18 იანვარს გერმანიიის პარლამენტის ქვედა პალატამ, ბუნდესტაგმა, უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადა საქართველო, ტუნისი, მაროკო და ალჟირი, რაც ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეებს გაუჭირდებათ გერმანიაში თავშესაფრის მოპოვება, თუ ამ გადაწყვეტილებას ბუნდესრატი, პარლამენტის ზედა პალატაც დაეთანხმა.
როგორც რადიო „თავისუფლებას“ უთხრა საქართველოს ელჩმა გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილმა, ბუნდესტაგის მიერ 18 იანვარს მიღებული კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, უნდა გამარტივდეს ამ სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის განცხადებების დამუშავება და დაჩქარდეს იმ პირთა სამშობლოში დროული დაბრუნება, რომლებმაც უარი მიიღეს თავშესაფარზე.
როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლისათვის აუცილებელია ბუნდესრატის (ფედერალური საბჭოს) თანხმობა. შესაბამისად, კანონპროექტი შემდგომი პროცედურისთვის გადაეგზავნება ბუნდესრატს.ელგუჯა ხოკრიშვილი
„ბუნდესტაგის 18 იანვრის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კოალიციური მთავრობის შეთანხმება, რომელიც იმას გულისხმობდა, რომ ყველა ის ქვეყანა, რომლის მოქალაქეების მიერ მოთხოვნილი თავშესაფრის დაკმაყოფილების კვოტა 5%-ზე დაბალია, უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად იყოს აღიარებული“, - განმარტავს საქართველოს ელჩი.
მისივე თქმით, 18 იანვარს, გერმანიის ბუნდესტაგში გამართულ კენჭისყრაზე დამტკიცებულ იქნა კანონპროექტი საქართველოსა და მაღრიბის სამი ქვეყნის უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად აღიარების შესახებ. კანონპროექტს 509 დეპუტატმა დაუჭირა მხარი 138-ის წინააღმდეგ.
„როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლისათვის აუცილებელია ბუნდესრატის (ფედერალური საბჭოს) თანხმობა. შესაბამისად, კანონპროექტი შემდგომი პროცედურისთვის გადაეგზავნება ბუნდესრატს, რომლის სხდომები თვეში ერთხელ იმართება“, - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.
ჯერ ცნობილი არ არის, თუ რომელ მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს ბუნდესრატი აღნიშნულ კანოპროექტზე. კენჭისყრამდე დაგეგმილია ზედა პალატის პარტიებს შორის შემდგომი კონსულტაციები კანონპროექტზე მხარდაჭერის მოპოვების მიზნით.
რაც შეეხება საქართველოს, ტუნისის, მაროკოსა და ალჟირის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მართლაც იდევნებიან, გუჯა ხოკრიშვილის თქმით, „ისინი მომავალშიც შეძლებენ დაცვის მოთხოვნასა და მიღებას გერმანიაში“.
გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, თუმცა 2018 წლის მეორე ნახევარში ვითარება შეიცვალა.
ასევე ნახეთ გერმანიიდან დეპორტირებულია საქართველოს 62 მოქალაქესაქართველოს უსაფრთხო ქვეყანა უწოდა 2018 წლის ზაფხულში საქართველოში ვიზიტად მყოფმა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და აღნიშნა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იყო შემცირებული. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მაშინ განმარტა რომ 2018 წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით ზაფხულში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა დაახლოებით 70%-ით იყო შემცირებული. „ორი ქვეყნის შესაბამის სამსახურებსა და უწყებებს შორის არის ძალიან კარგი კოორდინაცია. სწორედ აქედან გამომდინარე, ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება“ - განაცხადა მაშინ მამუკა ბახტაძემ.
თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შემცირებას ხელს უწყობს საქართველოსა და გერმანიას შორის რეადმისიის საკითხში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, რაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას აადვილებს. მაგალითად, 17 იანვარს გერმანიის საქსონიის რეგიონიდან განხორციელდა საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია.