თუმცა, თვითონ რუსეთის ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდშივე შეშფოთებულები არიან ბოლო 20 წლის განმავლობაში ეკონომიკის გადახურების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, რამაც შეიძლება ეკონომიკის სრული კოლაფსი გამოიწვიოს.
- რა პრობლემები იმალება რუსეთის ეკონომიკის ზრდის უკან?
- რამ შეიძლება დაანგრიოს რუსეთის ეკონომიკა?
- რა დრო რჩება კრემლს?
- რა არის ეკონომიკის გადახურება?
რუსეთის პრეზიდენტი შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ ნიშნის მოგებით არ ილაპარაკოს რუსეთის ეკონომიკის წარმატებებზე.
„რუსეთი უკვე მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით. რუსეთის ეკონომიკის მოცულობამ გადაუსწრო ევროპის წამყვან ეკონომიკას - გერმანიას. <... > იაპონიას, გერმანიას და ა.შ. - მათ აქვთ ბევრი უპირატესობა, უპირველეს ყოვლისა, ეს უპირატესობა დაკავშირებულია სტრუქტურასთან, მაღალტექნოლოგიურ სექტორთან და ა.შ. მაგრამ ეკონომიკის მოცულობას ასევე აქვს მნიშვნელობა, რადგან იძლევა რესურსების დაბანდების შესაძლებლობას ყველაზე პერსპექტიულ ინდუსტრიებსა და მიმართულებებში“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა 5 სექტემბერს ვლადივოსტოკში აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე.
რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვიც, მიუხედავად იმისა, რომ სურსათი და ბენზინი ძვირდება, მაინც მოსახლეობის გამდიდრებასა და რუსეთის ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიურ პროცესებზე ლაპარაკობს. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეების შემოსავალი და ცხოვრების დონე წლიდან წლამდე იზრდება:
„ვხედავთ, რომ ეკონომიკა ვითარდება იმაზე მაღალი ტემპით, ვიდრე მოლოდინი გვქონდა როგორც ჩვენ, ასევე ექსპერტებს. 2024 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ზრდის დინამიკამ შეადგინა 4.7%. ვხედავთ, რომ იზრდება ინვესტიციები. მოსახლეობის რეალური შემოსავლები გაიზარდა 8%-ით. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა ვითარდება მათ შორის იმ საბიუჯეტო სტიმულების ხარჯზე, რომლებიც გამოვიყენეთ როგორც წინა წლებში, ასევე მიმდინარე წელს“.
ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარ ალექსანდრ კოლიანდრის არ სჯერა, რომ როსსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მაჩვენებელი (6.8% - 2024 წ. აგვისტო) სინამდვილეს ასახავს.
„რუსეთში ინფლაცია მაღალია, აქ სალაპარაკოც არაფერია, - უთხრა მკვლევარმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს, - ეს გამოწვეულია, პირველ რიგში, სახელმწიფო ხარჯებით, რაც იწვევს ხელფასების გამალებულ ზრდას სამუშაო ძალის დეფიციტის ფონზე. ეს ასევე გამოწვეულია შეღავათიანი დაკრედიტებით, რომელიც ძალიან გაიზარდა, განსაკუთრებით უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ამიტომ, ცენტრალური ბანკი ცდილობს, რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის აწევით შეამციროს ინფლაცია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს უკიდურესად რთული იქნება. ვიდრე იქნება უზარმაზარი საბიუჯეტო ხარჯები, ვიდრე გაიცემა დიდი რაოდენობით შეღავათიანი კრედიტები (ასევე სახელმწიფოს, ბიუჯეტის ხარჯზე), ინფლაციის პრობლემაც იარსებებს“.
რუსეთის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ინფლაციის მოსათოკად აპირებს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას 20%-მდე, თუმცა ალექსანდრ კოლიანდრის თქმით, მხოლოდ რეფინანსირების განაკვეთის აწევით, ძნელი იქნება ფასების ზრდასთან გამკლავება.
