რაზე ესაუბრნენ ერთმანეთს პრეზიდენტობის კანდიდატები და ამომრჩევლები სამცხე-ჯავახეთში

ახალციხე

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საარჩევნო შეხვედრები ჯერჯერობით პრეზიდენტობის მხოლოდ ორმა კანდიდატმა გამართა. ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში შეკრებილ ამომრჩეველს 11 ოპოზიციური პარტიის კოალიციის, „ძალა ერთობაშია“ ლიდერებმა მიმართეს. კოალიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც ყურადღება სიღარიბესა და საქართველოს მოქალაქეთა ემიგრირებაზე გაამახვილა, საუბარი ხელისუფლების კრიტიკით დაიწყო:

გრიგოლ ვაშაძე

,,იმ დროს, როდესაც საქართველოს მოქალაქე აბსოლუტურად ბედის ანაბარად არის დატოვებული, ნორმალურ ადამიანში არ შეიძლება აღშფოთება არ გამოიწვიოს იმან, როგორ ინაწილებენ კანონიერი ქურდები ქვეყანას და როგორ ქმნიან შავ ფონდებს იმისათვის, რომ მოპოვებული ფულით დააფინანსონ ქართული ოცნება“.

სამცხე-ჯავახეთში მხარდამჭერებს უკვე ორჯერ შეხვდა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე. მან ერთ-ერთ პრიორიტეტად ფერმერებისა და გლეხების დახმარება დაასახელა და თქვა, რომ სოფლებს დღეს ბევრი პრობლემა აქვთ, რაც ხელისუფლების უყურადღებობის შედეგია:

დავით ბაქრაძე

,,მოსავალი, რომელსაც მთელი წელი ელოდება გლეხი, ხშირად დგას განადგურების საფრთხის წინაშე. ეს არის ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემა, ისევე როგორც სხვა პრობლემები. გაზიფიკაციის არარსებობა, უგზოობა, უწყლობა, ყველაფერს ჭირდება მიხედვა, ყველაფერს ჭირდება პატრონი. სწორედ ამიტომ, ქვეყანამ უნდა აირჩიოს არა კაბინეტის და ქაღალდის პრეზიდენტი, არა არბიტრი, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს, არამედ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი და პოლიტიკური გუნდი, რომელიც ივლის ყველგან. ასეულობით ათასი ადამიანისთვის პენსია და სოციალური – ეს არის გადარჩენისა და წამლის ყიდვის საკითხი და არ შეიძლება იყო პოლიტიკაში და არ გაღელვებდეს 700 ათასი ადამიანის გაჭირვება. პენსია არის და იქნება ჩვენი პრიორიტეტი“.

თავის მხრივ, რეგიონის მცხოვრებნი ასახელებენ სხვადასხვა პრობლემას, რომელიც მათი აზრით, ახალმა პრეზიდენტმა უნდა მოაგვაროს. ამ ჩამონათვალშია უმუშევრობა, მიგრაცია და დაცლილი სოფლები, ზეწოლა მათზე, ვინც მმართველ პარტიას მხარს არ უჭერს, სასმელად უვარგისი წყალი და აგროტექნიკის სიმცირეც კი:

,,წყალი ჩვენ არ გვაქვს და გაზი. ამ პლანის დათესვაზე კიდევ, ვერ გავიგე რა უნდათ. სულ უნდა დაალპონ და დააქვეითონ ახალგაზრდები? მე ასეთი საქართველო არ მინდა. შვილი მყავს ემიგრაციაში და რატომ უნდა იყოს შორს. რატომ არ უნდა იყოს თავის ცოლ–შვილთან?“

,,ერი მოსპობაზე მივიდა, ასობით და ორასობით სახლია დაკეტილი სოფლებში, აღარ არის დედაშვილი ერთად, ქალი გერმანიაშია და ქმარი ამერიკაში. დაიკეტა სახლები და ნადგურდება ქართველი ერი“.

,,საქართველოს მოსახლეობას დღეს ყველაფერი აწუხებს - პირველ რიგში, უსამართლობა და ზეწოლა იმ ადამიანებზე, ვინც მათი მხარდამჭერი არ არის“.

,,500 ჰექტარი მარცვლეული უთესია ხიზაბავრას, კომბაინის პრობლემებია, გაჭირვებაა, არავინ არის ჩვენი გამკითხავი, ხან რა ნაწილი გატყდება 50 წლის კომბაინზე და ხან რას ,,მიასვარკებენ“ და ხან რას. ორ ჰექტარსაც ვერ ვიღებთ და სეტყვა თუ მოვიდა, ხომ საერთოდ“.

სამცხე–ჯავახეთში მხარდამჭერებთან შეხვედრას, ოქტომბრიდან გეგმავენ პრეზიდენტობის კანდიდატები, „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.