„ვირის ტყავი“ (1970, საფრანგეთი, რეჟისორი ჟაკ დემი)
შარლ პეროც გადავაბრუნეთ საფლავში. სოციალურ ქსელებში მეჩვიდმეტე საუკუნის ფრანგი მწერლის დასჯას, ჩამოხრჩობას, მისი წიგნების დაწვას მოითხოვენ. ჯერ იყო და ადამიანთა მცირე ჯგუფმა „სულაკაურის გამომცემლობა“ „გარყვნილების პროპაგანდაში“ დაადანაშაულა წლების წინ გამოცემული ზღაპრის, „ვირისტყავას“ გამო, მერე კი, 30 ივნისს, „მორალის დამცველებს“ მთლად პრემიერ-მინისტრმა დაუჭირა მხარი; პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა: „ამაზე საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მკვეთრი და მძაფრი. ამიტომ ამ საკითხებს სჭირდება დარეგულირება“.
არადა, ჟაკ დემის, ალბათ ყველასთვის საყვარელი „შერბურის ქოლგების“ ავტორს, არაფერი „დაურეგულირებია“ პეროს ზღაპარში, როცა 1970 წელს, „ვირის ტყავის“ პრემიერის წინ განაცხადა: „მე საბავშვო ფილმი გადავიღე. ვერავინ გაიგებს ვირის ტყავში დამალული პრინცესის თავგადასავალს ისე კარგად, როგორც ბავშვები“. რუსებისგან განსხვავებით, რომლებმაც მოგვიანებით გადაღებული „ვირის ტყავი“ უხეშად გადააკეთეს, ჟაკ დემიმ ყველაფერი ისე დატოვა, როგორც ზღაპარშია. ინცესტი? ასე რომ შეაშინა მოზრდილები 2023 წლის საქართველოში… კი, ინცესტიც დატოვა - მეფე თანახმაა შეასრულოს გარდაცვლილი დედოფლის ანდერძი და ცოლად შეირთოს მასზე უფრო ლამაზი ქალი - საკუთარი ქალიშვილი. ჟაკ დემი (და ალბათ შარლ პეროც) დარწმუნებულები იყვნენ - ასეთი ზღაპრებით ბავშვი სწავლობს, რომ სამყარო სასტიკია, უსამართლო. თავად კი პატარაა, დაუცველი, დახმარება სჭირდება. მაგრამ იმასაც ხვდება, რომ მას აუცილებლად დაეხმარებიან. ბოლოს და ბოლოს მთავარი ხომ ის არაა, ისწავლო, როგორ გახდე თავისუფალი, მთავარია სურვილი გაგიჩნდეს - თავისუფლების და ბედნიერების სურვილი. ამისთვის დაიწერა შარლ პეროს ზღაპარი და ამისთვის გადაიღო ჟაკ დემიმ თავისი უბერებელი შედევრი. დრომ კიდევ უფრო მომნუსხველი გახადა „ვირის ტყავის“ კადრები, ფილმის ფორმალური სილამაზე - კოსტიუმები, დეკორაციები და, რა თქმა უნდა, მიშელ ლეგრანის მუსიკა, რომელიც „შერბურის ქოლგების“ ავტორთან ზოგჯერ გამოსახულებაზე მნიშვნელოვანი ხდება.
რამდენადაა კინო „დიდი ილუზია“ და როგორ შეუძლია ამ ილუზიას სიცოცხლე შეგვაყვაროს? ჟაკ დემი ყველა ფილმში სვამს ამ კითხვას. იშვიათია რეჟისორი, რომელსაც შეუძლია სამყაროს სისასტიკე და სილამაზე ერთიანი სახით წარმოგვიდგინოს. „ვირის ტყავში“ დემიმ შემთხვევით არ აირჩია სარკე მთავარ კინემატოგრაფიულ სახედ. „ორმაგობა“, ლიმინალურ სივრცეებზე თამაში, პრინცესის და მოახლის (ქალის და ვირის) ერთობლივი არსებობა ერთ სხეულში, მაყურებელსაც ორ ნაწილად ყოფს; ბავშვებისთვის „ვირის ტყავი“ ჯადოსნური ზღაპარია, ვიზუალური ჯადოქრობაა, მოზრდილთათვის კი - „დელიკატური ფსიქოანალიზი“ და, თუ ყურადღებით დავუკვირდებით ჟაკ დემის სტილს, სოციალური დრამაც კი.
კინოხელოვნების მაგია ეხმარება რეჟისორს გააძლიეროს ის თემები, რომლებიც აქტუალური იყო 60-იანი წლების ბოლოს (და კიდევ უფრო აქტუალური გახდა დღეს) - მამების დიქტატი, ქალზე ძალადობა, სოციალური იერარქია და კლასობრივი უთანასწორობა. არსებითად „ვირის ტყავში“ კინოზღაპრებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი კლიშეა დაძლეული - პრინცესა აღარაა მსხვერპლი. მიუხედავად იმისა, რომ დევნილია, მიუხედავად იმისა, რომ დამცირების ატანა უხდება, საბოლოო ჯამში, ის ოსტატურად მანიპულირებს პრინცით და თავს არავის აჩაგვრინებს. ინცესტი კი, რომელსაც შარლ პეროს ტექსტში უმეცარნი „პროპაგანდად“ ნათლავენ, სინამდვილეში სწორედაც რომ დაჭაობებული პატრიარქალური გარემოს სიმბოლოა.
