საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელმაც მმართველი „ქართული ოცნების“ შიგნით არსებული დაპირისპირების საკითხზე უნდა იმსჯელოს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება.
Your browser doesn’t support HTML5
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა
- საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის.
- საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით არსებული უთანხმოების განხილვა ამ ეტაპზე საჯარო სივრცეში, მედიის საშუალებებსა და საპარლამენტო კულუარებში მიმდინარეობს.
- დაწყებულია შიდაპარტიული კონსულტაციები, რათა დაგეგმილ სხდომაზე დეპუტატები შეჯერებული პოზიციებით წარდგნენ.
- შესაძლოა უმრავლესობის სხდომაში მონაწილეობა მიიღონ საქართველოს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ექს-პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.
დეპუტატებმა სხდომის ზუსტი თარიღი არც ამჯერად იციან, თუმცა თანხმდებიან, რომ მისი რამდენჯერმე გადადება დაძაბულობას პარტიის შიგნით ვერ განმუხტავს. ამის ერთ-ერთი და არაპირდაპირი სიგნალი გახდა „პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“ ჩაგდებაც. 19 აპრილის პლენარულ სხდომაზე ეთიკის კოდექსის დადგენილების პროექტს მხოლოდ 39-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ეთიკის კოდექსი პარლამენტის წევრის ქცევას ადგენს და განსაზღვრავს წესებს, რომლებიც მან უნდა გაითვალისწინოს როგორც საქმიანობაში, ისე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, საზოგადოებასა და სხვა ინსტიტუტებთან ურთიერთობაში. თუმცა ვიდრე „პარლამენტის წევრის ქცევის კოდექსი“ პლენარული განხილვის ფორმატს დაუბრუნდება, კოლეგებსა და თანამშრომლებთან კონსტრუქციული კომუნიკაციის, პარტიული დისციპლინისა და ამ დისციპლინის დამრღვევთა სავარაუდო პარტიული სანქცირების საკითხებზე დეპუტატები დახურულ კარს მიღმა იმსჯელებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით ცალკეულ დეპუტატებსა და დეპუტატთა პირობით ჯგუფებს შორის არსებული უთანხმოების განხილვა კი ამ ეტაპზე ძირითადად საჯარო სივრცეში, მედიის საშუალებებსა და საპარლამენტო კულუარებში მიმდინარეობს, თუმცა ცნობილია ისიც, რომ დაწყებულია შიდაპარტიული კონსულტაციები, რათა დაგეგმილ სხდომაზე დეპუტატები შეჯერებული პოზიციებით წარდგნენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ უმრავლესობაში ამ დაპირისპირებას სტრესტესტის ეფექტი ჰქონდა და მას „ქართული ოცნება“ გუნდის გასაძლიერებლად გამოიყენებს. მისივე თქმით, პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე:
“შიდაპარტიული კონსულტაციები უკვე დაწყებულია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც დეპუტატებმა წამოჭრეს. გუშინაც პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა სპიკერატს, შეხვდა ფრაქციების თავმჯდომარეებს, შეხვდა კომიტეტებს და უახლოეს მომავალში გაიმართება უმრავლესობის სხდომა იმ პირობებში, როდესაც ყველა დეპუტატს ექნება მასში მონაწილეობის საშუალება“.
დეპუტატებს, თავის მხრივ, სიმშვიდისკენ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რომლის შეფასებით, უმრავლესობის შიგნით იმ მასშტაბის წინააღმდეგობა არ არის, რომ მისი მოგვარება არ შეიძლებოდეს, პრობლემა კი მსჯელობისა და განხილვების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. ამისათვის დეპუტატებს, როგორც ჩანს, თითქმის ერთი კვირა აქვთ წინ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს:
“შაბათიდან, სამშაბათის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე არის პარტიულ კონფერენციებზე - დაწყებული რაჭიდან, დამთავრებული ზუგდიდამდე. ეს არის რამდენიმედღიანი ღონისძიება. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ის თბილისში არ იქნება, შესაძლებელია ამ სხდომის თარიღმა გადაიწიოს და გაიმართოს შემდეგი კვირის ბოლოსკენ“.
ამ დროისთვის კი თავად დეპუტატებს შორის დიდია უმრავლესობის მიერ დაგეგმილი სხდომისადმი ინტერესი, რასაც განაპირობებს ვარაუდიც, რომ მის მუშაობაში შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ საქართველოს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ექს-პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. დეპუტატი გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დასწრებას სხდომაზე დეპუტატები არ უნდა ითხოვდნენ:
ეს არის რამდენიმედღიანი ღონისძიება. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ის თბილისში არ იქნება, შესაძლებელია ამ სხდომის თარიღმა გადაიწიოს და გაიმართოს შემდეგი კვირის ბოლოსკენ...მამუკა მდინარაძე
“ბიძინა ივანიშვილის დასწრება? გუშინ გაჟღერდა, თითქოს ამას ვუჭერ მხარს და ეს არ არის სწორი. ზოგადად, პოლიტიკურ პროცესში მის მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ყველანაირად მხარს ვუჭერ და მგონია, რომ სწორი იქნება, მაგრამ უმრავლესობის სხდომაში მისი მონაწილეობა რამდენად იქნება სწორი, ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, მე არა მგონია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ამის ინიციატორები“.
საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული დაპირისპირების კატალიზატორად დეპუტატი გედევან ფოფხაძე იქცა მას შემდეგ, რაც მან უკმაყოფილება გამოთქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის დამტკიცებისას საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გამოხატული მხარდაჭერის გამო. მოგვიანებით კი საპარლამენტო უმრავლესობაში ირაკლი კობახიძისა და გიორგი კვირიკაშვილის დაჯგუფებებსა და უმრავლესობის მართვის პროცესში არსებულ ხარვეზებზეც ალაპარაკდნენ. ამგვარი დაყოფის სარწმუნოობას ბოლომდე არ იზიარებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, რომლის შეფასებითაც, პარლამენტში მიმდინარე პროცესები აღმასრულებელ ხელისუფლებაში „მსხვილი კალიბრის“ გავლენიანი ფიგურების გამოჩენასთანაა დაკავშირებული, როდესაც ირაკლი კობახიძე გარკვეული ძალებისთვის მხოლოდ შუამავალი შეიძლება იყოს, გიორგი კვირიკაშვილი კი უახლოეს მომავალში „ქართული ოცნების“ „ორთქლმავლად“ თითქმის არ მოიაზრება. ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, პარლამენტში მიმდინარე პროცესები სხვა არაფერია, თუ არა გადაჯგუფება „ქართული ოცნების“ შიგნით არსებული გავლენის ცენტრების გარშემო:
“თავად პარლამენტში ასეთი გავლენის ცენტრები არ არის. უფრო სწორად, იმგვარი პოლიტიკური ფიგურები, რომელთაც გრძელვადიანი პოლიტიკური პერსპექტივა აქვთ, ამ ეტაპზე პარლამენტში არ ჩანს. ამიტომაც უნდა ვიგულისხმოთ, რომ დეპუტატები ჯგუფდებიან აღმასრულებელ ხელისუფლებაში მყოფი უფრო მეტი პოლიტიკური წონის და პერსპექტივის მქონე ფიგურების ირგვლივ. ამ პროცესთან გვაქვს საქმე და იგი ორმა ფაქტორმა დააჩქარა“.
აქედან პირველი მაპროვოცირებელი ფაქტორი, ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ძველი ნაწილის შესუსტება ან გავლენების დაკარგვაა , მეორე კი ის, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ დეპუტაცია ამ სახით და ამ ფორმატით ვერ მოხვდება პარლამენტში და ამიტომ უკვე დასაყრდენს ეძებს.