აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა. კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო 7 წელიწადში საგრძნობლად იმატა იმ მოქალაქეების რიცხვმა, ვინც თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. 2012 წელს მხოლოდ 12% თვლიდა ასე, 2019 წელს კი ამ აზრზე გამოკითხულთა 66%-ია.
მონაცემები შეგროვდა 2019 წლის 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით. IRI-ს კვლევა რამდენიმე დღით უსწრებდა წინ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტს, რასაც შემდეგ დედაქალაქის ცენტრში ანტი-საოკუპაციო აქციები მოჰყვა. განვითარებული მოვლენებით კი საქართველო კვლავ აღმოჩნდა რუსეთის მხრიდან სანქციების სამიზნე. მოსკოვმა თბილისთან პირდაპირი ფრენები აკრძალა.
ასევე ნახეთ საქართველოს დასჯა: დუმა ცუდია, პუტინი - კარგი?ბოლო ერთ თვეში ბევრი რამ მოხდა, თუმცა კვლევაში დასმული რამდენიმე კითხვიდან იკვეთება ხალხის აზრი რუსეთთან მიმართებაში, რომელიც ასე გამოიყურება:
რუსეთი პოლიტიკური საფრთხეა უმრავლესობისთვის
IRI-ს კითხვარში ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. გამოკითხულთა 79% ფიქრობს, რომ რუსეთი ქვეყნისთვის პოლიტიკურად საფრთხეს წარმოადგენს. 57% კი ჩრდილოეთიდან ეკონომიკურ საფრთხეს ხედავს. მხოლოდ 5% ამბობს, რომ რუსეთი პოლიტიკური პარტნიორია, 7% კი ეკონომიკურ პარტნიორს ხედავს მასში.
სურათი რადიკალურად იცვლება შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან დაკავშირებით. მხოლოდ გამოკითხულთა თითო-თითო პროცენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური მტერია. შეერთებული შტატების შემთხვევაში კი ეს ორი მაჩვენებელი 3-3 პროცენტს არ აღემატება. 47%-სთვის ევროპა პოლიტიკური პარტნიორია, აშშ-ს კი 50% თვლის პოლიტიკურ მოკავშირედ.
რუსეთთან დიალოგის მომხრეთა რაოდენობამ იკლო
2010 წლიდან აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ეკითხება საქართველოს მოსახლეობას რას ფიქრობს რუსეთთან დიალოგის წარმოებაზე. 2010 წლის მარტში მოსახლეობის 70% მხარს სრულად უჭერდა რუსეთთან დიალოგის იდეას. იმავე წლის ბოლოს 9 წლის განმავლობაში რეკორდულ 84%-ს აღწევდა რუსეთთან დიალოგის მომხრეები. ამ დროს ორ ქვეყანას შორის მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი არსებობდა.
2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჟენევის ფორმატის პარალელურად დაიწყო კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებები. შეხვედრებზე განიხილება სავაჭრო – ეკონომიკური კავშირები ორ ქვეყანას შორის. 2012 წლიდან იწყება ეტაპობრივი კლება რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის მომხრეებში, თუმცა 2019 წელს ის კლების რეკორდს აღწევს. ამჟამად მხოლოდ 46% ამბობს, რომ რუსეთთან დიალოგს სრულად უჭერს მხარს. 2019 წლის კვლევის მიხედვით დიალოგს ნაწილობრივ უჭერს მხარს 29%, ნაწილობრივ ეწინააღმდეგება 7%, ხოლო კატეგორიულად ეწინააღმდეგება 12%.
ხალხის აზრით, ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობას კარგად ვერ ართმევს თავს
2019 წლის კვლევაში ჩანს, რომ საზოგადოების ნახევარზე მეტის აზრით ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობებს საკმარისად კარგად ვერ ართმევს თავს.
2015 წელს 59% ძალიან პოზიტიურად ან ნაწილობრივ პოზიტიურად აფასებდა იმას თუ როგორ ართმევდა თავს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობებს. წელს 33%-ია დადებითად ან ნაწილობრივ დადებითად დამოუკიდებული იმ პოლიტიკისადმი რომელსაც ხელისუფლება მოსკოვთან აწარმოებს.
