კავშირი ბლოკთან და განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ ბელარუსის იზოლაციას გააღრმავებს.
მინსკის ამ ნაბიჯს „სამწუხარო“ უწოდეს საქართველოსა და უკრაინის, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ორი დაწინაურებული ქვეყნის, ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ მინსკის ეს ნაბიჯი ბრიუსელის დღის წესრიგში კვლავ დააყენებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ორ ჯგუფად - პირობითად, „ფრიადოსნებად“ და „ჩამორჩენილებად“ - გაყოფას, რის შესახებაც ევროკავშირში, უკვე კარგა ხანია, მიმდინარეობს საუბარი.
ასევე ნახეთ რა ბედი ელის აღმოსავლეთის პარტნიორობას?დახმარება, სანქციების მიუხედავად
„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა 2009 წელს დამტკიცდა ევროკავშირთან აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის - ისევე როგორც ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის - დაახლოების მიზნით, მაგრამ მომავალი წევრობის მკაფიო შეთავაზების გარეშე.
საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ მას მერე ევროკავშირთან გააფორმეს ასოცირების შესახებ ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით, მაგრამ ზოგიერთი წევრი ყოყმანობდა ამ ქვეყნების შესაძლო გაწევრიანების საკითხის ღიად განხილვაზე.
მათ შორის არის ბელარუსი, რომლის ხელისუფლება 2020 წლის სადავო არჩევნების შემდეგ ევროკავშირთან აშკარად კონფრონტაციულ გზას დაადგა.
პოლიტიკური ოპონენტების, აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი რეპრესიების პასუხად ბრიუსელმა მინსკს რამდენჯერმე დაუწესა ეკონომიკური სანქციები. ბოლოს ეს მოხდა გასულ თვეში, მას შემდეგ, რაც ბელარუსის რეჟიმმა სამგზავრო თვითმფრინავი აიძულა მინსკში დაფრენილიყო და დააპატიმრა თვითმფრინავში მყოფი დისიდენტი ჟურნალისტი, რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი ქალი, სოფია საპეგა.
ასევე ნახეთ რამან პრატასევიჩი და სოფია საპეგა იზოლატორიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანესმაგრამ, მიუხედავად ასეთი დაპირისპირებისა, ევროკავშირი კვლავ აგრძელებდა ბელარუსისათვის, როგორც „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის წევრი ქვეყნისათვის, სხვადასხვა სახის დახმარების გამოყოფას.
„ბელარუსი არასოდეს ყოფილა ფრიადოსანი ამ პროგრამაში. ის ძალიან შეზღუდულად მონაწილეობდა მასში, არასოდეს გამოუხატავს ძალინ დიდი სურვილი, რომ თუნდაც ნაბიჯები გადაედგა ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით, რომ აღარაფერი ვთქვათ კავშირში გაწევრიანებაზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბელარუსი იღებდა ამ პროგრამისგან გარკვეულ ბონუსებს და აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელიც ბელარუსის რეჟიმს გულზე არასოდეს ეხატებოდა. ეს იყო დახმარების პროგრამა სახელმწიფო დონეზე, ვთქვათ, გზების მშენებლობაში დახმარება. ადრე ეს დახმარება გამოიყოფოდა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში. ახლა ევროკავშირს, თუკი სურს, შეუძლია ეს დახმარება გამოყოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში“, - ამბობს იური დრაკახრუსტი, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანამშრომელი.
ბელარუსის რეჟიმის მიერ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად, ევროკავშირი, ცხადია, კვლავ გააგრძელებს ეკონომიკური იზოლაციის მდგომარეობაში მყოფი ბელარუსის მოსახლეობის მხარდაჭერას, რომლის ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო არასახარბიელოს გახდის მინსკის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
„ევროკავშირი ღია რჩება ბელარუს ხალხთან თანამშრომლობისთვის ამ ჩარჩოს ფარგლებში და ის გააგრძელებს ბელარუსი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების, ისევე როგორც მათი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას“, - თქვა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჟოზეპ ბორელის, პრესმდივანმა, ნაბილა მასრალიმ.
ბელარუსის რეჟიმის ნაბიჯს გმობენ და ბელარუს ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ ბლოკში შემავალი სახელმწიფოები.
ნიშანდობლივია, რომ ჩეხეთის მთავრობამ 29 ივნისს გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება, პრაღაში გახსნას ბელარუსის ოპოზიციის ოფიციალური ოფისი.
„ბელარუსის ოპოზიციას ჩეხეთის რესპუბლიკა უპირობოდ უჭერს და დაუჭერს მხარს“, - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაკუბ კულჰანეკმა, თავის ტვიტში. ჩეხმა მინისტრმა ამის შესახებ გამოაცხადა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას, პრაღაში ვიზიტიდან რამდენიმე კვირაში.
საქართველოსა და უკრაინის პოზიცია - „პარტნიორობის“ ორად გაყოფა
ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა, ბელარუსის ხელისუფლების დემარშს პირველად „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში მონაწილე ბელარუსის მეზობელი სახელმწიფო, უკრაინა, გამოეხმაურა.
კიევმა, რომელიც არ მალავს თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის მიმართ და ღიად უჭერს მხარს ბელარუსის ოპოზიციასა და დამოუკიდებელ მედიას, მინსკის მისამართით ამჯერადაც საკმაოდ მკვეთრი განცხადება გააკეთა.
„თქვენ შეგიძლიათ განაცხადოთ „აღმოსავლეთის პარტნიორობიდან“ გასვლის შესახებ, მაგრამ ვერ შეცვლით გეოგრაფიას. ბელარუსი ხალხი ისტორიულად ეკუთვნოდა ჩვენი, ევროპელი ხალხების ოჯახს. ჩვენ გავაგრძელებთ მის (ბელარუსი ხალხის) მხარდაჭერას, რა დროც არ უნდა იყოს ამისთვის საჭირო, რათა გამოვასწოროთ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ისტორიული შეცდომა“, - დაწერა საკუთარი ტვიტერის გვერდზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.
„აღმოსავლეთის პარტნიორობაში“ მონაწილეობის შეჩერების შესახებ მინსკის გადაწყვეტილებას ტვიტერის საშუალებით გამოეხმაურა პროგრამის კიდევ ერთი დაწინაურებული ქვეყნის, საქართველოს, საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუმცა, კიევისგან განსხვავებით, თბილისის პოზიცია არ შეიცავს ბელარუსის რეჟიმის შეფასებას ან კრიტიკას.
„სამწუხაროდ, ბელარუსმა მიიღო გადაწყვეტილება "აღმოსავლეთ პარტნიორობაში" მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ - ძლიერ და ერთიან პრინციპებზე დაფუძნებულ ფორმატში, სადაც თითოეულ ქვეყანას თავისი ამბიცია აქვს. "აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ხელს უწყობს რეფორმისა და განვითარების მძლავრ პროცესს. ვიმედოვნებთ, რომ ბელარუსი მალე დაბრუნდება "აღმოსავლეთ პარტნიორობაში" და ჩვენ გავაგრძელებთ განვითარების ახალ ეტაპს“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის მე-10 წლისთავზე, უკრაინა გამოვიდა პროგრამის მოდერნიზების ინიციატივით. ეს გულისხმობდა მისი მონაწილე ექვსი ქვეყნის გაყოფას ორ ჯგუფად: პირველში შევიდოდნენ ქვეყნები, რომლებსაც უკვე აქვთ მიღებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, მეორეში კი ისინი, რომლებსაც მსგავსი შეთანხმება მიღებული არ აქვთ.
მას შემდეგ, რაც მინსკმა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში თავისი მონაწილეობა შეაჩერა, ანალიტიკოსების ვარაუდით, გაჩნდა შანსი, რომ ეს ინიციატივა კვლავ დაიდოს ბრიუსელში მოლაპარაკების მაგიდაზე.
„როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელიაო. შეიძლება იმაზე საუბარი, რომ მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას, ანუ "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ფრიადოსან ქვეყნებს, აქვთ შანსი, აჩვენონ, რომ არასწორია მათი ხელოვნური გაერთიანება ერთ ჯგუფში ისეთ ქვეყანასთან, რომელიც სანქციების ქვეშ იმყოფება. და ამით (მინსკის ნაბიჯით) კიდევ ერთხელ დასტურდება, თუ რატომ არის საჭირო, რომ ჩამოყალიბდეს ცალკე ჯგუფი და უფრო მეტი პერსპექტივით, რასაც ჩვენი ქვეყნები ესწრაფვიან“, - ამბობს იური პანჩენკო, უკრაინულ საიტ „ევროპეისკა პრავდას“ პოლიტიკური მიმომხილველი.
ამ მოსაზრებას საქართველოს ანალიტიკურ წრეებშიც იზიარებენ.
„"აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროგრამასთან დაკავშირებით ხშირად გამოითქმებოდა ხოლმე ასეთი ინიციატივა, რომ დროა გაიყოს ის ორ ნაწილად - იმ ქვეყნებად, რომლებიც უფრო მეტ ინტეგრაციას იმსახურებენ, და ქვეყნებად, რომლებიც მაჩანჩალები არიან. ალბათ, ამ ინიციატივას ისევ დაუბრუნდებიან და იქნება მსჯელობა იმ კუთხით, რომ ბელარუსის ხელისუფლების მოქმედების გამო არ იყო მისაღები ბელარუსთან ერთად ერთ კალათაში ყოფნა. ვფიქრობ, ამ ფორმულას დაუბრუნდებიან და ბრიუსელში დაიწყებენ მასზე ფიქრს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ბატიაშვილმა, „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა.
2019 წელს, როდესაც ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამას 10 წელიწადი შეუსრულდა, ცვალებადი მსოფლიოს ფონზე, ანალიტიკური ცენტრების თანამშრომლებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რა ბედი ელის ინიციატივას, რომელსაც საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირთან უნდა დაეახლოებინა.
გამოკვლევის თანახმად, ერთ-ერთი სცენარი, „პრაგმატული ინტეგრაცია“, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამისთვის, დიდწილად, სტატუს-კვოს შენარჩუნებას გულისხმობს, რაც, მკვლევართა ვარაუდით, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო მეტად გააღრმავებდა დისტანციას ამ სამეულსა და დანარჩენ სამ ქვეყანას - სომხეთს, აზერბაიჯანსა და ბელარუსს - შორის. ამ სამეულის შესახებ ნათქვამი იყო, რომ ისინი უპირატესობას ანიჭებენ „ინტეგრაციის ჩუმ ფორმას, რომელიც დაფუძნებული იქნება პრაგმატიზმზე მათ უსაფრთხოებასა და რუსეთთან დიპლომატიურ კავშირებთან მიმართებით“.
გამოკვლევის ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ „პარტნიორობის“ ამ ორ, სხვადასხვა მიმართულებით მოძრავ, ჯგუფად გაყოფის შესახებ საუბარი, სავარაუდოდ, კვლავაც გაგრძელდება და, შესაძლოა, მისი ფორმის შეცვლა ბრიუსელსაც მოუხდეს.