მთავრობის ადმინისტრაცია თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედნიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, ინგოროყვას ქუჩაზე, სამ ერთმანეთთან დაკავშირებულ შენობაშია განთავსებული. დაშენება კეთდება შედარებით დაბალ, 7-სართულიან ფლიგელზე, რომელსაც ასევე აქვს მიწისქვეშა სივრცეები.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობის სახურავზე, სადაც ერთსართულიანი ნაგებობა დააშენეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, წინა პრემიერების მსგავსად, არაერთხელ გამასპინძლებია მაღალი რანგის სტუმრებს.
სამშენებლო სამუშაოების დეტალების გასარკვევად რადიო თავისუფლება დაუკავშირდა მთავრობის პრესსამსახურს. ინფორმაციის გასაცემად, მათ წერილობით მიმართვა ითხოვეს.
რადიო თავისუფლებას რამდენიმე საკითხი აინტერესებდა:
- რა კეთდება და რა დანიშნულება ექნება?
- რატომ გახდა ამ მშენებლობის დაწყება საჭირო?
- არსებობს თუ არა თბილისის მერიის ნებართვა?
- რა ჯდება და ვინ არის კონტრაქტორი კომპანია?
- როდის დაიწყო სამუშაოები და როდის დასრულდება?
"აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას", - წერია მთავრობის ადმინისტრაციიდან რადიო თავისუფლებისთვის კითხვების საპასუხოდ გაგზავნილ წერილში.
დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის სახურავზე დაშენებულ ნაწილზე (უკანა მხარე) გამოყენებულია იმავე ფერის ფილები, როგორიც მთლიანად შენობის ფასადზე, ორი მხარე კი შემინულია. სავარაუდოდ, იქ მოხვედრა შესაძლებელია შენობის ბოლო სართულიდან, შიდა კიბით.
დაშენების სიგრძე დაახლოებით 15 მეტრია, სიგანე კი - 6 მეტრზე მეტი. მისი ფართი, ჯამში, 90 კვადრატულ მეტრზე მეტი გამოდის.
Your browser doesn’t support HTML5
ამ ვიდეოკადრებშიც ჩანს, რომ სამუშაოები დასრულებული არ არის, დაშენებული სივრციდან ჯერ არ გაუტანიათ სარემონტო ნარჩენები.
რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში უთხრეს, რომ საქართველოს მთავრობას საჭირო ნებართვა მიღებული აქვს, თუმცა დოკუმენტები საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი და მისი ოფიციალური წესით გამოთხოვაა საჭირო.
მთავრობის ადმინისტრაციას კიდევ ერთი მიმდინარე მშენებლობა აქვს. კანცელარიის შენობის შესასვლელი გაზაფხულზე, 7 აპრილს, მოულოდნელად შემოღობეს და ცოტა ხანში გამოაცხადეს, რომ აქ სკვერი მოეწყობა. ღია წყაროებით არც ამ პროექტის სატენდერო დოკუმენტები იძებნება. უკვე 8 თვეა გავიდა და ეზო, რომელსაც მოქალაქეები აქციების გასამართად იყენებდნენ, ისევ შემოღობილია.