რას გვიმზადებს 2024? რადიო თავისუფლების ჟურნალისტების პროგნოზები

ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს რამდენიმე ყველაზე გამჭრიახ ჟურნალისტს და ანალიტიკოსს, წინასწარ განეჭვრიტათ ხვალინდელი დღე, დაენახათ მომავალი და ეწინასწარმეტყველათ, თუ რას უქადის ახალი წელი ჩვენს სამაუწყებლო რეგიონს. მათი პროგნოზებია:

  • ომი უკრაინაში გაგრძელდება მანამ, სანამ დასავლეთი არ გააცნობიერებს, რომ მანამდე არსებულ მსოფლიო წესრიგში დაბრუნება შეუძლებელია.
  • ირანში, მარტში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთავრობის ლეგიტიმაცია სავარაუდოდ კიდევ ერთხელ დადგება გამოწვევის წინაშე.
  • უკრაინაში რუსეთის წარუმატებლობამ შეიძლება უბიძგოს ლუკაშენკას რეჟიმს დასავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობისკენ.
  • მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს ევროკავშირი მარჯვნივ გადაიხრება, პოპულისტები ტოტალურ გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ.
  • სომხეთსა და მის მეზობლებს შორის მშვიდობის დამყარებამ შეიძლება რუსეთის მიერ რეგიონის დატოვების საფუძველი შექმნას.
  • ყირგიზეთს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მეორადი სანქციები დაეკისრება, თუ დასავლეთის მოთმინება ამოიწურა.

ახლა კი ნახეთ ჩვენი კორესპონდენტების 2024 წლის პროგნოზები სრულად:

უკრაინის ომი: გრძელვადიანი ჩიხი

ვიტალი პორტნიკოვი

ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში უკრაინელმა გენერლებმა ვალერი ზალუჟნიმ და მიხაილო ზაბროდსკიმ თქვეს, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გაჭიანურებულ კონფლიქტში გადაიზრდებოდა. მას შემდეგ 15 თვე გავიდა და ფრონტის ხაზი ფაქტობრივად გაყინულია, ვერც უკრაინა და ვერც რუსეთი გადამწყვეტი ცვლილებების მიღწევას ვერ ახერხებენ.

2023 წლის ბოლოს ექსპერტები წინა წლის თემებს მოუბრუნდნენ: უკრაინის ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის შესაძლებლობას, დასავლეთის დახმარების მოცულობას კიევისთვის, „კონფლიქტის გაყინვის“ შესაძლებლობას, უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისათვის და ნატოს სამიტის წინ მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს.

შესაძლებელია, რომ 2024 წლის მიწურულს ჩვენ კვლავ იმავე საკითხებს განვიხილავდეთ. საკითხის პოლიტიკური გადაჭრა ნაკლებად სავარაუდო მოჩანს - კრემლი არც კი განიხილავს იმის შესაძლებლობას, რომ მისმა ძალებმა მათ მიერ დაკავებული უკრაინის ტერიტორია დატოვონ. უკრაინისათვის კი გამარჯვება მისი ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას ნიშნავს.

2024 წელს რომელიმე მხარემ სამხედრო გამარჯვებას რომც მიაღწიოს - იქნება ეს უკრაინის ნაწილის განთავისუფლება თუ რუსეთის მიერ დამატებითი რეგიონების კონტროლის ხელში ჩაგდება - ეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან არ დაგვაახლოებს. ამ ჩიხის აღიარება მნიშვნელოვანია - რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თავდასხმა უკრაინაზე ხომ უფრო ფართო დღის წესრიგის ნაწილია: მცდელობაა აღადგინოს, საბჭოთა იმპერია თუ არა, მისი გავლენის სფერო მაინც.

ომი უკრაინაში გაგრძელდება მანამ, სანამ დასავლეთი არ გააცნობიერებს, რომ მანამდე არსებულ მსოფლიო წესრიგში დაბრუნება შეუძლებელია...

უკრაინისათვის რუსული აგრესიისადმი წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას არ ნიშნავს. ეს სახელმწიფოებრიობის, პოლიტიკური იდენტობისა და ეროვნული მთლიანობის დაცვაა. დასავლეთის მხარდაჭერა გადამწყვეტია უკრაინის გადარჩენისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. თუმცა, დასავლეთი თან ცდილობს, რომ არ მოხდეს მოვლენების ესკალაცია და არ გადაიზარდოს უშუალო კონფლიქტში რუსეთთან.

