რამდენ პატიმარს გაათავისუფლებს ამნისტია და როგორ შეეხება ის უვადო პატიმრებს?

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ავტორის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის გათვლებით, ამნისტიის შედეგად საპატიმრო დაწესებულება დაახლოებით 1000-მა პატიმარმა უნდა დატოვოს. ჯამში რამდენ პირს შეეხება ჰუმანურ აქტად წოდებული ამნისტია, ეს მისთვის, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, ამ ეტაპზე, არც ის იცის, შეეხება თუ არა ამნისტია წლების განმავლობაში, ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე მსჯავრდებულ პირებს. ამბობს, რომ ამ მიმართულებით არ დაინტერესებულა, ასეთი ტიპის სამუშაო არ ჩაუტარებია და ეჭვობს, რომ ამნისტიის პროცესში „წამოტივტივდეს ე.წ. გახმაურებული საქმეები“.

მიხეილ სარჯველაძის ინიციატივით შექმნილი ამნისტიის პროექტი აერთიანებს სისხლის სამართლის კოდექსის იმ 44 მუხლს, რომელიც ამნისტიას დაექვემდებარება. მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ეს მუხლები ძირითადად მოიცავს ნაკლებად საშიშ დანაშაულებს. უფრო ზუსტად კი ამბობს, რომ ამნისტიის პროექტზე მომუშავე ჯგუფი შეეცადა, „მოეჩხრიკა მაქსიმალურად არაძალადობრივი და ნაკლებად საშიში დანაშაულებები“.

ამნისტიის პროექტის თანახმად, ასეთ დანაშაულებად ჩაითვალა, მაგალითად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში; შრომის დაცვის წესის დარღვევა; ფალსიფიკაცია; პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვა; გულგრილობა; ხულიგნობა; სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა; უკანონო თევზჭერა; ნადირობა.

ადვოკატები და უფლებადამცველები 2020 წლის ამნისტიის კანონპროექტს „შეზღუდულს“, „ჩარჩოებში მოქცეულს“, „არასაყოველთაოსა“ და „არაფართომასშტაბიანს“ უწოდებენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, თვლიან, რომ პოლიტიკური ნება, რომელიც მმართველმა გუნდმა ამ ჰუმანური აქტის განსახორციელებლად გამოხატა, მაინც მისასალმებელია.

თავად კანონპროექტის ავტორი კი თვლის, რომ დაგეგმილი ამნისტია, რომელიც 1000-მდე ადამიანის საპატიმროდან გათავისუფლებას ითვალისწინებს, ნამდვილად ფართომასშტაბიანია:

„სიმართლე გითხრათ, ვერ ვიტყვი, რას ნიშნავს საყოველთაო ამნისტია. უფრო ლოგიკურია, რომ ამნისტიასთან მიმართებით გამოვიყენოთ სიტყვა ფართომასშტაბიანი ან მცირემასშტაბიანი. თუკი ამნისტია ეხება 500 მსჯავრდებულზე ნაკლებს, ამას შეიძლება ვუწოდოთ მცირემასშტაბიანი და 500-ზე ზევით, ეს უკვე ფართომასშტაბიანი ამნისტიაა. საქართველოსხელა ქვეყნისთვის, ეს პატარა ამნისტია ნამდვილად არ არის“.

2012 წელს, ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებული მასშტაბური ამნისტიის ფონზე, საპატიმრო დაწესებულებები დატოვა 8553-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა. იმ დროისათვის, ქვეყნის მასშტაბით პატიმრების რაოდენობა 23 ათასს სცილდებოდა.

2020 წლის 16 დეკემბრის მონაცემებით, რომელსაც რადიო თავისუფლებას სპეციალური პენიტენციური სამსახური აწვდის, საქართველოში 9213 პატიმარია. 2018 წლის „პატიმრობის ინდექსის თანახმად“, საქართველო ევროპაში პატიმრების რაოდენობით მეორე ადგილზე იმყოფებოდა და ის მხოლოდ რუსეთს ჩამორჩებოდა, 100 ათას მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით.

2012 წლის შემდეგ, საქართველოში მასშტაბური ამნისტია აღარ განხორციელებულა. ამ წლების განმავლობაში, არაერთი საინიციატივო ჯგუფი მუშაობდა ამნისტიის პროექტზე, თუმცა, არცერთი მათგანი პარლამენტში განხილვებამდე არ მისულა.

ერთ-ერთი ბოლო და ყველაზე აქტიური კამპანია, რომელიც ამნისტიის მოთხოვნით მიმდინარეობდა, ეს იყო კამპანია „შემახე ამნისტია“. ადვოკატები და პატიმრების ოჯახების წევრები, თვეების განმავლობაში მართავდნენ აქციებს საკანონმდებლო ორგანოს წინ ამნისტიის მოთხოვნით.

კამპანიის ინიციატორი, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ერთი მხრივ, დადებითად აფასებს მმართველი გუნდის მიერ პარლამენტში დარეგისტრირებულ ამნისტიის პროექტს, მეორე მხრივ კი, ამბობს, რომ პროექტის ავტორებმა არ გაითვალისწინეს პატიმართა ოჯახის წევრების მოთხოვნები და ამნისტიის პროექტში იმ ტიპის მუხლები ჩაწერეს, რომლებითაც საქართველოს საპატიმროებში სასჯელს ან საერთოდ არ იხდიან, ან ძალიან ცოტა პატიმარია გასამართლებული ამ მუხლებით. ამიტომ ის ვარაუდობს, რომ ამნისტიის შედეგად, საპატიმროებს მხოლოდ 500-მდე პატიმარი თუ დატოვებს:

„ჩვენ აქტიურად ვიბრძოდით, რომ ამნისტია მიეღო პარლამენტს. რაკი დღეს უკვე გაჩნდა პოლიტიკური ნება, ეს ძალიან კარგია, თუმცა, ვფიქრობ, რომ ახლა უკვე ძალიან დიდი სამუშაოა გასაწევი იმისათვის, რომ საბოლოოდ სრულყოფილი ამნისტია გვქონდეს. ის 44 მუხლი, რომელიც კანონპროექტშია ასახული, არ გამოხატავს პატიმრებისა და პატიმრების ოჯახის წევრების ნებას. რატომ? იმიტომ, რომ, მაგალითად, ამ 44 მუხლში შესულია ისეთი მუხლები, როგორიც არის უკანონო თევზჭერა, სანადირო იარაღის შენახვა, სადაც საერთოდ პატიმრობა არ არსებობს. ასევე, თუკი შევეხებით ნარკოდანაშაულის შესახებ მუხლს, 260-ე მუხლს, ამნისტია შეეხება ამ მუხლით გათვალისწინებულ მხოლოდ პირველ სამ ნაწილს. ჩვენი პოზიციაა, რომ ამნისტიის პროექტში აუცილებლად დაემატოს სხვა მუხლები და ის ნაწილები, სადაც ადამიანები რეალურად იხდიან სასჯელს და პროექტში არ დარჩეს მხოლოდ ბუტაფორიული ჩანაწერები. ეს არ არის საყოველთაო ამნისტია. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ ეს აქტი როგორმე საყოველთაო გავხადოთ“.

უფრო მეტი, დაახლოებით 800-მდე პატიმრის გათავისუფლების მოლოდინი აქვს უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს. ის ამბობს, რომ ამნისტიას „შეზღუდული ხასიათი აქვს“ და ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს „ხელისუფლება თავს იზღვევს“. მისი გამოთვლით, დაგეგმილი ამნისტია 260-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილით, ანუ ნარკოდანაშაულისათვის გასამართლებულ 670-მდე პატიმარს შეეხება. სწორედ ამიტომ მას აბსურდულად მიაჩნია ხელისუფლების ოპონენტების ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსალოდნელი ამნისტიით, მმართველი გუნდი „ხარკს უხდის“ იმ კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში:

„მოვისმინე პოლიტიკოსების შეფასებები ამნისტიასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება ვალშია კრიმინალებთან და ამიტომ იღებს ამ კანონს. კარგად ჩაიხედონ მათ პროექტში და ნახავენ, რომ ეს პროექტი ძირითადად შეეხება 260-ე მუხლის პირველი ნაწილებით გასამართლებულ ადამიანებს. ეს ამნისტია, ფაქტობრივად, მათზეა ორიენტირებული. ამნისტიის ეს პროექტი აჩვენებს, რომ სახელმწიფომ ერთგვარად ამნისტიის დაზღვეული პაკეტი შემოგვთავაზა, ანუ სახელმწიფომ დაიზღვია თავი. ვისურვებდი, რომ ეს ამნისტია უფრო ჰუმანური ყოფილიყო არასრულწლოვნებისა და ქალი მსჯავრდებულების მიმართ, უფრო გაფართოებულიყო და მოეცვა ისეთი ჯგუფები, რომლებიც განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ ხელისუფლების მხრიდან“.

ოპოზიციური სპექტრი დარწმუნებულია, რომ მმართველმა გუნდმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტით „წინასაარჩევნო ვალდებულებების გასტუმრება“ გადაწყვიტა. ასე ფიქრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილიც. მისი თქმით, პროექტში „ხელოვნურად არის დაჩეხილი მუხლები ისე, რომ ამნისტია არ შეხებოდა ბიძინა ივანიშვილისათვის არცერთ არასასურველ ადამიანს და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს“.

ეს შენიშვნა აქვს ამნისტიის პროექტის ავტორთან „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტს ეკა ქობესაშვილსაც. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, ამნისტიას საშუალება უნდა მიეცა მართლმსაჯულებისათვის, გაეთავისუფლებინა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან ბრალდებული პირები:

„ვგულისხმობ კარტოგრაფების საქმეს, გიორგი რურუას საქმეს, გვარამია-ოქრუაშვილის საქმეს... ამ საქმეებზე რომ ყოფილიყო გამოცხადებული ამნისტია, მაშინ ეს ამნისტია იქნებოდა დადებითად შესაფასებელი, თუმცა, ამ ეტაპზე, ფაქტია, რომ არცერთ გახმაურებულ საქმეს, არცერთ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს, ამნისტია არ შეხებია. ის მუხლები, რომლითაც აღძრულია ეს საქმეები, სამწუხაროდ, ჩამონათვალში არ არის. თუმცა, მიუხედავად ამისა, თავად პოლიტიკური ნება ამნისტიის განხორციელებისა, მაინც დადებითად უნდა შევაფასოთ, რადგან მას შემდეგ, რაც პანდემია გამოცხადდა, ჩვენმა ორგანიზაციამ არაერთი მოწოდება და რეკომენდაცია გასცა სახელმწიფოს მიმართ, რომ გამოცხადებულიყო ამნისტია და ნებისმიერი ფორმით მომხდარიყო პატიმრების გათავისუფლება. განსაკუთრებით იმ პატიმრების, რომლებიც ნაკლებად საფრთხის შემცველნი არიან საზოგადოებისთვის“.

ამ შენიშვნებსა და კრიტიკას პროექტის ავტორი, მიხეილ სარჯველაძე პასუხობს და ამბობს, რომ მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა:

„რა გამოდის, რომ იმის შიშით, ვინმემ არ თქვას, ვიღაცას ხარკს უხდიანო, ამნისტია არ უნდა გაგვეკეთებინა? სწორედ ეს იქნებოდა ჩვენი მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იმ ადამიანებისადმი, რომელთაც აქვთ საშუალება, რომ ამ ამნისტიით სამომავლო პერსპექტივა გაუჩნდეთ“.

უვადო პატიმრები და ამნისტია

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც 2020 წლის ამნისტიის პროექტშია გათვალისწინებული, შეეხება უვადო პატიმრებს. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის ამნისტიის შესახებ კანონში მითითებული იყო, რომ, კანონის თანახმად, სასჯელის ერთი-მეოთხედით შემცირება ეხებოდა ყველა მსჯავრდებულს, ეს პირობა არ შეეხოთ უვადო პატიმრებს, რადგან იქიდან გამომდინარე, რომ მათი სასჯელის ვადა არ იყო განსაზღვრული, ანუ უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა, შესამცირებელი ვადის დაკონკრეტება ვერ ხერხდებოდა.

მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ახალი ამნისტიის კანონპროექტში ეს ხარვეზი გათვალისწინებული იქნება:

„ამნისტია უვადო პატიმრების შესახებ ორ ნაწილად უნდა დავყოთ. პირველი - საპატიმროში გვყავს სამი უვადო პატიმარი, რომლებსაც ნარკოდანაშაულისთვის აქვთ შეფარდებული უვადო სასჯელი. ამ ამნისტიით, მათთვის ჩნდება პერსპექტივა, რომ სამუდამო პატიმრობა შეეცვლებათ 20-წლიანი პატიმრობით. თუმცა, ცხადია, ისინი კონკრეტულ კრიტერიუმებს და პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს უკვე გულისხმობს ზოგადად უვადო პატიმრებსა და დაგეგმილ რეფორმას. დღეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ სასამართლოს შეუძლია შეცვალოს სასჯელი, ანუ უვადო პატიმრობა შეცვალოს კონკრეტული ვადის დაწესებით. თუმცა, აქამდე არ არსებობდა მკაფიო კრიტერიუმები და ეს კანონმდებლობა, ფაქტობრივად, არ ყოფილა გამოყენებული, რაც ნამდვილად არ არის საუკეთესო ევროპული მიდგომა და მაგალითი. სწორედ ამიტომ, ჩვენ შემოგვაქვს მკაფიო კრიტერიუმები, თუ რა შემთხვევაში და როგორ შეუძლია პირს, მოითხოვოს სასამართლოსგან უვადოდ დანიშნული სასჯელის შეცვლა ვადიანი სასჯელით. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შედგება სამი კანონპროექტისგან: პირველი ეს არის კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, მეორე და მესამე კანონპროექტები კი შეეხება სისხლის სამართლის კოდექსსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს. ამ კანონპროექტებში კონკრეტულად განისაზღვრება ის კრიტერიუმები და პროგრამა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, პირს შეეძლება მიმართოს სასამართლოს, რომ შეიცვალოს სასჯელი და, შესაბამისად, იქ უკვე დაზარალებულისა და სხვა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, მიიღება გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ, შეიცვლება თუ არა სამუდამო პატიმრობა ვადიანი პატიმრობით“.

როგორ შეეხებათ ამნისტია გახმაურებულ საქმეებზე ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს?

ამნისტიის პროექტში არსებულ კიდევ ერთ აქცენტზე ამახვილებს ყურადღებას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ეკა ქობესაშვილი. ის ეხება ამნისტიის პროექტის ერთ-ერთ პუნქტს, სადაც მითითებულია, რომ ძალადობის მუხლის, ანუ 126-ე მუხლის შემთხვევაში, პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება მხოლოდ დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში. პროექტში ჩადებულ ამ პირობას ადვოკატი დადებითად აფასებს და მაგალითად მოჰყავს ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სწორედ 126-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ საქმეში ეკა ქობესაშვილი დაზარალებულის ადვოკატია:

„ოთარ ფარცხალაძე, 126-ე მუხლით არის ბრალდებული. ეს ამნისტია, წესით, მასაც უნდა შეეხოს, თუმცა, მას ამნისტია შეეხება მხოლოდ დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში. ფარცხალაძეს ბრალი ედება მაშინდელი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე. კარგია, რომ ამნისტია ამ შემთხვევაში გაითვალისწინებს დაზარალებულის პოზიციასაც. ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის კონფლიქტი 2017 წლის მაისში მოხდა თბილისში, ღამის კლუბ „ელ ცენტროში“.

უფლებადამცველები და ადვოკატები იმედს გამოთქვამენ, რომ მას შემდეგ, რაც ამნისტიის პროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში გადაინაცვლებს, რეკომენდაციების საფუძველზე მასში გარკვეული ცვლილებები შევა და ამით „კიდევ უფრო ჰუმანური“ გახდება ინიცირებული ამნისტიის პროექტი.

ამის იმედი აქვს „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე ბრალდებული დების, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატს, მარინე ცუცქირიძესაც. მიუხედავად იმისა, რომ დები საპატიმროში სასჯელს იხდიან ამნისტიაში გათვალისწინებული 180-ე მუხლის, ანუ თაღლითობის ბრალდებით, ამნისტია ითვალისწინებს ამ მუხლის მხოლოდ პირველ ნაწილს, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ მოცემულობით მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამნისტია არ უნდა შეეხოს:

„რუსუდანს მარტში გასდის საპატიმრო ვადა. თუმცა, მაია რჩეულიშვილს კიდევ სამი წელი აქვს დარჩენილი. ამნისტიის ავტორი ამბობს, რომ შესაძლოა, პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდეს, თუკი, მაგალითად, 180-ე მუხლს დაემატება მეორე და მესამე ნაწილიც, მაშინ, შესაძლოა, ამნისტია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებსაც შეეხოთ. აღსანიშნავია, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით საპატიმროში სასჯელს თითქმის არც არავინ იხდის და მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს. ამიტომ, რაკიღა ჰუმანურ აქტზე ვლაპარაკობთ, მაშინ ამნისტია უნდა მოიცავდეს იმ მუხლებსაც, რომლებითაც ადამიანები რეალურად იხდიან სასჯელს“.

მხოლოდ ამნისტიის კანონის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტში ჩამოთვლილი მუხლებით ბრალდებული ან დაპატიმრებული ადამიანები გათავისუფლდებიან. კანონი ადგენს შემდეგ პროცედურებს:

ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის ამნისტიის გადაწყვეტილებას გამოძიების ეტაპზე იღებს პროკურორი, სასამართლო განხილვის სტადიაზე კი - შესაბამისი სასამართლო;

მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის ამნისტიის გადაწყვეტილებას განხილვის ეტაპზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო დასრულებული საქმისწარმოების შემთხვევაში - თავდაპირველი განაჩენის გამომტანი სასამართლო.

კანონპროექტის თანახმად, ამნისტიის აქტი გავრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.

ამასთან, გათვალისწინებულია იმ ჯარიმებზე ამნისტიის გავრცელებაც, რომელთა ამსახველი სასამართლოს აქტები მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის აღსრულება ამ დროის განმავლობაში არ მომხდარა ან არასრულად მოხდა. ასეთ შემთხვევაში, ამნისტია გავრცელდება ამნისტიის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც არ არის აღსრულებული.

გარდა ამისა, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც გავრცელდება კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

ამნისტიის მოქმედება გავრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინა.