ტაივანი, ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა, დემოკრატიული კუნძულია, რომელიც 74 წელია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან დამოუკიდებლად იმართება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მას თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, რომელიც ერთ დღესაც უნდა დაუბრუნდეს სამშობლოს. მაგრამ ტაივანში მცხოვრებლებს სულ უფრო და უფრო ნაკლებად უნდათ „გაერთიანება“.
რას აჩვენებს ტაივანის 13 იანვრის არჩევნები ტაივანელების სურვილებზე ჩინეთთან ურთიერთობებში? იზრდება პეკინის მხრიდან კონფლიქტის ინიციირების რისკი? იმის ფონზე, რომ დასავლელი პარტნიორები თავდაცვის სტრატეგიის შეცვლისკენ მოუწოდებენ, აკეთებს ტაივანი საკმარისს საამისოდ? ეს დისკუსიები საქართველოს რაღატომ შეიძლება, აინტერესებდეს?
რადიო თავისუფლებამ ეს და სხვა კითხვები დაუსვა პოლიტიკის მეცნიერ მარცინ იეჟევსკის, ჩეხური ორგანიზაცია „ევროპული ღირებულებების“ ტაივანის ოფისის ხელმძღვანელს. ის 2018 წლიდან ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში ცხოვრობს და ყურადღებით ადევნებს თვალს ტაივანის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
ასევე ნახეთ „ჩინეთი და ევრაზია“ - რას მივადევნოთ თვალყური 2024 წელს?რადიო თავისუფლება: დავიწყოთ არჩევნების შედეგით: ეს არის ტაივანის მმართველი „დემოკრატიული პროგრესული პარტიის“ (DPP-ის) ისტორიული, ზედიზედ მესამე საპრეზიდენტო გამარჯვება. თუმცა მან ვერ მოიპოვა უმრავლესობა საკანონმდებლო იუანში, პარლამენტში. როგორ დადგა ეს ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივი შედეგი?
მარცინ იეჟევსკი: თითოეულ მოქალაქეს ამ არჩევნებზე სამი ბიულეტენი ჰქონდა. ერთით ხმა მისცეს პრეზიდენტობის კანდიდანტს, მეორით - პარლამენტში თავიანთი ოლქის წარმომადგენელს, მესამით კი - პარტიულ (პროპორციულ) სიას.
მმართველმა პარტიამ, DPP-მა, ფაქტობრივად გაიმარჯვა პარტიული სიების კონკურსში. მათ ყველაზე მეტი ხმა მიიღეს, მაგრამ არასაკმარისი ხმები მოუგროვდათ ოლქებში, სადაც ოპოზიციის კანდიდატებმა მიაღწიეს წარმატებას.
ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ტაივანელი ამომრჩევლები ზოგადად კმაყოფილი არიან DPP-ის საგარეო-პოლიტიკური მიმართულებებით, რომელსაც აქვს ჩინეთის მიმართ სკეპტიკური პოზიცია და ითხოვენ ტაივანის საერთაშორისო ურთიერთობების დივერსიფიკაციას, მაგრამ ისინი არ ეთანხმებიან DPP-ის საშინაო პოლიტიკას.
ასევე ნახეთ „ფრონტის ხაზი“ ტაივანსა და ჩინეთს შორის - რეპორტაჟი მაცუს კუნძულებიდანრადიო თავისუფლება: ტაივანში, ტრადიციულად, ორი პარტია დომინირებს: DPP და „გომინდანი“. თუმცა ახლა მესამე ძალაც გამოჩნდა, რომელიც პარლამენტის ფუნქციონირების ბედს წყვეტს. საერთო 113 ადგილიდან ოპოზიციურ „გომინდანს“ 54 აქვს. მას მოსდევს DPP 51 ხმით. დაბოლოს, „შუაშისტური“ „ტაივანის სახალხო პარტია“, იგივე TPP, 8 ხმით. ამ კონფიგურაციაში შეძლებს თუ არა არჩეული პრეზიდენტი უილიამ ლაი თავისი პოლიტიკის გატარებას?
მარცინ იეჟევსკი: ცხადია, ის, რომ პრეზიდენტ ლაის არ ეყოლება თავისი უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში, გაურთულებს გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას. ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ტაივანში საკანონმდებლო ორგანოს როლი ბიუჯეტების დამტკიცებაა.
