რამდენიმე მოსაზრება იმაზე, თუ რა ფაქტორებმა განაპირობა არჩევნების შედეგი

სალომე ზურაბიშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი, მეხუთე პრეზიდენტად საქართველოს მოქალაქეებმა 1 მილიონ 147 ათას 627 ხმით აირჩიეს. 366 ათას 994 ხმით ნაკლები, ანუ 780 ათას 633 ხმა ერგო გრიგოლ ვაშაძეს, გაერთიანებული ოპოზიციის, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსულ საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს.

ერთი თვის შუალედში, პირველი ტურიდან მეორე ტურამდე, შეიძლება ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაიორმაგა მხარდამჭერთა რაოდენობა. გრიგოლ ვაშაძემ კი 180 ათასით მეტი მხარდამჭერის მობილიზება მოახერხა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე მოქალაქეები 10 %-იანი მატებით მივიდნენ. ხოლო, ძალიან მოკლედ თუ ვიტყვით, სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეს 20%-ით აჯობა.

რა პოლიტიკურმა ფაქტორებმა განაპირობა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები? მიუხედავად იმისა, რომ უკვე კარგა ხანია ლაპარაკობენ პოლიტოლოგები სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე და მათ გავლენაზე არჩევნების შედეგებზე, ისინი ფიქრობენ, რომ ამ ფაქტორების სიღრმისეულად გაანალიზებას დრო და შესწავლა სჭირდება. თუმცა, ამავე დროს, დარგის ექსპერტები მაინც ჩამოთვლიან რამდენიმე ასპექტსა და ფაქტორს, რამაც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს ხმათა საკმაოდ დიდი რაოდენობა არგუნა, საბოლოო გამარჯვება კი სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა.

ერთ-ერთი პირველი ფაქტორი, რომელიც პოლიტოლოგების აზრით, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების მიზეზი გახდა, ეს არის მმართველი გუნდის მხარდაჭერა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა. თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, ამ არჩევნებმა ისიც აჩვენა, რომ დღეს, საქართველოში, ფაქტობრივად, ყოველი მეორე ამომრჩეველი ოპოზიციურად არის განწყობილი და ამ არჩევნებზე მათმა ნაწილმა ჩრდილში დარჩენა ამჯობინა, რადგან მათთვის საარჩევნოდ წარმოდგენილი ოპოზიციური კანდიდატი ვერ აღმოჩნდა მისაღები. პოლიტოლოგთა თქმით, როგორც კი ქვეყანაში გაჩნდება მათთვის სასურველი კანდიდატი თუ ძალა და ამგვარი ახალი ძალის გაჩენის რეალური სურათი უკვე იკვეთება, სავსებით შესაძლებელია, რომ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველთა ხვედრითი წილი გაიზარდოს, რაც კიდევ უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის ხელისუფლებას ძალაუფლების დაკარგვის თვალსაზრისით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. პოლიტოლოგთა თქმით, ფაქტია, რომ ოპოზიცია ვითარდება და ეს პროცესი საპარლამენტო არჩევნებამდე არ შეჩერდება.

რა ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი რაოდენობის, 40%-ის მხარდაჭერა მოიპოვა, არ გახდა ეს საკმარისი არჩევნებში გამარჯვებისათვის? დარგის სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორს ჩამოთვლიან და ამ ჩამონათვალიდან ერთ-ერთი პირველი უკავშირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აქტიურობას და შიშს მისი და "ნაციონალური მოძრაობის" კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებისა.

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ამბობს: „ერთის მხრივ, მმართველი გუნდის მიერ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და მეორეს მხრივ, სააკაშვილის ჩართვები - აი, ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა ის, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა, გრიგოლ ვაშაძემ მაინც ვერ მოიპოვა ამ არჩევნებში გამარჯვება. მიხეილ სააკაშვილის სკაიპ-ჩართვებმა საზოგადოებაში გააჩინა არეულობის შიში. თუმცა, გუშინდელი დღის შემდეგ, ანუ არჩევნების დღის შემდეგ, ამომრჩეველს შესაძლოა გაუქრა კიდეც ეს შიში, რაც დაინახეს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია და გრიგოლ ვაშაძე არ დაემორჩილა სააკაშვილის მოწოდებას საყოველთაო დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ აქამდე, ეს შიშის ფაქტორი მართლაც მძლავრი იყო და ეს შედეგზეც აისახა“.

ამომრჩეველთა შიში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების გამო, შეიძლება ითქვას, რომ გაერთიანებული ოპოზიციის აქილევსის ქუსლად იქცა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ყოველ შემთხვევაში, პოლიტოლოგები ასე ფიქრობენ. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ზვიად აბაშიძე ამბობს, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩეველთა ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. თუმცა, კიდევ ერთი მიზეზი, რაზეც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს, ეს არის ის, რომ ოპოზიცია ვერ იქცა ერთიან, ცენტრალიზებულ ძალად, რომელიც უფრო უკეთ შეძლებდა საარჩევნო პროცესის წარმართვას და საზოგადოებისათვის სიახლის შეთავაზებას.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომლის გამოც გაერთიანებულმა ოპოზიციამ და მისმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ვერ მოიპოვა გამარჯვებისათვის საკმარისი ხმათა რაოდენობა, პოლიტოლოგთა აზრით, ეს არის გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ბიოგრაფია, რომელიც მათი თქმით, დატვირთულია მძიმე სახელისუფლებო გამოცდილებით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ნეგატიური პოლიტიკური გამოცდილების მიმართ მიუღებლობა შემცირებულია ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილში, სოციოლოგი, იაგო კაჭკაჭიშვილი თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ უარყოფითად განწყობილი ხალხის ხარჯზე და არა „ქართული ოცნების“ მიმართ დადებითად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე: „ამ არჩევნებით დასრულდა „შუა გაიკრიფას“ პარადიგმა და 2020 წლის არჩევნებისთვის აუცილებლად გაჩნდება ახალი ძალა. ამომრჩეველმა ძალიან მწარე გამოცდილება მიიღო „შუა გაკრეფის“ გამო და იმის გამო, რომ ამომრჩეველი ერთის ჯინაზე მეორეს აძლევს ხმას. ეს დასრულდება საპარლამენტო არჩევნებისთვის“.

რა არ ეყო გაერთიანებულ ოპოზიციასა და მის კანდიდატს არჩევნებში გამარჯვებისათვის? ამ კითხვაზე ფილოსოფოსი გიგი თევზაძე ასე პასუხობს: „იმ ამომრჩევლის გასაგონად, რომლებიც მმართველმა გუნდმა ფულითა და სხვა საშუალებებით მოისყიდა, ოპოზიციამ მათ გასაგონად არაფერი თქვა. ვერაფერი ითქვა იმის საპირწონედ, რომ ეს ადამიანები დაფიქრებულიყვნენ და ეთქვათ უარი მაგალითად, 50 ლარზე და სხვა შესაძლებლობებისთვის მიეცათ ხმა“.

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც მაგალითად, ამომრჩეველთა მეტმა ნაწილმა სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი, პოლიტიკის მეცნიერების პროფესორის, ალექსანდრე კუხიანიძის აზრით, შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს საგარეო ფაქტორს და ეს არის შიში იმისა, რომ გაერთიანებული ოპოზიციისა და მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის არჩევის შემთხვევაში, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად გამწვავდეს ვითარება რუსეთსა და საქართველოს შორის. თუმცა, მისივე თქმით, ეს კვლევისა და ანალიზის საგანია და ამის ხელაღებით მტკიცება ამ ეტაპზე, შეუძლებელია.

საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან 22 საათში, 29 ნოემბრის საღამოს, 18 საათზე, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა, მოითხოვა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და მხარდამჭერებს 2 დეკემბერს, პარლამენტის შენობის წინ შეკრებისკენ მოუწოდა.