რა ხელი აქვს „როსკომნადზორს“ რუსულენოვან ქართულ მედია-პორტალებთან?

7 სექტემბერს, კავკასიურმა საინტორმაციო-ანალიტიკურმა ვებსაიტმა, „ჯემნიუსმა“, რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოსგან, “როსკომნადზორისგან”, წერილი მიიღო. უწყებამ მედია-პორტალს, რომელიც ხუთ ენაზე, მათ შორის, რუსულ ენაზე მაუწყებლობს, მოსთხოვა, „ჯემნიუსის“ რუსულენოვანი ვერსიიდან წაშალოს ხუთი თვის წინ გამოქვეყნებული მასალა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ, ამისათვის 24-საათიანი ვადა დაუწესა და გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რედაქცია მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე „ჯემნიუსზე“ წვდომა დაიბლოკება.

წერილში, რომელიც „ჯემნიუსმა” რუსეთის მარეგულირებელი ორგანოსგან 7 სექტემბერს მიიღო, ნათქვამია, რომ გამოცემა ინფორმაციის გავრცელების კანონს არღვევს.

წერილი "როსკომნადზორისგან"

რაც შეეხება მასალას, რომლის წაშლასაც რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო ითხოვს, „ჯემნიუსის“ რედაქციამ ის 2022 წლის 6 აპრილს გამოაქვეყნა.Война в Украине, главные события за 5 и 6 апреля („ომი უკრაინაში, 5-6 აპრილის მთავარი მოვლენები“) - ასე ჰქვია პუბლიკაციას, რომელსაც ქრონიკის სახე აქვს, განახლებადი მასალაა და მკითხველს მასში შეუძლია წაიკითხოს უახლესი ინფორმაცია უკრაინის ომისა და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ასევე დაათვალიეროს ამ მოვლენების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები, რომლებსაც სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

მასალა, რომლის წაშლასაც "როსკომნადზორი" ითხოვს

სოფო ბუკია, ქართული დეპარტამენტის მთავარი რედაქტორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსულენოვანი აუდიტორია „ჯემნიუსის“ საიტზე რაოდენობრივად პირველ ადგილს იკავებს და მათთვის მნიშვნელოვანია სწორედ რუსულენოვანი აუდიტორიისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდება, რედაქცია პუბლიკაციის წაშლას არ აპირებს.

სოფო ბუკიასთვის უცნობია, რატომ მოექცა „როსკომნადზორის“ ყურადღების ცენტრში, მაინც და მაინც, აპრილში გამოქვეყნებული მასალა, მაშინ, როდესაც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, „ჯემნიუსი“ ყოველდღიურად და ინტენსიურად აშუქებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს:

„თუკი საიტი რუსეთში დაიბლოკება, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ნამდვილად არ იქნება სასიამოვნო ფაქტი. ხუთ ენაზე ვმაუწყებლობთ და მათგან რუსულენოვანი ვერსია ყველაზე პოპულარულია. ყველაზე მეტი მომხმარებელი სწორედ რუსულენოვან შინაარსს ეცნობა. ეს იმის გამოც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აზერბაიჯანულ ენაზეც ვწერთ, ხშირად აზერბაიჯანიდანაც სწორედ რუსულენოვან შინაარსს ეცნობიან. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ადამიანი შემოდის უკრაინიდანაც, რომლებიც რუსულ ენაზე კითხულობენ ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე, რუსულ ენაზე ვრცელდებოდეს სწორი, ობიექტური ინფორმაცია. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც არ ვაპირებთ, რომ დავაკმაყოფილოთ „როსკომნადზორის“ მოთხოვნა. ეს საკითხი არც კი განიხილება. ამ ე.წ. კანტორის განცხადებაზე ვერანაირი რეაგირება ვერ გვექნება. მასალის წაშლაზე ზედმეტია ლაპარაკი. ჩვენ რომ ახლა ეს მასალა წავშალოთ, მერე ამას მოჰყვება მეორე სტატიის წაშლის მოთხოვნა, მესამის, მეოთხის და ასე დაუსრულებლად. სიმართლე გითხრათ, „როსკომნადზორის“ თვალსაწიერიდან, შესაძლოა, სხვა, გაცილებით ბევრი დასაბლოკი მასალა არსებობდეს ჩვენს საიტზე. ამიტომ გაუგებერია, რა პრინციპით შეარჩიეს 5-6 აპრილის ქრონიკა უკრაინაში ომზე. შესაძლოა, იმიტომ, რომ მასალა დიდი ხნის განმავლობაში პოპულარული იყო, ბევრი ნახვა ჰქონდა და როგორც ჩანს, თვალში მოხვდათ“.

რა კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო „სოვამ“?

„ჯემნიუსი“ არ არის საქართველოში ერთადერთი მედია-პორტალი, რომელიც სხვა ენებთან ერთად რუსულ ენაზეც მაუწყებლობს და რომლის შინაარსში ჩარევაც რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ არაერთხელ სცადა სწორედ იმ მოტივით, რომ ეს პორტალები „რუსულ კანონმდებლობას არღვევენ“.

ერთ-ერთი ქართული დამოუკიდებელი რუსულენოვანი ონლაინ-გამოცემა, რომელიც პირველი მოექცა „როსკომნადზორის“ ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, „სოვაა“. 2017 წელს, გამოცემა იმიტომ დაიბლოკა, რომ 2016 წლის 22 აგვისტოს გამოაქვეყნდა სტატია სათაურით – “ისლამური სახელმწიფოს სამხედრო მინისტრმა თარხან ბათირაშვილმა მოჯაჰიდებს ანდერძი დაუტოვა“.

იმ პერიოდში, რუსეთში მოქმედი კანონმდებლობით, ის მედიასაშუალებები, რომლებიც მასალებს ამზადებდნენ ტერორისტული ორგანიზაციის, ISIS - ის შესახებ, ვალდებულნი იყვნენ, მიეთითებინათ, რომ ეს ორგანიზაცია აკრძალულია რუსეთში. “სოვას” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში კი ეს აღნიშვნა არ არსებობდა, რადგან საქართველოს კანონმდებლობა, სადაც "სოვაა" რეგისტრირებული, ამას არ ითხოვდა.

მართა არდაშელია, „სოვას“ მთავარი რედაქტორი გვიყვება, რომ რედაქციამ „როსკომნადზორს“ მისწერა წერილი, სადაც განუმარტა, რომ ეს მედია-საშუალება არ იყო რუსეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, არ ჰქონდა ვალდებულება, დამორჩილებოდა რუსულ კანონმდებლობას: „სხვათა შორის, მაშინ ამ ახსნამ გაჭრა“, - ამბობს მართა, - პორტალს ბლოკი მოეხსნა.

თუმცა, რამდენიმე წელში, უფრო ზუსტად კი 2022 წელს, „როსკომნადზორმა“ „სოვას“ ისევ მიაკითხა. ამჯერად, უწყებამ რედაქციას საიტზე გამოქვეყნებული ვიდეოს წაშლა მოსთხოვა, რომელიც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა:

მართა არდაშელია

„ჩვენ გვაქვს გადაცემა „ამბავი“, სადაც ვყვებოდით, თუ როგორ უსწორდება რუსეთი უდანაშაულო ადამიანებს და პარალელი გვქონდა გავლებული საქართველოსთან. „როსკომნადზორისთვის“ ეს ვიდეო მიუღებელი აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში, ჩვენ მივიღეთ კომპრომისული გადაწყვეტილება. ვიდეო ვებ-გვერდიდან არ აგვიღია, თუმცა დავმალეთ, ე.წ. ჰაიდი გავაკეთეთ, რადგან ვიდეო-კონტენტი საიტზე ბევრ ნახვას ისედაც ვერ აგროვებს და შეიძლება ითქვას, რომ საიტზე ვიდეოებს ფორმალურად ვაქვეყნებთ. თუმცა, ვიდეო, ცხადია, დავტოვეთ youtub-სა და ფეისბუკში, სადაც ვიდეოებს გაცილებით ბევრი ნახვა აქვს. უკრაინაში ომის შემდეგ, რუსული და უკრაინული აუდიტორია ჩვენთვის, ფაქტობრივად, მთავარი აუდიტორია გახდა. თუკი ადრე უფრო მეტი მკითხველი საქართველოდან გვყავდა, ომის შემდეგ, პირველ ადგილზე გადმოინაცვლა რუსეთმა და შემდეგ უკვე უკრაინამ. ვიფიქრეთ, რომ ის აუდიტორია, რომელმაც თვითონ მოგვძებნა და სავარაუდოდ, სწყურიათ და სჭირდებათ თავისუფალი მედია რუსულ ენაზე, უნდა შეგვენარჩუნებინა და გადაგვედგა კომპრომისული ნაბიჯი, რადგან რაკი მათ ასე მოტივირებულად მოძებნეს ქართული მედია, რომელიც რუსულად წერს, გვინდოდა, რომ მათთვის კვლავ მისაწვდომები ვყოფილიყავით“.

მართა არდაშელია ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი „როსკომნადზორი“ კვლავ მიმართავს „სოვას“ და მოითხოვს საიტიდან რომელიმე სტატიის აღებას, ამ შემთხვევაში, ეს კომპრომისული გადაწყვეტილება აღარ იქნება მიღებული.

რატომ დაიბლოკა „ნეტგაზეთი“ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე?

„როსკომნადზორის“ სამიზნე გახდა რამდენიმე თვის წინ საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის „ნეტგაზეთის“ რუსულენოვანი ვერსიაც. უწყებამ რედაქციას 2022 წლის 9 აპრილს, ღამის ორ საათზე გაუგზავნა წერილი და მოსთხოვა საიტის რუსულ ვერსიაში გამოქვეყნებული ერთ-ერთი მასალის წაშლა, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს შეეხებოდა. უფრო კონკრეტულად კი მოითხოვა 2022 წლის 16 მარტს გამოქვეყნებული ახალი ამბის, “უკრაინის განცხადებით, ბრძოლაში მოკლეს მე-4 რუსი გენერალი”, წაშლა.

მასალა, რომლის წაშლასაც "როსკომნადზორი" ითხოვდა

წერილს თან ახლდა ფაილიც, რომელშიც ვრცლად იყო განმარტებული, “კანონდარღვევით გავრცელებული ინფორმაციის” ცნება და მის წაშლასთან დაკავშირებული გაფრთხილების პროცედურები.

ამ დოკუმენტის თანახმად, უნდა წაშლილიყო მასალა, რომელიც შეიცავს “არასანდო” ინფორმაციას რუსეთის არმიის მიერ “განხორციელებული “სპეციალური სამხედრო ოპერაციის”, მისი ფორმის, საბრძოლო მოქმედებების ჩატარების მეთოდებზე, ასევე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დანაკარგებსა და მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა შესახებ.

უწყება „ნეტგაზეთს“ მასალის 24 საათში წაშლას სთხოვდა, რაც რედაქციამ არ დააკმაყოფილა. შედეგად, „ნეტგაზეთის“ ახალი ამბების რედაქტორის, თაზო კუპრეიშვილის თქმით, დღეს „ნეტგაზეთზე“ წვდომა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაბლოკილია:

თაზო კუპრეიშვილი

„ჩვენ მათთვის არავითარი პასუხი არ გაგვიცია. არანაირად არ ჯდება რუსეთის კანონმდებლობასა და მის იურისდიქციაში ქართული მედიის ოპერირება და შინაარსი და შესაბამისად, პასუხის ღირსადაც არ ჩავთვალეთ. გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე მოგვივიდა შეტყობინება, რომ „როსკომნადზორმა“ „ნეტგაზეთის“ რუსულენოვანი ვერსია შეიყვანა დაბლოკილი საიტების სიაში. წერილში მითითებული იყო, რომ „ნეტგაზეთის“ რუსულ ვერსიაზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე წვდომა აღარ იქნებოდა. ჩემი ინფორმაციით, ქართულ ვერსიაზე წვდომა უნდა იყოს რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა, ამის დადასტურებით თქმა ახლა არ შემიძლია. პორტალი დაბლოკვის შემდეგ, მომხმარებლების განსაკუთრებული დანაკარგი არ მიგვიღია, რადგან ჩვენს პორტალს ძირითადად საქართველო, ევროპის ქვეყნები და ამერიკა მოიხმარს. რუსეთიდან ყოველთვის ნაკლები ვიზიტორები გვყავდა“.

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე ათეულობით მედია საშუალების მაუწყებლობის შეწყვეტის, დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, ომის დაწყებიდან ორ კვირაშივე, დაიბლოკა რადიო თავისუფლების რუსული სამსახური „სვობოდა“, „ნასტაიაშაია ვრემია“, „კრიმ რეალიი“, „ამერიკის ხმა“, „News Times“, “ეხო მოსკვი”, „დოჟდ“, „მედუზა“, ბიბისის რუსული სამსახური, Deutsche Welle და სხვა.

„როსკომნადზორისგან“ 5 მარტს მიიღო პირველი შეტყობინება რადიო თავისუფლების რუსულენოვანი რადიოს „ეხო კავკაზას“ რედაქციამაც, რის შემდეგაც, მალევე დაიბლოკა საიტი და იმისათვის, რომ პორტალს თავი აერიდებინა სრული ბლოკირებისთვის, რედაქცია იძულებული გახდა გადასულიყო ე.წ. „სარკისებური საიტით“ მომსახურებაზე.

როგორც „ეხო კავკაზას“ რედაქტორი, დემის პოლანდოვი გვიხსნის, თუკი ადრე „როსკომნადზორი“ მხოლოდ ერთი კონკრეტული სტატიის წაშლას სთხოვდა რედაქციას, ამჯერად, უწყებისგან მისულ გაფრთხილებაში საიტის მთავარი გვერდის ლინკი იყო მითითებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის რეგულატორი მათგან საიტის სრულად გათიშვას ითხოვდა.

დღევანდელი მდგომარეობით, „ეხო კავკაზას“ საიტზე შესვლა მხოლოდ VPN-ის დახმარებითაა შესაძლებელი.

როგორ კითხულობენ დაბლოკილ „კავკაზკი უზელს“ რუსეთის ტერიტორიაზე?

2022 წლის მარტში დაბლოკილი მედიასაშუალებების რიცხვში მოჰყვა „კავკაზკი უზელიც“, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში შეიყვანა რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ე.წ. „ინოაგენტების“, ანუ უცხოელი აგენტების სიაში.

ბესლან კმუზოვი, „კავკაზკი უზელის“ კორესპონდენტი საქართველოში, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ პორტალი რუსეთის ფედერაციის მთელ ტერიტორიაზე დაიბლოკა, ამას მედია-საშუალების საქმიანობისთვის ხელი არ შეუძლია. მეტიც, მისი თქმით, პორტალს არც მომხმარებლები დაუკარგავს.

როგორც ბესლან კმუზოვი გვეუბნება, „კავკაზკი უზელის“ მომხმარებლები პორტალზე ვირტუალური კერძო ქსელის, VPN-ის საშუალებით შედიან. ანუ, ისინი იყენებენ დაშიფრულ კავშირს მოწყობილობასა და ინტერნეტს შორის, რომლის საშუალებითაც, VPN მალავს მომხმარებლის რეალურ IP მისამართს და მის ნაცვლად წარადგენს VPN- სერვერის მისამართს:

„კავკაზკი უზელს“ აქამდეც ჰქონდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე პრობლემები, წელს კი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში აკრძალულ ორგანიზაციად გამოგვაცხადეს და ჩვენი საიტი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სრულად დაბლოკეს. რეალურად, ამაში ჩვენთვის სახიფათო არაფერია, რადგან იქ, ფაქტობრივად, ყველა ადამიანი, ვისაც აინტერესებს ობიექტური ინფორმაციის მიღება, დაბლოკილ საიტებზე შედის VPN-ის საშუალებით. „კავკაზკი უზელის“ გარდა, სხვა ძალიან ბევრი საიტი აიკრძალა, მათ შორის, სოციალური ქსელები. თუმცა, მომხმარებლები მაინც ახერხებენ ამ საიტებზე შესვლას. მე მაქვს კომუნიკაცია ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ადამიანებთან და მთელი ჩრდილოთ კავკასია სწორედ VPN-ის საშუალებით შედის ჩვენს საიტზე, ეცნობიან ახალ ამბებს, კითხულობენ სტატიებს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა დიდად არ შემცირებულა. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ რედაქციამ კონსულტაცია გაიაროს საიტის ტექ-პერსონალთან, თუ როგორ გახდეს ის უფრო მარტივად მისაწვდომი VPN-ის დახმარებით. რაც ზუსად ვიცი, არის ის, რომ მიუხედავად აკრძალვისა, ჩვენი ტიპის საინფორმაციო პორტალები, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მაინც მოთხოვნადია“, - გვეუბნება ბესლან კმუზოვი.

პორტალ TOP10VPN-ის 11 აგვისტოს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ანუ 2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაიბლოკა 2 987 საიტი. პორტალი მათ შორის, გამოყოფს სოციალურ ქსელებს Instagram-ს, Facebook-ს, Twitter-ს. საინფორმაციო პორტალებს, Google News-ს, ბიბისი ნიუსს, რადიო თავისუფლებას, ამერიკის ხმას, უკრაინსკაია პრავდას, ტელეგრაფს, ბელინგკეტს.

რაც შეეხება კონკრეტულად მედიასაშუალებებს, 6 თვის განმავლობაში, რუსეთის ტერიტორიაზე დაიბლოკა 183 რუსული საინფორმაციო სამსახური. მათ შორის, 43 დამოუკიდებელი საინფორმაციო საიტი. 15 საზოგადოებრივი მაუწყებელი მსოფლიოს მასშტაბით. 161 საერთაშორისო საინფორმაციო პორტალი, რომლებიც 27 სხვადასხვა ქვეყანაში არიან რეგისტრირებულნი.