11 რამ ულტრანაციონალისტ გიორგი ჭელიძისა და მისი ორგანიზაციის შესახებ

1 სექტემბერს შსს-მ ულტრანაციონალისტური მოძრაობა “საქართველოს ეროვნული ერთობის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ჭელიძე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

  • გიორგი ჭელიძე იმის შესახებ, რომ ის და მისი ორგანიზაციის წევრები ფლობდნენ იარაღს, მათ შორის სანადირო თოფს, “ვინჩესტერს”, პისტოლეტს და ნახევრადავტომატურ იარაღებს, ჯერ კიდევ 27 აპრილს ერთ-ერთი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ლაპარაკობდა.
  • ამავე ინტერვიუში მან თქვა, რომ მხარს უჭერდა “ქართულ ოცნებას”, მაგრამ მათ მიერ მიღებული კანონები იმდენად მიუღებელი გახდა მისთვის, რომ საჯარო თანამდებობაც კი დატოვა.

  • ორგანიზაციაში, რომელიც გიორგი ჭელიძემ თანამოაზრეებთან ერთად დაარსა, ის მწიგნობართუხუცესის თანამდებობას იკავებს.
  • ორგანიზაციის წესდების მიხედვით, სამწიგნობროს შემადგენლობაში, რომელსაც მწიგნობართუხუცესი ხელმძღვანელობს, შედიან კონკრეტული მიმართულების მწიგნობარნი. ამ უწყების ფუქნციაა კოორდინაცია გაუწიოს ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობას, ანალიტიკურ და საინფორმაციო საქმიანობას, ასევე საზღვარგარეთ თანამოაზრე ორგანიზაციებთან ურთიერთობას.
  • ამავე წესდების მიხედვით, ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანი მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების განსაზღვრა და მათ უზრუნველსაყოფად აქტიური მუშაობაა.
  • ორგანიზაციის არადეკლარირებული წესების მიხედვით, მკაცრად კონტროლდება ორგანიზაციის წევრების პირადი ცხოვრება; ფერადკანიანი ცოლის მოყვანა ან შეყვარებაც კი აკრძალულია;
  • www.manifest.ge-ზე იძებნება “ეროვნული ერთობის” პეტიცია, რომლითაც ისინი საქართველოში ჯორჯ სოროსის ფონდის ,,ღია საზოგადოება – საქართველო'' აკრძალვას ითხოვენ.
  • გიორგი ჭელიძეს ასევე დაარსებული აქვს ორგანიზაცია “საქართველოა მარადიული”. წესდების მიხედვით, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია მათთვისაა, “ვისთვისაც ძვირფასია ეს ლამაზი, ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანა”. ის 2017 წლის ნოემბერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე ლადო სადღობელაშვილთან ერთად დააკავეს. ქართული მარში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გურამ კაშიას ლგბტ თემის დროშიანი სამკლაურით ასპარეზობას აპროტესტებდნენ.
  • გიორგი ჭელიძე, როგორც თავად ამბობს, არის სერტიფიცირებული ისტორიის მასწავლებელი.

საქართველოს ეროვნული მოძრაობის” წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის 151-ე მუხლით მაისშიც დაიწყო, თუმცა მაშინ არავინ დაუკავებიათ.

31 აგვისტოს სამართალდამცველებმა გამოძიება Facebook-ში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს, სადაც „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრები ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ. ვიდეო და თავად ორგანიზაციის გვერდი ამ დროისთვის წაშლილია, თუმცა თავად გიორგი ჭელიძის გვერდზე კვლავ დევს მისი ცეცხლსასროლი იარაღით ვარჯიშის ვიდეო.

პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელის ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია ექსპერტიზები. გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.