„რუსეთის მთავრობამ ასევე უნდა შეამციროს შეღავათიანი დაკრედიტება, განსაკუთრებით თავდაცვის საწარმოებისთვის, მაშინ ამგვარი ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს ფასების ზრდის შეჩერებას. მაგრამ ჯერჯერობით, ფასების მატება გამოწვეულია ზუსტად ბიუჯეტის გაზრდილი ხარჯებითა და ხელფასების გამალებული ზრდით. 2024 წლის ივლისში უმუშევრობა ისტორიულად ყველაზე დაბალ დონეზე იყო - 2.4%. არადა, რუსეთში უმუშევრობის საშუალო დონე, ე.წ. ბუნებრივი დონე, რომლის დროსაც ეკონომიკა მუშაობს გადახურების გარეშე, 4%-ზე ცოტა მეტია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთს უბრალოდ არ ჰყოფნის მუშახელი, რომელზეც მოთხოვნა გაზრდილია როგორც ფრონტზე, ისე ზურგში. სპეციალისტებისათვის ბრძოლის მთავარი იარაღი კი მხოლოდ და მხოლოდ რუბლია, ვინ მეტს გადაიხდის“, - ამბობს ალექსანდრ კოლიანდრი.
ასევე ნახეთ "რუსეთის ეკონომიკას ჩამოაქცევს გაჭიანურებული ომი"„ომის მონაწილეები და იმპორტის ჩანაცვლების სფეროში დასაქმებული ადამიანები ჩამოყალიბდნენ რუსეთის ახალ საშუალო კლასად. ეს ფენა იქცა ლიდერად ხელფასების მოცულობის მიხედვით“, - ასეთ დასკვნამდე მიდიოდნენ მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის თანამშრომლები.
ეკონომისტების თქმით, მოქალაქეების შემოსავლების ზრდაზე, რითაც თავს იწონებს რუსეთის მთავრობაა, გავლენას ახდენს კონტრაქტით დაქირავებული სამხედროების ხელფასების მკვეთრი და განუხრელი ზრდა. რუსეთის ფინანსთა მინისტრი არაფერს ამბობს იმაზე, რომ შემოსავლების ზრდა იმის გამო, რომ ქვეყნის მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ომში წასვლა და ხალხის დახოცვა გადაწყვიტა, სტაბილურ ეკონომიკურ ფაქტორად ვერ ჩაითვლება.
„რუსეთის მთავრობას ყველაფერი კარგად ესმის, მაგრამ ისინი ომს არასოდეს უწოდებენ ომს. ისინი არასოდეს იტყვიან, რომ პრეზიდენტის პოლიტიკის, სანქციების, ეკონომიკური ბლოკადის, ფულის საბეჭდი დაზგის მუშაობისა და ომის არანორმალური ხარჯების გამო, უკვე მესამე წელია, მიმოქცევაში არსებული ფულის მასა იზრდება 22-25%-ით, რომ ომის დაწყებიდან ფულის მოცულობა 65%-ზე მეტით გაიზარდა, წელს მან უკვე გადააჭარბა 104 ტრილიონ რუბლს. მთელი ფულის მასა გაიზარდა თითქმის 50 ტრილიონი რუბლით, მაშინ როცა სასაქონლო მასა საერთოდ არ გაზრდილა. ჩვენ ახლა ჩინეთის ნედლეულის კოლონია ვართ, რუსეთის ვაჭრობის 45% ჩინეთზე მოდის. თუ 2021 წელს, ომამდე ბიუჯეტის ხარჯები შეადგენდა 24 ტრილიონ რუბლს, წელს ეს მაჩვენებელი 38 ტრილიონი რუბლია. გაისად დამატებით 2-3 ტრილიონი რუბლით გაზრდას აპირებენ. ამასთან, ეს ყველაფერი არის არაუზრუნველყოფილი ფული, რომელიც იჭრება, იფლანგება და იხარჯება დაქირავებული ჯარისკაცების ხელფასებსა და სხვა გადასახდელებზე“, - ამბობს ეკონომისტი ვლადისლავ ჟუკოვსკი, რომლის თქმითაც, კრიტიკას ვერ უძლებს როსსტატის მტკიცება, რომ რუსეთის ეკონომიკაში ყველაფერი კარგადაა:
„როსსტატი წერს, რომ თურმე რუსეთში კრიზისი არ არის; თურმე ნომინალური ხელფასები 18%-ით გაიზარდა წლის პირველ ნახევარში. ხელოვნურად დაწეული 9%-იანი ინფლაციის პირობებში ე.წ. რეალური ხელფასი 9.5%-ით გაზრდილა. თუ ანგარიშში არ მივიღებთ ადამიანებს, რომლებიც დაკავშირებული არიან ომთან, ძალოვან სტრუქტურებსა და სამთავრობო უწყებებთან, მაშინ რეალური ხელფასი ორჯერ ნაკლები გამოვა. ამასთან, ვინც ფულს იღებს, ის ეგრევე გარბის დასახარჯად, რადგან მშვენივრად ესმის, რომ ფასები უკვე 71.5%-ით გაიზარდა“.
