„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორ რამაზ გერლიანისთვის ცხადია, რომ პოლიტიკური დესტაბილიზაცია იწყება ეკონომიკური არამდგრადობითა და სიდუხჭირით:
„ჩვენს ქვეყანას რაც შეეხება, რასაკვირველია, უმთავრესი მიზეზი ეს არის ამ პოლიტიკური მუხტისა, ვინაიდან ამდენი წლის განმავლობაში მოქალაქეებმა ვერ მიიღეს ისეთი ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს მათ ღირსეულ ცხოვრების დონეს. შესაბამისად, ეს მუხტი არის კულმინაციურ დონეზე.
ამის შემდგომ ნებისმიერი, თუნდაც პოლიტიკური საკითხი უკვე დამატებითი ფაქტორის როლს ასრულებს იმისთვის, რომ მოქალაქეები გამოვიდნენ ქუჩაში, გააპროტესტონ თუნდაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ოჯახში, პირად საუბრებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ასე შემდეგ“.
რამაზ გერლიანი ხაზს უსვამს იმას, რომ ბოლო წლების საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში პრობლემების პირველ ათეულში უმრავლესობა არის ეკონომიკური და პირველი სამეულიც ეკონომიკური ხასიათისაა.
„თითქოს რა უნდა იყოს ოკუპაციაზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ მანაც ჩამოინაცვლა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ქვემოთ. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია არის ძალიან მძიმე და ამიტომაც სჭირდება მთავრობას ძალიან დიდი გულისყურით ამ ყველაფრის მიღება და როგორც არასდროს, რაღაც გადაწყვეტილებების დაანონსება მაინც პირველ ეტაპზე, სწორი გადაწყვეტილებების, რა თქმა უნდა“.
„დილის საუბრების“ სტუმარი ეხმაურება „ქართული ოცნების“ ლიდერის ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ საკმარის სამუშაო ადგილებს საქართველოს ეკონომიკა 20 წელიწადშიც ვერ შექმნის:
„რეალობა ესაა, ორ მილიონ სამუშაო ადგილს ვერც 10 და ვერც 20 წელიწადში ვერანაირი ეკონომიკა საქართველოში ვერ შექმნის, ამიტომ, სპეკულაციებს თავი უნდა დავანებოთ და ხალხს ღირსება დავუბრუნოთ“, - განაცხადა 28 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა.
„რახან ახლა ამბობს, თავი დავანებოთო, გამოდის, რომ აქამდე ყველა მათ მიერ შემოთავაზებული პროგრამა ყოფილა სპეკულაცია“, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში რამაზ გერლიანი და ასევე შენიშნავს, რომ ინტერვიუში არ იყო შემოთავაზებული ეკონომიკის განვითარების რეალური გეგმა, მოქალაქეების ევროპაში გამგზავრების დაფინანსება კი სახელმწიფოს საქმე არ არის:
„რასაკვირველია, შეიძლება ხალხი მართლა წავიდეს ევროპაში, თუმცა ეს არ არის გამოსავალი. ეს არ არის სახელმწიფოებრივი ხედვა. მით უმეტეს, მმართველი პარტიის მესაჭე ამას არ უნდა ამბობდეს, მინიმუმ“.
„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტს სჯერა, რომ სწორი გადაწყვეტილებებითა და რეალური ნაბიჯებით ვითარების შეცვლა რამდენიმე თვეშიც არის შესაძლებელი.
რამაზ გერლიანი კვლავაც იმეორებს, რომ სახელმწიფოს ხელში დარჩენილი აქტივების სწრაფი პრივატიზაციის გარეშე, შეუძლებელია საგრძნობი ეკონომიკური წინსვლის მიღწევა:
„არის ჩვენს მიერ შემუშავებული კონკრეტული პროგრამა. არ ვიცი, ბატონი ივანიშვილი რატომ არ იცნობს ამ პროგრამას. ვფიქრობ, იცნობენ, მაგრამ რატომღაც არ ყოფნით გამჭრიახობა, რომ მისი ეფექტები გაისიგრძეგანონ. სამწუხაროდ, მიწევს ამის ასე თამამად თქმა, რადგან სხვაგვარად წარმოუდგენელია. როცა ლაპარაკობ დემოკრატიაზე, მისი განუყოფელი ნაწილია ეკონომიკური თავისუფლება. რომელ დემოკრატიაზეა ლაპარაკი, როცა ეკონომიკური არჩევანი გაქვს შეზღუდული და მერწმუნეთ, თუ ეკონომიკურ თავისუფლებას ვერ მიიღებს ქვეყანა, ამ დემოკრატიულ მონაპოვარსაც დაკარგავს.
