"აბსოლუტურად მინიმუმზე უნდა დაიყვანონ ყველა ადმინისტრაციული ხარჯი, მათ შორის - შესყიდვების ნაწილიც. რა დროს კომპიუტერი და მაგიდაა?!"

რამაზ გერლიანი, "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტი, რამაზ გერლიანი თვლის, რომ ხელისუფლებამ პირველ რიგში უნდა გადახედოს ხაზინის შესაძლებლობებს:

„პარლამენტი უნდა იჯდეს და მუხლიდან მუხლში გადაჰქონდეს თანხები. აბსოლუტურად მინიმუმზე უნდა დაიყვანონ ყველა ადმინისტრაციული ხარჯი, მათ შორის - შესყიდვების ნაწილიც. რა დროს კომპიუტერი და მაგიდაა, როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია?! მე ვხედავ შესაძლებლობას, დაახლოებით 30%-ის გადმოადგილება და მობილიზება შეიძლება ამ პრობლემის [COVID-19] წინაშე. ეს 30% მთლიანი ბიუჯეტისა შეიძლება მიმართული იყოს მათ შორის მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლებისთვის და, რაც ყველაზე მთავარია, ამ ეპიდემიურ საფრთხესთან საბრძოლველად. ჯობია, მეტად ვიყოთ მობილიზებული და უფრო იოლად გადავიტანოთ, ვიდრე უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეს როგორც ქვეყანა, ასევე ეკონომიკა.

...თუ არა მოქალაქეების მაღალი თვითშეგნება, ხელისუფლება მთლად კიო რომ გყავდეს და სასწაულებს აკეთებდეს, შეუძლებელია ყველა და ყველაფერი გააკონტროლოს. ამიტომ მაქსიმალურად ჩვენ თვითონვე უნდა მოვუაროთ საკუთარ თავს, ჩვენი თვითშეგნებით. ეგ არის ერთდერთი გამოსავალი და არა ობიექტების დახურვა. ეს ეკონომიკას უარეს მდგომარეობაში ჩააგდებს.

ბიუჯეტის გადაადგილების გარდა, ხელისუფლებამ დროებით უნდა გააუქმოს საშემოსავლო გადასახადი პირველ რიგში. ეს არის ყველაზე მასიური, განშლადი გადასახადი და მას ექნება დადებითი ეფექტი“.

რამაზ გერლიანი ნაადრევად აფასებს სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილის დახურვის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას:

„ყოველთვის არსებობს ასეთი ტიპის ობიექტების საჭიროება, ყიდვა-გაყიდვის საჭიროება. უფრო მოქალაქეობრივი თვითშეგნების მიმართულებით წავსულიყავით, ჯობდა, რადგან, ვფიქრობ, თუ საჭიროება წარმოიშობა, მოქალაქეები მაინც შევლენ ერთმანეთთან გარიგებაში და ეს იქნება სახელმწიფოს კონტროლს მიღმა, ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ“.

ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების შედეგად ბევრი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა:

„ამ ტიპის პრობლემას ქმნის სწორედ ეს, ალბათ, საჭირო, მაგრამ ხისტი გადაწყვეტილებები, ამიტომაც ჩვენ, ჯობდა, ჯერჯერობით ისევ რეკომენდაციებით და მოქალაქეობრივ მაღალ თვითშეგნებაზე გვემოქმედა, ვიდრე ბევრი ობიექტის თანამშრომელი პრაქტიკულად დაგვეტოვებინა შემოსავლის გარეშე“.

რამაზ გერლიანი რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს საბანკო სესხების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების ეფექტზეც:

„პირველი გადაწყვეტილება, რომელიც იყო ბიზნესის მხრიდან მიღებული, იყო (საბანკო მორატორიუმს დავარქმევდი) დროებითი დაპაუზება, შეჩერება სესხებზე გადასახდელების. შესაბამისად, ამან, რასაკვირველია, სოლიდური თანხები წარმოშვა მოქალაქეების ხელში განსაკარგავად. ანუ, ეგრეთ წოდებული საოჯახო ბიუჯეტი გაიზარდა. ლოგიკურია, რომ ამ ფონზე ხალხი წავიდა მომარაგებაზე და, შესაბამისად, ის პანიკური ბუმი, რაც იყო შესყიდვების თვალსაზრისით სურსათის მაღაზიებში, სწორედ ამით იყო გამოწვეული. დეფიციტი ნამდვილად არ არის მოსალოდნელი და მოქალაქეებსაც უნდა ავუხსნათ: 1. ჩვენ ძალიან დიდი ტურისტული ნაკადი გვქონდა. ჩვენი მთელი ლოჯისტიკა, მთელი მიწოდება იყო მორგებული როგორც ადგილობრივების, ისე ტურისტების მომარაგებაზე. ტურისტული ნაკადი პრაქტიკულად მოაკლდა და მეტი საქონელი დარჩა ბაზარზე; 2. როცა ამ ტიპის მომარაგებას აწარმოებ (ძირითადად არამალფუჭებად პროდუქტებზე იყო მოთხოვნა), ეს, რასაკვირველია, გამოიწვევს შედარებით მალფუჭებადი პროდუქტების ფასების არათუ ზრდას, არამედ დასტაბილურებას და შეიძლება კლებაც კი გვქონდეს. თავიდანვე მოქალაქეებს სწორედ ამას ვეუბნებოდით, ვაფრთხილებდით, რომ დეფიციტის საშიშროება არ არის. ეს ბუმი გამოიწვია იმან, რომ მეტი თანხა დარჩა - ადამიანებმა ნაწილი გადაისროლეს სურსათის შესაძენად და ნაწილი კი უფრო სანდო კონვერტირებადი ვალუტისკენ მიმართეს. ძირითადი საქონელი ჩვენს ბაზარზე არის იმპორტირებული და რახან ამხელა მოთხოვნა იყო, მეწარმეებმა იმ პროდუქტებთან მიმართებაში გაზარდეს დოლარზე მოთხოვნა.

სამწუხარო ის არის, რომ ეს ეროვნულ ბანკს უნდა სცოდნოდა, ჰქონოდა კონსულტაციები ბიზნესთან. ის არის მთავარი მარეგულირებელი და ამ პერიოდში, გარდა იმისა, რომ ლარის უზარმაზარი მასა დარჩა მოქალაქეების ხელში და ლარის მასა იზრდებოდა, ეროვნული ბანკი პარალელურად ზრდიდა ლარის მასას, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა გაცვლითი კურსი, ლარი გაუფასურდა“.

რაც შეეხება 9 პროდუქტის ფასების შენარჩუნებისთვის სუბსიდირებას, რამაზ გერლიანის თქმით, ჯობს, ხელისუფლება პირდაპირ დაეხმაროს საჭიროების მქონე მოქალაქეებს:

„როცა მოქალაქეებს საჭიროება აქვთ, ჯობია მათ მისცე თანხა, როგორც აკეთებენ სხვა ქვეყნები და ის გადაწყვეტს მერე ეს ცხრა პროდუქტია მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, თუ - მეოცე პროდუქტი“.

Your browser doesn’t support HTML5

რამაზ გერლიანი ეკონომიკურ გამოწვევებზე COVID-19-ის ფონზე