რას მიიღებს “ბუდაპეშტის” მშენებელი ვაკის პარკის ნაცვლად?

„ვაკის პარკმა გაიმარჯვა და მინდა, მოგილოცოთ. მინდა, მივულოცო თბილისს და თბილისელებს,“- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე, რომელიც სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ გამართა.

კახა კალაძეს არ დაუკონკრეტებია რა პირობებზე მოილაპარაკეს ინვერსტორთან, მან მხოლოდ ის თქვა, რომ განიხილება, როგორც ადგილმონაცლეობის ასევე გამოსყიდვის საკითხი.

თბილისის მერია არ აკონკრეტებს არც გამოსასყიდი თანხის ოდენობას და არც კონკრეტულ ადგილებს, რომელსაც სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებელ კომპანიას სთავაზობს. მერიაში აცხადებენ, რომ ეს მოლაპარაკების თემაა და სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ინფორმაცია უფრო ნათელი იქნება.

რა სურს თავად ინვესტორს?

​სასტუმროს მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გიორგი ზაქაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს კომპენსაციას რა ფორმით მიიღებს: „ჩვენ უნდა მივიღოთ კომპენსაცია. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს კომპენსაციას თანხით ავიღებთ თუ კონკრეტული ობიექტით. ჩვენ შემოგვთავაზეს ერთიც და მეორეც, ჩვენ უნდა დავკონკრეტდეთ და შევარჩიოთ. ამის ადგილი კაბინეტში არ იყო“.

გიორგი ზაქაიძეს სჯერა, რომ მერიისგან მიღებული კომპენსაცია ვაკის პარკში დათმობილი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის ადეკვატური ალტერნატივა იქნება.

„პირდაპირ გეუბნებით, გლდანში კონკრეტულ ადგილას უფრო ძვირი ღირს კომერციული ადგილი ვიდრე ჭავჭავაძეზე, ჩვენთვის მთავარია რომ ბიზნესისთვის იყოს საინტერესო, ყველაფერი ფარდობითია“

მერია ვაკის პარკის თბილისელებს მათივე ფულით დაუბრუნებს

რა დაუჯდება თბილისის ბიუჯეტს ვაკის პარკში შეჩერებული მშენებლობა?

კონკრეტულ ფასზე მხარეები არ საუბრობენ. გიორგი ზაქაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ვაკის პარკში განსახორციელებელი პროექტი 20 მილიონი ლარი ჯდებოდა. ინვესტიციის შემდეგ, ამ თანხის 30%-ს, თბილისის ბიუჯეტი მიიღებდა და რადგან პროექტი ვერ განხორციელდა კომპანიამ შესაბამისი თანხა უნდა მიიღოს.

„ჩვენ ზიანს არ ვანგარიშობთ, ვანგარიშობთ შენობა ნაგებობის ღირებულებას“,- ამბობს გიორგი ზაქაიძე. თუმცა ამ წინადადების მიხედვით კონკრეტული თანხის გამოთვლა რთულია.

რას აპირებს სამოქალაქო სექტორი

ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის“ მშენებლობას წლების განმავლობაში აპროტესტებდნენ აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოება. მათი დაჟინებული მოთხოვნის და პერმანენტული აქციების შემდეგ კომპანიამ მშენებლობა შეაჩერა. თუმცა, მრავალწლიან სასამართლო დავას საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 16 იანვარს დაუსვა წერტილი. სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განკარგულება, რომლითაც ინვესტორმა სასტუმროს მშენებლობის კანონიერი ნებართვა დაიბრუნა და პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმროს ისევ ააშენებდა.

დღეს პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე ამბობს, რომ შეთანხმება, რომელიც მერიასა და ინვესტორს შორის დაიდო, თუ კვლავ წინააღმდეგობაში მოვა ქალაქის ინტერესებთან ის საპროტესტო აქციებს ისევ დაიწყებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ეს იყო საუკეთესო გამოსავალი. ყურადღებით დავაკვირდებით რას მისცემს მერია ინვესტორს კონკრეტულად", - ამბობს „ტფილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი ცირა ელისაშვილი.