რას ნიშნავს აგრესიული ტესტირება?

ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს გეგმაზე, თუ როგორ ჩაატარონ COVID-19-ის აგრესიული ტესტირება მოსახლეობაში.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აგრესიული ტესტირება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ტესტების ხარისხის შემოწმება, რადგანაც ბაზარზე არსებული ბევრი მომწოდებელიდან სანდო შეირჩეს. „ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება“, - თქვა მან 19 მარტის ბრიფინგზე.

კორონავირუსის COVID-19 გამოსავლენად აგრესიული ტესტირება დაიწყება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მეოთხეული გადაცემის ფაქტები დაფიქსირდება. არსებობს აგრესიული ტესტირების რამდენიმე სახე, თუმცა რომელ მათგანს აირჩევს საქართველო ჯერჯერობით უცნობია.

მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ექსპერიმენტი იტალიის პატარა ქალაქში, სადაც ტესტი ყველა მოსახლეს (3 ათასი) გაუკეთდა, მიუხედავად იმისა ჰქონდათ მათ ვირუსის სიმპტომები თუ არა. ექიმების თქმით, ამ მეთოდით მათ ქალაქში ახალი კორონავირუსის გავრცელება აღკვეთეს.

სამხრეთ კორეაში კი შექმნილია კარვები, სადაც მსურველს შეუძლია მანქანით მივიდეს. ტესტირება უფასოა. მას მანქანიდან გადმოუსვლელად აუღებენ ნაცხს როგორც პირის ღრუდან, ასევე ცხვირის ნესტოდან, გაუზომავენ სიცხეს და ჩაიწერენ მონაცემებს. არის თუ არა ვირუსის მატარებელი, ამის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით, SMS-ის საშუალებით, მიიღებს.

სლოვაკეთი, ექიმი სინჯავს მგზავრს.

„აგრესიული ტესტირება არ გულისხმობს იმას, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი კორონავირუსი მიმდინარეობს უფრო მსუბუქად. აგრესიული ტესტირება გულისხმობს ყველა იმ კლასტერის მოცვას და უფრო მეტად ზუსტ ცოდნას, თუ რომელ ჯგუფშია გავრცელებული კორონავირუსი“, - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

მინისტრმა განმარტა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც კორეასთან, ასევე ჩინეთთან და უკვე კვირის ბოლოს საქართველოში ტესტების გარკვეული რაოდენობა ჩამოვა.

ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი კი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ხელოვნურად აფერხებს კორონავირუსის ტესტების რეგისტრაციასა და ლაბორატორიების მიერ მათი შემოტანის პროცესს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩვენ ვიმყოფებით ეპიდემიოლოგიური ტალღის დარტყმის პირას და დაუყოვნებლივ გვჭირდება ტესტები!!! ეს უნდა გაიგონ სამინისტროში მოკალათებულმა ბიუროკრატებმა!!! გთხოვთ ექიმები გავერთიანდეთ ამ მოთხოვნის ირგვლივ!“

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

„ყველა იმ ექიმს თუ ლაბორატორიას მინდა ვუპასუხო, რომელის დაინტერესებულია ქვეყანაში სწრაფი ტესტების შემოტანით. არანაირი ხელოვნური შეფერხება ამ კუთხით არ არსებობს. სამინისტრო მიჰყვება დადგენილ წესს“.

თამარ გაბუნია აზუსტებს, რომ სამინისტრო მუშაობს ერთიანი ალგორითმის შემუშავებაზე, რადგან სხვადასხვა სახის ტესტების შემოტანამ შესაძლოა გამოიწვიოს ცრუ დადებითი და ცრუ უარყოფითი შედეგების დაფიქსირება.

მისივე თქმით, ამჯერად სამინისტროში ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით ხუთი კომპანიის განცხადება განიხილება, აქედან სამის შემთხვევაში დოკუმენტაცია არის წესრიგში, დანარჩენი ორს კი სამინისტრომ დოკუმენტების ხელახლა წარმოდგენა მოსთხოვა.