რაკეტამ სახლი, სეტყვამ და წვიმამ კი მოსავალი და ინფრასტრუქტურა დააზიანა

სეტყცის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი

სიღნაღში, სოფელ ჯუგაანში მცხოვრები კიკალიშვილების ინფორმაციით, სეტყვის ღრუბლებისთვის ნასროლი რაკეტა მათ საცხოვრებელ სახლს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

იმ კომპანიაში, რომელიც სეტყვის დანადგარებს მართავს, მომხდარის თაობაზე განმარტებებს არ აკეთებენ. პარალელურად კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიით დაზარალებული ფერმერები სასოფლო-სამეურნეო კუთხით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, თუმცა მთავრობა ამბობს, რომ ასეთი დახმარება არ იგეგმება.

სოფელ ჯუგაანში კიკალიშვილების ოჯახში ამბობენ, რომ 12 მაისს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ გასროლილი რაკეტა მათ საცხოვრებელ სახლს დაეცა. ოჯახის წევრ ზაირა კიკალიშვილის თქმით, უკვე გამოყენებულმა რაკეტამ დააზიანა სახლის სახურავი, ჭერი, იატაკი და პირველ სართულზე დაეცა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ზაირა კიკალიშვილმა თქვა, რომ არ იცის, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი რაკეტა ადამიანს მოხვდებოდა:

„რაკეტა მაღლიდან რომ ჩამოვარდა, ჩემმა რძალმა ძლივს გამოაღწია ოთახიდან. ზუსტად იმ ადგილზე ჩამოვარდა, სადაც ის იდგა. ერთი თვის ბავშვი გვყავს სახლში და, საბედნიეროდ, სხვა ოთახში იმყოფებოდა. ძალიან ვართ შეშინებულები“.

ჯუგაანში რაკეტის ჩამოვარდნის საქმეზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ეს მუხლი ითვალისწინებს სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით.

აღსანიშნავია, რომ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარიდან გასროლილი რაკეტა 2015 წლის სექტემბერში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ასლანოვების საცხოვრებელ სახლსაც დაეცა. მაშინაც რაკეტამ სახლის სახურავი გახვრიტა, საძინებელ ოთახში ჩავარდა და ბავშვის საწოლზე დაეცა, თუმცა იმ დროს ოთახში არავინ იყო. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას, რომელიც 2015 წლიდან მუშაობს, ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი მართავს.

ზოგ სოფელს, უკვე რამდენიმე დღეა, არ მიეწოდება სასმელი წყალი, ამიტომ სპეციალური ტექნიკით დასახლებებს წყალს ურიგებენ.
შოთა ნარეკლიშვილი

ცენტრის წარმომადგენელი ნუგზარ კვაშილავა დაგვპირდა, რომ ჯუგაანში მომხდარ ფაქტზე კომენტარს გააკეთებდა. გვაინტერესებდა, აღიარებს თუ არა ცენტრი რაკეტის ჩამოვარდნას და თუ აღიარებს, რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი და ვინ აანაზღაურებს ზარალს; ასევე, რამდენად არის იმის საფრთხე, რომ მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს.

ნუგზარ კვაშილავას, მისივე თხოვნით, შეკითხვები ელექტრონულ მისამართზე გავუგზავნეთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ბოლო დღეებში სეტყვის გარდა კახეთი ძლიერმა წვიმებმაც დააზარალა. ამ დრომდე მიმდინარეობს ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში 8-11 მაისის სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა და მდინარეებში ნაპირგამაგრებითი სამუშაოები. შეზღუდვები მოქმედებს საავტომობილო გზის ფშაველ-ლეჩურის დამაკავშირებელ მონაკვეთზე, სადაც ადიდებულმა მდინარე სტორმა ორი დღის წინ გზის ნაწილი მთლიანად დაანგრია.

ახმეტასა და თელავის სოფლებში დაზიანებულია რამდენიმე ხიდ-ბოგირიც. თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის, თქმით, „ზოგ სოფელს, უკვე რამდენიმე დღეა, არ მიეწოდება სასმელი წყალი, ამიტომ სპეციალური ტექნიკით დასახლებებს წყალს ურიგებენ“.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კახეთში სეტყვა და ძლიერი წვიმა რამდენჯერმე მოვიდა. სეტყვამ დააზიანა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა კი სავარგულებთან ერთად ინფრასტრუქტურასაც ავნო.

იმის გამო, რომ ადგილობრივი მთავრობა სოფლის მეურნეობისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას არ აპირებს, ამიტომ ის არც დაუთვლიათ. შესაბამისად, არ არის ცნობილი, რამდენი ოჯახი დაზარალდა და რა ოდენობით. კახეთის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი დაზარალებულ ფერმერებს მიანიშნებს, რომ სტიქიური მოვლენებისგან მოსახლეობას იცავს აგროდაზღვევის პროგრამა, თუმცა მეტრეველი ამ პროგრამის ხარვეზებზეც ლაპარაკობს:

„მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ანაზღაურებაზე ამ ეტაპზე სახელმწიფოს არ აქვს გამოყოფილი სახსრები, ვინაიდან უკვე რამდენიმე წელია მუშაობს სასოფლო-სამეურნეო დაზღვევა. თუმცა იმასაც აღვნიშნავთ, რომ სადაზღვევო კომპანიები არ არიან სრულყოფილად ჩამოყალიბებული და არ არის გამართული პროგრამები. მიმდინარეობს მუშაობა და, ვფიქრობთ, მომავალი წლიდან სადაზღვევო კომპანიები უფრო ადრე დაიწყებენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაზღვევას, ვიდერ ახლა“.

კახეთში, თითქმის ერთ თვეზე მეტია, დროგამოშვებით წვიმს. ადიდებულია თითქმის ყველა მდინარე. ზოგ შემთხვევაში წყლის დონის დაწევას ელოდებიან, რათა ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყოს, ხოლო იქ, სადაც ასეთი სამუშაოები მიმდინარეობს, თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან იხარჯება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილი ფულის რაოდენობა. კახეთში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი გვეუბნება, რომ ხელისუფლებას მდინარეები და სანიაღვრე არხები წინასწარ, ადრე გაზაფხულზე უნდა გაეწმინდა და ასეთი მასტშაბური ზარალი თავიდან იქნებოდა აცილებული.