ფილმის რეჟისორი მიხაილ ლოკშინი აშშ-ში, ლოს ანჯელესში ცხოვრობს. ომის საწინააღმდეგო განცხადებებისა და რუსეთის ხელისუფლების კრიტიკის გამო რუსი ე.წ. Z-პატრიოტები მის პასუხისგებაში მიცემას და დასჯას მოითხოვენ. რუსეთის პროპაგანდა ასევე არ მალავს უკმაყოფილებას საკუთრივ ფილმის გამო, რომელიც, პროპაგანდისტების შეფასებით ანტისაბჭოთა და, მაშასადამე, ანტირუსული პამფლეტია.
24 იანვარს, პრემიერის წინ ლოკშინმა ფეისბუკში დაწერა: „ფილმი, რომლის მომზადება 2020 წელს დაიწყო, ხოლო გადაღება 2021 წელს, ბოლოს და ბოლოს დასრულდა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ფილმზე მუშაობდა. მშვენიერი გუნდი გვყავდა“.
"ოსტატი და მარგარიტას" პრემიერაზე, რამდენიმე დღის განმავლობაში ყველაფერი მშვიდად მიდიოდა: კინოდარბაზები ხალხს ვერ იტევდა, სალაროებში ფული შედიოდა (გასულ უქმეებზე ფილმმა 428 მილიონი რუბლი (4,8 მლნ $) შეაგროვა), სოციალურ ქსელებში კი ერთიმეორის მიყოლებით ქვეყნდებოდა ძირითადად დადებითი რეცენზიები.
ასე იყო, სანამ რუსულმა პროსამთავრობო Z-ბლოგერებმა აღმოაჩინეს, რომ ფილმის რეჟისორს, მიხაილ ლოკშინს ომის საწინააღმდეგო პოზიცია აქვს. ყველაზე მეტად რუსი პროპაგანდისტები აღაშფოთა იმან, რომ ფილმისთვის თანხა რუსეთის კინოს სახელმწიფო ფონდმა გამოყო.
საქმე ისაა, რომ „ოსტატი და მარგარიტას“ გადაღება (თავდაპირველად ფილმს „ვოლანდი“ ერქვა) 5 წლის წინ გადაწყდა, მაგრამ უცნაური ტრადიციის თანახმად, ბულგაკოვის ამ რომანის ეკრანიზაციას ყოველ ჯერზე რაღაც უშლიდა ხელს. ლოკშინის ვერსიის გადაღება მხოლოდ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ერთი წლით ადრე დაიწყო. რუსეთის კინოს სახელმწიფო ფონდმა უზრუნველყო ფილმის ბიუჯეტის ორი მესამედით - 10 მილიონი დოლარით დაფინანსება.
Z-ნიშნიანმა ტელეგრამარხებმა, რომლებიც თავიანთ სახელებში იყენებენ რეფორმამდელ იმპერიულ ორთოგრაფიას, გამოაქვეყნეს მიხაილ ლოკშინის მიერ სოციალური ქსელებში გამოთქმული მოსაზრებების სკრინშოტები: ერთ-ერთ პოსტში რეჟისორი მსჯელობს რეპარაციაზე, რომლის გადახდაც მოუწევს რუსეთს უკრაინისათვის, მეორეში კი ფულს ურიცხავს უკრაინელ დოკუმენტალისტს, მილა ჟლუქტენკოს; აზიარებს მწერალ გლუხოვსკის ომის საწინააღმდეგო ჩანაწერებს და ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის გამოძიების დეტალებს.
აი, რა დაწერა მიხაილ ლოკშინმა 2023 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრის წლისთავზე:
„ერთ წელზე მეტი ხნის წინ, როდესაც გაირკვა, რომ უკრაინაში შეჭრა გარდაუვალი იყო, დავიწყე სამი თემის აქტიური შესწავლა: ომისშემდგომი რეპარაციები გერმანიაში, ომის დამნაშავეების სასამართლო პროცესების ისტორია და გერმანიის მოსახლეობის დენაციფიკაციის პროცესი. <...>ეს გამოიწვევს იმპერიული და ნაციონალისტური იდეების დამარცხებას და, შესაძლოა, მოსახლეობის მიერ იმ საშინელებების გააზრებას, რომლებსაც ისინი მხარს უჭერდნენ. მოხდება თუ არა ეს უახლოეს წლებში ან თუნდაც ჩვენს სიცოცხლეში, ძნელი სათქმელია, მაგრამ რაც უფრო მეტი ადამიანი იმუშავებს ამისთვის, მით მეტი იქნება შანსები“.
ამ და სხვა განცხადებების გამო ლოკშინს რუსული ტელეგრამარხები უწოდებენ „ნაძირალას“, „მძვინვარე რუსოფობს“, „არსებას, რომელსაც თავისი ქვეყნის დამარცხება სურს“ და სხვა ეპითეტებს, მათ შორის უცენზუროებსაც.
