”საოჯახო ზეიმი” (ასე ვთარგმნეთ ჯოდი ფოსტერის ფილმი Home for the Holidaysრომელსაც ადვილად მოძებნით ინტერნეტში ინგლისურ და რუსულ ენებზე).
”მეფეებზე ფილმი” მინდოდა შემომეთავაზებინა, ბრიტანელი რეჟისორის, სტივენ ფრირზის, ”დედოფლის” სტილში, რაღაცნაირი კეთილი ღადაობით მონარქიაზე ... ანდა რამე კოლექტიურ ისტერიკაზე, რაც მაიკლ ჯექსონის პედოფილიაზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს მოჰყვა, იმაზე, თუ რა ადვილად გვიქმნის მედია გმირებსა და ანტიგმირებს (ისევ სტივენ ფრირზის ფილმი ივარგებდა აქ. მაგალითად, ეს) არ იქნებოდა უადგილო ფილმი ნაწნავზე, უფრო სწორად, ”კოსაზე”. თეა წულუკიანს აუცილებლად ვანახებდი ამას, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ კვირას მსოფლიო ნატ კინგ კოულის დაბადების ასი წლისთავს აღნიშნავს და ეგრევე კეთილი გავხდი. არ მომინდა ახალი რუბრიკის დაწყება ქილიკით და ცინიზმით; შევუდექი გახსენებას, რომელმა ფილმმა შემაყვარა ეს კაცი, რომელი ფილმის ნახვის შემდეგ ვღიღინებდი ამ გადასარევ მელოდიას.
ვინ არ მღერის ამ სიმღერას, შეიძლება ნატ კინგ კოულზე ბევრად უკეთესი მუსიკოსებიც. მაგრამ მე ეს შესრულება მიყვარს. შესაძლებელია იმიტომ, რომ ჯოდი ფოსტერის ფილმს, ”საოჯახო დღესასწაულს”, მახსენებს, ფილმს, სრულიად გადასარევი საუნდტრეკით და ამ სიმღერით, რომლითაც დასრულდება სევდიანი კომედია ამერიკულ ოჯახზე.
ჯოდი ფოსტერმა ფილმისთვის 1958 წელს გამოსული ნატ კინგ კოულის ალბომი აირჩია. 2 წლით ადრე მუსიკოსს გარდაეცვალა დედა, რომელსაც კარგა ხანს უვლიდა. როგორც ამბობენ, დანაშაულის კომპლექსი სტანჯავდა - გაუჭირდა საოჯახო კონფლიქტის მოგვარება, ვერ შეარიგა დედა ცოლთან, ვერ მოასწრო ვერაფერი. წესიერად ვერც დაემშვიდობა ადამიანს, რომელიც ყოველთვის ყველაზე ძალიან უყვარდა - შვილებზე მეტად!
ჯოდიმ ეს სიმღერა აირჩია ფილმში ოჯახზე, რომელიც სწორედ მაშინ გადაიღო, როცა კინემატოგრაფიული სამყარო მისგან რაღაც ძალიან რადიკალურს, მეამბოხეს, ”გაბრაზებულს” მოითხოვდა. სწორედ მაშინ, როდესაც ფოსტერის პირად ცხოვრებაზე საუბარი კინოინტელექტუალებმაც კი დაიწყეს, როცა ჰოლივუდელ სექსუალურ უმცირესობებზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებსა და ტელეგადაცემებში ჯოდი ფოსტერის გმირები მუდმივად ჩნდებოდნენ ხოლმე. მაგრამ მას არ უნდოდა პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი. აღმოჩნდა, რომ არც არაფერი რადიკალურის გადაღება არ უნდოდა. უთუოდ ამიტომ არ ჩართეს ფოსტერის, როგორც რეჟისორის, რიგით მეორე ფილმი, ”საოჯახო ზეიმი”, 1995 წელს ბერლინის ფესტივალის კონკურსში. უჩვენეს მხოლოდ კონკურსგარეშე პროგრამაში.
