რა ვიცით ტორნადოზე? არის თუ არა მოსალოდნელი მისი განმეორება საქართველოში და სად? შეიძლება მისი პროგნოზირება? როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ქარბორბალას სიახლოვეს მოვხვდით? რადიო თავისუფლება გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსს დოდო გვაზავას ესაუბრა.
- რა იყო ის, რაც ალავერდში ვიხილეთ?
- ეს ამინდის ფენომენია, ქარის ერთ-ერთი სახე, რომელიც ვერტიკალურად, ზამბარისებურად მოძრაობს. მსგავსი რამ წარმოიქმნება მაშინ, როცა ძალიან ცხელი ჰაერის მასები შედარებით ცივი ჰაერის მასებს ეხება.
- ანუ ძირითადად ზაფხულში ხდება?
- დიახ, ზაფხულში. საქართველო მთაგორიანია და ამიტომ მიწა სხვადასხვაგვარად თბება. ქარბორბალა მიწის ზედაპირიდან იწყებს მოძრაობას, დიდი სიჩქარით ტრიალებს და თავის გზაზე რაც შეხვდება, მოისვრის. ამ ტრიალის დროს თანდათან ჩაცხრება კიდეც.
- რამდენად ხშირია?
- საქართველოში ძალიან იშვიათია და ძალიან რთულად პროგნოზირებადი. შარშანაც მოხდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. იქაც გადაცხელებული იყო ჰაერი, შავი ზღვიდან კი შედარებით ცივი ჰაერის მასები შემოდიოდა, ასეთ დროს უცაბედად წარმოიშვება ხოლმე და დაახლოებით ოც წუთში ჩადგება.
წელიწადში ერთხელ თუ მოხდება, მაგრამ ისეთ ადგილებშია, სადაც სადამკვირვებლო ქსელი არ გვაქვს, ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს დაიხურა.
ამერიკაში, იაპონიაში, სადაც ოკეანეებია, ტორნადო გაცილებით ადვილად პროგნოზირებადია. იქ ოკეანეების ზედაპირზე წარმოიშობა ღრმა ციკლონი, რომელიც ხმელეთისკენ მიდის. რამდენიმედღიანია და მთლიანად ანგრევს ქალაქებს. ალავერდშიც რომ რამდენიმე დღე გაგრძელებულიყო, აქაც იგივე იქნებოდა, მაგრამ ამხელა ძალა არ ჰქონდა, არ უმოძრავია. ერთ ადგილას წარმოიქმნა და იქვე ჩაცხრა.
- ანუ, კახეთში რაც მოხდა, ესეც ტორნადო იყო?
- კი, ესეც ტორნადოა, იგივე ქარბორბალა, ქარის სახეობა, რომელიც მოძრაობს ვერტიკალურად და არა ჰორიზონტალურად. ეს ტორნადო ხმელეთზე წარმოიშვა და ამიტომაც უფრო არაპროგნოზირებადია, ვიდრე ოკეანის ზედაპირზე წარმოქმნილი ტორნადოები.
იმ დღეს ძლიერი ქარი კი ვიწინასწარმეტყველეთ, მაგრამ ცოტა სხვა სახე მიიღო. კავკასიის ქედზე ჰაერის სხვადასხვა მასების აკუმულირება ხდება. ამ მასების ერთმანეთთან შეჯერებამ წარმოშვა ეს პროცესი, რომელიც საქართველოსთვის იშვიათია.
- თუ შევესწარით ქარბორბალას, როგორ მოვიქცეთ?
- მიმართულებას უნდა დააკვირდეთ. მის გზაზე არ უნდა აღმოჩნდე. მის წინ არც მანქანამ უნდა გაიაროს, არც ადამიანმა, გაატარებ და მალევე ჩაცხრება. თუმცა, შეიძლება თავის გზაზე სახლს სახურავი ახადოს ან ხე წააქციოს. თუ სახლშია ადამიანი, ჯობს გარეთ არ გავიდეს. კედელს ვერ დაანგრევს, არ არის ასეთი ძლიერი.
- ქარბორბალას წარმოშობაზე გლობალური დათბობაც ხომ არ ახდენს რამე გავლენას?
-არა. ზაფხულში ტემპერატურა რომ მაღალია, ეს ბუნებრივია. გლობალურ დათბობაზე უფრო ეს კატასტროფული წვიმები მეტყველებს. ახლა დასავლეთ საქართველოში ვარ და აქ ივნისში ასეთი ქარი, სეტყვა და წვიმა მე არ მახსოვს. კატასტროფაა. თან გზების გასწვრივ სანიაღვრე სისტემები მოწესრიგებული არ არის. ჩემი თვალით ვუყურებდი, რა ხდებოდა ხონში და მარტვილში, სანიაღვრეები გადაჭედილი, ეზოებში შევარდნილი წყალი. ადგილობრივი ხელისუფლება ამას ყურადღებას უნდა აქცევდეს. ვერ ართმევენ თავს. 25 და 26 ივნისს ორჯერ გავაფრთხილეთ, რომ ძლიერი წვიმა იქნებოდა, მაგრამ ახლა ვუყურებ და იმერეთი თუ სამეგრელო განადგურებულია წვიმისგან და სეტყვისგან.