- ოკუპირებული საქართველო გერმანიის თვალით
- ხედავს გერმანია საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში?
- გერმანიის თავშეკავებას რუსეთი იწვევს?
- რა შეაჩერებს რუსეთისგან მომავალ საფრთხეს?
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა, სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით გაგრძელება და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით - ასეთი იყო გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, ძირითადი გზავნილები საქართველოსთვის. მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელი საერთოდ არ ჩაუღრმავდა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საკითხს. ამასთან, დიდწილად უპასუხოდ დარჩა ინტერესი, თუ რაზე ილაპარაკეს ანგელა მერკელმა და ვლადიმირ პუტინმა გერმანიაში 19 აგვისტოს შეხვედრის ფარგლებში, რა ითქვა „ჩრდილოეთის ნაკად 2“-თან დაკავშირებით და ხედავს თუ არა გერმანია საფრთხეს ძალიან მჭიდრო ენერგეტიკულ კავშირში რუსეთთან.
ოკუპირებული საქართველო გერმანიის თვალით
გერმანიის კანცლერმა „უსამართლობა“ უწოდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას, ოღონდ ისე, რომ სიტყვა ოკუპაცია არ უხსენებია. 23 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ 24 აგვისტოს ის ჩავა საოკუპაციო ხაზთან, რომელიც მან „კონტაქტის ხაზად“ მოიხსენია. მას იქ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია უმასპინძლებს და ქართულ მედიას არ ექნება საშუალება გააშუქოს ეს მოვლენა.
Your browser doesn’t support HTML5
უპასუხოდ დარჩა შეკითხვა - ილაპარაკეს თუ არა ვლადიმირ პუტინმა და ანგელა ნერკელმა საქართველოს ოკუპაციაზე 19 აგვისტოს, როცა ისინი გერმანიაში შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც ცნობილია, განსახილველი საკითხების ოფიციალურ ჩამონათვალში, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო არ იყო მოხსენიებული. ანგელა მერკელმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინმა იცის მისი პოზიციის თაობაზე და კონფლიქტები, რომლებიც ერთმანეთთან გარკვეულ კავშირშია, დავიწყებას არ უნდა მიეცეს. 23 აგვისტოს კიდევ ერთხელ გამეორდა, რომ გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ასევე ნახეთ მერკელი: რუსეთის პრეზიდენტმა იცის ჩემი პოზიციახედავს გერმანია საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში?
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ნახევარსაათიანი პრესკონფერენციის მსვლელობისას სამჯერ მაინც გაიმეორა, რომ საქართველო თავის მომავალს ევროკავშირსა და ნატოში ხედავს და რომ ეს არ არის რომელიმე თაობის ახირება, არამედ ეს არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა.
Your browser doesn’t support HTML5
თუმცა, მამუკა ბახტაძის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, გასაკეთებელი ბევრია და საქართველოს არა აქვს ილუზია, რომ ნატოსა და ევროკავშირში ის ხვალვე გაწევრიანდება. უნდა გაგრძელდეს რეფორმები და, უბრალოდ, როცა იქნება პარტნიორების მზაობა, მისი თქმით, ამას საქართველოც სრულიად მომზადებული უნდა შეხვდეს.
Your browser doesn’t support HTML5
გერმანიის კანცლერს თითქმის არაფერი უთქვამს საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად მან თქვა, რომ გერმანია მზად არის დაეხმაროს საქართველოს ეფექტიანად გამოიყენოს ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც ამჟამად არსებობს - ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობისა და სავიზო ლიბერალიზაციის სახით. გერმანია ხედავს ბიზნესკავშირების გაღრმავების პერსპექტივას და სავაჭრო-ეკონომიკური რესურსების უფრო უკეთესად ათვისების შანსს. ანგელა მერკელის თქმით, პერსპექტიულია აგრარული სექტორის მიერ წარმოებული პროდუქციის გატანა საქართველოდან ევროკავშირში.
ასევე ნახეთ ვიზიტი ათი წლის შემდეგგერმანიის თავშეკავებას რუსეთი იწვევს?
გერმანია ამჟამად აკეთებს იმას და გვპირდება იმას, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე შეუძლია, ეუბნება რადიო თავისუფლებას რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი. მისი თქმით, გერმანია ძალიან ბევრს აკეთებს საქართველოს განვითარებისთვის და ძალიან დასაფასებელია ამ ქვეყნის ძლიერი დახმარება, მაგრამ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჭრილში პროცესების დაჩქარებისგან ის თავს ყველასთვის გასაგები მიზეზებით იკავებს. ეს მიზეზები კი, მნიშვნელოვნად უკავშირდება რუსეთს.
Your browser doesn’t support HTML5
ანალიტიკოსებისთვის ცხადია ისიც, რომ ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების პროცესის მიმართ გერმანიის სკეპტიციზმი დიდწილად სწორედ რუსეთის არგაღიზიანების სურვილით არის განპირობებული. საქმე ის არის, რომ გერმანია, სათავისო გათვლებით, დიდწილად არის დამოკიდებული რუსეთის მიერ მართულ ენერგეტიკულ რესურსებზე და ამ ენერგეტიკულ დამოკიდებულებას კიდევ უფრო გააღრმავებს მშენებარე გაზსადენის პროექტი - „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომელზეც ილაპარაკეს მერკელმა და პუტინმა 19 აგვისტოს გერმანიაში შეხვედრის დროს.
რა შეაჩერებს რუსეთისგან მომავალ საფრთხეს?
თუკი პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის სიტყვებს ვირწმუნებთ, 19 აგვისტოს შეხვედრაზე პუტინმა და მერკელმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გარშემოც ილაპარაკეს და ბალტიის ზღვის გავლით რუსეთიდან გერმანიისკენ გაზის გადაზიდვის გეგმას წმინდა „ეკონომიკური“ უწოდეს. თუმცა ევროკავშირის არაერთი ქვეყნისა და აშშ-ისთვის ნათელია, რომ ახალ გაზსადენთან დაკავშირებული გეგმა ეკონომიკურ ჩარჩოებს სცილდება, რადგან რუსეთი, როგორც წესი, ენერგეტიკულ ბერკეტებს პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად იყენებს. გერმანია მწვავედ გააკრიტიკა პრეზიდენტმა ტრამპმა ივლისში ნატოს ბრიუსელის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
შეერთებულ შტატებში ფიქრობენ, რომ რუსულ გაზზე დასავლეთ ევროპის დამოკიდებულების შემცირება ერთადერთი საშუალებაა რუსეთისგან მომდინარე გამოწვევებზე საპასუხოდ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთიდან გერმანიაში გაზის ტრანსპორტირებისთვის მშენებარე მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საპირწონედ მიიჩნევს ტრანსადრიატიკის გაზსადენს, რომელიც ევროპას რუსეთის გვერდის ავლით მიაწოდებს აზერბაიჯანის გაზს, საშუალებას მისცემს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტში ჩართულ ქვეყნებს (მათ შორის, საქართველოსაც) არა მარტო ეკონომიკურად იხეირონ, არამედ უსაფრთხოებაც განიმტკიცონ. ილაპარაკებს თუ არა ამ საკითხზე ანგელა მერკელი ბაქოში, ეს შაბათს გამოჩნდება. სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში გერმანიის კანცლერი საქართველოდან 24 აგვისტოს სომხეთში ჩავა, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანს ესტუმრება.