ვფიქრობ, „გომინდანსაც“ და მმართველ DPP-საც ექნებათ შესაძლებლობა, მოლაპარაკებები აწარმოონ TPP-სთან ცალკეულ საკითხებზე. მაგრამ არა მგონია, რომ ვიხილოთ რაიმე სახის ფორმალური კოალიცია „გომინდანი“-TPP ან DPP-TPP.
DPP-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება TPP-სთან მჭიდრო თანამშრომლობა სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ბევრმა ამომრჩეველმა, ვინც ადრე „პროგრესულების“, ესე იგი, „მწვანეების“ ბანაკში იყო, ახლა ხმა ახალ ძალას, TPP-ს მისცა. და ეს გააკეთა „საყველპურო“ საკითხებით - დაბალი ხელფასებით, გაძვირებული ქირით, მგზავრობის ხანგრძლივი დროით, ენერგეტიკული უსაფრთხოების ნაკლებობით, - იმედგაცრუების გამო.
ეს კი ის საკითხებია, რაზეც TPP მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ცდილობდა ფოკუსირებას. ასე რომ, ასეთ, საშინაო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით ვფიქრობ, მმართველ პარტიას ძალუძს TPP-თან თანამშრომლობა.
აი, საგარეო და თავდაცვით პოლიტიკაზე შეთანხმება უფრო რთული იქნება.
იგივე, სამხედრო ტექნიკის შესაძენად ბიუჯეტის დამტკიცების თვალსაზრისით, ჩემი აზრით, DPP შეიძლება დაბრკოლებებს გადააწყდეს, რადგან TPP „პრაგმატულ პოზიციაზე“ დგას ჩინეთთან მიმართებით.
ასევე ნახეთ „ომი თუ მშვიდობა“, „დემოკრატია თუ ავტოკრატია“? - რა არჩევანი აქვს ტაივანსრადიო თავისუფლება: ესე იგი, მათი პერსპექტივით, იარაღის შესყიდვა კონფრონტაციას წაახალისებს?
მარცინ იეჟევსკი: დიახ.
ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინ გახდება საკანონმდებლო იუანის სპიკერი. თავმჯდომარე. „გომინდანის“ სიის პირველი ნომერი, ჰან გო-იუ ძალიან წინააღმდეგობრივი პოლიტიკოსია, რომელიც წლების წინ ერთ-ერთი ქალაქის, კოშიუნის მერი იყო და პოსტიდან წასვლა მოუწია. 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა ახლანდელ პრეზიდენტთან, ცაი ინ-ვენთან.
მმართველი DPP ეცდება TPP-სთან ძლიერი ურთიერთობების ორკესტრირებას და ამ მიზნით, შესაძლოა, მხარი დაუჭიროს TPP-ის პარტიული სიის პირველ ნომერს, ჰუან შან-შანს იუანის სპიკერის პოსტზე…
რადიო თავისუფლება: საარჩევნო კამპანიის დიდი ნაწილი ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობები ჩინეთთან. რას ამბობს შედეგები, რა გადაწყვიტა ხალხმა? დასავლურ მედიაში პოპულარულია ასეთი მოსაზრება: „გაიმარჯვა კანდიდატმა, რომელიც ეწინააღმდეგება ჩინეთს“. ეთანხმებით?
მარცინ იეჟევსკი: ვფიქრობ, ეს ძალიან რედუქციული თვალსაზრისია, დამაკნინებელი. მე არ მომწონს დასავლურ მედიაში ასეთი სათაურები. დროა, ვაღიაროთ, რომ ტაივანი თვითმყოფადია.
დიახ, ჩინეთის ფაქტორი მნიშვნელოვანი საკითხია ტაივანის პოლიტიკაში, მაგრამ, ისევ და ისევ, ამის მიუხედავად, ეს არჩევნები მხოლოდ ჩინეთზე არ იყო ორიენტირებული. საშინაო პოლიტიკის შესახებ მოსაზრებები, განსაკუთრებით სოციალურ პოლიტიკაზე, ძალზე მნიშვნელოვანი იყო ამომრჩეველთა დიდი რაოდენობისთვის. და ამის დასტურია TPP-ისა და მისი ლიდერის, კო ვენ-ჯის შედეგები.
გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ეს არსებითად იდენტობის საკითხი იყო. იმისა, თუ როგორ უყურებს ტაივანელი ხალხი საკუთარ თავს.
წლების წინ ტაივანის პოლიტიკაში ორ პარტიას შორის მთავარი განხეთქილება ტრადიციულად დაკავშირებული იყო სწორედ იდენტობასთან: ის, ვინც თავს ტაივანელად აღიქვამდა, მწვანე ბანაკს უჭერდა მხარს, - დემოკრატიულ პროგრესულ პარტიას; ხოლო ის, ვინც თავს ჩინელად მიიჩნევდა, ლურჯი ბანაკისკენ იყო, - „გომინდანის“ გარშემო.
მაგრამ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, რომელიც ტაივანში ტარდება ოთხმოცდაათიანი წლებიდან, ძალიან ნათლად აჩვენებს, რომ ტაივანში მოსახლეობის უმრავლესობა ახლა ტაივანელად აღიქვამს თავს. ისინი საკუთარ თავს ჩინელებად არ თვლიან. შესაბამისად, უფრო რთულია, რომ პარტიებმა ჩინეთისადმი მეგობრული პოზიცია მიჰყიდონ ამომრჩეველს.
რადიო თავისუფლება: არჩევნების შემდეგ ვიხილეთ ჩინეთის სწრაფი რეაქცია: კიდევ ერთხელ, განაცხადეს, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია. ჟურნალ „ტაიმის“ სარედაქციო სვეტს თუ დავუჯერებთ, „ტაივანის არჩევნები არ არის კატასტროფა სი ძინპინისთვის, თუ ის თავად არ აქცევს მას კატასტროფად“. თქვენ როგორ გგონიათ, რა გავლენა ექნება ამ შედეგებს ისედაც დაძაბულ ურთიერთობებზე ტაიბეისა და პეკინს შორის?
მარცინ იეჟევსკი: ამ არჩევნებში ტაივანელმა ხალხმა ცალსახად მისცა ხმა უწყვეტობას და არა ცვლილებას. და ვფიქრობ, სრუტის გადაღმა ურთიერთობებზე როცა მიდგება საქმე, აქაც, ისედაც დაძაბულ ურთიერთობებში უფრო მეტ უწყვეტობას უნდა ველოდოთ.
არა მგონია, რომ უახლოეს მომავალში ტაივანის სრუტეში ვითარება მკვეთრად დაიძაბება. არც ის მგონია, რომ პეკინში ახლა სწყუროდეთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესება, - და ნოემბერში სან-ფრანცისკოში სი ძინპინისა და ჯო ბაიდენის ბოლო შეხვედრის დროს ამ ურთიერთობებში გარკვეული პოზიტიური დინამიკა ვიხილეთ.
მეორე მხრივ, თამამად შეგვიძლია ველოდოთ, რომ ჩინეთი გააგრძელებს ტაივანთან მიმართებით იძულებითი ტაქტიკის გამოყენებას. მხედველობაში მაქვს ჩინეთის აქტივობები „ნაცრისფერ ზონაში“; შეჭრა ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში, ან „ჯაშუში ბუშტების“ გაგზავნა ტაივანის ძირითადი კუნძულის თავზე.
თამამად შეგვიძლია ველოდოთ უფრო მეტ ეკონომიკურ იძულებას. დღეს გამოაქვეყნა სტატია ცნობილმა ჩინელმა აკადემიკოსმა სიამინის უნივერსიტეტის ტაივანის სასწავლო ცენტრიდან, სადაც ამტკიცებდა, რომ DPP-ის გამარჯვების შემთხვევაში, ჩინეთმა უნდა გააუქმოს ტაივანთან თავისუფალი ვაჭრობა. ეს პუბლიკაცია ჩინურ, სახელმწიფოს, კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად მედიაში მიუთითებს იმაზე, რომ პეკინი არ მოერიდება ეკონომიკური იძულების ინსტრუმენტების გამოყენებას.
დაბოლოს, ჩინეთი გააგრძელებს ტაივანის საერთაშორისო სივრცის შეზღუდვას. ამის მაგალითი დღეს ძალიან ნათლად დავინახეთ - ნაურუმ, მიკრონეზიაში მდებარე ქვეყანამ, გაწყვიტა ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები ტაივანთან. შედეგად ჩინეთის რესპუბლიკას მხოლოდ 12 ოფიციალური დიპლომატიური მოკავშირე დარჩა.
ასევე ნახეთ ნაურუმ გაწყვიტა ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები
მოკლედ, არჩევნების შედეგებს [სამხედრო] ესკალაციის საფუძვლად ვერ ვხედავ, მაგრამ პრეზიდენტ ლაის ინაუგურაციამდე დარჩენილ 4 თვეში ასეთი ნაბიჯების მოლოდინი კი მაქვს.
რადიო თავისუფლება: ნაურუს ეს გადაწყვეტილება, რომელიც თავად ახსენეთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტაივანის მიერ ოფიციალური კავშირების დაკარგვის ტენდენციას ბოლო წლებში. DPP-ის ადმინისტრაციის პირობებში 10-მა ოფიციალურმა მოკავშირემ გააუქმა კავშირები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტაივანი აგებს ჩინეთთან დიპლომატიური მოკავშირეებისთვის ბრძოლას?
მარცინ იეჟევსკი: ვიტყოდი, რომ ამ ბრძოლას ტაივანი არ აგებს. აგებს ჩინეთის რესპუბლიკა [ ტაივანის ოფიციალური სახელი - რ.თ.]. იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც ტაივანის ოფიციალური დიპლომატიური მოკავშირეები არიან, ნულის ტოლია. ტაივანს ფორმალურად არავინ ცნობს. ისინი აღიარებენ „ჩინეთის რესპუბლიკას“.
მაგრამ ტაიბეი ცდილობს, სახელი „ტაივანი“ გამოიყენოს არაფორმალური, მაგრამ არსებითი, შინაარსიანი ურთიერთობების დასამყარებლად მთელ მსოფლიოში, - და განსაკუთრებით ძლიერია ეს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, იაპონიასთან, ასევე ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან.
ჩინეთის მცდელობებს, ჩამოაშოროს ტაივანს დიპლომატიური მოკავშირეები, ორი მიზანი აქვს:
- პირველი ფსიქოლოგიურია - ეს პეკინის ფსიქოლოგიური ომის ნაწილია ტაიბეის წინააღმდეგ. გზავნილი, რომლის შექმნასაც პეკინი ცდილობს, არის ის, რომ დემოკრატიული პროგრესული პარტია სრულიად უუნაროა საგარეო პოლიტიკის ველზე; ეს არის ტაივანში დემოკრატიული ინსტიტუტების სანდოობის შელახვის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი.
- მეორე მიზანი კი შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის კონკურენციის უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ეს განსაკუთრებით აშკარაა, როდესაც საქმე ეხება წყნარი ოკეანის კუნძულების ქვეყნებს.
წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნები უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონში ამერიკის თავდაცვის პოზიციისთვის. რაც უფრო ძლიერად მოიკიდებს ფეხს ჩინეთი წყნარ ოკეანეში, მით უფრო სუსტია ამერიკის გავლენა რეგიონში.
ასე რომ, ნაურუს გადაწყვეტილება ალბათ არ არის ისეთი პრობლემა ტაიბეისთვის, როგორც ვაშინგტონისთვისაა.
რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რამდენად მომზადებულია ტაივანი ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროებში წინააღმდეგობის გასაწევად?
მარცინ იეჟევსკი: პრეზიდენტ ცაი ინვენის 8-წლიანი ვადის პერიოდში ტაივანმა ბევრი იმუშავა ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიკაციისათვის, - როგორც ინვესტიციებში, ასევე ვაჭრობაში.
მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს ალტერნატიული ბაზრების ათვისებაში. ტაივანმა დაიწყო თავისი საინვესტიციო მარაგის მთლიანი მოცულობის გაზრდა სხვადასხვა ეკონომიკაში. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ ტაივანის ბიზნესის უკიდურესად შესამჩნევი გახსნა, ღიაობა ევროპის მიმართ.
