რას ბეჭდავენ და რას ყიდულობენ - წიგნის დღეები თბილისში

წიგნების გამოფენა-გაყიდვა

თბილისში, ექსპოჯორჯიის მე-11 პავილიონში წიგნების მორიგი გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. ახალ გამოცემებთან ერთად წარმოდგენილია წინა წლების წიგნებიც, მათგან ბევრი ფასდაკლებით.

იყიდება როგორც ქართული, ასევე სხვა ენებზე დაწერილი წიგნები, საბავშვოც და საუფროსოც. წიგნის დღეები 4 ნოემბერს დაიწყო და უკვე „ბესტსელერებიც“ გამოიკვეთა.

„ბევრი ყიდულობს ლუსი მოდ მონგტომერის წიგნს „ენი გრინგეიბლიდან“, როგორც ჩანს, ფილმის დამსახურებაა“, - ამბობს ქეთევან ჯაყელი, გამომცემლობა „სულაკაურის“ წარმომადგენელი. ამ წიგნის რამდენიმე ეკრანიზაცია არსებობს. გამომცემლობები ხშირად ბეჭდავენ ფილმებად გადაღებულ წიგნებს, რადგან მათ მიმართ საზოგადოებას უკვე აქვს ინტერესი, უფრო ადვილადაც ყიდულობს. რაც შეეხება ქართველ ავტორებს:

„ქართველ ავტორებსაც კითხულობენ. ძალიან უყვართ ლელა ცუცქირიძის, ირმა მალაციძის წინები. ძალიან კარგია ელისო ჩუბინაშვილის „ვარსკვლავების მდინარე“. კიდევ ახლა გია პაპუაშვილის წიგნი გამოვეცით: „მოლი ანუ თითქმის დაუჯერებელი ამბავი“. აქ მთავარი მოქმედი გმირი ძაღლია, რომელიც თავისი ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. წიგნი ქართულ რეალობაზეა. როდესაც ქართველი ავტორები ცდილობენ „საერთაშორისო“ წიგნი დაწერონ, მისი გამოცემა უფრო რთულდება ხოლმე“, - ამბობს ქეთევან ჯაყელი.

გამოფენაზე თავისი სტენდი აქვს „აზროვნების აკადემიას“, რომელიც ორი წელია დაარსდა. ეს გამომცემლობა პლატფორმას იმ ადამიანებს უთმობს, რომლებიც განვითარებაზე, ინტელექტზე არიან ორიენტირებულები: ფსიქოლოგებს, მეცნიერებს, სასულიერო პირებს, მწერლებს...

„ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი ერთად ზის და საუბრობს. ტელევიზიებიდან შეჩვეულები ვართ, რომ ასეთ დროს ერთმანეთს უპირისპირდებიან, ჩვენს შემთხვევაში კი ყველაფერი კულტურულ გარემოში ხდება, ხუმრობენ, საუბრობენ, ცდილობენ, საერთო იპოვონ, რაღაც განსხვავებული აღმოაჩინონ.

ამ ფესტივალისთვის ახალი წიგნი დავბეჭდეთ - „თვითშეფასება“. ეს სხვადასხვა ავტორების კრებულია. თვითშეფასების პრობლემა ნამდვილად არის საზოგადოებაში, როდესაც ამ თემაზე ლექციებს ვატარებთ, ყოველთვის ძალიან ბევრი ადამიანი ესწრება“, - ამბობს თორნიკე ასლანიშვილი, „აზროვნების აკადემიის“ დირექტორი.

წლევანდელ ფესტივალზე მეგრულად დაწერილი წიგნებიც გამოჩნდა. „მეგრული ენის ასოციაციამ“ წამოიწყო ახალი სერია „სქანი ჭარალუა“ („შენი მწერლობა), რომლის ფარგლებშიც ის თანამედროვე ავტორები იქნებიან წარმოდგენილი, რომლებიც მეგრულად წერენ. ამჯერად დაბეჭდეს ზაალ ჯალაღონიას ლექსები „სოთინ ვა ვორდინ თიმწკუმა“ („სადაც არ ვიყავი, იქ“), რომელსაც „ინტელექტი“ ავრცელებს.

„რატომღაც მარგინალიზებულია ეს თემა. ფიქრობენ, რომ მეგრულად მარტო ფოლკლორი და კლასიკა უნდა გამოიცეს, თანამედროვე არაფერი. მეგრულადაც უნდა გამოიცეს და სვანურადაც, რადგან არიან ავტორები, რომლებიც ამ ენებში ხედავენ თავიანთ პოეტურ პოტენციალს“, - ამბობს „ინტელექტის“ წარმომადგენელი ზვიად კვარაცხელია.

კომპანია „სხვივიც“ მეგრულის პოპულარიზაციით არის დაკავებული. სერიაში „ჩემი მეგრული ჯადოსნური ზღაპრები“ პირველი არაკი დაბეჭდეს - თავადი დევისგან მოტაცებული ქალის დაბრუნებას ცდილობს.

„ამ ორი დღის განმავლობაში 200-ზე მეტი წიგნი გაიყიდა. ეს არის ზღაპრები, რომლებიც ალექსანდრე ცაგარელმა 140 წლის წინ ჩაიწერა სოფლებში. ჯერ ერთი გამოვეცით და კიდევ 9 წიგნის გამოცემა გვსურს, ქართულ და მეგრულ ენებზე“, - ამბობს მარგო ლუჩკო, გამომცემლობა „სხივის“ დირექტორი.

„პალიტრა L“-ს ანი ერნოს „წლები“ აქვს გამოტანილი. ეს ავტორი წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, შესაბამისად, მყიდველიც არ აკლია.

„ასევე გამოვეცით ადამ გრანტის „კიდევ დაფიქრდი“. ეს წიგნი საკუთარი შეხედულებების განახლებაზეა. თუ ადამიანს თავისი ცხოვრება არ მოსწონს, ამ წიგნში მოცემული სხვადასხვა ტექნიკები მას ამ ცხოვრების შეცვლაში დაეხმარება“, - ამბობს მარიამ გიორგაძე, „პალიტრა L“-ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.

წიგნების გამოფენა-გაყიდვის პარალელურად იმართება ახალი წიგნების პრეზენტაციებიც. გამოფენა კვირა საღამომდე გასტანს.