რუსთავში, ტაბიძის ქუჩაზე, სიჩუმეა. ფართოდ შეღებულ რკინის ჭიშკართან კაცები დგანან. ირაკლის სიკვდილის ამბავი ოჯახმა გუშინ გაიგო. ბევრი არაფერი იციან. თავადაც ახლა აკოწიწებენ უკრაინიდან მიღებულ ინფორმაციას.
იციან, რომ მათი ოჯახის წევრის ცხედარი ფრონტის ხაზიდან გამოსვენებულია, მაგრამ საქართველოში როდის ჩამოასვენებენ, ამის შესახებ ჯერ ვერაფერი შეიტყვეს.
უკრაინაში მებრძოლი 25 წლის ირაკლი ქურციკიძე, თანამებრძოლების ინფორმაციით, 11 ნოემბერს დაიღუპა. მისი დაღუპვის ზუსტ ადგილს ჯერჯერობით არ ასახელებენ - „ოპერაცია, რომლის დროსაც ირაკლი დაიღუპა, ისევ გრძელდება. ამიტომ დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. დასრულდება ოპერაცია და მერე...“, - მეუბნება ირაკლის ახლო მეგობარი, უკრაინაში მებრძოლი ლაშა შერგელაშვილი: „ტანკს ესროლეს ჭურვი. ტანკი აფეთქდა და მისი ნამსხვრევი მოხვდა თავში. ადგილზე დაიღუპა“.
ირაკლი ქურციკიძე უკრაინაში, ომის დაწყებიდან მალევე წავიდა. 2022 წლის მაისში ის უკვე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთ დანაყოფში ირიცხებოდა.
ქართველი მებრძოლი პროფესიონალი სამხედრო, გორის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული იყო.
როგორც მისი დის ქმარი, ირაკლი ბერაძე გვეუბნება, პროფესიით გამნაღმველმა, აკადემიის დასრულების შემდეგ, ინსტრუქტორად გააგრძელა მუშაობა ვარკეთილის სამხედრო პოლიგონზე, მუშაობდა ვაზიანსა და გორშიც, თუმცა, უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე იქ წასვლა და რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტა:
„ოთხი ენა იცოდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდანაც ჰქონდა შეთავაზება, უწყებაში დარჩენას სთავაზობდნენ, მაგრამ უარი თქვა“, - ამბობს ირაკლი ბერაძე.
გარდაცვალებამდე ხუთი თვით ადრე, ივნისში, მორიგი სამხედრო ოპერაციიდან მომავალი ქართველი მებრძოლი დაიჭრა. მანქანა, რომელშიც ის და მისი თანამებრძოლები ისხდნენ, ჭურვზე აფეთქდა.
ლაშა შერგელაშვილი გვიყვება, რომ თავადაც სახეში დაჭრილმა ირაკლი ქურციკიძემ რამდენიმე თანამებრძოლს ადგილზევე გაუწია პირველადი დახმარება, შედარებით მძიმედ დაჭრილი სამხედრო კი ორი კილომეტრის მანძილზე ზურგით ატარა:
„თან ეს ხდებოდა სისტემატური დაბომბვის ქვეშ. იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც ირაკლი თვითონ გადაეფარა დაჭრილებს. ყველაფერი ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ამ დროს ირაკლისთან კონტაქტი დავკარგეთ. ყველა დაჭრილი გამოიყვანეს, დავიწყეთ ირაკლის ძებნა, მაგრამ ვერსად მივაგენით. ზოგმა გამოიტირა კიდეც, მაგრამ არ ვკარგავდი მისი პოვნის იმედს. რამდენიმეხნიანი ძებნის შემდეგ ირაკლი ერთ-ერთ თავშესაფარში დაჭრილი ვიპოვეთ“, - მიყვება ლაშა შერგელაშვილი, რომელმაც გამომიგზავნა ირაკლი ქურციკიძის მიერ GoPro კამერით გადაღებული ვიდეო.
ლაშა შერგელაშვილი ამბობს, რომ ვიდეო სწორედ იმ დღესაა გადაღებული, როცა ირაკლი და მისი თანამებრძოლები დაიჭრნენ. ვიდეოში ისმის ირაკლის ხმა, რომელსაც, ლაშა შერგელაშვილის აღწერით, დაჭრილი თანამებრძოლი მიჰყავს.
Your browser doesn’t support HTML5
დაჭრილი ირაკლი ქურციკიძე თანამებრძოლებმა ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა, იქ დარჩენის წინააღმდეგი იყო:
„დიდი წნეხის შემდეგ, იძულებული გავხადეთ დარჩენილიყო, მაგრამ კლინიკა მაინც დროზე ადრე დატოვა“.
სწორედ ამ დროს შეიტყვეს ირაკლი ქურციკიძის ამბავი ადგილობრივმა ჟურნალისტებმა და ტელეკომპანია „რადამ“ (უკრაინის პარლამენტის სატელევიზიო არხი) მის შესახებ სიუჟეტი მოამზადა.