ომის დასრულება, როგორც ჩანს, დამოკიდებულია ერთ-ერთი მხარის რესურსების ამოწურვაზე: უკრაინა დასავლეთის მუდმივ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, რუსეთი კი - ნავთობისა და გაზიდან მიღებულ შემოსავლებზე. ამგვარად, 2024-ში შესაძლოა განმეორდეს 2023 წლის ტენდენციები. მაშინაც კი, თუ გარე ფაქტორები მნიშვნელოვნად შეიცვლება - მაგალითად, აშშ-ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გამო - შესაძლოა, ხელშესახები ცვლილებები 2025 წლამდე ვერ დავინახოთ.

კიდევ ერთი პოტენციური ცვლადი არის ღაზის სექტორში ომის მსგავსი მნიშვნელოვანი კონფლიქტების გაჩენა. ეს უფრო დასავლური რესურსების გაფანტვას გამოიწვევს და არა ომისადმი მიდგომების შეცვლას.

არსებითად, ომი უკრაინაში გაგრძელდება მანამ, სანამ დასავლეთი არ გააცნობიერებს, რომ მანამდე არსებულ მსოფლიო წესრიგში დაბრუნება შეუძლებელია. ახალი მსოფლიო წესრიგის მშენებლობა მოითხოვს არატრადიციულ ზომებს, როგორიცაა აგრესიის მსხვერპლი ერებისათვის უსაფრთხოების ქმედითი გარანტიების შეთავაზება, მშვიდობის მიღწევა ან, სულ მცირე, სამხედრო ოპერაციების ზონის შეზღუდვა კონტაქტის ამჟამინდელ ხაზთან, რუსეთთან პირდაპირი შეთანხმების გარეშე.

ჯერჯერობით ეს ბევრს არ ესმის. მოლოდინი, რომ მოსკოვი ბოლოს და ბოლოს გააცნობიერებს თავისი ამბიციების ამაოებას, მხოლოდ ათამამებს პუტინს. შესაბამისად, კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის გაგრძელდება, და ამან შეიძლება წამოჭრას ახალი, არანაკლებ სახიფათო ლოკალური ომები მთელ მსოფლიოში.

ირანი: პრობლემები შინ და გარეთ

ჰანა კავიანი

ირანი წლების განმავლობაში დგას რთული საშინაო და საერთაშორისო გამოწვევების წინაშე და სავარაუდოა, რომ 2024 წელსაც იმავე პრობლემებთან მოუწევს გამკლავება. ოფიციალური თეირანი, როგორც ჩანს, მრავალშრიანი საკითხების გრძელი სიის მოგვარებას ჯერ არ გეგმავს.

2024 წლის დასაწყისში ისრაელის ომი ღაზაში გრძელდება, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების პერსპექტივა არ ჩანს, ვითარებას კი ამწვავებს შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებსაც თეირანი უჭერს მხარს.

ირანის როლმა ერაყში, სირიასა და იემენში გასამხედროებული ძალების მხარდასაჭერად, საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ეს კვლავაც შეუშლის ხელს დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.

თეირანმა უარი თქვა გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობაზე მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, რამაც საერთაშორისო საზოგადოებასთან მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა. ამერიკის შეერთებული შტატებში საარჩევნო წელი დგება, დონალდ ტრამპი შეიძლება კვლავ პრეზიდენტად ვიხილოთ და, ამგვარად, თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებების განახლების ალბათობა - რამაც შეიძლება გამოიწვიოს სანქციების შემცირება - ძალიან დაბალია.

თუმცა ირანის პრობლემები მხოლოდ მისი საზღვრების გარედან არ მოდის.

უკან დახევას არც საერთაშორისო თანამეგობრობა აპირებს და არც თეირანის რეჟიმი...

თეირანს კვლავინდებურად აზანზარებს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგი, რომელიც 2022 წელს მაჰსა ამინის პოლიციის პატიმრობაში სიკვდილის გამო დაიწყო. ის ჰიჯაბის ტარების წესების დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. საპროტესტო მოძრაობა გადაიზარდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტებში, რომლებიც სავარაუდოდ 2024 წელსაც გაგრძელდება.

გრძელდება სასტიკი დარბევებიც - სამოქალაქო უფლებების აქტივისტებს, სტუდენტებს, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებსა და ხელოვანებს სცემენ, აკავებენ და/ან პატიმრობას უსჯიან.

მარტში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთავრობის ლეგიტიმაცია სავარაუდოდ კიდევ ერთხელ დადგება გამოწვევის წინაშე. ელიან ამომრჩეველთა დაბალ აქტივობას, რადგან მოსახლეობას აღარ აინტერსებს კონტროლირებადი არჩევნების კიდევ ერთ რაუნდში მონაწილეობა.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელთან გამკლავებაც ოფიციალურ ირანს 2024 წელსაც მოუწევს, განადგურებული ეკონომიკაა, რაც გამოიწვია საერთაშორისო სანქციებმა მისი კონტროვერსიული ბირთვული პროგრამის გამო. 2023 წელს 47-პროცენტიანი ინფლაცია დაფიქსირდა (სსფ-ის თანახმად, ეს 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ნიშნულია). მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ფასები კვლავ გაიზრდება.

ანალიტიკოსთა უმეტესობა არ მოელის, რომ ირანში მომავალ წელს რაიმე მნიშვნელოვნად შეიცვლება.

ირანში იზრდება ბიუჯეტის დეფიციტი, რაც ნავთობის გაყიდვიდან შემცირებული შემოსავლებითაა გამოწვეული. ეკონომიკას ეს უდიდეს ზარალს აყენებს - საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით, მიმდინარე სახელმწიფო ვალი სამი წლიური ბიუჯეტის ტოლია.

უკან დახევას არც საერთაშორისო თანამეგობრობა აპირებს და არც თეირანის რეჟიმი. ანალიტიკოსთა უმეტესობა არ მოელის, რომ ირანში მომავალ წელს რაიმე მნიშვნელოვნად შეიცვლება.

ბელარუსი: ომის როლი გაიზრდება, რუსეთთან ინტეგრაცია არ მოხდება

ვალერ კარბალევიჩი

რუსეთის დაწყებულმა ომმა უკრაინაში, ბელარუსი მოსკოვის ორბიტას უფრო დაუახლოვა, ვიდრე ეს ოდესმე მომხდარა. თუმცა, 2024 წელს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის აღმოსავლელ მეზობელს კიდევ უფრო დაექვემდებაროს. არც ისაა მოსალოდნელი, რომ მინსკმა გაზარდოს თავისი ჯერჯერობით შეზღუდული ჩართულობა მის სამხრეთით მდებარე ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტში.

ყველაზე სავარაუდო სცენარი ბელარუსში ისაა, რომ 2024 წელს ბევრი არაფერი შეიცვლება. ავტორიტარი ალიაქსანდრ ლუკაშენკა ხელისუფლებაში მოსვლის 30 წლის იუბილეს აღნიშნავს და ეცდება, შინ ყველა სახის ოპოზიცია ჩაახშოს და, ამავე დროს, არ გააგზავნოს ჯარები უკრაინაში მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამას დაჟინებით ითხოვს.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში. ამაზეა დამოკიდებული ბელარუსის ტრაექტორია უახლოეს მომავალში და მის ფარგლებს გარეთ. უახლოეს მომავალში, რა მოხდება ბელარუსში, დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარიმართება ომი უკრაინაში.

თუ ფრონტზე არსებული წონასწორობა შენარჩუნდება და დასავლეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, ბელარუსშიც სტატუს-კვო გაგრძელდება. ქვეყანა კრემლისადმი ერთგული დარჩება, მიიღებს რუსულ სესხებს და თავდაცვის ინდუსტრიას გააძლიერებს.

პოტენციურად, მოსკოვს შეუძლია მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ბელარუსის შთანთქმისაკენ...

გაგრძელდება უკრაინასთან საზღვრის მილიტარიზაცია, რაც მუდმივ საფრთხეს შეუქმნის კიევს. ამავე დროს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი გამოიყენებს ბელარუსის ტერიტორიას უკრაინაზე ახალი თავდასხმების დასაწყებად, როგორც ეს მან გააკეთა 2022 წელს, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში.

თუ რუსეთი გაიმარჯვებს ან მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწევს - მაგალითად, უკრაინას აიძულებს მოლაპარაკებები დაიწყოს მოსკოვის პირობებით, ან დღევანდელი ფრონტის ხაზი საერთაშორისო საზღვრად ჩაითვლება - ლუკაშენკა გაიძლიერებს პოზიციებს ქვეყნის შიგნით, თუმცა ბელარუსსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დრამატულად არ შეიცვლება.