იმხანად ძალიან ძლიერ ”ბერლინალეს” ასევე ძლიერი, აგრესიული, პროვოკატორული კინო უყვარდა. ვის რაში სჭირდებოდა კონკურსში ჯოდი ფოსტერის ლირიზმი და ”სიკეთეები”?! მაგრამ ფოსტერია მაინც. ამიტომ მთლად უარიც ვერ უთხრეს. თვითონაც ჩამოვიდა. პრესკონფერენციაზე ლამაზი სათვალე ეკეთა და 3 ენაზე ლაპარაკობდა. იელის უნივერსიტეტი გაიხსენა და ჩემი საყვარელი ფემინისტური კინოთეორია, რომელიც ყველაზე საინტერესოდ სწორედ ამ უნივერსიტეტში განვითარდა. აღნიშნა, რომ მსახიობებზე მეტად გამოსახულებას ანიჭებს მნიშვნელობას (იგი იელის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დოქტორია), ამიტომაც უხარია, რომ ფილმი დიდმა უნგრელმა ოპერატორმა ლაიოშ კოლტაიმ გადაიღო. ხასიათებს არა მარტო მსახიობები, არამედ განათება ქმნიდაო, გვითხრა. თუმცა, ცხადია, ვერ უარყო, რომ ”ოჯახური ზეიმის” მთავარი ღირსება მსახიობების ანსამბლია -განსაკუთრებით, რობერტ დაუნი (უმცროსი) და ჯერალდინ ჩაპლინი.
მთავარი როლის შემსრულებელ ჰოლი ჰანტერზე აღარაფერს ვამბობ. ჰანტერს, რომელმაც ერთი წლით ადრე ”ოსკარი” მოიპოვა ”პიანინოში” შესრულებული როლისათვის, როგორც ფოსტერის ახლობლები ჰყვებიან, სიარულის მანერით, მიმიკით, შეფასებებით ძალიან ჰგავდა ფოსტერი ცხოვრებაში - ჰგავდა ამ მარტოხელა დედას, დამოუკიდებელ ქალს, რომელსაც აღიზიანებს ეს ტრადიციული ოჯახური ურთიერთობები და, ამავე დროს, სიყვარულს ეძებს (ოჯახის შესაქმნელად?)... ფოსტერზეც ჰყვებიან, ზუსტად ასეთი იყო ფილმის გადაღების დროს - წინააღმდეგობებით სავსეო. ფილმის პრემიერიდან 12 წლის შემდეგ ჯოდი ფოსტერი აღიარებს, რომ სწორედ სცენარზე მუშაობის დროს დაიწყო რომანი თავის პროდიუსერ ქალთან, სიდნი ბერნარდთან, რომელთანაც ერთად 14 წელი ცხოვრობდა.
ფოსტერის ეს ფილმიც მოიცავს წინააღმდეგობას და სწორედ ეს წინააღმდეგობა ანიჭებს იუმორს, სითბოს, სილაღეს... ძველი ოჯახური ურთიერთობები იშლება, მაგრამ რეალურად იშლება არა ოჯახი, როგორც ”სისტემა”, რომელიც ადამიანებს აერთიანებს, არამედ იცვლება ოჯახის ფორმა. სინამდვილეში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სიმარტოვე უხარია. საყვარელ ადამიანთან თანაცხოვრების სურვილი ყველას აქვს, თუკი, რა თქმა უნდა, არსებობს ეს საყვარელი ადამიანი.
ფოსტერისგან რაღაც ხულიგნურს, მკვეთრად ფემინისტურს მოითხოვდნენ, მან კი გადაიღო ფილმი ოჯახზე, როგორც ლამის უმაღლეს სიკეთეზე. კინოს სამყაროს ჩაეშალა მოლოდინი. ზუსტად ისე, როგორც შეცდომა მოუვიდა ”ოჯახური ზეიმის” გმირს, კლაუდიას, - იფიქრა, ეს ახალგაზრდა კაცი ჩემს გეი-ძმასთან ერთად თუ მოგზაურობს, ასევე გეი იქნებაო, მაგრამ შეეშალა... წინასწარგანწყობამ, უბრალოდ, ტვინი აურია.
ამაზე კარგი რა არის, როცა წინასწარგანწყობა გვენგრევა! ვის მიმართაც არ უნდა გვქონდეს ეს აკვიატება - მაიკლ ჯექსონი იქნება ეს, ბაგრატიონი-სიხარულიძისა თუ თეა წულუკიანი, რომელსაც ოდესმე აუცილებლად გაეზრდება ”კოსა”.