რას ფიქრობთ განახლებულ ვაკის პარკზე?

მეორე დღეა რაც 6 თვით სრულად ჩაკეტილი ვაკის პარკი გაიხსნა. მერიის ინფორმაციით, განახლდა მცენარეული საფარი - პარკში დარგეს სხვადასხვა სახეობის 12 ათასი ძირი ბუჩქი და 1300-ზე მეტი ხე.

პარკის გამწვანება-რეაბილიტაცია ქალაქს 20 მილიონი ლარი დაუჯდა.

მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა და ეს მხოლოდ პირველი ეტაპია, თბილისელები უკვე დაუბრუნდნენ პარკს. რადიო თავისუფლებამ რამდენიმე მათგანს ჰკითხა აზრი განახლებულ რეკრეაციულ ზონაზე და სხვადასხვა აზრიც მოისმინა.

ეს წყვილი ვაკის პარკში 50 წელზე მეტია სეირნობს, აქვე ცხოვრობენ და პარკში ხშირად სეირნობენ - "ჩვენ ვაკის პარკელები ვართო". ამბობენ, რომ განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა, თუმცა რაც არის მოსწონთ.

Your browser doesn’t support HTML5

"ვაკის პარკელები"

სოსო, დანი და მათი მეგობარი „მზიური“ განახლებულ ვაკის პარკში დღეს პირველად მოვიდნენ. სოსოსთვის ეს ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, სადაც ხშირად ხან მედიათეკაში, ხანაც უბრალოდ ველოსიპედით სასეირნოდ დადიოდა.

„ძალიან მიხარია რომ გაიხსნა, დიდი ცვლილება არ შემიმჩნევია, ველოსიპედის ბილიკი დაუმატებიათ, მთავარია რომ ძველი ეშხი და იერი არ დაუკარგეს", - ეუბნება რადიო თავისუფლებას სოსო.

დანის ვაკის პარკის ძველი იერსახე არ ახსოვს, რეაბილიტაციამდე მხოლოდ ერთხელ იყო. ამბობს ლამაზი პარკიაო, გულისხმობს კარგ ადგილს და ბუნებას.

სოსო, დანი და "მზიური"

სოფა ყანჩაველს უხარია, რომ ახლა შვილთან ერთად ვაკის პარკში სეირნობას აღადგენს. რადიო თავისუფლებას უყვება, რომ სანამ პარკი დაკეტილი იყო ბავშვებს დიდი გაჭირვებით ასეირნებდნენ: “ბოლოს მოსეშვილზე ვიპოვეთ პატარა ეზო, მთელი კორპუსი იქ დადიოდა, მერე ზოგმა ქალაქგარეთ სახლი იქირავა რომ ბავშვებს მოძრაობის საშუალება ჰქონოდათ“, - ამბობს სოფა.

Your browser doesn’t support HTML5

სოფა ყანჩაველი განახლებული ვაკის პარკის შესახებ

ვანო 50 წლის არის, ვაკის პარკში თითქმის ყოველ დღე თამაშობს პინგ-პონგს. როცა პარკი დაკეტილი იყო მაშინაც კი ახერხებდა პარკში შემოსვლას.

ვანო

„მაინც გადმოვდიოდით, ცოტა ხანი იყო დაკეტილი, ხალხი მაინც შემოდიოდა. მე ნაძალადევიდან დავდივარ, ზოგი ისნიდან დადიოდა, ზოგი უფრო შორიდან, მაგრამ კორონავირუსმა ცოტა დაგვსაქსა.

რაც გაკეთდა პარკში კარგია, მაგრამ ჩოგბურთის მაგიდებსაც რომ მიხედონ კარგი იქნება, საბჭოთა დროინდელი ბეტონის მაგიდები დგას, სკამებიც გვედგა რომ ჩამოვმჯდარიყავით, ახლა აღარ არის. დაგვპირდნენ ბეტონს დავასხამთ და სკამებიც იქნებაო, მაგრამ როდის არავინ იცის".

ვანოს მეტოქე საბა 24 წლისაა. პარკი მასაც უყვარს, მაგრამ ამბობს რომ განათებაა ცუდი. გარდა იმისა, რომ ბოძები ძალიან ახლო ახლოს დგას, ისე ანათებს რომ „თვალებს აბრმავებს“.

საბა და ვანო

სამოქალაქო აქტივისტი მარიამ ბაქრაძე, რომელიც პარკის კონცეფციის განხილვაში მონაწილეობდა, ამბობს რომ რაც გაკეთდა ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც პარკის კონცეფციაში იდო, მისი თქმით პროექტით პარკი მხოლოდ უნდა გაჯანსაღებულიყო, დღეს კი სულ სხვა შედეგია სახეზე.

"გაჩნდა უფრო მეტი ბეტონის საფარი, ველობილიკები უაზროდ არის დაგეგმილი, მიდის და უცებ სადღაც წყდება, როცა კონცეფციის მიხედვით, მხოლოდ წრე უნდა დაერტყა პარკისთვის.

განათებები არის საშინელება, ძალიან ბევრი დგას და გადანათებულია, უამრავი პრობლემაა. შუმბა ლენდიც აღარ უნდა ყოფილიყო მაგ ადგილას, ასევე სასტუმრო ბუდაპეშტის ტერიტორია უნდა შეერთებოდა ისევ პარკს, თუმცა კერძო მესაკუთრის ხელშია და ამ მხრივ არაფერი გაკეთებულა, კონცეფციის მიხედვით კი ტრადუცილი მინდორი უნდა ყოფილიყო, ამფითეატრივით, უამრავი უხარისხო გადაწყვეტილებაა მიღებული, როგორც იდეურად ისე შესრულებული სამუშაოს მხრივ", - ამბობს მარიამ ბაქრაძე

ფოტო პროექტის მიხედვით და რეალობაში