უნდა იაქტიუროს საკანონმდებლო ორგანომ. მან ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფოს ხელში დარჩენილი აქტივები ფორმირდეს კერძო საკუთრებად, სწრაფად მოხდეს პრივატიზება და, შესაბამისად, უკვე აქედან შეგვიძლია დავიწყოთ ეკონომიკის აღმასვლა. სწორედ ეს არის მთავარი ეკონომიკური თავისუფლების მიმართულებით.
თუ კერძო საკუთრება არ არის ფორმირებული, მუდმივად გექნება დაბალი ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც უნდა მაღალი შედეგი დააფიქსირო ინდექსებში (იმავე Doing Business-ში, მაგალითად)“.
„დილის საუბრების“ სტუმარმა ილაპარაკა აგრეთვე ლარის კურსის ვარდნაზე, ეროვნული ბანკის როლსა და გადადგმული ნაბიჯების ეფექტზე:
„მაღლა მიდის რეფინანსირების განაკვეთი. 8,5%-ზე არის ასული. ეს არის ბოლო ათი წლის განმავლობაში ისტორიული მაქსიმუმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ფული ძვირდება ქვეყანაში, ბანკებს როცა აკრედიტებს ეროვნული ბანკი, ამ პროცენტში გასცემს ის სესხს. შესაბამისად, ბანკმა თუ 8,5%-ში აიღო, მესამე პირს, მსესხებელს, ბიზნესსუბიექტსაც უძვირდება. შესაბამისად, ეს სიძვირე მე უნდა ავსახო პროდუქტში - ჩემს საქონელსა და მომსახურებაში უნდა ავსახო, რომელსაც ბაზარს ვაწვდი. ადგილობრივ დონეზე, რასაკვირველია, ეს გამოიწვევს ფასების ზრდას, ხოლო თუ კურსიც მიფუჭდება, ეს უკვე იმპორტსაც გააძვირებს. შესაბამისად, ეს ორივე თუ ხდება, ადგილი აქვს ინფლაციას. მეტი კი არაფერია ინფლაცია. ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთთან არის კავშირში.
ამიტომაც მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი მონეტარული ზღვრის გამოყენება, ამ შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს ვგულისხმობ, მისი აწევა არ არის გამოსავალი. მით უმეტეს, რომ ეროვნული ბანკი და მთავრობა ვერ უძლებენ ცდუნებას, რომ ლარის მასა არ გაზარდონ ეკონომიკაში. ერთი მხრივ, აწევს რეფინანსირების განაკვეთს და რამდენიმე დღეში მიაყოლებს რამდენიმე ასეულ მილიონს სესხად ბანკებში და ამით ზრდის ისევ ფულის მასას“.
რამაზ გერლიანი თვლის, რომ მსგავსი ინსტრუმენტებით მოქმედება გრძელ ვადაში ვერ უზრუნველყოფს ფასების სტაბილიზაციას და სხვა, კიდევ უფრო საზიანო შედეგამდეც მიიყვანს ქვეყანას:
„ასე თუ გაგრძელდა, ძალიან ცუდ მდგომარეობამდე მივალთ. პირველ რიგში, ვეღარ შევინარჩუნებთ ფასების სტაბილიზაციას და მოსახლეობას ეს მძიმედ დაარტყამს, მეორე - ვისაც კურსიდან გამომდინარე ვალდებულებები აქვს, მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება და მესამე, რაც ყველაზე ცუდია, ყველა ქვეყანა მიისწრაფვის ჰქონდეს დივერსიფიცირებული საგარეო ვაჭრობები, რომ არ იყოს ერთ ქვეყანაზე მიბმული.
თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდება, აბსოლუტურ უპირატესობას ფარდობითად მოიპოვებენ ის ქვეყნები, რომელთა ვალუტებიც არ არის სტაბილური. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ რუსეთს და თურქეთს. განსაკუთრებით, რუსეთს, რადგან მათი ვალუტა არ არის სტაბილური. შესაბამისად, მისი იმპორტი შეფარდებით უპირატესობას იძენს სხვა ცივილიზებული ქვეყნების იმპორტთან შედარებით და ჩვენ ვხდებით იმპორტდამოკიდებული სწორედ რომ რუსეთზე“.
რამაზ გერლიანი ერთში ეთანხმება ბიძინა ივანიშვილს:
„მართალი ბრძანა ბატონმა ივანიშვილმა, ერთადერთი ჭეშმარიტება, როცა თქვა, რომ ჩვენთან არ არის შესაბამისი დონე და მოქალაქეები გარბიან. დიახ, კაპიტალიც ასეა და მათ შორის ადამიანური კაპიტალი - როგორც წყალი გადის საცერში, იქ, სადაც ეკონომიკური თავისუფლება არ არის და არის დაბალი, იმ ადგილს ტოვებს და მიდის იქ, სადაც არის მეტი ეკონომიკური თავისუფლება“.
Your browser doesn’t support HTML5