რადიო თავისუფლების ცენტრალურ სამსახურს ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა დოკუმენტი - 2024 წლის 5 ივლისით დათარიღებული წერილი, რომელიც ვიქტორ ორბანმა შარლ მიშელს მისწერა.
მიზანი: პოზიციების მოსმენა
ვიქტორ ორბანი ანგარიშში, რომელიც ცხრა პუნქტს მოიცავს, შარლ მიშელს სწერს, რომ პუტინთან მოლაპარაკებები, - როგორც მოლაპარაკებები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კიევში, - ემსახურებოდა პრეზიდენტისგან, როგორც პირველწყაროსგან, „მშვიდობის [დამყარებისთვის] არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ“ პოზიციის მოსმენას.
ორბანი, რომელიც ბრიუსელმა კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის გამო, შარლ მიშელს განუმარტავს:
„მე არანაირი შეთავაზება არ წარმიდგენია და არ გამომითქვამს რაიმე მოსაზრება ევროპული საბჭოს ან ევროპის კავშირის ეგიდით. სხვადასხვა განცხადება და კრიტიკული შენიშვნა, რაც ბოლო დღეებში ტრიალებს და სხვაგვარად წარმოაჩენს მოვლენებს, უსაფუძვლოა“.
ორბანის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის ინტერპრეტაცია ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ „არსებითად განსხვავდება“ პრეზიდენტ ზელენსკის ინტერპრეტაციისგან:
„რუსების აზრით, დრო არა უკრაინის, არამედ რუსული ძალების სასარგებლოდ მუშაობს“.
მართალია, ორბანი შენიშნავს, რომ პრეზიდენტ პუტინს არ უსაუბრია რუსეთის მხარეს დაღუპულებზე, თუმცა შარლ მიშელს განუმარტავს, რომ მოსკოვი უკრაინელთა მხარეს „ყოველთვიურად 40-50 ათასი დაღუპულის შესახებ“ საუბრობს.
„ამიტომ, რუსეთის პრეზიდენტი გაოცებული იყო იმ ფაქტით, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე“, - ამტკიცებს ორბანი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილში იმეორებს რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამს, - რაც საჯაროდაც ცნობილია, - რომ მოსკოვი მზადაა, განიხილოს ცეცხლის შეწყვეტის „ნებისმიერი წინადადება, რომელიც არ ემსახურება უკრაინული ძალების ფარულ გადაადგილებასა და რეორგანიზებას“.
ასევე ნახეთ ორბანის „სამშვიდობო მისია“ რუსეთში და უკმაყოფილო მოკავშირეები„თურქული ინიციატივა“
ორბანის თქმით, პუტინმა ზელენსკის სამშვიდობო ფორმულაზე - 10-პუნქტიან გეგმაზე, რომელიც უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების სრულად გაყვანას ითვალისწინებს, - საპასუხოდ ორი წლის წინ თურქეთში წამოყენებული ინიციატივა გაიხსენა.
კერძოდ, ორბანის თანახმად, პუტინმა თქვა, რომ რუსეთისთვის „კვლავ რელევანტურია დოკუმენტი, რომელიც 2022 წლის აპრილში თურქეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებისას იქნა გადაცემული, განსაკუთრებით დოკუმენტის მე-5 პარაგრაფი, რომელიც აზუსტებს, რომ უკრაინას უნდა მიენიჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები“.
ინიციატივა საჯარო არ არის. ორბანი მიშელს სწერს: „ვფიქრობ, ეს დოკუმენტი შეიძლება მოიპოვოთ ევროკავშირის კომპეტენტური სამსახურების თხოვნის შედეგად“.
პუტინს აღნიშნულ ინიციატივაზე 2023 წელს ნათქვამი აქვს, რომ მოიცავდა 18 მუხლს და „ყველაფერი გაწერილი იყო“.
სწორედ ამ მოლაპარაკებებში იღებდა მონაწილეობას დავიდ არახამია, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი. არახამიამ 2023 წელსვე განაცხადა, რომ ნატოში გაწევრების სანაცვლოდ რუსეთი უკრაინას „მშვიდობას“ ჰპირდებოდა, მაგრამ არ დებდა უსაფრთხოების არანაირ გარანტიას. მისი თქმითვე, უკრაინულმა დელეგაციამ მიიჩნია, რომ რუსეთი ასეთ დაპირებას არ შეასრულებდა.
არახამიას მტკიცებით, ინიციატივის ერთადერთი მიზანი უკრაინის „ნეიტრალური სტატუსი“ იყო, ხოლო სხვა დანარჩენი - „პოლიტიკურად შეკაზმული დენაციფიკაცია და ბლა ბლა ბლა“.
რამდენიმე დღის წინ ნატოს წევრი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოანი კიდევ ერთად გამოვიდა ინიციატივით, რომ მედიატორის ფუნქცია იკისროს, თუმცა კრემლმა უარი განაცხადა. დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „შეუძლებელია“, თურქეთმა ეს ფუნქცია იკისროს, - თუმცა მიზეზები არ განუმარტავს.
„ჩინურ-ბრაზილიური ინიციატივა“
ორბანის თანახმადვე, რუსული მხარე განიხილავს ჩინურ-ბრაზილიურ სამშვიდობო ინიციატივას და მზად არის ამ ინიციატივაზე აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის.
უნგრეთის ლიდერი ხაზს უსვამს, რომ „რუსები სამშვიდობო მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუკი ორივე მხარე იქნება წარმოდგენილი“.
6-პუნქტიანი გეგმა ჩინეთმა ბრაზილიასთან ერთად 2024 წლის მაისში წარადგინა. დოკუმენტი, რომელსაც ბრაზილიის პრეზიდენტის სპეციალური მრჩევლისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმოწერა აქვს, ითვალისწინებს სამშვიდობო სამიტის მოწვევას „შესაფერის დროს“ და კონფლიქტის მხარეების „თანაბარ მონაწილეობას“.