პოტენციურად, მოსკოვს შეუძლია მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ბელარუსის შთანთქმისაკენ, შეამციროს მისი სუვერენიტეტი და ამ ქვეყნის ტერიტორია კიევზე ახალი თავდასხმისთვის პლაცდარმად გამოიყენოს. ეს გაამწვავებს დაპირისპირებას დასავლეთთან და გაზრდის შეშფოთებას ტაქტიკურ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, რომელიც, მოსკოვისა და მინსკის თქმით, რუსეთმა ბელარუსში განათავსა. თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოდ მოჩანს - მოსკოვისთვის ამის სამხედრო აუცილებლობა არ არსებობს და გლობალურად დიდ პრობლემებს შეუქმნის.

ლუკაშენკასა და პუტინის შეხვედრა მოსკოვში. 2023 წლის აპრილი

ბელარუსის სუვერენიტეტის დაკარგვა ლუკაშენკას და მის რეჟიმს დიდ რისკებს შეუქმნიდა. ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება ბელარუსის უშუალო ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში. ეს ფუნდამენტურად განასხვავებს ბელარუსს რუსეთისგან - ბელარუსის ომში ჩართვამ შეიძლება ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს - ეს კი მოსკოვს არ აწყობს.

თუ რუსეთი ომს წააგებს ან მნიშვნელოვან მარცხს განიცდის, ლუკაშენკას რეჟიმიც იწვნევს ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებს. ამან შეიძლება აიძულოს ის, ალტერნატიული გლობალური ალიანსები მოიძიოს, რაც პოტენციურად გამოიწვევს დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობას.

რუსეთი, უკრაინა და დასავლეთი: გზა მესამე მსოფლიო ომისაკენ

სერგეი მედვედევი

2024 წელი უმნიშვნელოვანესი იქნება უკრაინის ომისთვისაც და მთელი საერთაშორისო სისტემისთვისაც, რომელიც თვალსა და ხელს შუა იშლება. მრავალი გამოწვევა არსებობს, უმთავრესი კი გახლავთ რევანშისტული, გაბრაზებული, აგრესიული რუსეთი, რომელიც მსოფლიო წესრიგის განადგურებასა და გარდაქმნას ლამობს. მისი აზრით, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მესამე მსოფლიო ომში იბრძვის, უკრაინა კი გლობალური დაპირისპირების პირველი ეტაპია.

დასავლეთის სანქციების მიუხედავად, რუსეთმა 2023 წელს გააძლიერა თავისი პოზიცია სამხედრო, საშინაო და საერთაშორისო დონეზე. 2022 წლის წარუმატებლობისა და შოკების შემდეგ, არმიამ მოახერხა ფრონტის სტაბილიზაცია და გადაჭრა იარაღის, მარაგებისა და ცოცხალი ძალის დეფიციტი. მიუხედავად ფარული უკმაყოფილებისა, მოსახლეობა არ არის მზად ომის ეჭვქვეშ დასაყენებლად და ამჯობინებს სახელმწიფო პროპაგანდას დაუჯეროს.

აი, ოთხი სცენარი 2024 წლისათვის:

სტრატეგიული ჩიხი უკრაინაში, ქაოსი საერთაშორისო სისტემაში: დასავლეთს, რომელიც 30-წლიანი მშვიდობის შემდეგ მოეშვა, აკლია 1980-იანი წლების ხედვა და გადაწყვეტილება, როდესაც მისმა ლიდერებმა ხელი შეუწყეს სსრკ-ს დაშლას, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ სიმამაცეზე, ვინც მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიას დაუპირისპირდა. პუტინის გამოწვევა თავისუფალი სამყაროსადმი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ჰიტლერისა იყო, მაგრამ რუზველტი ან ჩერჩილი არსად ჩანს. ალბათობა: 70 პროცენტი

ომის გაფართოება, უკრაინის დაშლა ან დაყოფა: რუსეთს შეუძლია დაიცვას და გააძლიეროს თავისი მიღწევები უკრაინაში, სანგრების ომი აწარმოოს და პარალელურად გაანადგუროს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მან შეიძლება განიხილოს გვერდითი დარტყმა საქართველოზე ან მოლდოვაზე - ანდა ლიტვაზე ან პოლონეთზე, ნატოს გამოსაცდელად. ფრონტალური დარტყმა ნაკლებად სავარაუდოა - უფრო ჰიბრიდული ოპერაცია ბელარუსიდან, დივერსიული აქტები ან არეულობის გამოწვევა. კრემლმა ოპერაციები შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ჩაატაროს. არ არის გამორიცხული უკრაინის ხელისუფლების ჩამოშლა ან ქვეყნის დაყოფა. ალბათობა: 15 პროცენტი.

პუტინის გამოწვევა თავისუფალი სამყაროსადმი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ჰიტლერისა იყო, მაგრამ რუზველტი ან ჩერჩილი არსად ჩანს...

რუსეთი აგებს უკრაინაში: რუსეთის სამხედრო მარცხი, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს უკრაინის ნაწილობრივი ან სრული დატოვება. დასავლეთის თანმიმდევრულმა მხარდაჭერამ და შეიარაღების გაფართოებულმა მიწოდებამ, ან თამამმა ნაბიჯმა, როგორიც იქნებოდა უკრაინის ცის ჩაკეტვა, შეიძლება გამოიწვიოს ეს შედეგი. ეს სულაც არ ნიშნავს რუსეთის კოლაფსს - შეიძლება პუტინის რეჟიმი გააძლიეროს კიდეც. რუსეთში ეს დამარცხებაზე დაფუძნებულ იდენტობას შექმნის, რაც შურისძიების სურვილს გააძლიერებს. ალბათობა: 10 პროცენტი

რუსეთის კოლაფსი: უკრაინაში სამხედრო დამარცხებამ შეიძლება გამოიწვიოს სოციალური არეულობა, ბრძოლები ელიტების დაჯგუფებებს შორის და გადატრიალება პუტინის წინაღმდეგ, რაც გამოიწვევს მის გადაყენებას ან ძალადობრივ სიკვდილს. პუტინის ბუნებრივმა სიკვდილმაც შეიძლება გამოიწვიოს ბრძოლა მემკვიდრეობისთვის და ქვეყანა ქაოსში გახვიოს. მიუხედავად იმისა, ნაკლებად სავარაუდოა ქვეყნის დანაწევრება, იმპერიას შეიძლება კიდეებზე შემოეცალოს - კალინინგრადი, ჩეჩნეთი, შორეული აღმოსავლეთი - როგორც ეს 1917 და 1991 წლებში მოხდა. რუსეთის ბირთვული იარაღი იქნება დიდი კითხვის ნიშანი, რაც გამოიწვევს გარეშე ჩართულობას და შესაძლო დენუკლეარიზაციას. ალბათობა: 5 პროცენტი

ევროკავშირი და ომი უკრაინაში

რიკარდ იოზვიაკი

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს ევროკავშირი მარჯვნივ გადაიხრება, პოპულისტები ტოტალურ გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ, როგორც ამას ზოგიერთი წინასწარმეტყველებს მას შემდეგ, რაც ევროსკეპტიკოსებმა გაიმარჯვეს ნიდერლანდში, პოლონეთსა და სლოვაკეთში და კარგი შედეგი აჩვენეს ავსტრიასა და გერმანიაში ჩატარებულ გამოკითხვებში.

ივნისში ევროპარლამენტის არჩევნები ბლოკისთვის ამ მხრივ საბოლოო გამოცდა იქნება. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ორი ძირითადი პოლიტიკური ჯგუფი, მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“ და მემარცხენე-ცენტრისტული, „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ კვლავაც პირველ ადგილებს დაიკავებენ, თუმცა ხმების უფრო მცირე წილით. მემარჯვენე პოპულისტური პარტიები, სავარაუდოდ, კიდევ მორიგჯერ ვერ მოახერხებენ ერთიანი პოლიტიკური ჯგუფის შექმნას, რაც ამცირებს მათ გავლენას ბრიუსელში.

ეს, თავის მხრივ, სავარაუდოდ, უბიძგებს უფრო მეტ პროევროპულ ჯგუფს, გააერთიანონ ძალები, და გაინაწილონ ევროკავშირის მთავარი პოსტები. მიიჩნევა, რომ ევროკომისიის მემარჯვენე ცენტრისტი პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით დაიკავებს თანამდებობას, თუმცა თავად მას შესაძლოა ნატოს გენერალური მდივნობა სურდეს. შარლ მიშელი, თავის მხრივ, ნამდვილად დატოვებს ევროსაბჭოს პრეზიდენტის პოსტს, რადგან მაქსიმუმი ხუთწლიანი ვადა გაატარა ამ თანამდებობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შორეულ შესაძლებლობად მოჩანს, შეიძლება, რომ ევროკავშირს საბოლოოდ ამოეწუროს მოთმინება უნგრეთთან დაკავშირებით...