თუმცა არის სექტორები, რომლებიც განსაკუთრებით პოლიტიკურად მგრძნობიარეა. აი, მაგალითად, სოფლის მეურნეობა. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა არ წარმოადგენს ტაივანის ეკონომიკის დიდ ნაწილს, ფერმერთა ასოციაციები ტაივანში პოლიტიკურად ძლიერები არიან. ასე რომ, ჩინეთის ნებისმიერმა მცდელობამ, შეზღუდოს ტაივანის ფერმერებისთვის ბაზარზე წვდომა, შესაძლოა უარყოფითი პოლიტიკური - ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საარჩევნო - შედეგები მოუტანოს „დემოკრატიულ პროგრესულ პარტიას“.
ტაივანის დამოკიდებულება ჩინეთის ეკონომიკაზე კვლავ ძლიერია და ეს ნამდვილად იქნება მნიშვნელოვანი გამოწვევა პრეზიდენტ ლაისთვის; მოუწევს, იფიქროს, როგორ მოახდინოს ურთიერთობების დივერსიფიკაცია, - „განრისკვა“ [ინგლისური ტერმინია de-risking - რ.თ.]. მაგრამ ვთქვათ ისიც, რომ ამასაც ჩაუყარა ძლიერი საფუძველი პრეზიდენტმა ცაიმ.
ახლა რაც შეეხება ჩინეთის „ნაცრისფერი ზონის“ აქტივობებს: ვფიქრობ, ამის მიზანიც, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურია. და ტაივანმა უნდა გააგრძელოს პეკინის ქმედებებზე გამჭვირვალე პასუხის გაცემა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, მაგალითად, ტაივანის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად აქვეყნებს ინფორმაციას ტაივანის ტერიტორიაზე ჯაშუშური ბუშტების მოხვედრის შესახებ, ასევე, თვითმფრინავების შეჭრაზე ტაივანის თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში. გამჭვირვალობა არის იარაღი, რომელიც ტაივანს აქვს და ჩინეთს არა. ეს ლაის სასარგებლოდ იმუშავებს.
ამავდროულად, ვფიქრობ, რომ ტაივანისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მეტი ისწავლოს უკრაინის თავდაცვის სტრატეგიიდან რუსული სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ; მეტი ინვესტიცია ჩადოს „ასიმეტრიულ შესაძლებლობებში“.
პრეზიდენტ ცაის ადმინისტრაციის პირობებში ვნახეთ, რომ ტაიბეი ყიდულობდა მსხვილ სამხედრო ტექნიკას, მაგრამ ინვესტიციები ისეთ ტექნოლოგიებში, როგორიცაა დრონები, რეალურად უფრო ეფექტური იქნებოდა ტაივანის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გასაზრდელად…
რადიო თავისუფლება: თქვენ ახლა მიანიშნებთ „მაჩვზღარბას სტრატეგიის“ საჭიროებაზე. ეს არის სამხედრო დოქტრინა, რომელიც ნაცვლად იმაზე ფოკუსირებისა, რომ მსხვილი ტექნიკით დაუპირისპირდეს თავდამსხმელს, კონცენტრირებულია მობილურ ძალებზე, „განაწილებულ თავდაცვაზე“, - მცირე ზომის, თითქმის ინდივიდუალური იარაღების ეფექტურად გამოყენებაზე. კუნძულმა ისე დაიცვას თავი პატარა იარაღებით, როგორც მაჩვზღარბა იცავს თავს ეკლებით, - დაახლოებით ისე, რაც უკრაინაში ვნახეთ. მაგრამ ბოლო შეფასებებში დასავლური კვლევითი ცენტრები შიშობდნენ, რომ ტაივანს არ ჰქონდა ჩინეთის შესაძლო შემოჭრის მოლოდინი, ასე ვთქვათ, „გადაუდებლობის შეგრძნება“. ელოდებით თუ არა რაიმე ცვლილებას ტაივანის თავდაცვის სტრატეგიაში ლაის პრეზიდენტობისას?
მარცინ იეჟევსკი: თავდაცვის სტრატეგიაში ცვლილებებს რაც ეხება, ადგილზე, ხალხთან საუბრებიდან ერთი რამე იკვეთება: თავისუფლად შეგვიძლია ველოდოთ უფრო მეტ აქცენტს სამოქალაქო თავდაცვაზე.