ირაკლი თავად უყვებოდა უკრაინელ ჟურნალისტებს, როგორ დაიჭრნენ ის და მისი თანამებრძოლები, როგორ აღმოუჩინა მათ დახმარება და შემდეგ როგორ დატოვა კლინიკა. ჟურნალისტები ირაკლის ერთ-ერთ ბანაკში, ტყეში შეხვდნენ:
„ექიმი მეუბნებოდა, რომ კიდევ უნდა ვწოლილიყავი საავადმყოფოში, მაგრამ მე იქ წოლა აღარ შემეძლო... აი, ახლა ხომ ვსხედვართ აქ და არაფერს ველით, მაგრამ უცებ, ყველაფერი შავდება, ყველა ყვირის... წინ და უკან დავრბოდი... როცა ხედავ, რომ ადამიანს ზურგი აქვს დაზიანებული, ის არ უნდა გაანძრიო, ამიტომ მათთვის ადგილზე მიმქონდა წყალი. ჩვენს უკან კიდევ ერთი მანქანა მოდიოდა. მართალია, ჩვენი მანქანა აფეთქდა, მაგრამ განცდა მქონდა, რომ აი, ჩვენს უკან მანქანა მოდის, დაჭრილებს ტურნიკეტებს გადავუჭერთ და მეორე მანქანით გავალთ სამშვიდობოს, მაგრამ ის მანქანაც აფეთქდა“, - უყვებოდა ირაკლი უკრაინელ ჟურნალისტებს.
Your browser doesn’t support HTML5
ლაშა შერგელაშვილი ირაკლის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ელაპარაკა. შეთანხმდნენ, რომ საბრძოლო ოპერაციიდან დაბრუნების შემდეგ, მათ ირაკლის სამომავლო პოზიციები და გეგმები უნდა განეხილათ. ამბობს, რომ ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში, ირაკლი ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა, თუმცა, მისი მეგობრები და თანამებრძოლები თვლიდნენ, რომ ქართველი გამნაღმველის პროფესიონალიზმი სხვა პოზიციაზე უფრო საჭირო და მნიშვნელოვანი იყო და სურდათ, რომ ირაკლი კვლავ ძველ პოზიციას დაბრუნებოდა:
„ირაკლი აგვისტოში შვებულებით წავიდა საქართველოში. უკან დაბრუნების შემდეგ კი სხვა დანაყოფში გადავიდა, ფრონტის წინა ხაზზე. ჩვენ მას ყოველთვის ვეუბნებოდით, რომ ის გვჭირდებოდა არა როგორც წინა ხაზზე მებრძოლი, არამედ მისი შესაძლებლობები გაცილებით მნიშვნელოვანი იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც შემდეგ ფრონტის წინა ხაზზე უნდა გასულიყო. ირაკლი განაღმვის სამუშაოებს ასრულებდა. მისი სამუშაო მოითხოვდა განსაკუთრებულ კონცენტრაციას და გამბედაობას.
არ ვიცი, რამხელა მამაცობაა საჭირო, როცა იცი, რომ მტერი გიყურებს, შენ ტრიალებ მათ წინ და იწყებ განაღმვით სამუშაოებს, ის ყოველთვის აკეთებდა ამას. აკეთებდა უბადლოდ. ისეთი მამაცი ადამიანებიც კი, რომლებიც შეტევაზე შედიან, აღფრთოვანებულები იყვნენ მისით“...
როგორც ლაშა შერგელაშვილი გვიყვება, ირაკლი ხშირად საუბრობდა თავის სამომავლო გეგმებზე, იმაზე, თუ რას გააკეთებდა ომის დასრულების შემდეგ:
„როდესაც ვაფრთხილებდით, რომ მას არ მოეთხოვებოდა თავგანწირვა და ის ცოცხალი გვჭირდებოდა ჩვენც და ჩვენს ქვეყანასაც, ასეთ რამეს გვპასუხობდა ხოლმე, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ რაც შეიძლება მეტი გამოცდილება შევიძინო და შემდეგ ეს ცოდნა ჩემს ქვეყანას მოვახმაროო. აპირებდა, რომ აქ მიღებული ცოდნა გაეზიარებინა ახალი თაობებისთვის, ახალბედა სამხედროებისთვის. გარდა ამისა, გეგმავდა, რომ ომის დასრულების შემდეგ, უკრაინაში კიდევ დარჩენილიყო რამდენიმე ხანი და უკრაინელ სამხედროებს მათი ტერიტორიების განაღმვაში დახმარებოდა... ალბათ არასდროს შევხვედრივარ ასეთ დაუზარელ, ასეთ კეთილშობილ ადამიანს, გულს რომ ამოიღებდა და მოგცემდა“...
2022 წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებს, საომარ მოქმედებებში 56 ქართველი მოხალისე დაიღუპა. მათ შორის რამდენიმე მებრძოლის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მათი ცხედრები რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩება.
ასევე ნახეთ
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები - 2022-2024