ამასობაში უკვე ცნობილია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება: რუსი სპორტსმენები მონაწილეობას არ მიიღებენ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ტრადიციულ მსვლელობაში - მონაწილე ქვეყნების ოლიმპიურ ნაკრებთა აღლუმში. ხოლო რუსი სპორტსმენების მიერ მედლების მოპოვების შემთხვევაში ნეიტრალური ჰიმნი შესრულდება და სპეციალური მწვანე დროშა აღიმართება.
ასევე ნახეთ
რუს სპორტსმენებს აუკრძალეს პარიზის ოლიმპიადის აღლუმში მონაწილეობაამის მიზეზია რუსეთის მიერ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული მასშტაბური ომი, რომლის განმავლობაში ბევრმა რუსმა სპორტსმენმა, კრემლის კარნახით, საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობიდან თვითიზოლაციას მოაწერა ხელი.
მარტივად აგიხსნით, თუ რა მოთხოვნებს უყენებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) რუს სპორტმენებს, როგორ გამოიყურება დღესდღეობით იზოლაციის პირობებში მყოფი რუსული სპორტი, როგორ შეიცვალა რუსი სპორტსმენების ანაზღაურება და ვის აქვს შანსი დარჩეს საერთაშორისო სპორტში.
კრემლი ამტკიცებს, რომ "ოლიმპიური მოძრაობა იშლება"
25 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ვლადიმირ პუტინმა სპორტის სამინისტროსა და რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს დაავალა, შეიმუშაონ გადაწყვეტილება, გაემგზავრებიან თუ არა რუსი სპორტსმენები პარიზში. ერთი კვირის შემდეგ, 3 მარტს სირიუსის მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე ჟურნალისტებთან საუბრისას, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის (ROC) ხელმძღვანელმა სტანისლავ პოზდნიაკოვმა მოულოდნელად განაცხადა, რომ რუსმა სპორტსმენებმა, რომელთაც პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა სურთ, შესაძლოა, რუსული კანონმდებლობა დაარღვიონო.
"დღესდღეობით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) უხეშად უგულებელყოფს ოლიმპიურ ქარტიას ამ ნაწილში და, რა თქმა უნდა, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესახებ იმ დოკუმენტის ხელმოწერა, რომელსაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მოითხოვს, რუსეთის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევასთან არის გადაჯაჭვული", - აღნიშნა პოზდნიაკოვმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოზდნიაკოვი აცხადებს, რომ რუსი სპორტსმენებისგან შესაძლოა ითხოვდნენ ისეთ დოკუმენტზე ხელმოწერას, რომელიც გმობს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. მანამდე ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ პოსტში მან უკვე მოიხსენია რუსი და ბელარუსელი სპორტსმენების ოლიმპიადაში მონაწილეობის პირობების შესახებ დოკუმენტის მე-3 პუნქტი, რაც მათ სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერას უკრძალავს. ამ პუნქტში ნათქვამია შემდეგი:
„რუსული და ბელარუსული პასპორტების მქონე სპორტსმენები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს ომს, არ იქნებიან დაშვებულნი შეჯიბრებაზე“.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის და ბელარუსის მიერ რუსეთის მხარდაჭერის გამო, ამ ორი ქვეყნის სპორტსმენები ზაფხულის ოლიმპიადაში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობენ. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2023 წელს მიიღო. ამასთან, მონაწილეობა საერთოდ აუკრძალეს უკრაინის წინააღმდეგ ომის აქტიურად მხარდამჭერ და რუსეთის და ბელარუსის შეიარაღებულ ძალებსა და უშიშროების სამსახურებთან კავშირის მქონე სპორტსმენებს.
მიუხედავად ამისა, ბოლო თვეებში რუსი მოხელეები და მრავალი ყოფილი სპორტსმენი აქტიურად უწყობენ ხელს საერთაშორისო შეჯიბრებებზე უარის თქმის იდეას. პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა უნისონში ამტკიცებენ, თითქოს "ოლიმპიური მოძრაობა იშლება".
დმიტრი პესკოვმა AIF-თან ინტერვიუში მძიმე ხვედრი უწინასწარმეტყველა იმ რუს სპორტსმენებს, რომლებიც ოლიმპიადაში მონაწილეობის სანაცვლოდ ხელს მოაწერენ რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის (ასე უწოდებს რუსეთის ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებას უკრაინის წინააღმდეგ - რედ.) დამგმობ დოკუმენტს.
"რა თქმა უნდა, აქ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რუსი სპორტსმენი ვერცხლის მიღების სანაცვლოდ გაყიდდა სამშობლოს და ხელს მოაწერდა რაიმე სახის ქაღალდს, რომელიც დაგმობდა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას. ნებისმიერი, ვინც ასე მოიქცეოდა, უბრალოდ ეშმაკის მოციქული გახდებოდა. მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ასეთი სავალდებულო პირობა არ არსებობს და ყველას, ვინც კვალიფიკაცია გაიარა, შეუძლია ოლიმპიადაზე წასვლა. ეს უკვე სპორტსმენებისა და ფედერაციების პირადი გადაწყვეტილების საკითხია", - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.
ამავდროულად, ფორმალურად, არც სპორტის სამინისტროსა და არც რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს არ შეუძლია აუკრძალოს რუს სპორტსმენებს ოლიმპიადაზე პარიზში წასვლა და იქ ინდივიდუალური სტატუსით ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობა. ამასთან, სპორტსმენებს რეალურად არ შეუძლიათ უგულებელყონ ხელისუფლების პოზიცია.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი მაკრონი ვერ ხედავს პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილს"ეს არის ნამდვილი ღალატი, ჩვენ არ ვართ მოღალატეები"
პარიზი 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადას 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე უმასპინძლებს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წინასწარი ინფორმაციით, ოლიმპიადაში რუსეთიდან მონაწილეობას მიიღებს 36 სპორტსმენი (ბელარუსიდან 22), თუ ისინი თავად მოინდომებენ წასვლას ან ამის უფლებას კრემლი მისცემს.
ოფიციალური რეკომენდაციების მოლოდინში, ზოგიერთმა სპორტულმა ფედერაციამ დამოუკიდებლად დაიწყო გადაწყვეტილებების მიღება 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ ასპარეზობებში თავიანთი სპორტსმენების გაგზავნის შესახებ. სპორტის იმ რამდენიმე სახეობიდან, რომლებსაც პრაქტიკულად არ შეხებია რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ერთ-ერთი ჩოგბურთია. საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან ოლიმპიადაზე რუსი ჩოგბურთელების დაშვება უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ არც ისე ნათელია, თუ როგორი იქნება მათი კვალიფიკაცია. პარიზში წასასვლელად ასევე საჭირო იყო გუნდურ ტურნირებში მონაწილეობა, რომელშიც ჩოგბურთელებს 2021 წლიდან არ შეუძლიათ რუსეთის ეროვნული ნაკრების ეგიდით მონაწილეობა.
სხვა სპორტსმენები, რომლებსაც ოლიმპიურმა კომიტეტმა მწვანე შუქი აუნთო, რუსი ველოსიპედისტები არიან. რუსეთიდან ერთდროულად სამ სპორტსმენს შეეძლო პარიზში ნეიტრალური დროშის ქვეშ გამგზავრება. თუმცა, „სიბირ.რეალიის“ წყაროს ცნობით, რუსეთის შესაბამისი სპორტული ფედერაციის კომიტეტში ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. "მე მზად ვარ წავიდე და დავდგე კვარცხლბეკზე, ვაჩვენო მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი რუსეთია და რომ რუსი სპორტსმენი ყოველთვის იბრძოლებს მედლისთვის. პოლიტიკა არ უნდა აგვერიოს სპორტში შექმნილ ვითარებაში. სპორტი დღეს მშვიდობისმყოფელს წარმოადგენს", - უთხრა ერთ-ერთმა სპორტსმენმა „სიბირ.რეალიის“.
ველოსიპედის ფედერაციის პრეზიდიუმის ანონიმი წევრის თქმით, დაბრკოლება სწორედ სახელმწიფოს პოზიციაა. წყაროს ცნობით, ფედერაციების მხრიდან პარიზში გამგზავრებისთვის სპორტსმენებს არანაირი სანქციები არ დაემუქრებათ, მაგრამ ხელისუფლების ქმედებებზე თავს ვერავინ დადებს.
"აქ ყოველმა სპორტსმენმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ეს მისი ცხოვრებაა და მას ვერავინ უბრძანებს. თუ ის მიიღებს ამგვარ (წასვლის შესახებ) გადაწყვეტილებას, დარტყმის ქვეშაც თავად აღმოჩნდება", - ამბობს ველოსიპედის ფედერაციის პრეზიდიუმის ანონიმი წევრი.
ამასთან, რუსეთის ზოგიერთმა სპორტულმა ფედერაციამ უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ მათ არ სჭირდებათ ოლიმპიადა. ასე მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე განაცხადის გაკეთების უფლება ჰქონდათ, რუსმა ტანმოვარჯიშეებმა უარი თქვეს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებში მონაწილეობაზე. რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვალენტინა როდიონენკომ განაცხადა, რომ ეს შეგნებული გადაწყვეტილება იყო. "ჩვენ შეგნებულად არ ვმონაწილეობთ ოლიმპიადისთვის შერჩევაში. ჩვენ უარს ვამბობთ (ოლიმპიადაში) მონაწილეობაზე, როგორც ნეიტრალური სპორტსმენები. ჩვენი ბიჭები სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში სიცოცხლეს სწირავენ და, იმის გულისთვის, რომ იქნებ რაიმე სახის მედალი მოგვცენ, თანახმა ვიქნებით ასეთ დამამცირებელ პირობებზე? ეს არის ნამდვილი ღალატი, ჩვენ არ ვართ მოღალატეები", - განაცხადა როდიონენკომ.
ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდიუმის ანონიმი წევრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ სახეობის დაფინანსება ომის ორი წლის განმავლობაში სტაბილური იყო, სპორტსკოლების აღჭურვილობა ძალიან ცუდია. "სახელმწიფო არ უნდა მოერიდოს დაფინანსებას, პირველ რიგში, სპორტის განვითარების დაფინანსებას. ყველა ბავშვთა სპორტული სკოლა სახელმწიფოს საკუთრებაა და ყველა ბიუჯეტზე ზის. ველოსპორტი რეგიონებში კიდევ უფრო მძიმე, მეტიც, პირდაპირ კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფება. და ეს ვითარება უფრო უარესდება, რადგან ჩვენ ყველა გზას გვისპობენ (საერთაშორისო ტურნირებისკენ), რაც ვარჯიშის შესაძლებლობასაც გვისპობს", - ამბობს „სიბირ რეალიის“ თანამოსაუბრე.
ასევე ნახეთ დომინიკ ჰაშეკი: „ყველა რუსი სპორტსმენი წარმოადგენს პუტინს და პასუხისმგებელია ომზე”ამავდროულად, ზოგიერთი სპორტული ჟურნალისტი, რომელსაც „სიბირ.რეალიი“ დაუკავშირდა, ამტკიცებს, რომ შიდა რუსული შეჯიბრებების დონე გაიზარდა იმის გამო, რომ რუსეთის ბევრი საუკეთესო სპორტსმენი აღარ მოგზაურობს საერთაშორისო ღონისძიებებზე და რუსეთის თასებზე და სხვა შიდა შეჯიბრებებში ასპარეზობს.
პრიზები და ფული მაგიდაზე
რაც შეეხება სპორტსმენების ჰონორარებს, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ტურნირებში ვეღარ გამოდიან, ცალკეულ სპორტულ სახეობაში მოასპარეზე რუს სპორტსმენებს შემოსავალი დიდად არ შემცირებიათ.
გასული სეზონის თითოეულმა ლიდერმა შიდა შეჯიბრებებში გამარჯვებისთვის 3 მილიონზე მეტი რუსული რუბლი მიიღო (ვიქტორია სლივკო – 3.380 მილიონი; ედუარდ ლატიპოვი – 3.695 მილიონი). ხოლო მსოფლიო თასზე გამარჯვებული 25 ათას ევროს (ანუ დაახლოებით 2,5 მილიონ რუბლს) იღებს, მაგრამ ყველაზე დაბალ - 30-ე ადგილზე გასული სპორტსმენი იღებს მხოლოდ 200 ევროს (დაახლოებით 20 ათასი რუბლი), ხოლო თანამეგობრობის თასის მოგებას, სადაც რუსები იბრძვიან არა ნორვეგიელებსა და გერმანელებთან, არამედ მხოლოდ ბელარუსებთან, სპორტსმენისთვის 300 ათასი რუბლი მოაქვს.
მაგრამ რუსეთის ხელისუფლების გულუხვი დაფინანსების მიუხედავად, შიდა ასპარეზობებს ბევრად ნაკლები ჰყავს მაყურებელი და მოკლებულია იმ მიმზიდველობას, რაც საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობებს აქვს.
მაგალითად, ზამთრის სპარტაკიადის დროს, ყველაზე პოპულარულ ზამთრის სპორტულ პროგრამას "ბიატლონი დმიტრი გუბერნიევთან", Mediascope-ის თანახმად, ჩართულ ტელევიზორებთან მაყურებლის მხოლოდ 2.8% ადევნებდა თვალს, თავად გადაცემის რეიტინგმა კი სულ რაღაც 0.5% შეადგინა.
შედარებისთვის, ამავე გადაცემის ყურების რეიტინგი 2018 წელს იყო 4%, ხოლო რეიტინგი - 0.7%. რუსეთის სპარტაკიადას წელს ზოგადად მწირი აუდიტორია ჰყავდა და 100 ტოპგადაცემას შორის მათგან მხოლოდ ფიგურულ სრიალში ქალთა თავისუფალი პროგრამა მოხვდა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხით გადაიცემოდა.
"მსოფლიო მეგობრობის თამაშები" ოლიმპიადის ალტერნატივა?
ამ ვითარებაში რუსეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობისგან რუსული სპორტის დამოუკიდებლობის დემონსტრირების მთავარ პლატფორმად მსოფლიო მეგობრობის თამაშები აირჩია.
ასევე ნახეთ არაღიარების პოლიტიკა თბილისი-პეკინი-მოსკოვის სამკუთხედში - აფხაზი სპორტსმენები „ბრიკსის თამაშებზე“ მიიწვიეს
ოფიციალური პირები უარყოფენ ამ ღონისძიების მსგავსებას ოლიმპიურ თამაშებთან, მაგრამ ყველაფერი - სიხშირიდან დაწყებული (ზაფხულის თამაშებისთვის ყოველ 4 წელიწადში, ხოლო ზამთრის თამაშებისთვის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ) და დამთავრებული იმით, რომ ცდილობს გავიდეს უფრო ფართო საერთაშორისო ასპარეზზე, - რუსეთის ხელისუფლების დიდ გეგმებზე მიუთითებს. მსოფლიო მეგობრობის თამაშები დაგეგმილია 2024 წლის 15-დან 29 სექტემბრამდე მოსკოვსა და ეკატერინბურგში, ხოლო პროგრამა 35 სპორტულ სახეობას მოიცავს.
ამ ასპარეზობის სახელწოდება "ცივი ომის" დროს ორ სუპერსახელმწიფოს შორის ოლიმპიურ მეტოქეობას უკავშირდება. მეგობრობის თამაშები იყო ტურნირი, რომელიც 1984 წელს ჩატარდა ცხრა სოციალისტურ ქვეყანაში, ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშების შემდეგ. საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა ბოიკოტი გამოეცხადებინა ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის მას შემდეგ, რაც დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა მანამდე, 1980 წელს, მოსკოვში გამართულ ოლიმპიურ თამაშებს, რისი მიზეზიც ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრა გახდა.
საერთაშორისო ოლიმპიადასთან რუსეთის მეტოქეობა სხვა მხრივაც აშკარაა. ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, "მსოფლიო მეგობრობის თამაშების" გამარჯვებულები ოფიციალურად ოლიმპიურ გამარჯვებულებად ჩაითვლებიან.
"პრეზიდენტმა დაგვავალა, რომ მეგობრობის თამაშების მედალოსნები მიჩნეულ იქნენ ოლიმპიურ მედალოსნებად და მიიღონ იგივე ანაზღაურება, როგორც ოლიმპიურმა პრიზიორებმა. გახსოვთ, როცა ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების უფლება არ მოგვცეს, სსრკ-ში მეგობრობის თამაშები ჩავატარეთ? ყველაფერი თავის წრეს უბრუნდება. ამას ჩვენ მიჩვეული ვართ", - განაცხადა პუტინის თანაშემწემ, იგორ ლევიტანმა.
"მსოფლიო მეგობრობის თამაშებს" სპორტის პოლიტიზების ცინიკური მცდელობა უწოდა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომელმაც სპორტსმენებს მოუწოდა არ გაემგზავრონ რუსეთში. IOC-მა სპორტსმენებს ისიც შეახსენა, რომ რუსეთის მთავრობა "გამოხატავს სრულ უპატივცემულობას მსოფლიო ანტიდოპინგური სტანდარტებისა და პატიოსანი შეჯიბრების მიმართ".
ამრიგად, ბევრ რუს სპორტსმენს ამ ზაფხულს მეგობრობის თამაშებსა და ოლიმპიადას შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. როგორც რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა აცხადებს, პარიზის ოლიმპიადაში მოასპარეზე სპორტსმენები ვერ შეძლებენ რუსეთში გამართულ მეგობრობის თამაშებში მონაწილეობას, რადგან ეს დაარღვევს მათ ნეიტრალურ სტატუსს.
ასეთ ვითარებაში ასობით რუსმა სპორტსმენმა აირჩია არ დალოდებოდა იმ დროს, როდესაც რუსეთი დაუბრუნდებოდა მსოფლიო სპორტს და უბრალოდ შეიცვალა სპორტული მოქალაქეობა. უკრაინაში მიმდინარე ომის ბოლო ორი წლის განმავლობაში მოქალაქეობაშეცვლილი რუსი სპორტსმენები სხვა ქვეყნების ეროვნული ნაკრებებისთვის განაგრძობენ წარმატებულ ბრძოლას.