გაძლებს 2-5 წელი...
ჟურნალმა Fortune-მა ამ დღეებში გამოაქვეყნა სტატია, „რუსეთის მშპ-ს ზრდის უკან ეკონომიკური კატასტროფა ილანდება“, რომლის ავტორები არგუმენტებით ასაბუთებენ იმას, რომ მდგრადი რუსული ეკონომიკის ხატი ხელოვნურადაა შექმნილი და, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ უზარმაზარი თანხების სამხედრო ხარჯებზე მიმართვა მძიმე მდგომარეობაში აგდებს რუსეთის ეკონომიკას.
„რუსეთის მთავრობა, ომის დასაფინანსებლად, გადასახადებს უწესებს ნავთობკომპანიებს, ზრდის გადასახადებს და თავისი ქმედებებით ხელს უწყობს ინფლაციას. ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ამოწურვა, ასიათასობით განათლებული რუსის გაქცევა საზღვარგარეთ და ინვესტიციებსა და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის შემცირება გარდაუვალად გამოიწვევს რუსეთის ეკონომიკის მინიმუმ ხანგრძლივ დაცემას“, - ამბობს რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციასთან საუბარში Fortune-ში გამოქვეყნებული სტატიის ერთ-ერთი ავტორი ტიმოფეი მილოვანოვი, რომლის თქმითაც, რუსეთის ეკონომიკის მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს რამდენიმე ფაქტორი:
„მაღალი ინფლაცია, ეკონომიკის ზრდა არასასაქონლო ინვესტიციებით, ისეთი ე.წ. ბუფერების შემცირება, როგორიცაა მაგალითად ეროვნული კეთილდღეობის ფონდი. ასევე ის, რომ თავად სახელმწიფო არ არის მზად გაიღოს მნიშვნელოვანი თანხები იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებიც ძალიან დაზარალდნენ. მაგალითად, კურსკელი დევნილები, მათთვის გამოყოფილი 10 ათასი რუბლი (113$) სასაცილოდ მცირე თანხაა“.
საიდან იღებს რუსეთის მთავრობა იმ უზარმაზარ თანხებს, რომლებიც ომის წარმოებას სჭირდება და რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს?
„ერთმანეთისგან გასამიჯნია ცოცხალი ფულის ხელმისაწვდომობა და ეკონომიკის ზოგადი მდგომარეობა, - ამბობს ეკონომისტი, - ლიკვიდურობის წყარო ძირითადად ნავთობის გაყიდვიდან მიღებული ფულია. რუსეთში გროვდება შიდა პრობლემები. როგორც 80-იანი წლების საბჭოთა კავშირში იყო: პრობლემები დაგროვდა, მაგრამ ის განაგრძობდა არსებობას. საჭირო იქნება რაიმე სახის ტრიგერი ან შოკი, ფუნდამენტური ტრიგერი, მაგალითად, ნავთობის ფასის დაცემა ან სერიოზული პოლიტიკური არასტაბილურობა. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეკონომიკა ჩამოიშლება. კრიზისი ახლოვდება იმის გამო, რომ ეკონომიკის მდგომარეობა უარესდება. <…> ვფიქრობ, სტრუქტურული პრობლემები გამოფიტავს რუსეთის ეკონომიკას, მაგრამ თუ მაკროეკონომიკური ვითარება შეიცვლება, მსოფლიოში დაეცემა მოთხოვნა საქონელზე ან ძლიერი გლობალური რეცესია დაიწყება, მაშინ, რა თქმა უნდა, რუსეთი ჩამოიშლება და ძალიან სწრაფად“.