დაახლოებით 2020 წლიდან ტაივანში ვხედავთ ქვემოდან წამოსულ, სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციირებულ სამოქალაქო თავდაცვის ინიციატივებს. მაგალითად, „კუმას აკადემიას“, „წინსვლის ალიანსს“, რომლებიც მოქალაქეების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე მუშაობენ. და კიდევ ბევრი მსგავსი ჯგუფი არსებობს.
ვფიქრობ, ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ტაივანის ხალხი მზად არის, რაღაც საკითხები საკუთარ ხელში აიღოს, უფრო აქტიური როლი შეასრულოს საგანგებო სცენარებისათვის სამზადისში, - იქნება ეს სტიქიური უბედურება თუ კინეტიკური კონფლიქტით გამოწვეული გაუთვალისწინებელი მოვლენები.
და ვხედავ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეროვნული თავდაცვის სამინისტრო გეგმავენ ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, რათა სამოქალაქო თავდაცვის როლი გააძლიერონ ტაივანის მთლიანი თავდაცვის სტრატეგიაში.
რადიო თავისუფლება: ბოლოსთვის, კი შეიძლება, რომ თქვენს უშუალო საექსპერტო ველიდან არ არის, მაგრამ ჩემი სოც. მედიის მენეჯერი არ მაპატიებს, ასეთი კითხვა რომ არ დავსვა: საქართველოს რატომ უნდა ადარდებდეს ეს ყველაფერი? ქვეყანას, რომელსაც ნულოვანი კონტაქტი აქვს ტაიბეისთან, - ტაივანელებს არც კი უშვებს ქვეყანაში; აქვს ახალი „სტრატეგიული პარტნიორობა“ ჩინეთთან და მისი პოლიტიკური ლიდერები, ისე ემთხვევა, რომ ტაივანის არჩევნებიდან მეორე დღეს მიდიან პეკინში კომუნისტური პარტიის გამოცდილების გასაზიარებლად მმართველობის სფეროში.
მარცინ იეჟევსკი: ტაივანის მაგალითი აჩვენებს, რომ ჩინეთი არაფრით არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც სანდო პარტნიორი.
2008-16 წლებში სრუტის გადაღმა ურთიერთობების - ტაივანი-ჩინეთის ურთიერთობების - „ოქროს ხანა“ იდგა. „გომინდანის“ წევრი მა ინ-ჯოს პრეზიდენტობის ხანაში ვიხილეთ ერთგვარი ზავი პეკინსა და ტაიბეის შორის და ურთიერთობები ძლიერდებოდა.
მაგრამ ტაივანელმა ხალხმა გააცნობიერა, რომ ამ ზავში უზარმაზარ ფასს იხდიდნენ.
ჩინეთი არასოდეს განიხილავდა ტაივანს, როგორც თანასწორ პარტნიორს. ის მხოლოდ იმას ცდილობდა, ამ კუნძულოვანი ერის ჩინეთზე დამოკიდებულება გაეზარდა.
და ეს მნიშვნელოვანი გამაფრთხილებელი სიგნალი მგონია საქართველოსთვის; თქვენს ახალ სტრატეგიულ პარტნიორობას შეუძლია თბილისი ეკონომიკურად და პოლიტიკურად „ჩამოკიდოს“ ჩინეთზე, რამაც საბოლოოდ თქვენი ხალხის სუვერენიტეტი შეზღუდოს.
და მართალია, რომ მთლად პირდაპირ არ უკავშირდება ტაივანის საკითხს, საქართველოს ხალხი უფრო ყურადღებით უნდა ადევნებდეს მოსკოვი-პეკინის ღერძის გაჩენას. ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი ღიად საუბრობენ მათი ქვეყნების ულიმიტო მეგობრობაზე.
ქართველებმა, რომლებსაც 2008 წლის თავდასხმის მტკივნეული გამოცდილება აქვთ, კარგად იციან, რომ რუსეთი არ არის მეგობრული მოთამაშე საერთაშორისო არენაზე. და ამიტომაც უნდა იყოს საქართველო ჩინეთის ჩართულობისადმი ფრთხილი, - ქვეყნისადმი, რომელსაც რუსეთი ახლო მეგობარსა და მოკავშირეს უწოდებს
ასევე ნახეთ „საქართველოს მთავრობა არ არის მეგობრულად განწყობილი“ - მიუწვდომელი ქვეყანა ტაივანელებისთვის ასევე ნახეთ საქართველოს 6 პრობლემა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში