RIFF-RAFF, “საზოგადოების ნარჩენები”
(დიდი ბრიტანეთი, 1991 წელი, რეჟისორი კენ ლოუჩი, დრამატული კომედია. მთავარ როლში რობერტ კარლაილი)
1 აპრილის აქციის არაერთი მონაწილე, აქციისა, რომელიც შრომის უსაფრთხოებას მიეძღვნა, დარწმუნებულია, რომ იმ ღამეს, ჭავჭავაძეზე, საქართველოში ახალი პოლიტიკური მოძრაობა შეიქმნა. ანდა, თუ ჯერ არ შეიქმნა, არც ბევრი უკლია “მესამე ძალას”, რომელიც თავის პოლიტიკას ადამიანზე, მის სიცოცხლეზე, მის უსაფრთხოებაზე ააგებს; იმ ძალას, რომლის წევრებს მტკიცედ სწამთ, არაფერი, აბსოლუტურად არაფერი, არც იდეოლოგია, არც სახელმწიფო, არც სიმდიდრე არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ.
მგონი, ამ ახალგაზრდებს, რომლებსაც პოლიტიკაში ჯერ არ უთქვამთ თავიანთი გადამწყვეტი სიტყვა, ისევ დაასწრეს - აგერ 13 აპრილს ფილარმონიაში პოლიტიკური მოძრაობა “დაიცავი საქართველო” ემზადება “ფართომასშტაბიანი შეხვედრისთვის”... ქართულ საზოგადოებაში არის “მესამე ძალის” მოლოდინი. ჰოდა, 13 აპრილს შეიქმნება კიდეც ასეთი ძალა - როგორც ჩანს, მასში შევლენ “ქართულ ოცნებაზე” განაწყენებული საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები. აქ, რა თქმა უნდა, იქნება ინტელიგენცია - წლებია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ხელფასზე რომ ცხოვრობდა, მაგრამ ბოლო დროს გული რომ გაუტყდა მმართველ პარტიაში. ანდა, უბრალოდ, გადაწყვიტა, რომ “ქართული ოცნების” მხარდაჭერა დღეს პოპულარული საქციელი არაა. ჩვენს შემოქმედებით ინტელიგენციას კი, დამეთანხმებით ალბათ, არასდროს უყვარდა “არაპოპულარულად” მოქცევა.
ვინაიდან ჩვენი ინტელიგენცია, მცირე, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა ყოველთვის ძლიერის და მდიდრის მხარეზე იყო, მას მარტის იმ წვიმიან დღეს, როცა ორი მუშა ცოცხლად დაიმარხა მშენებლობაზე, გული კი ეტკინებოდა (ადამიანები ვართ მაინც!), მაგრამ არც იმდენად, რომ მონობის წინააღმდეგ ხმა ამოეღო, ჭავჭავაძეზე მოწყობილი აქციისთვის მხარი დაეჭირა (არადა, უმრავლესობა ხომ იქვე, ვაკეში ცხოვრობს)... და თუ ხალხმრავალი აქციების ეშინია და რუსთაველის თეატრის, ფილარმონიის, ჭადრაკის სასახლის “შეკრებებზე” უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, მომავალში, თავის ფილმებში, სპექტაკლებში, რომანებში მაინც თქვას, რომ პროგრესი არ შეიძლება გვიხაროდეს, თუკი მას მსხვერპლი, თუნდაც ერთი მსხვერპლი მოყვება. უტოპიაა? არც ერთი ეკონომიკური თეორიით არ მართლდება? დასცინებენ ეკონომისტები, სოციოლოგები? ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ. ხელოვანი, აბა, რის ხელოვანია “უტოპია” რომ არ უყვარდეს?
სადღაც წავიკითხე 1 აპრილის აქციის ორგანიზატორებმა ალეკო ელისაშვილის მიტინგზე დასწრება არ ისურვეს იმ მოტივით, რომ პოლიტიკოსებს გაემიჯნენ. კი გაემიჯნენ, მაგრამ ამით ბევრი ვერაფერი მოიგეს - მეორე დღეს კახი კალაძემ განაცხადა, აქციის ორგანიზატორებს რომ შევხედე, მაშინვე მივხვდი, ვის მიერ იყვნენ მართულებიო. არ დააკონკრეტა (ანდა, როგორ უნდა დაეკონკრეტებინა), მაგრამ თავისი საქმე მაინც გააკეთა, ალბათ, ჩვენი ხალხი შეჩვეულია უკვე, რომ საქართველოში “ვიღაც ვიღაცის უკან დგას”. ამიტომ არაა გამორიცხული, რომ საზოგადოების ნაწილმა დაიჯერა თბილისის მერის ნათქვამი. მით უმეტეს, რომ აქციაზე, რომელიც შრომის პირობების გაუმჯობესებას მიეძღვნა, ვერ ვნახეთ ის ხალხი, ვის უფლებებსაც იცავდა აქცია - თავად მშენებლები, მუშები. გვესმოდა ლოზუნგი “სოლიდარობა მუშებს!” მაგრამ მუშებს ვერ ვხედავდით.
და სწორედ აქ უნდა ეთქვათ თავიანთი სიტყვა იმათ, ვისაც საზოგადოებაში ავტორიტეტი აქვთ, ვისაც კარგად იცნობს ხალხი, კარგად იცნობენ იგივე ეს მუშები, ყველა სამუშაოზე რომ თანახმანი არიან ზოგჯერ, რათა ოჯახი გამოკვებონ. აქ უნდა ეთქვა თავისი სიტყვა ჩვენს ამ შემოქმედებით ინტელიგენციას, ფილარმონიის დარბაზობისთვის რომ ემზადება.
ბრიტანელი კინორეჟისორი კენ ლოუჩი მემარცხენეებს უყვართ. მოსწონთ მისი რადიკალიზმი, მისი სოციალური მგრძნობელობა. მე, პირადად, ნაკლებად მაინტერესებს კენ ლოუჩის პოლიტიკური გემოვნება, მისი მოსაზრებები ბრიტანულ ეკონომიკაზე, კლასთა ბრძოლაზე, ბრიტანეთის კოლონიურ წარსულზე. ჩემთვის კენ ლოუჩი, პირველ ყოვლისა დიდი ჰუმანისტია, თითქმის ჩაპლინის დონის ჰუმანისტი. ადამიანი, რომელსაც თავის ყველა ფილმში ახსოვს, რომ საკუთარის, შენიანის სიყვარული და თანაგრძნობა ადვილია. აბა, თუ მაგარი ხარ შეიყვარე და შემაყვარე ის, ვინც შენგან და ჩემგან განსხვავებულია.
კენ ლოუჩის ფილმი “RIFF RAFF”, რომელიც ქართულ საიტებზე დევს სათაურით “საზოგადოების ნარჩენები” სიუჟეტის დონეზე იმეორებს იმ ტრაგიკულ ისტორიებს, რომლებიც ხდება საქართველოში მშენებლობებზე. სურათს კანის კინოფესტივალის პრიზი და არაერთი ქვეყნის კინოაკადემიის პრემია აქვს მიღებული, როგორც წლის საუკეთესო ფილმს.
ეს არის ამბავი ყოფილ პატიმარზე, შოტლანდიელ სტივზე, რომელიც მშენებლობაზე იწყებს მუშაობას. შემდეგ კი ცდილობს შური იძიოს მშენებლობაზე დაღუპული მეგობრის გამო - შური იძიოს უთანასწორო, არაადამიანური სისტემის გამო. “საზოგადოების ნარჩენები” დოკუმენტურ ფილმს ჰგავს. თანამედროვე კინოში ცოტაა რეჟისორი, რომელსაც ასე ზუსტად და ასე ზედმიწევნით შეუძლია გამოხატოს ყოველდღიური ყოფა და ამ ყოფის სრულიად მეორეხარისხოვან დეტალებსაც კი მნიშვნელობა მიანიჭოს. თანამედროვე კინოში ძალიან ცოტაა რეჟისორი, რომლის კამერას შეუძლია “უმნიშვნელო ადამიანი”, უხილავი, მარგინალიზებული, მართლა რომ არსად ჩანს და რომ არავის სჭირდება, წარმოგვიდგინოს როგორც დათრგუნვილი სამყაროს სახე, როგორც საკუთარი ღირსებისთვის ჯერ მარტოდ მარტო და შემდეგ მასსავით დაჩაგრულებთან ერთად მებრძოლი.
კენ ლოუჩს ეს შეუძლია. იგი “ულამაზო ყოფის” დიდი პოეტია. მის კინოში ყველაზე უშნოც კი მიმზიდველი და მშვენიერი ხდება. და რადგანაც დიდი მხატვარია, რადგანაც განზოგადება შეუძლია, კენ ლოუჩის ყველა ფილმი, სულ ერთია სად ხდება მოქმედება, ლონდონსა თუ გლაზგოში... სულ ერთია როდის ხდება მოქმედება, რომელ საუკუნეში, მაინც ყოველთვის ისეა აწყობილი, რომ თითქოს “ჩვენს სინამდვილეს ასახავს”
მუშები აშენებენ ელიტურ აპარტამენტებს, თუმცა თავად ნახევრად დანგრეულ ქოხებში ცხოვრობენ. სამშენებლო ფირმები მდიდრდებიან მუშების ხელფასის, მათი სამუშაო პირობების, დაზღვევის ხარჯზე და თანაც მუშებს პარაზიტებად, უსაქმურებად, არაპროფესიონალებად მოიხსენიებენ.
არა, ეს ჩვენი სინამდვილე არაა. 1990 წლის ბრიტანეთია. მას მერე ბევრი არაფერი შეცვლილა. ამის გააზრებამ შეიძლება ადამიანს ხელი ჩააქნევინოს ბრძოლაზე და იმ მუშებს დაამსგავსოს, რომელთა უფლებებისთვის 1 აპრილს სხვებმა, სტუდენტებმა დაიწყეს ბრძოლა.
პესიმისტებს “რიფრაფის” გმირი პასუხობს: “დეპრესია ბურჟუების საქმეა, მუშებს ამის დრო არა აქვთო” და ამგვარად ყველა დაჩაგრულს ბრძოლისკენ მოუწოდებს.
გულისტკივილით უნდა აღვნიშნო რომ ჩვენ ასეთი კენ ლოუჩი არ გვყავს. ის, ვინც ლოუჩის როლი უნდა შეასრულოს, სულ სხვაგანაა. სხვასთან ერთადაა. რაღაც სხვა ქვეყანას, სხვა საქართველოს იცავს.