ტიმოფეი მილოვანოვი, ანალიზის საფუძველზე აკეთებს პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოელის რუსეთის ეკონომიკას უახლოეს მომავალში:
„მე იმ ეკონომისტთა ბანაკში ვარ, ვინც ფიქრობს, რომ ძლიერი შოკი, განსაკუთრებით გლობალური მაკროეკონომიკური შოკი, იმის გამო, რომ რუსეთის ეკონომიკა ავადაა, გამოიწვევს კრიზისს, რომელიც შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ მომენტში. ვფიქრობ, რომ პუტინს აქვს ორიდან ხუთ წლამდე - ესეც იმ დაშვებით, რომ ის იმყოფება იახტაზე, რომელიც იძირება, მაგრამ არ მძვინვარებს შტორმი და ხერხდება წყლის ამოხაპვა, მოკლედ იმ პირობით, რომ არ იქნება არანაირი გლობალური რყევები, არ იქნება ნავთობის ფასების ძლიერი ვარდნა, არ იქნება რეცესია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ა.შ.“
ეკონომიკის გადახურება
რუსეთის ეკონომიკას რომ პრობლემები აქვს, ამას არც რუსეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და სბერბანკის მმართველი, პუტინის ეკონომიკური გუნდის გამორჩეული წევრი, გერმან გრეფი უარყოფს. რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 5 სექტემბერს აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე გრეფმა განაცხადა:
„რუსეთის ეკონომიკა ჯერ კიდევ გადახურების მდგომარეობაშია, თუმცა გადახურების პიკი უკვე გადალახულია. რადგან უმუშევრობის დონე ჯერ კიდევ ძალიან დაბალ ნიშნულზეა (2.4%), ხოლო სამრეწველო სიმძლავრეების დატვირთვა - 81%-ს აღწევს, ნაადრევია იმის თქმა, რომ ეკონომიკა გადახურებიდან გამოდის“.
რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ელვირა ნაბიულინამაც 2024 წლის ივლისის ბოლოს განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკის გადახურების მასშტაბებმა მაქსიმუმს მიაღწია ბოლო 16 წლის განმავლობაში.
„ამაზე მაღალი მხოლოდ 2008 წლის კრიზისის წინ იყო“, - თქვა რუსეთის მთავარმა ბანკირმა.
რუსი ანალიტიკოსი და ბლოგერი მაქსიმ კაცი რუსეთის ეკონომიკის გადახურებაზე საუბრისას ამბობს, რომ იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითოს არსებობს რუსეთის ორი ეკონომიკა:
- I ცენტრალური ბანკის ბიულეტენში არსებული, რომელიც საშინელ მდგომარეობაშია გადახურების გამო
- II - მომხმარებლების შეგრძნებებში არსებული, რომელშიც ყველაფერი იზრდება: ბიზნესი, ხელფასები, უმუშევრობა თითქმის ნულზეა, ვისაც არ ეზარება, ყველა ქაფავს ფულს.
„საქმეც ისაა, რომ შეგრძნებების ეკონომიკა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს რეალურისგან“, - ამბობს თავის იუტუბარხზე მაქსიმ კაცი, რომლის თქმითაც, რუსეთის დღევანდელი ეკონომიკის ყველაზე დიდი და მზარდი სექტორი ომია:
„ამ სექტორში ადამიანები იღებენ ხელფასს. ეკონომიკისთვის ეს ადამიანები არაფრით განსხვავდებიან პენსიონერებისგან: იღებენ ფულს რომელიღაც სოფლის აღებისთვის, ან ტანკის წარმოებისთვის, რომელიც ასევე სოფლის ასაღებად გამოიყენება... ისინი არ ქმნიან არანაირ საბაზრო შეთავაზებას, არანაირ დამატებით ღირებულებას. ბარმენი ჭიქა ვისკის ჰყიდის ბოთლის ფასად ანუ ათჯერ უფრო ძვირად, მაგრამ ასობით მილიონი ადამიანი მსოფლიოში ფიქრობს, რომ ეს კარგი გარიგებაა, ბარები სავსეა, რადგან ბარმა და ბარმენმა უბრალოდ ვისკი კი არ დაგისხეს, არამედ შეგიქმნეს ატმოსფერო. ბარი და ბარმენი ქმნიან დამატებით ღირებულებას, რასაც ხალისით იხდიან ადამიანები. თუ სახელმწიფო გააქრობს ბარში შექმნილ ყველა პირობას, რაც მომხმარებელს მოსწონდა, მაგრამ ბარმენს დაუნიშნავს დიდ ხელფასს, ბარში აღარავინ ივლის, არანაირი დამატებითი ღირებულება აღარ შეიქმნება, ბარმენი კი იქცევა სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფ პენსიონერად. ეკონომიკისთვის სულერთია, 200 ათას რუბლს არაფრის გამო მოგცემენ თუ მოგცემენ ტანკის წარმოებისთვის, რადგან ეს ტანკი არ იყიდება ბაზარზე, არ ქმნის საბაზრო შეთავაზებას, ტანკი არ წავა მინდვრების მოსახნავად და არ გაზრდის ხორბლის მოსავალს, არ აქცევს ხორბალს ფქვილად და არ შექმნის დამატებით ღირებულებას. ტანკი არ არის წარმოების საშუალება. სახელმწიფომ საბიუჯეტო ფულით შექმნა ტანკი, რომელიც ერთი თვის თავზე დაიწვა რომელიღაც ჩასივ-იართან. ამ დროს სახელმწიფომ დააფინანსა მთელი ჯაჭვი: მადნის მოპოვებიდან დაწყებული ტანკის შეღებვით დამთავრებული, ეკონომიკური სარგებელი კი ნულია. ეკონომიკას უკან არაფერი უბრუნდება. ეკონომიკისთვის სულერთია, ამ ჯაჭვში ჩართული ადამიანები როგორ მიიღებენ ფულს, მუშაობით თუ მუშაობის გარეშე, ეფექტი ერთნაირია“.
