30 აპრილს, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო სამხედრო ამბოხების მოწოდებით გამოვიდა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადასაყენებლად, ვენესუელაში გაღრმავდა პოლიტიკური კრიზისი. კარაკასის საჰაერო ბაზასთან შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაცვალეს.
შორს მდებარე მოსკოვი, დიდი ალბათობით, აღელვებით ადევნებს თვალს ამ პროცესებს.
ბოლო წლებში რუსეთმა დიდძალი პოლიტიკური და ეკონომიკური რესურსი ჩადო სამხრეთ ამერიკის ამ სახელმწიფოში.
ვენესუელა, ნიკარაგუასთან ერთად, რუსეთის გავლენისთვის ერთგვარი დასაყრდენია დასავლეთ ნახევარსფეროში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა ეს გავლენა მნიშვნელოვნად დაკარგა, როცა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კუბასთან მისი კავშირები შესუსტდა.
რუსეთმა კარაკასს მიჰყიდა ასობით მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო შეიარაღება. ამასთან, დიდძალი ინვესტიციები ჩადო სანავთობო სექტორში და მნიშვნელოვანი წილი შეისყიდა სახელმწიფო სანავთობო კომპანია PDVSA-ში.
აშშ იმ 50-მდე სახელმწიფოს შორისაა, რომლებმაც გუაიდო აღიარეს ვენესუელის პრეზიდენტად. ვაშინგტონმა სანქციები დააწესა მადუროს გადაყენების დასაჩქარებლად. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა 30 აპრილს პირდაპირ მიმართა ქვეყნის თავდაცვის მინისტრსა და ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელს.
„თქვენი დრო ამოიწურა. ეს თქვენი უკანასკნელი შანსია. დათანხმდით შუალედური პრეზიდენტის, გუაიდოს, ამნისტიას. დაიცავით კონსტიტუცია და გადააყენეთ მადურო და ჩვენ სანქციების სიიდან ამოგიღებთ. თუ მადუროსთან დარჩებით, მასთან ერთად ჩაიძირებით“, - დაწერა მან ტვიტერზე.
მოგვიანებით ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებებში ბოლტონმა მოსკოვი ღიად გააფრთხილა:
„ჩვენი მოლოდინით, რუსები არ ჩაერევიან ვენესუელაში მიმდინარე პროცესებში - განსაკუთრებით ახლა, როცა საქმე ეხება ვენესუელის მშვიდობიანი ხალხის სიცოცხლეს“, - განაცხადა მან.
მაინც რას დაკარგავს რუსეთი, თუ მადუროს მთავრობა დაემხობა და ხელისუფლებაში მოვა ოპოზიცია, გუაიდოს მეთაურობით?
ნავთობი, ნავთობი
ვენესუელის სანავთობო რეზერვები მსოფლიოში უდიდესია, ნავთობის კარტელის, OPEC-ის, თანახმად. გავრცელებული ვარაუდით, სწორედ ნავთობია ის ერთადერთი რამ, რამაც ქვეყანა ამ დრომდე სრული დეზინტეგრაციისგან იხსნა.
ნავთობით ვაჭრობიდან მიღებულმა მოგებამ, უწინარესად შეერთებული შტატებისგან,მადუროს მთავრობა გააძლიერა იმ ფონზეც კი, როცა ქვეყანაში ეკონომიკურმა ქაოსმა დაისადგურა.
რუსეთმა და მისმა სახელმწიფო გიგანტმა კომპანიამ, „როსნეფტმა“, ვენესუელის კომპანია PDVSA-ში და ვენესუელის ნავთობის პროექტებში დიდძალი ინვესტიციები ჩადეს - 2010 წლის შემდეგ თანხა გაუტოლდა 9 მილიარდ დოლარს, იუწყება სააგენტო „როიტერსი“.
„როსნეფტმა“ და რუსეთის მთავრობამ კარაკასს 2006 წლიდან სესხის სახით 17 მილარდ დოლარზე მეტი მისცეს, - ვკითხულობთ მოსკოვის კარნეგის ფონდის ანალიტიკოსის, ალექსანდრ გაბუევის მიერ თებერვალში გამოქვეყნებულ ანალიზში. თუ ხელისუფლებაში გუაიდო მოვა, კითხვა, როდის ან საერთოდ თუ დაბრუნდება ეს სესხი, ღიად დარჩება.
„რუსეთს იმდენი ინვესტიცია აქვს მადუროს რეჟიმში გაკეთებული, რომ მისთვის მოქმედების ერთადერთ რეალისტურ გზად რჩება მხარდაჭერის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება“, - წერს ანალიტიკოსი.
„’როსნეფტის’ მჭიდრო კავშირები ვენესუელასთან და რუსეთის მცდელობა ჩაერთოს იქ შექმნილ კრიზისში, ერთობლივად წარმოშობს კითხვებს, ქვეყნის ხელმძღვანელობა ამით იცავს ეროვნულ, კორპორაციულ თუ კერძო ინტერესებს“, - ამბობს გაბუევი.
ვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია Citgo-ში, აშშ-ში განთავსებულ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში, PDVSA-ს წილი, რომლითაც აშშ-ის დოლარები უკან, კარაკასში, ბრუნდება. Citgo აშშ-ში სამ გადამამუშავებელ ობიექტს ფლობს, ისევე როგორც მილსადენებისა და ბენზინგასამართი სადგურების ქსელს.
PDVSA-ს ფინანსურმა პრობლემებმა გზა გაუხსნა „როსნეფტს“, რომელიც Citgo-ს 49.9 პროცენტს დაეპატრონა, როგორც გარანტიას რუსეთის სანავთობო კომპანიის მიერ, გავრცელებული ცნობებით, 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხზე.
ამან შეშფოთება გამოიწვია აშშ-ის იმ კანონმდებლებისა, რომლებსაც არ სურთ რუსეთის უდიდესი სანავთობო კონცერნი აკონტროლებდეს აშშ-ის სანავთობო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ნაწილს.
იანვარში, მადუროზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით, აშშ-მა სანქციები დაუწესა PDVSA-ს, რაც Citgo-ს შეზღუდვასაც ნიშნავდა.
„თუ Citgo-სა და PDVSA-ს მართვას მადურო დაეპატრონება, ნიშნავს, რომ [რუსეთი] დაკარგავს ფულს, რომელიც მან მადუროს რეჟიმს ასესხა Citgo-ს წილების პროცენტის სანაცვლოდ, თუკი ის პირდაპირ კავშირებს არ დაამყარებს გუაიდოს მთავრობასთან“, - წერს ევან ელისი, ვაშინგტონში განთავსებული სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მკვლევარი, წელს გამოქვეყნებულ სტატიაში.
იარაღით ვაჭრობა, სამხედრო თანამშრომლობა
2018 წლის დეკემბერში კარაკასთან მდებარე სამხედრო აეროპორტში დაეშვა რუსეთის წარმოების გრძელი რადიუსისა და ბირთვული შესაძლებლობების მქონე ორი ბომბდამშენი. მოსკოვის მხრიდან ეს იყო ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეებისათვის იმის დემონსტრირება, რომ ის სერიოზულად ეკიდება მადუროს მთავრობის სამხედრო მხარდაჭერის საკითხს.
მოსკოვი კარაკასთან არ ვაჭრობს გრძელი რადიუსის ბომბდამშენებით, მაგრამ მან ვენესუელას მიჰყიდა მილიარდობით დოლარის ოდენობის სხვა სახის შეიარაღება. 2006 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა, უგო ჩავესმა, რუსეთთან 3 მილიარდ დოლარამდე ოდენობის კონტრაქტი გააფორმა საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვაზე. მოსკოვს ვენესუელის ნავთობისკენ გზა გაეხსნა საბაზროზე ნაკლებ ფასად. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, 2005-2013 წლებში კარაკასმა შეიძინა 11 მილიარდამდე დოლარის ოდენობის შეიარაღება.
შესყიდული იარაღი მოიცავდა დახვეწილ S-300 ტიპის ანტისარაკეტო სისტემას, Su-30 საბრძოლო თვითმფრინავებს, T-72 ტანკებს, ისევე როგორც ხმელეთი-ჰაერი ტიპის პორტატიულ რაკეტებს და სხვა იარაღს.
ის, თუ ამ იარაღის გამო კარაკასს რამდენი მართებს რუსეთისა, ცნობილი არ არის, მაგრამ მღელვარება და მთავრობის შეცვლის პერსპექტივა ეჭვქვეშ აყენებს მოსკოვისთვის ვალის გადახდას, რომ არაფერი ვთქვათ მომსახურების მიმდინარე კონტრაქტებსა და სამომავლო შესყიდვებზე.
კიდევ ერთი ფაქტორი, როგორც იარაღის მიწოდების, ისე მადუროს მხარდაჭერის კუთხით, არის რუსეთის კერძო მებრძოლთა ყოფნა ადგილზე. გავრცელებული ცნობებით, ისინი კარაკასში მიმდინარე წელს ჩავიდნენ და ასრულებენ მცველთა ელიტური ძალების ფუნქციას მადუროსა და მისი გარემოცვისთვის.
არსებობს საფრთხე, რომ რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიებმა ვენესუელის კონფლიქტი გააღრმავონ და ის რეგიონალურ კონფლიქტში გადაზარდონო, ამბობს სერგეი სუხანკინი, ვაშინგტონში განთავსებული ჯეიმსტაუნის ფონდისა და კიევში განთავსებული პოლიტიკის შემსწავლელი საერთაშორისო ცენტრის მკვლევარი.
სხვა საქონელი
ვენესუელა რუსეთის მარცვლეულის მსხვილი იმპორტიორია და წარმოადგენს მნიშვნელოვან ბაზარს მოსკოვისთვის, რომელიც ზრდის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს და იჭრება აშშ-ის, ბრაზილიისა და ამ დარგის სხვა წამყვანი ქვეყნების საბაზრო წილში.
ასევე ნახეთ ბრძოლა ვენესუელისთვის: როგორ მოქმედებენ აშშ და რუსეთირუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული ბანკები თანამშრომლობენ ვენესუელის ფინანსურ ინსტიტუტებთან და ამით ცდილობენ ინვესტიციებისა და რუსეთის კომპანიებისთვის ვენესუელის ეკონომიკაში დამკვიდრების გაადვილებას. ერთობლივ ბანკს, Evrofinance Mosnarbank-ს, აკონტროლებენ Gazprombank-ი, ანუ რუსეთის გაზის მწარმოებელი სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ ფინანსური დანაყოფი, და სახელმწიფო ბანკი VTB. ვენესუელის ეროვნული განვითარების ბანკი წილის 49.99 პროცენტს ფლობს.
აშშ-მა მარტში ბანკს სანქციები დაუწესა და მას ბრალი დასდო წარსულში მოქმედი იმ სანქციებისთვის გვერდის ავლაში, რომელთა სამიზნეც მადურო და მისი მხარდამჭერები იყვნენ.
რეპუტაცია
დიდი ალბათობით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც რუსეთი მადუროს მთავრობის დამხობით დაკარგავს, არის რეპუტაცია - კრემლის და ვლადიმირ პუტინისა, კონკრეტულად. ვენესუელაში რუსეთის ყოფნა არის მისი ძალაუფლების გამოხატვის ფორმა, რომელიც მოგვაგონებს საბჭოთა ძალების ყოფნას კუბაში და ცენტრალურ ამერიკაში ურთიერთობების დამყარებას. ამასთან, ეს პრობლემების შექმნის გზაც არის აშშ-ისთვის, რომელიც დასავლეთის ნახევარსფეროს თავისი გავლენის ბუნებრივ სივრცედ აღიქვამს.
ასევე ნახეთ პუტინისა და უფლის მფარველობის ქვეშ„ცხადია, ვენესუელაში მოსკოვის ინტერესები ეფუძნება მის საკმაოდ დაძაბულ ურთიერთობას აშშ-თან და მის სურვილს [კონტრბალანსი] შეუქმნას აშშ-ს“, - თქვა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იანვარში მიკაელ ვაიგელმა, ლათინური ამერიკის მკვლევარმა ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში.
„ვენესუელასთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება მოსკოვს აძლევს საშუალებას პრობლემები შექმნას აშშ-თან მიმართებით, რისი გამოყენებაც შესაძლებელი იქნება აშშ-თან მოლაპარაკებებში სავაჭროდ. ამასთან, ეს რუსეთს საშუალებას აძლევს გამოავლინოს თავისი მისწრაფებები, როგორც გლობალურმა მოთამაშემ“, - ამბობს ის.