ბოლო რამდენიმე დღეა, კახეთში, სასურსათო მაღაზიებში მომხმარებელთა განსაკუთრებული სიმრავლეა. ძირითადად, ჰიგიენის საშუალებებს და არამალფუჭებად საკვებ პროდუქტს იმარაგებენ - ფქვილს, შაქარს, ბურღულეულს და ზეთს.
მაღაზიების ნაწილში დახლები ცარიელია. ზოგიერთ მაღაზიაში ასაწონ პროდუქტს განსაზღვრული რაოდენობითაც კი ყიდიან. რეალიზატორების დაკვირვებით, კორონავირუსის საფრთხის გამო, მომხმარებლები სულ მცირე 2 კვირის მარაგს იკეთებენ. კახეთში ძირითადი, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტზე ფასები ჯერჯერობით საგრძნობლად მომატებული არ არის.
„ადრე თუ ერთ კილოს ყიდულობდნენ, ახლა ორ-სამ კილოგრამს ყიდულობენ. ძირითადად მიაქვთ შაქარი, მანი, წიწიბურა, ზეთი, მაკარონი. ჩვენ ფასები არ მოგვიმატებია და არც ვაპირებთ“, - ამბობს ლაგოდეხის ერთ-ერთი საუბნო მაღაზიის თანამშრომელი.
ხალხმრავლობაა აგრარულ ბაზრებშიც. მოვაჭრეების ინფორმაციით, მომხმარებელი უფრო მეტად რძის ნაწარმს, კარტოფილს, ხახვს, ლობიოს და ზეთს ყიდულობს. მათივე დაკვირვებით, ბევრი შეშინებულია და სურთ, რამდენიმე დღის მარაგი მაინც ჰქონდეთ, იმ შემთხვევისთვის, თუ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. „მაინცდამაინც ბევრი არ მიაქვთ, მაგრამ სხვა დღეებთან შედარებით უფრო მეტს ყიდულობენ“, - ამბობს ქალი, რომელიც გურჯაანის აგრარულ ბაზარში ბოსტნეულს ყიდის.
კახეთში გამოკითხული რესპონდენტების ნაწილი პროდუქტის მომარაგებას იმით გვიხსნის, რომ ქუჩაში ხშირად გასვლა არ უნდათ და ამით კორონავირუსისგან თავის დასაცავად ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელთა რეკომენდაციას ითვალისწინებენ. „ყოველდღიურად გარეთ რომ არ გავიდე, ვყიდულობ ფქვილს, კარტოფილს, ხახვს“, - გვეუბნება ერთ-ერთი რესპონდენტი. „არ ვიცი, რა იქნება მომდევნო დღეებში, ამიტომ ბაზარში ვიყავი და სამი ბოთლი ზეთი ვიყიდე“, - დასძენს მეორე.
მოქალაქეთა ნაწილი კი, საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და არც არაფრის მომარაგებას აპირებს: „მე არ ვფიქრობ, რომ წინასწარ მოვიმარაგო პროდუქტი, რადგან მარაგები არის და როცა დამჭირდება, მაშინ ვიყიდი. მე შეშინებული არ ვარ“. ზოგიერთმა რესპონდენტმა გვითხრა, რომ პროდუქტს მხოლოდ იმიტომ ვერ იმარაგებს, რომ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. მათგან ყველასგან განსხვავებული აზრი კი შუახნის ქალმა გაგვიზიარა: „თუ დაავადება შემხვდა, პროდუქტი გადამარჩენს?! მაკარონი რა შუაშია კორონასთან?! თუ შიში გაქვს, ისეთი პროდუქტი უნდა იყიდო, რომ ორგანიზმი გაგიძლიეროს. მაკარონმა რა უნდა გააკეთოს?!“