მგონი, ეს ფილმი უკვე ჩემი ბიოგრაფიის ნაწილი ხდება: “წითელი კარვით” სრულდება ჩემი წიგნი მიხეილ კალატოზიშვილზე, “წითელი კარვისთვის” დაწერილი მუსიკით გავაფორმეთ თავის დროზე ახლა უკვე დახურული ტელეგადაცემის, “წითელი ზონის”, ქუდი. იმხანად არაერთ ადამიანს მოუწერია, დაურეკავს ერთი და იმავე კითხვით, “რა მუსიკა გაქვთ გადაცემის ქუდში?”. როცა ვპასუხობდით “ალექსანდრ ზაცეპინის “წითელი კარავი”, გაკვირვებას ვერ მალავდნენ. ზოგს ზაცეპინის გვარი გაგონილი ჰქონდა, ოღონდ როგორც ალა პუგაჩოვას სიმღერების ავტორისა და “ბრილიანტის ხელის” კომპოზიტორის.
ენიო მორიკონეს გარდაცვალებამ ისევ “წითელი კარავი” გამახსენა. ბევრმა არ იცის, რომ დიდი იტალიელი კომპოზიტორი ფილმის მეორე ვერსიის მუსიკის ავტორია. ბევრმა არ იცის, რომ არსებობს კალატოზიშვილის “წითელი კარვის” ორი ვერსია,
“წითელი კარავი”, დიდი მიხეილ კალატოზიშვილის უკანასკნელი ნამუშევარი, პირველი საბჭოთა ფილმია, რომელიც უცხოური ფულით გადაიღეს, უცხოური პროდიუსერების მონაწილეობით. ამავე დროს, “წითელი კარავი” კალატოზიშვილის პირველი ფილმია ოპერატორ სერგეი ურუსევსკისთან განშორების შემდეგ, იმ ურუსევსკისთან, რომელსაც, სრულიად სამართლიანად, კალატოზიშვილის შედევრების “მიფრინავენ წეროების”, “მე ვარ კუბას”, “გაუგზავნელი წერილის” თანაავტორად მიიჩნევენ.
ფილმის ფაბულა ეყრდნობა იტალიელი გენერლის, უმბერტო ნობილეს, წარუმატებელ საერთაშორისო ექსპედიციას 1928 წლის მაისში ჩრდილოეთ პოლუსზე. მრავალი წლის შემდეგ უკვე ასაკში შესული ნობილე, რომელსაც ადამიანური მსხვერპლის გამო მთელი ცხოვრება ტანჯავს სინდისი, უწყობს საკუთარ თავს სასამართლოს - “გამოიძახებს” დაღუპული ადამიანების სულებს, რომლებიც “წითელი კარვის” ისტორიას ჰყვებიან.
თავიდანვე ცხადი იყო, რომ მიხეილ კალატოზიშვილს ასეთი პესიმისტური ისტორიის დაფინანსებაზე (თანაც, ინკარნაციის თუ რეინკარნაციის თემით) “მოსფილმში” უარს ეტყოდნენ. მაგრამ რეჟისორმა გამოიყენა პირადი კავშირები და დაითანხმა იტალიელი პროდიუსერი, ფრანკო კრისტალდი, ჩართულიყო პროექტში. შესაბამისად, შესაძლებელი გახდა დასავლეთის კინოვარსკვლავების - შოკ კონორის, პიტერ ფინჩის, კლაუდია კარდინალეს -მოწვევაც. ამაზე საბჭოთა მხარე დათანხმდა, თუმცა ერთობლივ პროექტებს მიუჩვეველმა კინოჩინოვნიკებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ ფულს ვინც იძლეოდა, მუსიკასაც ის უკვეთდა, მუსიკას - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
იტალიურ მხარეს თავიდანვე სურდა, რომ ფილმისთვის მუსიკა ენიო მორიკონეს დაეწერა, მაგრამ კალატოზიშვილი უკვე შეუთანხმდა ალექსანდრ ზაცეპინს, კომპოზიტორს, რომელსაც - იმხანად ეს მართლაც ეგზოტიკად ითვლებოდა - თავისი საკუთარი სტუდია ჰქონდა და არ იყო დამოკიდებული ხმის ჩამწერ სახელმწიფო სტუდიებზე. კალატოზიშვილმა თითქოს დაითანხმა პროდიუსერები, მაგრამ ამასობაში გაიწელა ფილმის მონტაჟი. ფრანკო კრისტალდი კატეგორიულად მოითხოვდა ფილმის დასრულებას დათქმულ ვადებში. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მან დარეკა მოსკოვში და კალატოზიშვილს სერიოზული ჯარიმით დაემუქრა. ზუსტად 2 კვირაში რომში მოეწყო “წითელი კარვის” მსოფლიო პრემიერა ენიო მორიკონეს მუსიკით
“წითელი კარვის” საერთაშორისო ვარიანტი არამარტო მუსიკით განსხვავდება იმისგან, რომელიც ფილმის მსოფლიო პრემიერიდან ერთი თვის მერე იხილა საბჭოთა მაყურებელმა. იტალიური ვარიანტი ნახევარი საათით შემცირებულია, მოკლებულია ზედმეტ პათეტიკას, რომელიც დროდადრო იგრძნობა საბჭოთა “წითელ კარავში”. თუმცა მაყურებელი აქ, ჩვენში, მაინც გაოცებული დარჩა, გაუკვირდა, როგორ დაუშვა ხელისუფლებამ ასეთი უიმედო სურათის გამოსვლა ეკრანებზე, სურათისა, რომელშიც მთავარი ის კი არაა, რომ სტიქია უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანთა ერთობა, არამედ ის, რომ ადამიანთა ერთობა, უბრალოდ, არ გამოდის.
