საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 17 აპრილს კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ნიკოს ანასტასიადისის ავლაბრის სასახლეში, პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაში უმასპინძლა.
ცერემონია ყველა შესაბამისი წესის მიხედვით გაიმართა - საქართველოსა და კვიპროსის სახელმწიფო ჰიმნების გაჟღერების შემდეგ პრეზიდენტებმა საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი, ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს და ხელშეკრულებების საზეიმოდ გაფორმებამდე გაფართოებული სხდომაც გამართეს.
Your browser doesn’t support HTML5
მოკლედ, ავლაბრის სასახლე დღეს კვლავ ჩვეულ ამპლუაში, პრეზიდენტის განკარგულებაში იყო, თუმცა შეცვლილი სახელით - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, პრეზიდენტის ავლაბრის ყოფილი რეზიდენცია ამჟამად სახელმწიფო ცერემონიების სასახლეა. თუმცა როგორც ირკვევა, ოფიციალურად ეს ასე არ არის.
ცერემონიების სასახლე ოფიციალურად არ არსებობს
პრეზიდენტის ავლაბრის ყოფილი რეზიდენცია ოფიციალურად ჯერ ისევ პრეზიდენტის რეზიდენციაა. იგი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის ადგილსამყოფელი, გრიფით საიდუმლო ობიექტი, სასახლე წინა ორი პრეზიდენტის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა გადაცემული. ასეა ახლაც.
მას შემდეგ, რაც რეზიდენცია ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დატოვა, პრაქტიკულად ცარიელ შენობაში მხოლოდ დაცვის თანამშრომლები ტრიალებენ. პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ავლაბრის სასახლეში ფაქტობრივად აღარ არიან.
ეს მოცემულობა შესაძლოა შეიცვალოს მას შემდეგ, რაც სასახლის სტატუსი საბოლოოდ გაირკვევა. ჯერჯერობით კი მას სტატუსი არ აქვს.
ავლაბრის სასახლის ცერემონიებისთვის გამოყენების შესახებ მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება არსებობს. მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, ამ შეთანხმებას საფუძველს არავითარი განკარგულება არ უმყარებს.
ასევე ნახეთ პოლიტიკის გამო "დასჯილი" შენობებიპრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის სამომავლო დანიშნულების დეტალებზე მუშაობს სპეციალური კომისია, რომელიც პარლამენტში შეიქმნა. კომისიაში დეპუტატებთან ერთად შედიან ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენლები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლაშა ჟვანიამ ამ ცოტა ხნის წინ მედიას განუმარტა, რომ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ ავლაბრის რეზიდენციის ძირითად ნაწილს ცერემონიების სასახლე დაერქმევა. შენობის ადმინისტრაციულ ნაწილში კი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის განთავსებაზე მიდის მსჯელობა.
სალომე ზურაბიშვილი და ცერემონიების სასახლე
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სახელით ე.წ. „სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში“ პირველი ღონისძიება 9 აპრილს შედგა. პრეზიდენტმა სასახლეში მიღება გამართა. მას კვიპროსის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დაახლოებით ერთ კვირაში მოჰყვა. სახელმწიფო სტრუქტურებიდან ცერემონიების სასახლეს ჯერ მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იყენებს.
ის,რომ სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურ მიღებებს ავლაბრის რეზიდენციაში გამართავდა და ერთის ნაცვლად, პრაქტიკულად ორ სასახლეში იმუშავებდა, ძნელი წარმოსადგენი იყო საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მისი განცხადებებიდან ამომრჩევლისთვის ცალსახად ნათელი იყო, რომ იგი უარს ამბობდა ავლაბრის რეზიდენციაზე და ორბელიანების სასახლეში აპირებდა განთავსებას.
„მე ვთვლი, რომ აურა, რომელიც არის პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მე არ მიხდება, არც აურა და არც ჰავა. ორბელიანების სასახლე ბევრად უფრო უხდება ქვეყანას, ვიდრე ფსევდორაიხსტაგი, მიშას მიერ მოფიქრებული“,- ასეთი იყო, მაგალითად, მისი ერთ-ერთი კომენტარი, რომელიც ამომრჩეველმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მოისმინა.
პრეზიდენტის წინადადება იყო ასევე ავლაბრის სასახლეში საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის განთავსება.
თუმცა, გაპრეზიდენტებისა და ათონელის რეზიდენციაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გახანგრძლივების ფონზე, სალომე ზურაბიშვილის რიტორიკა ნაწილობრივ შეიცვალა. კერძოდ, არჩევნების შემდეგ, იგი ავლაბრის რეზიდენციის მაღალი რანგის ვიზიტების მასპინძლობისთვის გამოყენების მომხრე გახდა.
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის მომავალზე კი „ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა. საუბარი იყო რეზიდენციაში მთავრობისა თუ საკონსტიტუციო სასამართლოს განთავსებაზე, მის ხელოვნების მუზეუმად ან კულტურულ სივრცედ გამოყენებაზე, რესპუბლიკის სასახლედ გადაკეთებაზე და სხვა.
„ქართულ ოცნებაში“ რეზიდენციის მომავლის თემაზე გამართული შეხვედრების შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში კულტურის ეროვნული ცენტრისა და სამუზეუმო სივრცის განთავსების მომხრე იყო.
საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის შენახვა ყოველწლიურად დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი ჯდებოდა. ამ თანხაში თითქმის მესამედი კომუნალურ ხარჯებზე მოდიოდა. ხელისუფლება საზოგადოებას სწორედ ამ დიდ ხარჯებზე მიანიშნებდა მაშინაც, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში გადასვლა გადაწყვიტა და მაშინაც, როდესაც მთავრობამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თითქმის 10 მილიონიანი ბიუჯეტი, 6 მილიონამდე შეამცირა. შეუმცირდა თუ არა ამით ხარჯი ამომრჩეველს, ჯერ უცნობია. ცერემონიების სასახლემ ჯერ მხოლოდ ორჯერ უმასპინძლა პრეზიდენტს.