ჟაკ დემის მიერ წაკითხული „ვირის ტყავი“ ესაა ზღაპარი ძალადობრივი გარემოდან განთავისუფლებაზე. ჟაკ დემის ვაჟი, კინორეჟისორი მატეო დემი „ვირის ტყავის“ აღდგენილი ვერსიის პრემიერის წინ წერდა: „აუცილებლად ანახეთ ეს ფილმი თქვენს ბავშვებს. თუკი, ცხადია, მართლა გინდათ, რომ მათ კეთილისა და ბოროტის გარჩევა ადვილად ისწავლონ“. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ფილმის ფინალური ტიტრი: „ზღაპარი ვირის ტყავზე დაუჯერებელია, მაგრამ სანამ არსებობენ ბავშვები, მათი დედები და ბებიები, ჩვენ ამ ზღაპარს არ დავივიწყებთ“. ეს, შეიძლება ითქვას, ფემინისტური მანიფესტია, ნდობაა, რომელსაც ჟაკ დემი ქალებსა და ბავშვებს უცხადებს.
„ვირის ტყავის“ გადაღების წინ ჟაკ დემიმ ორი წელი იცხოვრა კალიფორნიაში. სავარაუდოდ, სწორედ ეპოქის, ამერიკაში შეძენილი მეგობრების გავლენით (ჯიმ მორისონი ჩავიდა საფრანგეთში და „ვირის ტყავის“ გადაღებას დაესწრო), მთელი ფილმი ფსიქოდელიურ სანახაობას ჰგავს, ერთგვარ ჰალუცინაციას, სხვა სამყაროში გადასვლას. ოღონდ არა ნარკოტიკის, არამედ კინოს ენის დახმარებით.
„აკრძალული არ შეგვაშინებს,
ბარში წავალთ ერთად,
გავაბოლებთ მალულად,
ნამცხვრით დავნაყრდებით“
მღერიან ფილმში პრინცებს შორის ყველაზე ლამაზი პრინცი ჟაკ პერენის შესრულებით და ყველაზე ლამაზი პრინცესა, ჟაკ დემის თილისმა, კატრინ დენევი. პრინცი პრინცესას უყურებს, პრინცესა ხედავს, რომ პრინცი უყურებს და ხვდება, რომ არავინ უყურებს მას ისე, როგორც პრინცი. მოკლედ, როგორც იტყვიან, „კინოების კინოა“! დაუმატეთ ამას შუა საუკუნეების ბაროკოს, ჯაზისა და პოპის ნაზავი, მიშელ ლეგრანის მუსიკა და ფერადოვანი ეფექტები, გაძლიერებული „დახურული“ დიაფრაგმით, ერთი ძირითადი ფერის გარშემო - წითელი, მწვანე, ლურჯი. დემის ეკრანი მოწყვეტილია იმას, რასაც ჩვენ „რეალობას“ ვუწოდებთ. არადა, სწორედ ამ სამყაროს, ზღაპრულ სამყაროს მიიჩნევენ ბავშვები რეალობად. აქ შეიძლება ცხოვრობდე შუა საუკუნეების ციხესიმაგრეში და, ამავე დროს, ტელეფონით ლაპარაკობდე, შვეულმფრენით დაფრინავდე. ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს, ყველაფერი შეიძლება ინატრო სიზმარში და კინოში. „სიყვარულის ტორტი“, რომლის გამოცხობის საიდუმლო მხოლოდ პრინცესამ იცის, აუცილებლად გამოცხვება. მთავარია ძალიან, ძალიან მოინდომო.
მადლობა პრემიერ-მინისტრს შესანიშნავი ზღაპრის რეკლამისთვის. ახლა ფილმის რეკლამის დროც მოვიდა. „სიყვარულის ტორტის“ რეცეპტი დღეს განსაკუთრებით გვჭირდება ქართველებს. ამ ტორტის ერთი ნაჭერი აუცილებლად მოიყვანდა ჭკუაზე მათ, ვინც 21-ე საუკუნეში შარლ პეროს ზღაპარს (თაობები რომ გამოზარდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც) გარყვნილებად აცხადებს. მაგრამ დიდი მეზღაპრე ძალადობის წინააღმდეგი იყო - ამ ხალხს ძალით წიგნს ვერ წააკითხებ და ნამცხვარს ვერ გაასინჯებ... თანაც, საშიშია! ის ჯადოსნური ბეჭედი, პრინცესამ თავის სატრფოს ტორტში რომ ჩაუდო, შეიძლება გადასცდეთ.