15 ოქტომბერს რუსეთის ეკლესიამ გაწყვიტა კავშირი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან. მსოფლიო პატრიარქს, რომელსაც 300- მილიონიანი სამწყსო ჰყავს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის საკითხში არ ეთანხმება. გასულ თვეში მან უკრაინის ეკლესიისთვის რუსეთისგან დამოუკიდებლობის მინიჭება გადაწყვიტა.
რუსთის ეკლესიის გადაწყვეტილებას კონსტანტინოპოლის მიმართ, ევქარისტული კავშირის გაწყვეტა ეწოდება და ის ნიშნავს წირვა-ლოცვითი კავშირის გაწყვეტას. მსოფლიოში 15 სრულიად დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიაა - კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, საქართველოს, კვიპროსის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის. ეკლესიათა ამ ოჯახში რუსეთი პირველი არ არის, ვინც ევქარისტულ კავშირს წყვეტს სხვა დამოუკიდებელ ეკლესიასთან. დღეს ერთმანეთს ლოცვებში არც იერუსალიმისა და ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიები მოიხსენიებენ.
არსებობს უფრო მძიმე ფორმის დაპირისპირებაც - ეკლესიის ანათემისთვის გადაცემა, დოგმატურად ჩამოშორება. ასეთ შემთხვევაში ერთი ეკლესია მეორეზე ამბობს, რომ მასში ცხონება და მადლი აღარ არის. თეოლოგი ბექა მინდიაშვილი შენიშნავს, რომ თეორიულად ეს შეიძლება გააკეთოს რუსეთმა კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ და პირიქითაც, თუმცა საქმე აქამდე არ არის მისული. „თუ კონსტანტინოპოლის პოზიციას ეკლესიების უმრავლესობა გაიზიარებს, რუსეთი სრულ უმცირესობაში აღმოჩნდება. ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ არსებობს სრული წყვეტის წინაპირობა, რაც დიდი სქიზმის დროს რომსა და კონსტანტინოპოლს შორის მოხდა”, ამბობს ბექა მინდიაშვილი.
საქართველოს ეკლესია ამ დრომდე დუმს როგორც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე, ასევე რუსეთის მიერ კონსტანტინოპოლთან კავშირის გაწყვეტაზე. ამ დროს კი უკრაინა ავტოკეფალიის მოლოდინშია, რაც მართლმადიდებლურ სამყაროს დიდ ცვლილებებს მოუტანს.
Your browser doesn’t support HTML5