„რად გვინდა ასეთი ინვესტორი?“ - რას გულისხმობს საინვესტიციო ხელშეკრულება მოსკოვსა და სოხუმს შორის

აფხაზური საზოგადოების უკმაყოფილებას ძირითადად ხელშეკრულების მეხუთე მუხლი იწვევს, რომელიც, ოპონენტების აზრით, ადგილობრივ ბიზნესს წამგებიან მდგომარეობაში აყენებს და აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

15 ნოემბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში იგეგმება რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების საწინააღმდეგო აქცია.

ხელშეკრულებას დე ფაქტო პარლამენტმა რატიფიცირება უნდა გაუკეთოს. აფხაზეთის ხელისუფლება ამ პროექტს უყურებს, როგორც სტიმულს აფხაზეთის ეკონომიკისთვის, ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ ხელშეკრულება აფხაზეთის „ინტერესების დათმობაა“.

„ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის რუსეთის იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, - ასე ქვია დოკუმენტის, რომელიც აფხაზური საზოგადოების აღშფოთებას იწვევს. შეთანხმება რუსეთისა და აფხაზეთის კანონმდებლობის ჰარმონიზების პროგრამის ნაწილია. პროგრამა ჯერ კიდეც 2020 წელს დაიწყო.

სამი წლის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აფხაზეთში მსხვილი მეწარმეების მოზიდვას გეგმავს, ამისთვის მათ უნიკალურ შეღავათებს მიანიჭებენ. 31 აგვისტოს გამოქვეყნდა შეთანხმების ოფიციალური ტექსტი, რომელმაც უამრავი კითხვა წარმოშვა.

30 ოქტომბერს აფხაზეთის ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრი კრისტინა ოზგანი მოსკოვში გაემგზავრა და დოკუმენტს ხელი მოაწერა. პროტესტის მონაწილეების აზრით, ეს აფხაზური კანონმდებლობის დარღვევით გაკეთდა - პარლამენტის წინასწარი თანხმობის გარეშე.

9 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ამ ხელშეკრულებას განიხილავდა, ოზგანმა დაადასტურა, რომ დეპუტატებმა უამრავი შესწორება შესთავაზეს, მაგრამ რუსულმა მხარემ ისინი არ მიიღო.

რუსულ-აფხაზური ხელშეკრულება, როგორც ამას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, მიმართულია რუსული ინვესტიციის მოზიდვისაკენ აფხაზეთის ეკონომიკაში. დოკუმენტში აღწერილია თუ როგორ უნდა დააბანდონ რუსმა ინვესტორებმა ფული აფხაზეთში. მთავარი ის არის, რომ რუსეთიდან წამოსული ინვესტიციის მოცულობა თითოეულ პროექტზე 2 მილიარდ რუბლზე ნაკლები არ უნდა იყოს. შედარებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ აფხაზეთის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 2024 წელს 12 097 მილიარდი რუბლი იყო. ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთში იგეგმება მოიზიდონ ბიზნესკომპანიები, რომელთაგან თითოეულს ბიუჯეტის 25 პროცენტის ოდენობის აქტივები ექნება.

ხელშეკრულება რუსულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, ინვესტიციები დააბანდონ სოფლის მეურნეობაში, გადამამუშავებელი წარმოებაში ტურიზმსა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

აფხაზური საზოგადოების უკმაყოფილებას ძირითადად მეხუთე მუხლი იწვევს, რომელიც, მოწინააღმდეგეების აზრით, ადგილობრივ ბიზნესს წამგებიან მდგომარეობაში აყენებს და აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

მეხუთე მუხლის თანახმად, აფხაზური მხარე ვალდებულია გამოუყოს ინვესტორებს მიწის ნაკვეთები პროექტებისთვის და დაიცვას მათი საკუთრების უფლება. ამის გამო აფხაზებისთვის მნიშვნელოვანი მიწები შესაძლოა უცხო ხელში აღმოჩნდეს.

ამასთან, ინვესტორები და კომპანიები, რომლებთანაც ხელშეკრულებები დაიდება, მიიღებენ კვოტებს უცხოური სამუშაო ძალის მოსაზიდად. კვოტების განაწილება თავად შეუძლიათ, რაც ადგილობრივებს სამუშაოს შოვნას გაურთულებს.

რუსი ინვესტორები თავისუფლდებიან საბაჟო გადასახადისგან სამშენებლო მასალებსა და მოწყობილობებზე, ასევე ქონებისა და მოგების გადასახადებისგან ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 8 წლის განმავლობაში.

თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი ირწმუნება, რომ კანონში აფხაზური მხარის დაცვის მექანიზმებიცაა გათვალისწინებული:

„მაგალითად, ობიექტის 80 პროცენტი დასრულებულია და მისი მშენებლობა შეაჩერეს. ასე მუდმივად ვერ იქნება. თუ ობიექტი ექსპლუატაციაში გაშვებული არ არის, თუმცა, თავიდან ექსპლუატაციაში გაშვების თარიღი დათქმული იყო, ჩვენ ამ თარიღს ვიღებთ ათვლის წერტილად“, - ამბობს ის.

ხელშეკრულების თანახმად, რუს ინვესტორებს უპირატესობა ეძლევათ საინჟინრო და საკომუნიკაციო ქსელებზე. რამაც ადგილობრივი ბიზნესმენები შესაძლოა წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენოს.

ხელშეკრულების თანახმად, როდესაც საინვესტიციო ობიექტის საკუთრების უფლება ერთი მფლობელიდან მეორეზე გადადის, გადადის მიწის ფლობის უფლებაც. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ასე აფხაზეთს გაუჭირდება მიწის რესურსი აკონტროლოს.

ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია აფხაზეთში რუსეთის საკრედიტო ორგანიზაციების ფილიალების შექმნაც. ეს რუსულ ბანკებს კიდეც უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, რეგიონში ბიზნესი გახსნან.

საფრთხე და რისკი

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ირწმუნება, რომ ინვესტიცია აფხაზეთის ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თავად დოკუმენტშიც წერია, რომ საინვესტიციო პროექტები ეკონომიკის განვითარებასა და ოჯახების კეთილდღეობას შეეშველება.

თუმცა, შეთანხმების მოწინააღმდეგეები დარწმუნებულები არიან, რომ პირობები მხოლოდ რუსულ მხარეს აძლევს ხელს.

ეკონომისტი ახრა არისტავა აცხადებს, რომ შეთანხმება „არ ითვალისწინებს დღეს არსებულ მდგომარეობას ბიუჯეტის შემოსავლების კუთხით, არ უპასუხებს აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესებს, ემსახურება ეროვნული ბიზნესის დისკრიმინაციასა და ხელისუფლების გაკოტრებას“.

ეკონომისტი ახრა არისტავა

„ხელშეკრულებაში უცხოელი ინვესტორისთვის პრიორიტეტები თითქმის ყველა პუნქტშია გათვალისწინებული - ზარალის ანაზღაურებაში, ელექტროსისტემასთან მიერთებაში, მიწის ნაკვეთების გამოყოფაში, საგადასახადო შეღავათებში, 50 პროცენტამდე დღგ-ის უკან დაბრუნებაში, საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობაში.

ამიტომაა, რომ ხელშეკრულება აფხაზეთის ინტერესებს არ უპასუხებს“, - წერს ის თავისი ფეისბუკის გვერდზე.

ეკონომისტის თქმით, „ღარიბ სახელმწიფოს რუსული ბიზნესის სუბსიდირებას სთავაზობენ“.

„ამ ხელშეკრულებით ჩვენ თავს გვახვევენ იდეას, აითვისონ აფხაზეთი მისი მოქალაქეების გარეშე. ბანკის ფილიალის გახსნაც კი არის გათვალისწინებული, ანუ ეს რაღაც პარალელური ეკონომიკა იქნება, რუსული ინტერესებით, რუსული ბანკით“, - განაცხადა მან ინტერვიუში იუტუბარხთან Apsny Habar.

რუსული საკრედიტო ორგანიზაციების ფილიალების გახსნას ეჭვით უყურებს საბანკო სექტორიც, რადგან ეს შესაძლოა ადგილობრივ ბანკებზე ნეგატიურად აისახოს. მათ გაცილებით ნაკლები რესურსი აქვთ, თუმცა, კრისტინა ოზგანი ირწმუნება, რომ რუსულ ფილიალებს შეზღუდული ფუნქციები ექნებათ.

„რუსულ საკრედიტო ორგანიზაციას ფილიალის დარეგისტრირება შეეძლება მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით, გარკვეული საკმაოდ შეზღუდული ფუნქციებით“, - განაცხადა მან.

ასევე ნახეთ რა მოხდა სოხუმში?

ხელშეკრულების მოწინააღმდეგეებს აღაშფოთებთ ისიც, რომ რუსულ მხარეს ადგილობრივი რესურსების გამოყენების უპირატესობა აქვს.

„ანუ თუ აფხაზური მხარე და უცხოური ბიზნესი ერთდროულად მოითხოვს ერთი და იმავე მიწის ნაკვეთს, ჩვენი ხელისუფლება ვალდებულია, უფლება უცხოურ ბიზნესს მისცეს. რის ინვესტირებას ვაკეთებთ ამ ხელშეკრულებით? ჩვენი განვითარების თუ ისედაც უზარმაზარი კომპანიების განვითარების?“ - ამბობს წარმომადგენელი მოძრაობისა „ხარახ პიცუნდა“.

ახრა არისტავა მიიჩნევს, რომ ასეთი ხელშეკრულების შეთავაზება აფხაზი ერის შეურაცხყოფაა.

„რად გვინდა ისეთი ინვესტორი, რომელიც გადასახადებს არ გადაიხდის? რად გვინდა სტუმარი, რომელიც ჩვენს ხალხს არ დაეხმარება?.. ერთი საბუთი მაინც მაჩვენონ, სადაც ჩვენი, ეროვნული ბიზნესის მიმართაც ასეთი დამოკიდებულება იქნება. ამ ხელშეკრულებაში პარიტეტი არ არის.

თუ აფხაზეთის მთავრობას სურს რუსულ ბიზნესს პირობები შეუქმნას, რატომ არ არსებობს ისეთივე ხელშეკრულება აფხაზური ბიზნესისთვის რუსეთში? ის, რომ საწვავის ყიდვა, სადაც უნდათ და როგორც უნდათ, ისე შეეძლოთ, რუსეთის ნებისმიერ ნავთობის საწარმოში.

ან კითხვები, რომლებიც ჩვენს რესურსებზე ხელმისაწვდომობას შეეხება, რატომ უნდა ავუნაზღაუროთ დღგ რუსეთის ბიზნესს? როდესაც ჩვენ შეგვაქვს საქონელი რუსეთში, დღგ-ს არავინ გადაგვივადებს ხოლმე. უამრავი კითხვაა. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ჩვენ ვართ რაღაც ტერიტორია, რომლის ათვისება მსხვილ რუსულ ბიზნესს უნდა“.