"საგანგაშო სიგნალია". რას ფიქრობენ კიევში ჯეი დი ვანსზე, ტრამპის რჩეულზე საპრეზიდენტო არჩევნებში

სენატორობის კანდიდატი ოჰაიოდან ჯეი დი ვანსი (მარჯვნივ) დონალდ ტრამპის (მარცხნივ) მხარდამჭერ კამპანიაზე გამოსვლის დროს. დეიტონი, აშშ, 2022 წლის 7 ნოემბერი

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მსგავსად, დონალდ ტრამპის მიერ ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად ოჰაიოელი სენატორის ჯეი დი ვანსის დასახელებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა უკრაინაში.

უკრაინა დასავლეთისა და განსაკუთრებით აშშ-ის სამხედრო დახმარებით იმედოვნებს რუსეთის სამხედრო აგრესიის შეჩერებას და ომის ბედის შემობრუნებას.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპ-ვანსის დუეტის გამარჯვების შემთხვევაში კიევში შიშობენ, რომ ამერიკული სამხედრო დახმარება, შესაძლოა, შემცირდეს, რაც უარყოფითად იმოქმედებს ომის მსვლელობაზე.

„უკრაინისა და რუსეთის საკითხში აშშ-ის სავარაუდო ვიცე-პრეზიდენტის შეხედულება ემთხვევა ექსპრეზიდენტისას. ეს საგანგაშო სიგნალია, თანაც არა მხოლოდ კიევისათვის, არამედ ევროპისათვის, რადგან ამით გამყარდება ვარაუდი, რომ ამერიკის თეთრ სახლში რესპუბლიკელების მოსვლის შემთხვევაში აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლება უფრო იზოლაციონისტური გახდება“, - წერს პოპულარული უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“.

„მე არასოდეს ვამტკიცებდი, რომ პუტინი არის კარგი და მეგობრული პიროვნება"

ივნისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს, მისმა ორმა უახლოესმა მრჩეველმა, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა წარუდგინა, ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. გეგმა ითვალისწინებს კიევის გაფრთხილებას, რომ აშშ მისთვის სამხედრო დახმარებას გააგრძელებს მხოლოდ რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში.

ასევე ნახეთ

ტრამპს, არჩევნების მოგების შემთხვევაში, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა წარუდგინეს

ამასთან, აშშ მოსკოვსაც აფრთხილებს, რომ მოლაპარაკებებზე ნებისმიერი მიზეზით უარის შემთხვევაში, უკრაინისადმი სამხედრო დახმარება გაძლიერდება. ამის შესახებ "როიტერსს" უთხრა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა კიტ კელოგმა.

რუსეთ-უკრაინის ომის საკითხში დონალდ ტრამპის მიდგომას სრულად იზიარებს მის მიერ ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად არჩეული ჯეი დი ვანსი, რომელიც წარსულში ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას.

რამდენიმე თვის წინ, მან New York Times-ში საავტორო წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ უკრაინისთვის მასშტაბური დახმარების გამოყოფის დამტკიცების მთავარი წინაღობა არ იყო აშშ-ის რესპუბლიკური პარტია, როგორც ამას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებდა. "უკრაინას სჭირდება მეტი სამხედროები, ვიდრე ჰყავს, თუნდაც გაწვევის დრაკონული პოლიტიკის პირობებში. და მეტი აღჭურვილობა, ვიდრე აშშ-ს შეუძლია მიაწოდოს. უკრაინის მიმართ გატარებული ნებისმიერი პოლიტიკა მომავალში ამ რეალობით უნდა საზრდოობდეს", - წერდა ვანსი სტატიაში.

აღსანიშნავია, რომ 39 წლის ოჰაიოელი სენატორი დონალდ ტრამპს წარმოადგენდა 2024 წლის თებერვალში გამართულ მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც დასავლეთის მედიის ყურადღება იმით მიიპყრო, რომ იქ მან უარი თქვა ეწოდებინა პუტინისათვის ევროპის ეგზისტენციალური საფრთხე. "ვაშინგტონ პოსტის" თანახმად, სენატორმა ვანსმა მიუნხენში განაცხადა, რომ რესპუბლიკური ადმინისტრაცია შეძლებს პუტინთან მუშაობას.

„მე არასოდეს ვამტკიცებდი, რომ პუტინი არის კარგი და მეგობრული პიროვნება. მე ვამტკიცებდი, რომ ამ ადამიანს აქვს განსაკუთრებული ინტერესები და აშშ-მა ამ ადამიანზე რეაგირება უნდა მოახდინოს განსაკუთრებული ინტერესების გათვალისწინებით. ის ფაქტი, რომ ის არის ბოროტმოქმედი, არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ელემენტარულ დიპლომატიასა და პრიორიტეტების განსაზღვრაზე ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ჯეი დი ვანსმა მიუნხენში.

„ვფიქრობ, რომ ზელენსკი ძალიან შეშფოთებული იქნება ამ არჩევანით. ჯეი დი ვანსი არ არის მაღალი წარმოდგენისა უკრაინისათვის ამერიკული დახმარების გაგრძელებაზე და ეს უნდა იყოს გარკვეულად შემაშფოთებელი მისთვის, რადგან უნდა მიანიშნებდეს, თუ რას ფიქრობს რეალობაში დონალდ ტრამპი უკრაინისათვის დახმარებაზე. რა თქმა უნდა, ამერიკელები ძირითადად უკვე გრძნობენ გარკვეულ შეშფოთებას უკრაინის ომის გამო, რომელიც უკვე ორ წელიწადზე მეტხანს გრძელდება. და საქმე ნამდვილად მიდის იქამდე, რომ ადამიანები კითხულობენ: რაზე ვხარჯავთ ფულს? და რას ვიღებთ სანაცვლოდ? ასე რომ, ვანსი გარკვეულწილად ამ ბანაკს განეკუთვნება და, დარწმუნებული ვარ, რომ ამას ევროპის ზოგიერთი ლიდერის, მათ შორის, განსაკუთრებით ზელენსკის სერიოზული შეშფოთება უნდა გამოეწვია. თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ვანსს რაიმე დიდი საგარეო-პოლიტიკური უფლებამოსილება გააჩნდეს“, - ამბობს ჯოზეფ კამპბელი, ვაშინგტონის კომუნიკაციების ამერიკული ინსტიტუტის საპატიო პროფესორი.

ნატოში უკრაინის გაწევრიანება "სრულიად უპასუხისმგებლოა"

კიევში ახსოვთ ჯეი დი ვანსის პოსტი გამოქვეყნებული სოციალურ ქსელ X-ში, რომელშიც ოჰაიოელი სენატორი და ამჟამად უკვე ვიცეპრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი "სრულიად უპასუხისმგებლოს" უწოდებს უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანებას და თავის მომხრეებს მოუწოდებს გაილაშქრონ ამ იდეის წინააღმდეგ, თუ არ სურთ "ამერიკის ჯარის ყოფნა უკრაინის მიწაზე".

მაგრამ კიევში ისიც ესმით, რომ საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყისში გაჟღერებული მოსაზრებები შესაძლოა გზადაგზა შეიცვალოს. ამიტომ ევჰენ მაგდა, კიევის "მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი, უკრაინის ხელისუფლებას ურჩევს, რომ ამ ლოგიკით იმოქმედოს:

„ვფიქრობ, რომ ლოგიკა უნდა იყოს ძალიან მარტივი. უკრაინა უნდა იყოს ინიციატორი იმისა, რომ ბატონი ვანსი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჩამოვიდეს უკრაინაში. საჭიროა, რომ მან საკუთარი თვალით დაინახოს, თუ როგორ მუშაობს ამერიკული იარაღი, რაზე იხარჯება ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული და იდევნებიან თუ არა უკრაინაში ქრისტიანები. უბრალოდ ის [ვანსი ] იმდენად ყელამდეა სავსე სხვადასხვა პროპაგანდით, რომ პირადი შთაბეჭდილება მასზე უსათუოდ მოახდენს გავლენას. მით უფრო, რომ მას აქვს სამხედრო გამოცდილება, იბრძოდა ერაყში, მისთვის საინტერესო იქნებოდა ენახა რუსეთ-უკრაინის ომი", - უთხრა ევჰენ მაგდამ რადიო თავისუფლებას.