მაქსიმ კაცის თქმით, 2,5 მლნ რუბლს უხდიან მოსკოვში მცხოვრებ მოქალაქეს იმისთვის, რომ მოკლას ვინმე ან თვითონ მოკვდეს:
„ეკონომიკისთვის ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც რაღაც ღირებულებას ქმნიდა, ამოიღეს ეკონომიკიდან, მისცეს ფული და მისი ადგილი დატოვეს ცარიელი, რომლის შევსება კიდევ უფრო ძვირი დაჯდება. გამოდის, ეს ადამიანი გაიყვანეს პენსიაში. ანუ ახალგაზრდა შრომისუნარიანი ადამიანი აქციეს ძვირადღირებულ პენსიონერად“.
ეკონომიკას ასევე მძიმე ტვირთად აწვება ომის წარმოებისათვის საჭირო ქარხნებისა და ფაბრიკების მუშაობა, რომელიც რიცხვებში ზრდის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, მაგრამ სინამდვილეში ომის წარმოებისთვის გაწეული ინვესტიციები, გაცემული ხელფასები და ა.შ. წყალში გადაყრილი ფულია, რადგან ეკონომიკისთვის ასეთ ინვესტიციებს არ მოაქვთ შემოსავალი, მოგება:
„ომის წარმოებაში ჩადებული ფული არანაირად არ არის ინვესტიცია, ეს ნაწარმი მიდის ფრონტზე... ამ დროს ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები, ფაქტობრივად პენსიონერები, რომლებიც არაფერს არ ქმნიან, მაგრამ იღებენ ფულს, ზრდიან მოთხოვნას საკვებზე, უძრავ ქონებაზე, ტანსაცმელზე, ავტომობილებზე და ა.შ. ამის გამო მთელი ეკონომიკა გადაეწყობა მათი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე: შენდება მეტი სახლი, მეტი სავაჭრო ცენტრი, იკერება ტანსაცმელი, კეთდება ავტომობილები... იმაზე მეტი, ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას შეუძლია მოინელოს. ყველაფერი ეს იწვევს ეკონომიკის გადახურებას“.
რა არის ეკონომიკის გადახურება?
რუსეთში ბოლო წლების განმავლობაში უჩვეულოდ გაიზარდა უძრავი ქონების ბაზარი. მშენებლობა დაიწყო ისეთ რაიონებში, სადაც სახლების ფასი ყოველთვის დაბალი და, შესაბამისად, არამომგებიანი იყო, მოთხოვნილება კი გაიზარდა იმის მიუხედავად, რომ ამ ადგილებში არც ახალი სამუშაო ადგილები შექმნილა და არც რომელიმე დიდი კომპანია გადასულა. როგორც მაქსიმ კაცი ამბობს, არც „მერსედესს“ გაუხსნია ქარხანა და არც „მაიკროსოფტს“ - ოფისი.
