„იუტუბზე“ საქართველო განსაკუთრებით პოპულარული გახდა, მით უფრო, სირიაში მიმდინარე მოვლენების კონტექსტში. ბევრი ექსპერტის შეფასებით, ამ ორ ქვეყანას ახლა რუსული გავლენისგან თავის დაღწევა უნდა. თვალსაჩინოა ისიც, რომ რუსეთი სირიაში ჩადებული მილიარდების მიუხედავად, იქ თავისი ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს.
ასევე ნახეთ პუტინი კარგავს სირიას?რა ხდება საქართველოში? დამოუკიდებელი პრესა, განსაკუთრებით უკრაინული მედია, ერთხმად აცხადებს, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. იმის შემყურე, თუ რა ხდება რუსთაველზე, ბევრს ახსენდება ევრომაიდანი, ბელარუსი, კრემლის პროპაგანდაც, მაგალითად, საქართველოს ხელისუფლების ფრაზებში „ნაცმაიდანი“, „ბავშვებით მანიპულირება“ ისინი კრემლის ხელწერას ხედავენ, რომ აღარაფერი ვთქვათ აგენტებისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონებზე.
კრემლის, უფრო სწორად, რუსული ომონის ხელწერა იკვეთება მომიტინგეების უმოწყალოდ დარბევასა და წამებაში. ჟურნალისტები საუბრობენ, რომ შესაძლოა მომავალში გაირკვეს, რომ საქართველოში აქციების დაშლაში რუსული ძალებიც მონაწილეობდნენ, ან რუსი ინსპექტორები მაინც. თავის დროზე ასე გააკეთეს მინსკშიც, როდესაც ხალხი პრეზიდენტ ლუკაშენკას წინააღმდეგ გამოვიდა.
უკრაინული მედია FREEDOM-ი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებას ციტირებს:
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ხალხის მითური უკრაინული სცენარით დაშინება, მაშინ როცა ბელარუსულ სცენარს ახორციელებს. უკრაინას სურდა და ახლაც სურს, საქართველოში დემოკრატია განვითარდეს, ინტეგრირდეს ევროკავშირსა და ნატოში, რაც ქართველი ხალხის მოთხოვნაცაა“.
ხალხის რა ნაწილი ემხრობა ევროინტეგრაციას? ალექსანდრა დინესი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენელი ვენაში, DW-ს რუსულენოვან ეთერში ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ბევრი გულწრფელი მომხრე ჰყავს.
„არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩავატარეთ. იმ ხალხს [ვისაც ევროკავშირში შესვლა უნდოდა - რ.თ.], და ასეთი დიდი უმრავლესობაა, ვკითხეთ, რატომ სურდათ ეს. უმეტესობამ თქვა, რომ ცხოვრების მაღალი დონის გამო და ასევე იმისთვისაც, რომ რუსეთისგან უფრო დაცულები იყვნენ... მგონია, რომ ეს გამოკითხვა კარგად აჩვენებს, საქმე მხოლოდ ღირებულებებში არ არის.
ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც დიდ ქალაქებში არ ცხოვრობს, კონსერვატორია, ღრმადმორწმუნე. დიდად არც ლგბტ და პროგრესული უფლებები ადარდებთ.... ფაქტია, რომ ამ კონსერვატიულ დღის წესრიგს ბევრი უჭერს მხარს“.
ასევე ნახეთ საქართველოს პროტესტი ყურადღების ცენტრში - რეაქციები დასავლეთიდან, რეაქციები საქართველოშიისევე როგორც ქართულ მედიაში, რუსულენოვანშიც ხშირად ახსენებენ 14 დეკემბერს, როდესაც საქართველოში ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეზიდენციის დატოვებას არ აპირებს. როგორ განვითარდება მოვლენები, არავინ იცის. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზეც, იმ დროისთვის დაწესებული ექნებათ თუ არა სანქციები ამერიკასა და ევროპას. ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, მოსალოდნელი ორხელისუფლებიანობის პირობებში ვის მხარეს დაიჭერენ საჯარო მოხელეები.
„სალომე ზურაბიშვილი ლიდერი გახდა და მთავარი საკითხი ახლა ისაა, გადადგებიან თუ არა ჩინოვნიკები თანამდებობიდან რეპრესიებისადმი პროტესტის ნიშნად“, - ამბობს DW-ს ეთერში გერმანელი ექსპერტი შტეფან მაისტერი. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ დივიდენდების მიღება რუსეთისგანაც უნდა და ევროკავშირისგანაც.
უკრაინულ მედიაში არაერთხელ იმსჯელეს იმაზეც, რას მოიმოქმედებენ უკრაინაში მებრძოლი ქართველები. „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ საქართველოს სამოქალაქო ომის ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს. ამიტომ მშვიდობიანი ცვლილებების მომხრეა. ახლა მან უკრაინაში უნდა იბრძოლოს, რადგან უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვების საწინდარია.
„საქართველოს მთავრობას სინდისი უნდა ეყოს და თავი გადაირჩიოს“, - თქვა“ მან УНІАН-ის ეთერში.
ჟურნალისტი კირილ ნაბუტოვი უკრაინული ტელეარხის Bild-ის ეთერში ამბობს, რომ პუტინისთვის საქართველო ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ტერიტორიაა, რადგან სომხეთი და აზერბაიჯანი მას უკვე აღარ ემორჩილებიან. პუტინი საქართველოს ხელში ჩაგდებას ოლიგარქი ივანიშვილის მეშვეობით ცდილობს.
ბელარუსის პროპაგანდისტულ მედიაში ქართველ დემონსტრანტებს უკანასკნელი სიტყვებით აგინებენ და საქართველოს მთავრობას მათი განადგურებისკენ მოუწოდებენ. „წარმოგიდგენიათ, სამშენებლო მასალების მაღაზიებში რესპირატორები იყიდებოდა, მინსკში ამას იპოვი? ესე იგი ემზადებოდნენ“, - ამბობს ბელარუსი წამყვანი, რომლის სიტყვებსაც უკრაინელი ჟურნალისტი ჟან ნოვოსელცევი აშარჟებს: „წარმოგიდგენიათ, თურმე საქართველოში სამშენებლო მაღაზიებში რესპირატორები იყიდებოდა“... და დასძენს, რომ მინსკის მაღაზიებში შესაძლოა ჩაქუჩი და ნიჩაბიც იშოვო და ალბათ იქაც გადატრიალებას ამზადებენ. ჟან ნოვოსელცევი ამბობს, რომ ბელარუსი ჟურნალისტების ასეთი მძაფრი რეაქცია ქართველ დემონსტრანტებზე მიუთითებს, რომ ლუკაშენკოს ძალიან ეშინია, მის ქვეყანაშიც იგივე არ განმეორდეს.
თბილისსა და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
ასევე ნახეთ პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი