რას ნიშნავს „სომხური კარუსელი“ და რატომ ჰქვია მას ასე?

ამომრჩევლების რიგი ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები

საქართველოს პრეზიდენტს არმენოფობიაში ადანაშაულებენ. არჩევნებზე საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა „სომხური კარუსელი“ ახსენა, რაც მას სომხების შეურაცხყოფად ჩაუთვალეს და უსაყვედურეს. სინამდვილეში რას ნიშნავს ეს გამოთქმა და როგორ გაჩნდა ის?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. Associated Press-Tan ინტერვიუში მან თქვა, რომ არჩევნებისას გაყალბების სხვადასხვა საშუალება, მათ შორის ე.წ. სომხური კარუსელი გამოიყენეს.

სალომე ზურაბიშვილი

„ჩვენ აქ ამასსომხურ კარუსელსვეძახით, არ ვიცი, ისინიქართულ კარუსელსეძახიან თუ არა“, - თქვა პრეზიდენტმა და განაგრძო, -რაც ნიშნავს, რომ არჩევნებამდე გარკვეული დროის წინ, მათ დაიწყეს პირადობის მოწმობების ჩამორთმევა სოციალურად დაუცველი პირებისთვის, პატიმრების ოჯახებისთვის სხვადასხვა პრეტექსტით, ვერავინ იგებდა, რატომ აკეთებდნენ ამას.

სინამდვილეში, ისინი გამოიყენებოდა ერთი და იმავე პირის მიერ ხმის მისაცემად. ერთი პირადობის მოწმობით და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობით, ეს, დაახლოებით, 17-ჯერ იყო შესაძლებელი. მათ დიდი რაოდენობით პირადობის მოწმობები ან ნომრები ჰქონდათ“.

ამ განცხადებას ტვიტერზე Armenophobia.org-ი გამოეხმაურა: „მკაცრად ვგმობთ პრეზიდენტის განხეთქილების გამომწვევ სიტყვებს, როცა ის არჩევნების გაყალბებას „სომხურ კარუსელს“ უწოდებს. ასეთი სტერეოტიპებით განპირობებული რიტორიკა უსაფუძვლოა, აძლიერებს არმენოფობიას და საფრთხეს უქმნის რეგიონულ ერთობას“...

ტვიტერზე დაწერა პოლიტიკურმა კომენტატორმა ტიგრან გრიგორიანმაც: „ირონია ის არის, რომ სომხეთში, 2017 წლის არჩევნებიც კი, „უფრო სუფთა“ იყო, ვიდრე საქართველოს ბოლო არჩევნები“.

სინამდვილეში რას ნიშნავს „სომხური კარუსელი“?

პოლიტიკური ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი იხსენებს, რომ ე.წ. სომხური კარუსელი მასობრივად პირველად 1995 წელს გამოიყენეს, როდესაც საქართველოში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

„არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი კარუსელი პირველად სომხეთში დაფიქსირდა. თავად სომეხი დეპუტატებისგან მომისმენია მსგავსი რამ, თუმცა, დანამდვილებით თქმა ძნელია“, - ამბობს ირაკლი მელაშვილი.

ე.წ. სომხური კარუსელი განსხვავდება ჩვეულებრივი კარუსელისგან, როდესაც ერთი ამომრჩეველი რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.

სომხური, იგივე ბიულეტენის კარუსელის კლასიკური ვარიანტი ასეთია: ამომრჩეველი უბანზე რეგისტრაციას გაივლის, მიიღებს ბიულეტენს, მაგრამ არც მონიშნავს და არც ყუთში ჩააგდებს. ჩუმად გამოიტანს გარეთ, სადაც მას პარტიის ე.წ. კოორდინატორი ელოდება. კოორდინატორი ბიულეტენში საჭირო ნომერს მონიშნავს, გადასცემს შემდეგ „თავისიან“ ამომრჩეველს და უბანზე შეუშვებს. ამომრჩეველი გამოტანებულ ბიულეტენს ჩააგდებს, თავისას კი უკან გამოიტანს მოუნიშნავად. ეს პროცესი შესაძლოა რამდენჯერმე განმეორდეს.

„ელექტრონულ უბნებზე ამის გაკეთება ცოტა რთული იყო, დიდი ბიულეტენია და მისი შეუმჩნევლად გამოტანა გაჭირდებოდა, მაგრამ თუ ოქმებში ჩავიხედავთ და დისბალანსს გავაანალიზებთ, ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ბიულეტენი უფრო ცოტაა, ვიდრე რეგისტრაციაზე ხელმოწერები, ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველმა ბიულეტენი მიიღო და ყუთში ჩაგდების ნაცვლად გარეთ გაიტანა. თუნდაც 1 ან 2 ბიულეტენი რომ აკლდეს, ეს უკვე შეიძლება ბიულეტენის კარუსელზე მიუთითებდეს“, - ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ ექსპერტი გიორგი მონიავა.

ასევე ნახეთ სადავო არჩევნების სარკეში - რა როლი და ძალა აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს

კარუსელის ეს სახე მხოლოდ საქართველოში არ გვხვდება. მას სხვებიც იყენებენ, თუმცა სხვა სახელით, მაგალითად, სერბეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და უნგრეთში მას ბულგარული მატარებელი ჰქვია, თავად ბულგარეთში კი - ინდური თოკი.

ბოლომდე არც ის არის ნათელი, თუ საიდან წამოვიდა სახელწოდება „ბულგარული მატარებელი“, ანუ რატომ ბულგარული. არჩევნები, სადაც ეს მეთოდი გამოიყენეს, 2010 წლის 3 ნოემბერს ბოსნია-ჰერცეგოვინაში ჩატარდა. პრინციპი ზუსტად იგივეა - ამომრჩეველს მოუნიშნავი ბიულეტენი უბნიდან გამოაქვს, კოორდინატორს აძლევს და მერე როგორც ზევით აღვწერეთ.

თავად ბულგარეთში კარუსელის ამ სახელწოდებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, მიიჩნიეს, რომ ის შეურაცხმყოფელია. თუმცა, როგორც ვთქვით, მსგავსი კარუსელი ბულგარულ არჩევნებზეც გვხვდება, ოღონდ „ინდური თოკი“ ჰქვია.

ოპოზიციისა და პრეზიდენტის პროტესტი

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს პრეზიდენტმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. სხვადასხვა ანგარიშის მიხედვით, არჩევნებზე დაირღვა ხმის ფარულობის პრინციპი, ასევე იყო ამომრჩევლების მოსყიდვის, დაშინების, საარჩევნო პროცედურის დარღვევის უამრავი შემთხვევა.