თინა - სიბერეზე გამარჯვებული

Your browser doesn’t support HTML5

94 წლის თინა გრიგალაშვილი ყოველდღე დილის ოთხზე დგება და სამსახურში მიდის - ის რუსთავში ცხოვრობს და თავისი ქალაქის ერთ-ერთი ქუჩის დასუფთავება ევალება. მეეზოვეობამდე წლები იმუშავა ქართულის პედაგოგად, მაგრამ როცა სკოლიდან წამოვიდა, უსაქმოდ მაინც ვერ გაჩერდა და პროფესია შეიცვალა. ამბობს, რომ არ ვიმუშაო - თავს უსარგებლოდ ვიგრძნობ, ეს ყველამ იცის და ჯერ ვერავინ მეტყვის სამსახურიდან წავიდეო. ყოველდღე რუსთავის ქუჩებში ათენდება. თავის საქმეს აქაც მთელი გულით აკეთებს - სკოლაშიც ასე ვიყავიო, იხსენებს. როცა მისი ცვლა მორჩება და ქუჩაც დაგვილია, შინ ბრუნდება. იქ თავისი წიგნები და მეგობარი - ტელევიზორი ელის. ცხრა და-ძმიდან თინას მხოლოდ ერთი და ჰყავს ცოცხალი, მას შეეხმიანება ხოლმე. შვილის ოჯახს მოიკითხავს, სახლის წინ თავის პატარა ბაღს მიხედავს და დღეც ასე მთავრდება - მეორე დილას კი ისევ ცოცხს ჰკიდებს ხელს და სამსახურში მიდის. „მე ვიგრძნობ, როცა უნდა გავჩერდე“,  - გვეუბნება თინა და სიბნელეში ქუჩას მარტო მიუყვება.