"თუ ბატონი ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ჩვენ მასთან ვიმუშავებთ. ამის არ მეშინია"

უკრაინის ხელმძღვანელობა არ გამოხმაურებია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად ჯეი დი ვანსის დასახელებას. მაგრამ უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნოემბერში პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევაში „განსაკუთრებულ საფრთხეს“ ვერ ხედავს.

„რაც შეეხება ომს, ამასთან დაკავშირებით პოტენციური პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხედვა ჩემთვის ზოგადად გასაგებია. ვფიქრობ, თუ ბატონი ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ჩვენ [მასთან] ვიმუშავებთ. ამის არ მეშინია", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნოემბრისთვის ქვეყნის ხელისუფლება და მისი მოკავშირეები შეიმუშავებენ მეორე სამშვიდობო სამიტში რუსეთის მონაწილეობის გეგმას. პირველი ასეთი ფორუმი შვეიცარიაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გარეშე 15-16 ივნისს გაიმართა.

რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობა უკრაინელ მოქალაქეთა თითქმის ნახევარი.

გამოკითხულ უკრაინელთა 44% მიიჩნევს, რომ დადგა დრო რუსეთთან ოფიციალური სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად.

ასევე ნახეთ

უკრაინელ მოქალაქეთა 44% მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობა - სოციოლოგიური გამოკითხვა

ასეთია იმ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგი, რომელიც კიევში მდებარე „რაზუმკოვის ცენტრმა“ ჩაატარა კიევის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიებზე. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ამასთან, გამოკითხვაში მონაწილეობდნენ მხოლოდ სამოქალაქო პირები, რომლებიც არ არიან ჩაბმულნი საბრძოლო მოქმედებებში.

რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას უპერსპექტივოს და უსამართლოს უწოდებს ევჰენ მაგდა.

„მსოფლიოში ძალიან დიდი მოთხოვნა არსებობს რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტაზე. მაგრამ ამ მოთხოვნის დროს, ბევრი პოლიტიკური ძალა და ადამიანი მიიჩნევს, რომ ზეწოლა უფრო სუსტზე უნდა მოხდეს და არა უფრო ძლიერზე. მე ჯერ ვერ წარმომიდგენია, თუ დღევანდელ სიტუაციაში როგორ შეიძლება რუსეთი მიიწვიო მშვიდობის სამიტზე და მასთან რამეზე მოილაპარაკო. მაგრამ ზელენსკიმ ალბათ უფრო უკეთ უწყის, ამიტომაც არის პრეზიდენტი".

ევჰენ მაგდა ვარაუდობს, რომ მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე საუბრის პარალელურად უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერის შესანარჩუნებლად, რაზეც 15 ივლისს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გაამახვილა ყურადღება.

უკრაინის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ორპარტიული დახმარება უკრაინისათვის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება.


"ჩვენ უნდა დაველოდოთ [არჩევნების] შედეგებს და შევინარჩუნოთ ორპარტიული მხარდაჭერა. ეს უნდა მოხდეს საპარლამენტთაშორისო, საექსპერტო და დიპლომატიის დონეზე, რელიგიურ ორგანიზაციებს, ვეტერანებს და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის დიალოგით. ანუ მუშაობა უნდა ხდებოდეს სრულიად სხვადასხვა მიმართულებით და არა ისე, როგორც ჩვენთან არის. როდესაც მთელი ძალაუფლება პრეზიდენტის ოფისშია კონცენტრირებული და სხვაგან არაფერი ხდება“, - მიაჩნია ევჰენ მაგდას.

ასევე ნახეთ

ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 96 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების თაობაზე
  • მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 96 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ. უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილია 61 მილიარდი დოლარი.
  • მანამდე დოკუმენტი აშშ-ის სენატმა დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 79-მა სენატორმა, 18 წინააღმდეგი იყო.
  • კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პაკეტი 20 აპრილს მრავალთვიანი დავის შემდეგ მიიღო.