მემარჯვენე პოპულისტებს ბერკეტები ვერ ექნებათ მთავარ თანამდებობებზე ვაჭრობისას, თუმცა მომავალ პოლიტიკაზე გავლენას მოახდენენ. მათ უკვე შეიტანეს წვლილი მიგრაციის მიმართ დამოკიდებულების გამკაცრებაში და ელიან, რომ მალე ახალი ბარიერები აღიმართება ევროკავშირის გარე საზღვარზე.

თუმცა, ყველაზე დიდი კითხვა 2024 წლისთვის არის იმის შესახებ, თუ რამხელა დახმარებას გამოუყოფს ბრიუსელი უკრაინას. შეიძლება, რომ მზარდმა ინფლაციამ წევრი სახელმწიფოები ბუდაპეშტის მხარეზე გადაიყვანოს - დაიბლოკოს კიევისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება ან შეფერხდეს დე ფაქტო გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება? ჯერჯერობით სავარაუდოა, რომ ევროკავშირი 2024 წელს ორივე ამ გადაწყვეტილებას მწვანე შუქს აუნთებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შორეულ შესაძლებლობად მოჩანს, შეიძლება, რომ ევროკავშირს საბოლოოდ ამოეწუროს მოთმინება უნგრეთთან დაკავშირებით და დანარჩენმა 26-მა წევრმა მას ხმის უფლება ჩამოართვას ევროკავშირის საბჭოში, რომელიც ცვლის, ამტკიცებს და ვეტოს ადებს ევროკომისიის წინადადებებს. ამ მხრივ უნდა დავაკვირდეთ ავსტრიასა და სლოვაკეთს - ბუდაპეშტის ორ ყველაზე დიდ მოკავშირეს.

ევროპაში ერთადერთი რამ ვიცით ზუსტად და ეს ევროკავშირს კი არა, ნატოს შეეხება. შვედეთი ბოლოს და ბოლოს გახდება ტრანსატლანტიკური სამხედრო ალიანსის 32-ე წევრი მას შემდეგ, რაც თურქეთისა და უნგრეთის პარლამენტები მისი გაწევრიანების რატიფიცირებას უყრიან კენჭს.

კავკასია: სამშვიდობო შეთანხმებამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს

ჯოშუა კუჩერა

შეიძლება, რომ 2024 წელს სომხეთმა და აზერბაიჯანმა საბოლოოდ გადაჭრან ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი?

წელს აზერბაიჯანმა, ფაქტობრივად - ძალის გამოყენებით - გადაწყვიტა მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიის სტატუსი. სექტემბერში ელვისებური შეტევით აზერბაიჯანმა ყარაბაღი მტკიცედ მოაქცია თავის კონტროლქვეშ. ორივე მხარე ახლა ამბობს, რომ მათ მიაღწიეს შეთანხმებას დარჩენილ ფუნდამენტურ საკითხებზე და შეწყვეტილი დიპლომატიური მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, განახლდება.

კონფლიქტის მოგვარებამ შესაძლოა რეგიონი გარდაქმნას. თუ სომხეთი და აზერბაიჯანი მშვიდობას დაამყარებენ, ამას შეიძლება მალე მოჰყვეს თურქეთ-სომხური დაახლოებაც. შედეგად, სამ ქვეყანას შორის საზღვრები ხელახლა გაიხსნება, დასრულდება სომხეთის ხანგრძლივი გეოგრაფიული იზოლაცია და სამხრეთი კავკასია სრულად ისარგებლებს ახალი სატრანსპორტო პროექტებით, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის ტვირთის გადაზიდვას რუსეთის გვერდის ავლით ცდილობს.

სომხეთსა და მის მეზობლებს შორის მშვიდობამ ასევე შეიძლება შექმნას საფუძველი რუსეთის გასვლისთვის რეგიონიდან. რუსეთ-სომხეთის უსაფრთხოების თანამშრომლობა ემყარება აზერბაიჯანისა და თურქეთიდან მომავალ პოტენციურ საფრთხეებს. თუ ეს საფრთხეები შემცირდა, რაღას გააკეთებენ იქ რუსი ჯარისკაცები, სამშვიდობოები და მესაზღვრეები?

სომხეთთან კონფლიქტის შენარჩუნება, შესაძლოა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აწყობდეს, რადგან ეს საშუალებას მისცემს, საზოგადოება მუდმივად დარაზმოს მტრის წინააღმდეგ...

რუსეთის გასვლა რთული პროცესი იქნება - მოსკოვი კვლავ ფლობს ბევრ ეკონომიკურ ბერკეტს სომხეთში - მაგრამ ერევანს შეუძლია დახმარება სთხოვოს შეერთებულ შტატებსა და ევროპას გარდამავალი პროცესის შესამსუბუქებლად. ვაშინგტონი და ბრიუსელი ამას სიხარულით დათანხმდებიან.

თუმცა აქედან არაფერი მოხდება სამშვიდობო შეთანხმების გარეშე. ისე ჩანს, თითქოს აზერბაიჯანს არ სურს შეთანხმების გაფორმება. ბაქომ მიიღო ის, რაც ყველაზე მეტად სურდა - ყარაბაღის სრული კონტროლი - შეთანხმების გარეშე. სომხეთთან კონფლიქტის შენარჩუნება, შესაძლოა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აწყობდეს, რადგან ეს საშუალებას მისცემს, საზოგადოება მუდმივად დარაზმოს მტრის წინააღმდეგ.

ამის ყველაზე თვალსაჩინო მაჩვენებელია ის, რომ ალიევი სულ უფრო ხშირად ახსენებს „დასავლეთ აზერბაიჯანს“ - ბუნდოვნად განსაზღვრულ კონცეფციას, სადაც ნაგულისხმევია ეთნიკური აზერბაიჯანელები, რომლებიც ცხოვრობდნენ ახლანდელი სომხეთის ტერიტორიაზე და მათი სავარაუდო უფლება - დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. შესაძლოა, რომ აზერბაიჯანი შეგნებულად აყენებს სულ უფრო მიუღებელ მოთხოვნებს, რათა სომხეთმა მოლაპარაკებებზე უარი განაცხადოს და შემდეგ ის დაადანაშაულოს რადიკალურობაში.

ცენტრალური აზია: რუსეთს ჯერ ნუ ჩამოწერთ

კრის რიკლტონი

რუსეთი უკრაინაში ომითაა დაკავებული და ცენტრალურ აზიას ბევრს ვეღარაფერს სთავაზობს. რეგიონის ხუთმა ქვეყანამ ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენა - მათმა ლიდერებმა საეტაპო მოლაპარაკებები ჩაატარეს აშშ-ისა და გერმანიის ლიდერებთან, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი ყაზახეთსა და უზბეკეთში მრავალმილიარდიანი ინვესტიციებით შემოვიდა.

რეგიონში დომინანტური პოზიცია ჩინეთმაც გააძლიერა და თურქეთმაც გაზარდა გავლენა.

თუმცა ჯერ რუსეთს ნუ ჩამოწერთ.

ელექტროენერგიის დეფიციტი უზბეკეთსა და ყაზახეთში მოსკოვს ამ ქვეყნებზე მნიშვნელოვან მოკლევადიან ბერკეტს აძლევს...

მოსკოვის მიერ მიღწეული ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება სამეზობლოში წელს იყო შეთანხმება უზბეკეთისათვის ყოველწლიურად 3 მილიარდამდე კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე.

ელექტროენერგიის დეფიციტი უზბეკეთსა და ყაზახეთში მოსკოვს ამ ქვეყნებზე მნიშვნელოვან მოკლევადიან ბერკეტს აძლევს.

მოსკოვის გავლენა ამ რეგიონში, რომელსაც ის „ახლო საზღვარგარეთად“ მიიჩნევს, კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ის იგრძნობს, რომ წინ მიიწევს უკრაინასთან ბრძოლის ველზე.

ტაჯიკეთი

ტაჯიკეთში ხელისუფლების შვილზე გადაბარებას უკვე იმდენ ხანს ელიან, რომ ამას უკვე აღარავინ ელის. შეიძლება, რომ ეს 2024 წელს მოხდეს? ალბათ არა.

2016 წელს ტაჯიკეთმა მიიღო მთელი რიგი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს მმართველი რაჰმონების ოჯახის ძალაუფლების გამყარებას. ერთი ცვლილების შედეგად საპრეზიდენტო ასაკი 35-დან 30 წლამდე შემცირდა.

აშკარა იყო, რომ ეს ცვლილება ერთი ადამიანისთვის მიიღეს - ესაა ამჟამინდელი მმართველი ემომალი რაჰმონის ვაჟი, რუსტამ ემომალი. დღეს რუსტამი უკვე 36 წლისაა, მაგრამ მთავარ თანამდებობას ჯერაც ვერ მიუახლოვდა.

როგორც ჩანს, მისი დაწინაურებისათვის შესაფერისი დრო ვერ გამოინახა.

ჯერ კოროვირუსის პანდემია იყო, შემდეგ გორნო-ბადახშანის რეგიონში არეულობის სისხლიანი ჩახშობა, ახლა კი უკრაინის ომი... უამრავი საბაბი გამოჩნდა, რომ გარდაუვალი გადაწყვეტილების მიღება გადაევადებინათ.

თურქმენეთი

ცენტრალურ აზიაში გასულ წელს პირველად განხორციელდა მამის მიერ შვილისათვის ძალაუფლების გადაბარება. ეს თურქმენეთში მოხდა, თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ელოდნენ. ახალმა პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუხამედოვმა ეს როლი ვერ მოირგო და ისევ თავისი ყოვლისშემძლე მამის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ჩრდილში რჩება.

როგორც ჩანს, სწორედ ასე სურდა უფროს ბერდიმუჰამედოვს. ის თითქოს პენსიაზეა გასული, არადა, შვილიც და მთავრობაც სწორედ მის წინაშე აგებს პასუხს.

თუმცა, თურქმენეთის ეს უცნაური ახალი წყობა აჩენს შეკითხვას: თუ ხელისუფლების დასათმობად მზად არ ხარ, რა გეჩქარება პენსიაზე?

თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუხამედოვი მამის, ყოფილი პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუხამედოვის პორტრეტის წინ.

ყირგიზეთი/ყაზახეთი

ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილმა ეკონომისტმა X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა, რომ ყირგიზეთი იქნებოდა „იდეალური ტესტი“ მეორადი სანქციებისთვის უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო. რობინ ბრუკსმა ქვეყანა დაახასიათა, როგორც „პატარა, სისტემურად უმნიშვნელო, რომელიც აშკარად ხელს უწყობს“ რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდებას.

დასავლეთის მოთმინება შეიძლება ამოიწუროს. თუ ეს მოხდება, ამის შესახებ პირველი ყირგიზეთი შეიტყობს...

ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვი ხელმძღვანელობს, იქცნენ „ხვრელად“, რომლითაც რუსეთი გვერდს უვლის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს. ყირგიზეთში ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნიდან ექსპორტი 2023 წელს მინიმუმ 1000 პროცენტით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით.

ყაზახეთში ექსპორტის მაჩვენებლებიც მსგავს ტენდენციაზე მიუთითებს. რადიო თავისუფლების გამოძიებებმა აჩვენა, რომ ცენტრალური აზიის ორივე ქვეყანაში კომპანიებმა გაგზავნეს „ორმაგი დანიშნულების“ პროდუქტები, რომლითაც კრემლის სამხედრო მანქანა სარგებლობს.

ბელარუსი რუსეთის ერთადერთი მოკავშირეა, რომლის წინააღმდეგაც სანქციები სრულად დააწესეს მოსკოვის მიერ უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერის გამო. შეიცვლება თუ არა ეს 2024 წელს?

ცენტრალური აზიის მთავრობები ამტკიცებენ, რომ მათ წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთის ზეწოლას ომისთვის პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებით. მათ შეიძლება ჩურჩულით თქვან, რომ მათი დიდი მეგობარი ჩინეთი ბევრად უფრო ეხმარება რუსეთს.

თუმცა დასავლეთის ამჟამინდელი მიდგომა, რომელიც მხოლოდ ცენტრალური აზიის იმ კომპანიებს იღებს სამიზნეში, რომლებიც აქტიურად არღვევენ რეჟიმს, წარუმატებელია.

ასე რომ, დასავლეთის მოთმინება შეიძლება ამოიწუროს. თუ ეს მოხდება, ამის შესახებ პირველი ყირგიზეთი შეიტყობს.