კახეთის რეგიონში ადგილობრივი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მარნეულთან შესაძლო კონტაქტების კვლევა დაიწყეს მას შემდეგ, რაც კორონავირუსით COVID-19 მარნეულელი ქალის დაინფიცირება შიდა გავრცელებად ჩაითვალა. პარალელურად ირკვევა, რომ კახეთში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების ნაწილი მათთვის გასაგებ ენაზე არ არის ინფორმირებული საქართველოში არსებულ ვითარებაზე, აუცილებლად შესასრულებელ რეკომენდაციებსა და აკრძალვებზე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინფორმირების სპეციალური ზომების მიღება მხოლოდ ახლა დაიწყო.
მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევის დადასტურების შემდეგ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება გადაიტანეს კახეთში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებზე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის თქმით, სოფლებში, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს, ოჯახის ექიმებს მითითება მიეცათ, რომ ნებისმიერ საეჭვო პაციენტთან დააზუსტონ მათი კავშირი მარნეულთან და ამ მუნიციპალიტეტში მგზავრობის ისტორია.
ასევე ნახეთ ჩაკეტილი ზონა„განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს გადატანილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოზე. როგორც მოგეხსენებათ, აქ ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები და მათ აქტიური კონტაქტები აქვთ მარნეულთან, ამიტომ საგარეჯოს საზოგადოებრივ ცენტრს მიღებული აქვს მკაცრი რეკომენდაციები, აღრიცხონ და მოიძიონ ადამიანები, თუკი ისინი კონტაქტში იყვნენ მარნეულში მცხოვრებ ადამიანებთან. რეკომენდაცია მივეცით ლაგოდეხის და თელავის ჯანდაცვასაც, სადაც ასევე ეთნიკური აზერბაიჯანელების კომპაქტური დასახლებებია“, - ამბობს ნელი ხიზანიშვილი.
როგორც ირკვევა, კახეთში მცხოვრები, საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების ნაწილი, რომელმაც ქართული ენა არ იცის, კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ძირითადად, აზერბაიჯანული და თურქული მედიით იღებს. ეს დაგვიდასტურა რამდენიმე რესპონდენტმა, მათ შორის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კაბალის თემში მცხოვრებმა ჯაფარ ისაევმა. კაბალის თემში, რომელიც 4 სოფელს აერთიანებს, 9 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ჯაფარ ისაევი გვეუბნება, რომ მოსახლეობის ნაწილი აზერბაიჯანული მედიით მეტნაკლებად ინფორმირებულია, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და აკრძალვები არსებობს. ჯაფარ ისაევი წუხს, რომ ადგილობრივ მეჩეთებში ლოცვა გრძელდება, რაც შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს.
კაბალის მსგავსად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალაც მთლიანად აზერბაიჯანული თემითაა დასახლებული. სოფელში 5000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ყარაჯალაში თელავის მერის წამომადგენელი შალვა ახმედოვი ამბობს, რომ თავად ცდილობს მოსახლეობის ინფორმირებას და ქუჩაში მყოფ ადამიანებს რეკომენდაციებს აძლევს, დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები და მოერიდონ სახლიდან გასვლას.
როდის და როგორ გეგმავს ადგილობრივი ხელისუფლება ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების ინფორმირებას საქართველოში დაწესებულ შეზღუდვებსა და აუცილებლად შესასრულებელ რეკომენდაციებზე? დღეს ლაგოდეხის მერიაში ამ თემაზე სასაუბროდ ვერ მოიცალეს. თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა კი გვითხრა, რომ სოფელ ყარაჯალაში აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი ბუკლეტების დარიგება ხვალიდან დაიწყება და ქუჩებში იმოძრავებს ავტომობილი, გახმოვანების სისტემით და მოსახლეობას აზერბაიჯანულ ენაზე გააცნობენ რეკომენდაციებსა და დაწესებულ აკრძალვებს.
ასევე ნახეთ საგანგებო მდგომარეობის წესები - შეზღუდვები და შეღავათებიარასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი და დაიწყოს ინტენსიური საინფორმაციო კამპანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე. არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, სადავო არ არის, რომ როგორც ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ისე სომეხი თანამოქალაქეებით დასახლებულ რეგიონებში ენობრივი ბარიერი და ინფორმაციაზე წვდომა დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ აუცილებლად მიიჩნევს სამთავრობო ვებსაიტზე stopcov.ge ინფორმაციის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე განთავსებასაც.