ორბანი მიშელს სწერს, რომ ეს პოზიცია „ემთხვევა პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ჩემთან გამოთქმულ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, საბოლოოდ, მოლაპარაკებებში რუსეთი უნდა იყოს ჩართული“.
თუმცა, უკრაინის თანახმად, რუსეთის მოლაპარაკებებში ჩართვას მნიშვნელოვანი დათქმა აქვს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იჰორ ჟოვკვამ კიევში ორბანის ვიზიტის შემდეგ ასე ჩამოაყალიბა მთავრობის პოზიცია რუსეთის მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე:
„ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინა შეიმუშავებს სამშვიდობო გეგმის სამუშაო ვერსიას, საგზაო რუკას უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად. ეს გეგმა შემუშავდება ყველა სახელმწიფოსთან ერთად, ვინც მზად არის. უნგრეთიც მზად არის. შემდეგ, თუკი აგრესორი ქვეყანა მზად იქნა, რომ მოუსმინოს ამ გეგმას, მზად იქნა, ილაპარაკოს ამ გეგმაზე, და ულტიმატუმის ენით არ ისაუბროს, მაშინ დიახ, მეორე სამშვიდობო სამიტზე შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები შეიძლება დაესწრონ ამ სამიტს“.
ასევე ნახეთ ვიქტორ ორბანმა კიევში ჩაიტანა წინადადება „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე“ - ვიზიტის დეტალები
„ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა“
ორბანის თანახმად, მან პუტინთან განიხილა ის, თუ როგორ ხედავს რუსეთი ახალ ევროპულ უსაფრთხოების არქიტექტურას ომის შემდეგ და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფედერაციას „დეტალური გეგმები“ აქვს.
ორბანი ასევე განმარტავს, რა თქვა მოსკოვში:
- „ჩვენი შეხვედრის დროს გამოვთქვი აზრი, რომ ევროპის განვითარება გასულ ათწლეულებში დიდწილად იყო დამოკიდებული მშვიდობაზე, რომელიც ახლა საფრთხეშია“;
- „ევროკავშირისა და უნგრეთის აღმოსავლეთ სამეზობლოში სასტიკი ომი მძვინვარებს; ჩვენ ვაკვირდებით სამხედრო შესაძლებლობების სახიფათო ზრდას და ომის ნეგატიური ეკონომიკური შედეგები დიდ ტვირთად აწვება ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებასა და ევროკავშირის კონკურენტუნარიანობას“;
- „ბევრი ამტკიცებს, რომ ევროპის ინტერესებშია, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს გრძელვადიან მშვიდობას, რომელიც ეკონომიკურ ზრდაზე იქნება დაფუძნებული. მშვიდობის შანსს კი ამცირებს ის ფაქტი, რომ დიპლომატიური არხები დაბლოკილია და არ მიმდინარეობს პირდაპირი დიალოგი მხარეებს შორის, რომლებსაც წამყვან როლს ასრულებენ მშვიდობის პირობების შექმნაში“.
უნგრეთის პრემიერი ასევე ამტკიცებს, რომ „მოლაპარაკებების გათვალისწინებით“ სჯერა, რომ ახლა უფრო მეტი შანსი არსებობს, შედგეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და სამშვიდობო მოლაპარაკებების საგზაო რუკა.
„დრო გადამწყვეტი ფაქტორია... თუ ჩვენ ვერ შევაჩერებთ ან შევწყვეტთ ამ პროცესს, მაშინ უახლოეს ორ თვეში ვიქნებით უფრო დრამატული დანაკარგების და სამხედრო ესკალაციის მოსწრენი ფრონტზე“, - წერს იგი.
ამასთან, ორბანი „შეერთებული შტატების პოლიტიკურ ლიდერობას“ „შეზღუდულს“ უწოდებს - მიმდინარე საარჩევნო კამპანიის გამო.
ასევე ნახეთ ბაიდენი არ აპირებს უარი თქვას პრეზიდენტად მეორე ვადით კენჭისყრაზე
„ასე რომ, ჩვენ არ შეიძლება, ველოდოთ ასეთ წინადადებას აშშ-სგან უახლოეს თვეებში. ჩვენ უნდა განვიხილოთ ევროპული ინიციატივის წამოყენება ევროპული სტრატეგიული ავტონომიის სულისკვეთებით“, - ამბობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
ორბანმა შარლ მიშელს ეს წერილი გაუგზავნა აზერბაიჯანიდან, მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშადან, - ქალაქიდან, რომელზეც ბაქომ კონტროლი 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ხელახლა დაამყარა და რომელიც ადგილობრივმა სომხურმა მოსახლეობამ დატოვა.
ვიქტორ ორბანი იქ ალიევის მიწვევით იმყოფებოდა „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“ არაფორმალურ სამიტზე.
ორბანი მიშელს სწერს, რომ მომდევნო კვირაში გააგრძელებს „მოლაპარაკებებს მშვიდობის შესაძლებლობის გამოსაკვეთად“.
კიევში, მოსკოვსა და აზერბაიჯანში ვიზიტების შემდეგ, 8 ივლისს, ვიქტორ ორბანი პეკინს ეწვია.
„სამშვიდობო მისიის მესამე რაუნდში“ შეხვდა პრეზიდენტ სი ძინპინს, რომელმაც მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, რომ რუსეთსა და უკრაინას „დაეხმარონ“ პირდაპირი დიალოგის გაგრძელებაში.
ასევე ნახეთ „სამშვიდობო მისია 3.0“ - კიევისა და მოსკოვის შემდეგ, ორბანი ჩინეთში ჩავიდა