„სამშენებლო კომპანიების მთელი სტრატეგია ეფუძნება იმას, რომ ამ ადგილებში (ქალაქებში, რაიონებში) „პენსიონერების“ რაოდენობა გაიზრდება, რომ ყოველდღე ომში წასვლის კონტრაქტს გააფორმებს ადამიანების გარკვეული რაოდენობა, ოჯახების გარკვეული რაოდენობა კი მიიღებს ფრონტზე დაღუპულის კომპენსაციას, რომელიც ბინების შეძენაზე დაიხარჯება. ვინ იყიდის ამ ბინებს, თუ ეკონომიკა დაუბრუნდება თავის ნორმალურ მდგომარეობას? - ამ კითხვაზე სამშენებლო კომპანიებს პასუხი არ აქვთ. ახლა რასაც 2-3 მლნ რუბლად ჰყიდიან, ორი წლის წინ არავის უნდოდა. ამაში მდგომარეობს გადახურების არსი“, - ამბობს მაქსიმ კაცი, რომლის თქმითაც, ომის ეკონომიკის მიერ გაცემული სახელმწიფო ფული ქმნის სამუშაო ადგილებს, რომლებიც საბიუჯეტო ფულის გამოლევის ან ომის დამთავრებისთანავე გაქრობისთვისაა განწირული:
„განა ნორმალურია, როცა რესტორნები იხსნება იმის გამო, რომ დასახლებაში გაჩნდნენ ქვრივი ქალები, რომლებსაც საბანკო ანგარიშებზე ქმრების დაღუპვის გამო სახელმწიფომ თანხები ჩაურიცხა? ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება! როდემდე შეძლებს ქვეყანა, ეკონომიკიდან ამოიღოს შრომის რესურსები, საწარმოო სიმძლავრეები და გადაიტანოს არამწარმოებლურ სექტორში, რომელიც ქმნის ხელოვნურ და ჭარბ მოთხოვნას. რამდენ „პენსიონერს“ აიტანს ქვეყანა? თუ ომი გაგრძელდება, რაც დრო გავა, მით უფრო გაიზრდება გადახურების მასშტაბი, რადგან დროთა განმავლობაში სულ უფრო გაიზრდება როგორც „პენსიონერებისთვის“ გადასახდელი თანხა, ასევე ისეთი საქონლის წარმოება (ან შეძენა), რომლებიც არ ქმნიან დამატებით ღირებულებას და, როგორც წესი, განადგურებისთვის არიან განწირული. ადრე თუ 200 ათასად მიდიოდნენ ომში, ახლა 2 მლნ-ს და მეტს იხდიან. ეს თავის მხრივ იწვევს მოთხოვნის ხელოვნურად გაზრდას, რაც იწვევს ფასებისა და, შესაბამისად, ინფლაციის გაზრდას, რაც სახელმწიფოს უბიძგებს კიდევ უფრო მეტი ხარჯების გაწევისკენ. ამ პროცესს, სანამ ომი გრძელდება, დასასრული არ აქვს. ვიდრე ბიუჯეტში ფულია, სახელმწიფო გაქაჩავს. ამის დაფინანსება გაზის და ნავთობის ფულით ხდება. ძნელი სათქმელია, როდის გამოილევა ფული. ეს საკითხი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ყველას ესმის, რომ რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობა არ არის ნორმალური“.
რა იქნება?
მაქსიმ კაცის თქმით, რაც უფრო გადახურებულია ეკონომიკა, მით უფრო რთული იქნება მისი ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება. ბიუჯეტს არ შეუძლია ამდენი კვაზიპენსიონერის შენახვა.
„შეიძლება ამოიწუროს რეზერვები, დაეცეს ნავთობის ფასი... თუ რუსეთის მთავრობა ვერ უზრუნველყოფს ამ ტიპის ხარჯების განუხრელად ზრდას, გადახურებული ეკონომიკა შეიცვლება ეკონომიკური კრიზისით: დაიხურება დრონების ქარხნები, მოსახლეობა ვერ გადაიხდის კრედიტებს და უმუშევრობის დონეც მკვეთრად მოიმატებს. ნამდვილი ეკონომიკა ვერ გაუმკლავდება ამდენ „პენსიონერს“. არა მხოლოდ სამხედრო ქარხნების პერსონალი დარჩება უმუშევარი, არამედ მასთან მიბმული მთელი რიგი სფეროების, მათ შორის მომსახურებისა. ყველა შეწყვეტს ბინების ყიდვას, კრედიტების დაფარვას. ყველაფერი დასრულდება ან საბანკო კრიზისით, ან ფულის ბეჭდვითა და ჰიპერინფლაციით, რადგან რუსეთში თითქმის ყველა ბანკი სახელმწიფოს საკუთრებაშია“, - ამბობს მაქსიმ კაცი.