სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ინფორმაცია გალის მცხოვრებლებმა ქართული საინფორმაციო საშუალებებით შეიტყვეს.
Your browser doesn’t support HTML5
რადიო თავისუფლების რესპონდენტი, რომელიც ოკუპირებულ ქალაქ გალში ცხოვრობს, აცხადებს, რომ იქ მყოფი ქართველების რეაქცია ამ ფაქტზე, რა თქმა უნდა, უარყოფითია. რესპონდენტი, რომელსაც ვინაობის გამხელა უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ სურს, რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები, საერთაშორისო დონეზე მიღებული, დე ფაქტო ხელისუფლებას აძლიერებს, ეს კი, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფაზე.
„უფრო გართულდება აქ ცხოვრება. რაც მეტი ქვეყანა აღიარებს, მით უარესია ადგილობრივი ხალხისთვის. უფრო მეტი ის ექნებათ, რომ მე კიდევ ერთმა ქვეყანამ მაღიარაო და ქვეყანაა. თვითონ ასე ფიქრობენ და მერე მოსახლეობას უფრო ავიწროებენ. სახელმწიფოდ თვლიან თავს. მით უმეტეს, ჩვენ წაგებული მხარე ვართ“, - ამბობს ქალაქ გალის მცხოვრები.
მის აზრს იზიარებს რადიო თავისუფლების კიდევ ერთი რესპონდენტი, რომელიც წლების განმავლობაში გალის ერთ-ერთ სოფელში სკოლის დირექტორად მუშაობდა და იმის გამო, რომ ე. წ. აფხაზური პასპორტი ჩამოართვეს, საკუთარ სოფელში ვერ ბრუნდება. ის ახლა ოკუპირებული ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, შუახნის მამაკაცი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ არ სურს ვინაობის დასახელება, რადგან ოჯახის წევრები და ნათესავები გალში ჰყავს. რესპონდენტის თქმით, დროთა განმავლობაში აფხაზეთში მცხოვრები ქართველების უფლებრივი მდგომარეობა უარესდება, სხვა ქვეყნების მიერ ოკუპირებული ტერიტორიის აღიარება კი ამ მხრივ მდგომარეობას მხოლოდ გააუარესებს.
ვარჩიე აქეთ გადმოსვლა და ახლა ჩემი პასპორტი აფხაზეთის პროკურატურაში დევს. მე საჯარო სკოლის დირექტორად ვმუშაობდი და გამათავისუფლეს სამსახურიდან. შექმნეს ყოველგვარი პირობა, რომ დამეტოვებინა ჩემი მშობლიური სოფელი...
„ამ ყველაფრის ფონზე ზეწოლა იქ მცხოვრებ ქართველებზე უფრო გაძლიერდება. ეს ასე იქნება, იმიტომ რომ ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც მას გასაქანს არ აძლევდა, იყო ეს არაღიარების პოლიტიკა საერთაშორისო მასშტაბით. და ახლა ზედაპირულად ქმნის იმის ილუზიას, რომ მათ უხსნის გზას ლეგიტიმაციისკენ“, - აცხადებს გალის მკვიდრი, რომლის თავისუფლად გადაადგილების უფლება ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ დაირღვა, როცა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯერ გააფრთხილეს, ასე ხშირად დანარჩენ საქართველოში არ გადასულიყო, შემდეგ კი ე.წ. პასპორტი ჩამოართვეს:
„წამომიყენეს ასეთი პირობა, რომ ან მეცხოვრა იქ და არ გადმოვსულიყავი აქეთ. არჩევანის წინაშე დამაყენეს და ჩემთვის მიუღებელი იყო საქართველოსთან კავშირის გაწყვეტა. ვარჩიე აქეთ გადმოსვლა და ახლა ჩემი პასპორტი აფხაზეთის პროკურატურაში დევს. მე საჯარო სკოლის დირექტორად ვმუშაობდი და გამათავისუფლეს სამსახურიდან. შექმნეს ყოველგვარი პირობა, რომ დამეტოვებინა ჩემი მშობლიური სოფელი“, - ამბობს ამჟამად სოფელ ხურჩაში მცხოვრები მამაკაცი.
რუსეთმა დიდი სამსახური გაუწია ასადის რეჟიმს და სანაცვლოდ აღიარება სთხოვა. ასე აფასებს პოლიტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების ფაქტს. მისი განცხადებით, ამას ჩვეულებრივი „ბანდური გარიგების“ შედეგი შეიძლება დაერქვას, რომელიც არ შეიძლება აფხაზებისა და ოსებისთვის საამაყო იყოს. პოლიტოლოგის თქმით, დღევანდელი ფაქტი მოწმობს ერთ რამეს, რომ რუსეთი ძალიან ბევრს ეცადა და სხვაგან ვერსად მოახერხა დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარების მოპოვება:
„ვინც ქიმიური იარაღით ბავშვების მკვლელებს მხარს უჭერს, იმათ ნორმალურ ხელისუფლებად ვერ ჩავთვლით. რუსებს ვგულისხმობ. ასეთ ბანდიტურ რეჟიმს, ვისაც კი დაეხმარება, ყველას ანალოგიურს მოსთხოვს. მსოფლიოს თვალში ასადის რეჟიმი არის მკვლელების რეჟიმი. ეს არის რეჟიმი, რომელმაც ქიმიური იარაღით გაანადგურა თავისივე მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები და ქალები. ასე რომ, დიდი ღირსება და პატივი აფხაზებისთვის სირიის აღიარება არ უნდა იყოს, ჩემი აზრით“.
ზურაბ ბენდიანიშვილის სიტყვებით, რუსეთი რაც მეტ „ბანდიტურ რეჟიმს“ დაუჭერს მხარს, მით მეტად დაანახვებს მსოფლიოს თავის სახეს.