წლევანდელ გამოკითხვაში 53% ფიქრობდა, რომ საქართველო-რუსეთს შორის არსებული ამჟამინდელი ურთიერთობების გათვალისწინებით თავს სრულიად ან ნაწილობრივ დაუცველად თვლის.
უმრავლესობისთვის რუსეთის აგრესია ისევ გრძელდება
როგორ ფიქრობთ, რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ დასრულდა თუ ისევ გრძელდება? - ეს კითხვა IRI-მ რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 1 წელიწადში, 2009 წელს დასვა. მაშინ 2% თვლიდა, რომ აგრესია დასრულდა, 10% მის განახლებას არ გამორიცხავდა, 84% კი ამბობდა, რომ აგრესია ისევ გრძელდებოდა.
მას მერე 10 წელი გავიდა აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა თითქმის ყველა კვლევაში გაიმეორა. მხოლოდ 2012 წის ბოლოს და 2013 წელს ჩამოვიდა ნახევარს ქვემოთ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც მიაჩნდა, რომ აგრესია ისევ გრძელდება. 2012 წლის ნოემბერში 47% თვლიდა ასე, ხოლო 2013 წლის თებერვალში 44%. ამ წლებში ყველაზე მეტი ადამიანი ამბობდა, რომ კონფლიქტი რუსეთთან დასრულდა.
რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ გავრილოვის ვიზიტამდე და მის შემდგომ განვითარებული მოვლენებამდე, საზოგადოებას დაუგროვდა მიზეზები იმისა, რომ რუსეთთან დამოკიდებულება გაუარესებულიყო.
“მოქალაქეები ხედავენ რუსეთის მზარდ აგრესიას დემოკრატიული სამყაროს მიმართ. მზარდია დაძაბულობა უკრაინაში. ჰიბრიდული ომიც მკაფიოდ გამოიკვეთა, რომელსაც ის აწარმოებს ევროკავშირის, აშშ-ისა და მისი პარტნიორების მიმართ. ეს განსაკუთრებით ხილული გახდა საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. გამოჩნდა, რომ რუსეთი გრძელვადიან დესტრუქციულ პოლიტიკას აწარმოებს”, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.
რაც შეეხება საზოგადოების აზრს საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულ პოლიტიკაზე, კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ 2012 წლიდან დღემდე რუსეთმა უკეთ გაავლო წითელი ხაზები ამ ურთიერთობაში ვიდრე საქართველომ.
“2012 წლიდან მოსახლეობა იმედის თვალით უყურებდა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს. ხელისუფლებამ შესაძლოა პოლიტიკურად სწორი კურსიც შეარჩია მაშინ. მაშინ იმედებს ამყარებდნენ, რომ ურთიერთობის ნორმალიზაციით, ნელ-ნელა გადავიდოდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების მოგვარებაზე. ამ მიმართულებით აბსოლუტურად არანაირი პროგრესი არაა. რუსეთმა ამ მიმართულებით უფრო კარგად გაავლო წითელი ხაზები ვიდრე ჩვენ. რუსეთის წითელი ხაზები არის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. მოსახლეობამ დაინახა, რომ როგორც არ უნდა მოექცე რუსეთს, არანაირი შედეგი არ არის”, - ამბობს კახა გოგოლაშილი.
ასევე ნახეთ რას ითხოვს მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებისგან?მოსკოვმა საქართველოს უფრო მეტად დასჯა ამ ეტაპზე გადაიფიქრა და შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისებიც აღადგინოს. პუტინის მიერ მოყოლილი საქართველოს ისტორიის ვერსია კი საქათველოს ტერიტორიების გაერთიანებას გამორიცხავს. ამის პარალელურად ანტი-საოკუპაციო აქციები თბილისის ცენტრში ისევ გრძელდება. ამ მოვლენების შედეგს კი უკვე საზოგადოებრივი აზრის შემდეგი კვლევები ასახავს.