ვამბობ “ჩვენში” და სწორედ საქართველოს ვგულისხმობ. “წითელი კარვის” პრემიერას თბილისის ახლად გახსნილ კინოს სახლში თავად კალატოზიშვილი დაესწრო. მას, დიდი ხანია, უკვე სხვა გვარი ჰქონდა - კალატოზოვი, მაგრამ საქართველოში ის დაბრუნდა არა მარტო როგორც ტრიუმფალური “მიფრინავენ წეროების”, არამედ როგორც “ჯიმ შვანთეს” ავტორი. როგორც ამბობენ, ავიდა სცენაზე, დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ ატირდა და სიტყვა ვერ გააგრძელა. დარბაზში ამ დროს “წითელი კარვის” ის მუსიკა ისმოდა,
რომელიც მოსწონდა თავად ფილმის ავტორს და რომელიც ფილმის საბჭოთა ვარიანტში ჟღერდა.
“კალატოზოვმა მთხოვა, რომ მუსიკალურ მოტივში მთავარი მოგონების სახე ყოფილიყო”, - იტყვის ალექსანდრ ზაცეპინი მრავალი წლის შემდეგ, როცა საბჭოთა რუსეთიდან, ფაქტობრივად, განდევნილი კომპოზიტორი საფრანგეთში დასახლდება.
ასეა. მუსიკასა და იმ ლირიკულ ეპიზოდებში, რომლებიც ზაცეპინის მუსიკითაა გაფორმებული, ცოცხლდება წარსული, რომელშიც, თავის მხრივ, ადამიანები ერთობისა და სოლიდარობის იმედით ცხოვრობდნენ - თითქოს მთელი მსოფლიო ნობილეს ექსპედიციის მაშველად იქცა და საზღვრები გაუქმდა ადამიანების დასახმარებლად (საზღვარს, როგორც სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულს, როგორც სიკვდილისა და შეჩერებულობის სახეს, მიხეილ კალატოზიშვილი თითქმის ყველა ფილმში ასახავს - დაწყებული ქართული “ჯიმ შვანთედან”, დასრულებული საბჭოთა კავშირისა და კუბის ერთობლივი პროექტით “მე ვარ კუბა”). მაგრამ “წითელ კარავში” აქცენტები უკვე იცვლება - ადამიანებს შორის, ქვეყნებს შორის, სისტემებს შორის გაჩენილი უფსკრულის ამოვსება ვერ ხერხდება. ერთობა იმდენად აღარ გამოდის, რომ ერთ ფილმს ორი, სრულიად განსხვავებული, მუსიკალური თემა მიჰყვება: ერთი - დასავლელი მაყურებლისთვის და მეორე -ადგილობრივებისთვის.
„წითელ კარავში“ მთელი სიუჟეტური ხაზი ეყრდნობა სამსჯავროს, რომელსაც თავის თავს მოუწყობს ადამიანი. სიმბოლურიცაა, რომ მიხეილ კალატოზიშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფიის ფინალი სწორედ ეს ფილმი-სამსჯავროა. მიხეილ კალატოზიშვილმა თავის ცხოვრებაში 4 განსხვავებული ეპოქა გაიარა: ქართულ-რუსული ავანგარდის ხანა (ის დრო, როცა ხალხი ჯერ კიდევ გულწრფელად ცხოვრობდა “ნათელი მომავლის” იდეებით), სტალინური რეპრესიის წლები (როცა საბჭოთა სისტემის კინოპანიგირიკებმა რეჟისორი დახვრეტას გადაარჩინა), ”ოტტეპელი”, თავისი ახალი უტოპიით სოლიდარობასა და თანასწორობაზე და, ბოლოს, ისევ ”უძრაობის ჭაობი”. ნიჭიერ კაცს, რომელიც ძნელად, მაგრამ მაინც გადაურჩა ტოტალიტარული სისტემის რისხვას, რომელსაც მრავალ კომპრომისზე წასვლა მოუხდა, არ შეიძლებოდა ფინალში ასეთი სამსჯავრო არ მოეწყო საკუთარი თავისთვის. ამიტომ დღეს, როცა ბევრი რამ შევიტყვეთ კალატოზიშვილის შესახებ, ერთადერთი საბჭოთა (პოსტსაბჭოთა) რეჟისორის შესახებ, რომლის ფილმი “მიფრინავენ წეროები” კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზით - “ოქროს პალმით” - აღინიშნა (კალატოზიშვილი მაშინ კანში არ გაუშვეს), სწორედ დღეს, როცა 50 წელი გავიდა “წითელი კარვის” ეკრანებზე გამოსვლიდან,
დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ზნეობრივ სასამართლოს” კალატოზიშვილი აქ თავად უწყობს საკუთარ თავს, ალექსანდრ ზაცეპინის ულამაზესი მუსიკის ფონზე