იხსენებენ რეჟისორის ბიოგრაფიას, რომ ის დაიბადა აშშ-ში, მაგრამ მისმა მშობლებმა თავშესაფარი ითხოვეს საბჭოთა კავშირში 1980-იანი წლების შუა პერიოდში (მათ, სავარაუდოდ, დევნიდნენ სოციალისტური შეხედულებების გამო. თავად ლოკშინი ახლა ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, რუსეთში კი გადაიღო თავისი მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი. რუსი პროპაგანდისტები რეჟისორს ორ სკამზე დაჯდომის სურვილის გამოც აკრიტიკებენ.
ტელეკომპანია „როსია-1“-ის წამყვანმა, ცნობილმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ტოქშოუ „კვირა საღამოში“ განაცხადა, რომ საჭიროა იმის გარკვევა, თუ რატომ მიიღო საბიუჯეტო დაფინანსება ფილმმა და რატომ ჩაეშვა კინოგაქირავებაში „ოსტატი და მარგარიტას" ეკრანიზაცია, რომლის რეჟისორი პროუკრაინელი მიხაილ ლოკშინიაო.
„ახლა ყველა განიხილავს ერთ რეჟისორუკას, რომელმაც გადაიღო ფილმი ნაწილობრივ ამერიკულ, ნაწილობრივ კი რუსულ ფულზე… რატომღაც სახელმწიფომ მას მისცა ფული... რუსი კლასიკოსის დიდი ნაწარმოები... არ მინდა დავასახელო რომელი... და თან გადაიღო მწვავე პამფლეტი, ანტისაბჭოთა, ანტირუსულ თემაზე... ყოველივე ამასთან ერთად, ფულით ეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. საერთოდ როგორ შეიქმნა ეს სქემა? დამალეს ინფორმაცია? შეცდომაში შეიყვანეს? ჩაატარეს სპეცოპერაცია?... მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანამდე, ყველაფერი უნდა გაირკვეს. ახლა ფრონტის ხაზზე მყოფ ხალხში ვარ, მათ ბევრი კითხვა აქვთ იმის შესახებ, თუ რა ხდება ქვეყნის შიგნით... სწორად თქვა ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა: ვიღაც ელიტაა და ვიღაცას წინდები აქვს ერთ ადგილზე ჩამოცმული. თავაზიანად უნდა მივანიშნოთ, რომ დროა ყველამ გამოიღვიძოს ყველა მიმართულებით. დროა ყველა გონს მოეგოს“.
მიხაილ ლოკშინთან ერთად, „რუსი პატრიოტები“ აკრიტიკებენ მთავარი როლების შემსრულებლებსაც - ცოლ-ქმარს ევგენი ციგანოვსა და იულია სნიგირს, რომლებიც ასევე საჯაროდ აკრიტიკებდნენ უკრაინის წინააღმდეგ ომს.
ფილმისთვის მუსიკა დაწერა ანა დრუბიჩმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობს აშშ-ში, ალქაჯ გელას როლს კი პოლინა აუგი თამაშობს. მსახიობის დედა, ასევე მსახიობი იულია აუგი ცნობილია თავისი აქტიური სამოქალაქო პოზიციით, რის გამოც მას საბოლოოდ მიუწია კიდეც რუსეთის დატოვება.
Z-ბლოგერები მწვავედ უტევენ რუსეთის კულტურის სამინისტროსაც - აქაოდა რუსოფობებს აფინანსებთ, რუსეთის ნამდვილი პატრიოტები კი იტანჯებიან და შემოწირულებებს აგროვებენო.
ცალკე აღშფოთება გამოიწვია ფილმში НКВД-ს (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის) ოფიცრების „ნაძირალებად და კაციჭამიებად“ წარმოჩენამ. პროპაგანდისტები სინანულით შენიშნავენ, რომ სტალინის დროს (რომანში მოქმედება სტალინის მმართველობის დროს ხდება) ასეთი რაღაცების გამო ხალხს ხვრეტდნენ, ახლა კი მათ მხოლოდ არმიაზე „ფეიკების“ გავრცელების გამო შეიძლება უჩივლონ.
რაც შეეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების (ВСУ-ს) დაფინანსებას. Z-პროპაგანდისტების აზრით, ამის გამო რეჟისორი "ექსტრემისტებისა და ტერორისტების" სიაში უნდა შეიყვანონ. თუმცა, როგორც რუსეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის (ВГТРК) თანამშრომელმა ანდრეი მედვედევმა დაწერა თავის ტელეგრამის არხზე, ВСУ-ს დონაციის პირდაპირი ფაქტი არ დასტურდება:
„კარგით რა, რეჟისორ ლოკშინს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად ფული პირდაპირ არ გადაურიცხავს. რა თქმა უნდა, არა. თუ ვიმსჯელებთ სკრინშოტის მიხედვით, მან ფული გადაურიცხა უკრაინელ დოკუმენტალისტს მილა ჟლუქტენკოს. ასე ვთქვათ, კინოსთვის, ხოლო ის, თუ როგორ დახარჯა მან ეს დახმარება, ჩვენთვის უცნობია. შესაძლოა მართლა რაღაც ფილმს იღებდა“.
საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ხმის“ წარმომადგენლებმა სამართლებრივი რეაგირებისათვის მიმართეს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს ალექსანდრ ბასტრიკინს და ფსბ-ს დირექტორს ალექსანდრ ბორტნიკოვს. მანამდე ორგანიზაცია მოითხოვდა ალა პუგაჩოვას დაკავებას რუსი ხალხის შეურაცხყოფისთვის და წერდა საჩივრებს რეპერ ლეგალაიზის წინააღმდეგ.
მიხაილ ლოკშინის ფეისბუკის პოსტები მხოლოდ მეგობრებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი ისინი საერთოდ არ ჩანს.
როგორც რუსი მწერალი და უკრაინაში ომის აქტიური მხარდამჭერი ზახარ პრილეპინი ამტკიცებს, რეჟისორმა, სახალხო რისხვის თავიდან ასაცილებლად, თავისი პოსტების გაქრობა გადაწყვიტა:
„თანმიმდევრულმა პროუკრაინელმა მიხაილ ლოკშინმა, Readovka-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციების შემდეგ, რომელშიც აჩვენა თავისი სიძულვილი რუსული სამყაროს მიმართ, გადაწყვიტა "გაექრო კვალი". ჭკუის მოკრების შემდეგ წაშალა ყველა პოსტი Facebook*-ზე და მთლიანად დახურა Instagram-ის პროფილი. თუმცა, რეჟისორი, რომელსაც შეეშინდა ხალხის გაკიცხვისა, ვერ აიცილებს თავიდან ასეთი გამონათქვამების შედეგებს - ინტერნეტს ახსოვს მისი ყველა სიტყვა, რომ რუსები ვალდებულნი არიან გადაუხადონ რეპარაციები უკრაინელ ნაცისტებს“.
ფილმის რეჟისორისადმი მეინსტრიმული მედიისა და კრემლის პროპაგანდისტების დამოკიდებულება რუს კინოკრიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ „ოსტატი და მარგარიტას“ ჩვენება შეიძლება აიკრძალოს. არადა, როგორც კინოკრიტიკოსი და პორტალ Kino-teatr.ru-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე ეკატერინა ვიზგალოვა ამბობს, მიხაილ ლოკშინმა კარგი კინო გადაიღო.
„არ მეგონა, ამას თუ ვიტყოდი, მაგრამ "ოსტატი და მარგარიტა" წიგნზე უკეთესია. უყურეთ სასწრაფოდ, სანამ აკრძალავენ. მათ ნამდვილად შეუძლიათ ფილმის აკრძალვა. Z-ბლოგერებმა აღმოაჩინეს, რომ მიხაილ ლოკშინი იმ ამერიკელი კომუნისტების, არნოლდ და ლორენ ლოკშინების შვილია, რომლებმაც 1986 წელს პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს სსრკ-ში და გამოაქვეყნეს წიგნი "მდუმარე ტერორი: შეერთებულ შტატებში ოჯახის პოლიტიკური დევნის ისტორია".“
ჟურნალისტი იგორ დიმიტრიევიც ურჩევს მაყურებლებს, რომ იჩქარონ, რადგან, მისი თქმით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ფილმი აიკრძალება:
„აღმოჩნდა, რომ რეჟისორი ლოკშინი უკრაინის გამარჯვებას და მოსკოვის იმპერიალიზმის დაშლას ელოდება. თავად ფილმშიც რუსული რეალობის შესახებ ბევრი დამცინავი მინიშნებაა ჩადებული. სალაროში ბილეთების შეძენისას წარადგინეთ თქვენი პასპორტი და სამხედრო ბილეთი. თუმცა არა, პასპორტი არ დაგჭირდებათ - დარბაზებში ისედაცაა ვიდეოკამერები სახის ამოცნობის სისტემით“.
„ოსტატისა და მარგარიტას“ ახალი ეკრანიზაციით აღფრთოვანებულია ცნობილი რუსი კინოკრიტიკოსი ანტონ დოლინი, რომელიც meduza-სთვის დაწერილ რეცენზიაში ამბობს, რომ ლოკშინის ფილმი ახერხებს ორიგინალური წყაროს სიმკვეთრის შენარჩუნებას, დასცინის საბჭოთა რეჟიმს და, ამავდროულად, მაყურებელს სთავაზობს კლასიკური ტექსტის ინოვაციურ გააზრებას.
„ამის დაჯერება თითქმის შეუძლებელია: საბოლოოდ, რომანმა, რომელიც იმდენად არ ექვემდებარებოდა ეკრანიზაციას, რომ უკვე ლაპარაკობდნენ ერთგვარ წყევლაზეც კი, იპოვა არა მხოლოდ ღირსეული, არამედ წარმატებული, სრულიად მოულოდნელი კინოწაკითხვა. მთელი რუსეთი უყურებს "ოსტატსა და მარგარიტას". ბოროტი ძალები, როგორც უნდა იყოს კიდეც, აღშფოთებულნი არიან და იმუქრებიან, მოითხოვენ ფილმის აკრძალვას და რეჟისორ მიხაილ ლოკშინის დასჯას, რომელმაც, ყველაფერთან ერთად, გაბედა ღიად გამოეთქვა აზრი ომის წინააღმდეგ“, - წერს კინოკრიტიკოსი ანტონ დოლინი.