ორი პარასკევი 14-დან 29 დეკემბრამდე - რა ხდება ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ?

რა ხდება 29 დეკემბრის შემდეგ?

14 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველ არაპირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში, - რომლის ლეგიტიმურობას მოქმედი პრეზიდენტი და სამართლის ექსპერტების დიდი ნაწილი არ ცნობს,- „ქართული ოცნების“ საარჩევნო კოლეგიამ კენჭი ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს უყარა.

„აქ ვარ და აქ ვრჩები“, - თქვა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, წინა საღამოს და მე-6 პრეზიდენტად ყაველაშვილის არჩევას „პროვოკაცია“ და „პაროდია“ უწოდა.

სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმეორებს, რომ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა აღარ არის დარჩენილი არცერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტს წარმოადგენს ის, სანამ ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები არ დაინიშნება.

ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერსაა დაგეგმილი. რა ხდება ამის შემდეგ?

ამ სტატიაში რადიო თავისუფლება საქართველს კონსტიტუციის ორ ექსპერტთან ერთად განიხილავს მე-6 პრეზიდენტის და მე-11 მოწვევის პარლამენტის არჩევნების ლეგიტიმურობისა და ლეგალურობის საკითხს - არის თუ არა მოსალოდნელი „ორხელისუფლებიანობა“? რა ელის, რა ემუქრება და რას აპირებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი და როგორ არის შესაძლებელი „დაბრუნება კონსტიტუციურ ჩარჩოში“?

„არალეგიტიმური პრეზიდენტი“ ?

„პრეზიდენტის არჩევა არალეგიტიმურია, ვინაიდან მისი არჩევნები დანიშნულია იმ პარლამენტის მიერ, რომელიც თავად არის არალეგიტიმური“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი „რესპუბლიკური პარტიიდან“.

14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი, მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი.

ასევე ნახეთ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი - მილოცვები პარლამენტში, ფეხბურთი და დიპლომები ქუჩაში

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ამბობს, რომ ყაველაშვილის პრეზიდენტობის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დგას „იმდენად, რამდენადაც თავად პარლამენტს არ გააჩნია ეს ლეგიტიმაცია“.

„არალეგიტიმური პარლამენტი“?

ვახტანგ ხმალაძე ასახელებს ორ მიზეზს, რის გამოც, მისი განმარტებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დაკომპლექტებული პარლამენტი არალეგიტიმურია:

  1. „ფორმალური იურიდიული არგუმენტი: პარლამენტის წევრებმა თავიანთი უფლებამოსილება ცნეს მაშინ, როდესაც ამის უფლება არ ჰქონდათ, - ვინაიდან მათი არჩევის კანონიერება გასაჩივრებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოში და არ არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება არჩევნების კანონიერად ცნობის თაობაზე;
  2. პოლიტიკური არგუმენტი: ძალიან ბევრს მიაჩნია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ არჩევნები იყო არალეგიტიმური - გაყალბებული იყო და არცერთი საჩივარი და დარღვევა არ არის გამოძიებული. ამიტომ პოლიტიკური თვალსაზრისითაც არჩევნების ლეგიტიმურობა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“.

„ქართული ოცნება“, თავის მხრივ, აცხადებს, რომ

1) პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბა, რადგან კონსტიტუციაში წერია, რომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოცხადებიდან 10 დღეში უნდა შეკრებილიყო;
2) „არცერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია“ და ახალ პარლამენტს ლეგიტიმაცია არჩევნებით მიანიჭა ქართველმა ხალხმა;

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ არგუმენტზე, - რომელსაც ყველა ექსპერტი არ ეთანხმება, - რომ პარლამენტის პირველი სხდომა „პრეზიდენტს არ მოუწვევია, რისი უფლებამოსილებაც მხოლოდ მას გააჩნდა“.

გარდა ამისა, ვახტანგ ხმალაძე განასხვავებს „ლეგიტიმურობისა“ და „ლეგალურობის“ კონცეფციებს და განმარტავს, რომ დგას ყაველაშვილის არჩევის ლეგალურობის საკითხიც.

„იმ შემთხვევაშიც კი, პარლამენტი ლეგიტიმური რომ ყოფილიყო, პრეზიდენტის არჩევნები მაინც არალეგიტიმურად უნდა იქნეს მიჩნეული, ვინაიდან დარღვეულია ლეგალურობის პრინციპი“, - ამბობს ის.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე

„კიდევ ორი არგუმენტი“

კონსტიტუციონალისტი ხმალაძის განმარტებით, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არჩევნების პროცედურა განსაზღვრულია საარჩევნო კოდექსით:

„კოდექსით განისაზღვრება მთელი რიგი ვადები ცალკეული პროცედურებისა. ცესკოს მიერ დადგენილი პროცედურების ვადები არ შეესაბამება სარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ ვადებს. შესაბამისად, კანონის დარღვევით Ჩატარებული არჩევნები არ შეიძლება იქნეს ცნობილი კანონიერად“, - მიიჩნევს ის.

საარჩევნო კოდექსის ვადები ცესკომ 26 ნოემბერს, საღამოს გამართულ სხდომაზე, დადგენილებით შეცვალა. „ქართული ოცნების“ არგუმენტით, სხვა შემთხვევაში, პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია წელსვე ვერ მოესწრებოდა და ასეთ შემთხვევაში დაირღვევა კონსტიტუციის პრინციპი - პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა, 5 წლის ნაცვლად, 6 წელი გამოვიდოდა.

ყაველაშვილის „არალეგიტიმურობის“ დასამტკიცებლად კიდევ ერთი არგუმენტი არსებობსო, ამბობს კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი.

300-წევრიან კოლეგიაში:

  • 150 ადგილს პარლამენტარები აკომპლექტებენ
  • 20 ადგილს - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
  • 21 ადგილს - აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
  • 109 ადგილს კი - ადგილობრივი თვითმმართველობების, -

სხვადასხვა მუნიციპალიტეტის - საკრებულოს წევრები საკრებულოების კვოტიდან 55 ოპოზიციური პარტიების უნდა ყოფილიყო, 54 კი - „ოცნებისა“. თუმცა მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა ცესკოში მათი სიები არ წარადგინეს, ეს 55 ადგილიც დამატებით „ქართულმა ოცნებამ“ შეავსო.

„ცესკომ - რეჟიმის მიერ კონტროლირებულმა კიდევ ერთმა ორგანომ - ეს კვოტა სრულად შეავსებინა „ქართულ ოცნებას“ და მას ხელოვნურად გაუზარდა წარმომადგენლობა ისედაც ერთპარტიულ საარჩევნო კოლეგიაში. მას ეს სჭირდებოდა „ლეგიტიმაციის თამაშისათვის“, რომ ვითომ რაც შეიძლება მაღალი მხარდაჭერით აერჩიათ ერთპარტიული პრეზიდენტი“ - ამბობს ზედელაშვილი.

რა ხდება ახლა?

14 დეკემბრიდან მიხეილ ყაველაშვილი არჩეული პრეზიდენტია. „ქართული ოცნების“ გათვლებით, ის ოფიციალურად პოსტზე მუშაობას 29 დეკემბრიდან უნდა შეუდგეს. ამ დღესაა მისი ინაუგურაცია დაგეგმილი.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტს და, შესაბამისად, ამ პარლამენტში არჩეულ მიხეილ ყაველაშვილის არალეგიტიმურად მიიჩნევს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

„ორი პარასკევი, მხოლოდ 14 დღე დარჩა“, - ამბობენ მასზე „ქართული ოცნების“ ლიდერები და წევრები. ერთ-ერთმა დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა ზურაბიშვილს მოუწოდა: „საკმაოდ "სერი" მემკვიდრეობით მიდის საპრეზიდენტო პოსტიდან, ორი კვირა დარჩა და ვისურვებდი, რომ როდესაც საპრეზიდენტო მანდატს დატოვებს, ეს "სერი" ფერი შავში არ გადაუვიდეს“.

თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი ყაველაშვილის არჩევას უყურებს როგორც „ლეგიტიმაციას სრულიად მოკლებულ, არაკონსტიტუციურ, არალეგიტიმურ პროცესს“. მან 30 ნოემბერს განაცხადა: „ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება. მე თქვენთან ვარ და ვიქნები“.

ასევე ნახეთ ვინ წავა, ვნახოთ! - რას აპირებს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი

29 დეკემბრიდან მოვლენების განვითარების სცენარები ბუნდოვანია.

„ორხელისუფლებიანობა“

ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ თუკი 29 დეკემბერს ინაუგურაცია შედგება, ესეც არაკანონიერი იქნება და არსებულ ვითარებას ერთი რგოლი დაემატება. აი, როგორ აღწერს ის არსებულ ვითარებას:

  • „წმინდად სამართლებრივი თვალსაზრისით, ქვეყანაში დღეს არის ორი პარლამენტი: ლეგიტიმური პარლამენტი [2020 წლის მოწვევის] და არალეგიტიმური (2024 წლის არჩევნების შედეგად შეკრებილი);
  • ლეგიტიმურია წინა მთავრობა და არალეგიტიმურია ის მთავრობა, რომელსაც ნდობა გამოუცხადა არალეგიტიმურმა პარლამენტმა;
  • ორივე პარლამენტის თავმჯდომარე და ორივე მთავრობის პრემიერ-მინისტრი, - როგორც არალეგიტიმურის, ასევე ლეგიტიმურისა, - ერთი და იგივე პირები არიან (კობახიძე და პაპუაშვილი);
  • არაკანონიერი ინაუგურაციის შემდეგ კი ჩვენ დაგვრჩება ლეგიტიმური პრეზიდენტი და თან გვეყოლება არალეგიტიმური პრეზიდენტი“.

ხმალაძის განმარტებით, ფაქტობრივი მდგომარეობა ასეთია:

  • „ფაქტობრივი ხელისუფლება, - რომლის არსებობასაც კონსტიტუციური საფუძველი არა აქვს, - ხელისუფლებას, თავის ძალაუფლებას, ახორციელებს პოლიციურ ძალაზე დაყრდნობით;
  • ამის პარალელურად კი არსებობს ლეგიტიმური ხელისუფლება, პრეზიდენტის სახით - რომელსაც არ აქვს თავისი ძალაუფლების განხორციელების შესაძლებლობა იმდენად, რამდენადაც მას არ ჰყავს ის ძალოვანი სტრუქტურები, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ხოლმე ძალაუფლება“.

„ორხელისუფლებიანობა“ ?

ამ ფაქტობრივ ვითარებას, რომელიც შეიძლება 29 დეკემბრის შემდეგ შეიქმნას, ხმალაძე აღწერს, როგორც „ორხელისუფლებიანობას“.

„ოღონდ ეს ორხელისუფლებიანობა სხვადასხვაგან სხვაგვარია ხოლმე“, - ამბობს ის და დასძენს, რომ „ორხელისუფლებიანობის“ შემთხვევაში მხარეებს, ზოგიერთ შემთხვევაში, ჰყავთ ძალა, რასაც მოჰყვება ხოლმე სამოქალაქო დაპირისპირება.

„ასეთი რამ საქართველოშიც ყოფილა“, - ამბობს ის და 1990-იანი წლების მაგალითს იხსენებს:

„ქვეყანაში იყო ლეგიტიმური ხელისუფლება, - პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება, - და იყო არალეგიტიმური ხელისუფლება - სამხედრო გადატრიალების მეშვეობით მოსული სამხედრო საბჭო. ეს ვითარება გაგრძელდა მანამ, სანამ 1992 წლის შემოდგომაზე არ გაიმართა საპარლამენტო არჩევნები“.

თუმცა ის აცხადებს, რომ ახლანდელი ვითარება აბსოლუტურად განსხვავებულია:

„ამისგან განსხვავებით, ამჟამად ლეგიტიმური ხელისუფლების ნაწილს არ ჰყავს თავისი დასაყრდენი შეიარაღებული ძალა; კონსტიტუციისა და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ლეგიტიმური ხელისუფლების ერთადერთი დამცველი - ეს არის საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი მშვიდობიანი პროტესტით“.

რა ელის და რა ემუქრება პრეზიდენტ ზურაბიშვილს?

პირველ დეკემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს „29 დეკემბრიდან მოუწევს გამოვიდეს საკუთარი რეზიდენციიდან და ეს შენობა დაუთმოს ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს“.

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი საუბრობს იმ რისკებზე, რაც პრეზიდენტი ზურაბიშვილის წინაშე დგას:

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ რეჟიმი ყაველაშვილის ინაუგურაციას ჩაატარებს, რეჟიმის პერსპექტივიდან, სალომე ზურაბიშვილს აღარ ექნება იმუნიტეტი. რეჟიმის მიერ მიტაცებული სამართლის სისტემის აქტორები - პროკურატურა, სასამართლო და ა.შ. - მათი ლოგიკით იქნებიან უფლებამოსილნი, მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება დაიწყონ“, - ამბობს ზედელაშვილი.

„მუქარებს სერიოზულად უნდა მოეკიდოს ყველა, მათ შორის საზოგადოებაც და თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი. მით უმეტეს, რეპრესიის ისეთ აღმავალ სპირალში, როგორშიც ეს რეჟიმი იმყოფება“, - ეუბნება ზედელაშვილი რადიო თავისუფლებას.

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი

„და ისიც ცხადია, რომ ამ რეჟიმს არ უჭირს ყოფილი პრეზიდენტების ციხეში გამოკეტვა და არანაირი უხერხულობა არა აქვს“, - ამბობს ის.

ყოფილი, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2021 წლიდან, - უკრაინიდან საქართველოში შემოპარვის შემდგომი პერიოდიდან, - პატიმრობაშია. ორ წელიწადზე მეტია, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი კლინიკა „ვივამედში“ აგრძელებს პატიმრობის ვადას.

„ისეთ რეალობაში, სადაც პროტესტი, შესაძლოა, ძლიერია, მაგრამ იგი ვერ იცავს ფიზიკურად ზურაბიშვილს რეჟიმის რეპრესიული აპარატისგან, მას, რა თქმა უნდა, აქვს ფიზიკური უსაფრთხოების საფრთხე ამ რეჟიმისგან. მაგრამ თუკი ის კონკურენტულ ინსტიტუციურ ლეგიტიმაციას ქმნის ადგილზე, ეს არის ამ რეჟიმისთვის მნიშვნელოვანი საფრთხე. რეჟიმი ყველანაირად ეცდება, ეს საფრთხე გაანეიტრალოს. მათ შორის იძულებითი ზომების გამოყენებისთვისაც“, - ამბობს დავით ზედელაშვილი.

კონსტიტუციონალისტი მეორე შესაძლებლობასაც ხედავს: „არის კიდევ ერთი არჩევანი, რაც სალომე ზურაბიშვილს აქვს - დატოვოს ქვეყანა და ლეგიტიმური პრეზიდენტის როლის შესრულება გააგრძელოს დევნილობიდან, - დროებით, რეჟიმის ჩამოშლამდე, ქვეყნის გარედან“.

რას აპირებს ზურაბიშვილი?

თავად პრეზიდენტ ზურაბიშვილს საჯაროდ მსგავსი შესაძლებლობა არ განუხილავს.

მიხეილ ყაველაშვილის არჩევნების წინა დღეს, 13 დეკემბერს მან განაცხადა: „არსად არ მივდივარ. არავის არ დავტოვებ“.

„აქ ვარ და აქ ვიქნები იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, ლეგიტიმური ხელისუფლების ნაწილი, რომელიც არის რეალურად არჩეული და ასახავს ამ ქვეყნის და საზოგადოების ხმას“, - განაცხადა მან.

ასევე ნახეთ „აქ ვარ და აქ ვრჩები“ - ზურაბიშვილი ყაველაშვილის არჩევას პროვოკაციას და პაროდიას უწოდებს

როდესაც La Stampa-ს ჟურნალისტმა მას ჰკითხა:

- პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 29 დეკემბერს პრეზიდენტს „გამოასახლებენ“ ორბელიანის მოედანზე მდებარე პრეზიდენტის სასახლიდან. რას გააკეთებს იგი?

-„ვერ ვხვდები, რატომ არის პრემიერ-მინისტრი ასე გატაცებული სასახლით. მე არ ვარ მიჯაჭვული ადგილს, არამედ პრინციპს, კერძოდ, პრინციპს, რომ წარმოვადგენ ხალხის ხმას, რადგან მე ამ ხალხმა ამირჩია. მე ვრჩები ქართველი ხალხის და ამ პრინციპის ერთგული და არ მაინტერესებს სასახლეები“, - უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა.

„დაბრუნება კონსტიტუციურ ჩარჩოში“ - როგორ?

ვახტანგ ხმალაძე ვარაუდობს, რომ საპროტესტო მუხლის ზრდის ფონზე, „ქართულ ოცნებას“ დათმობაზე წასვლა მოუწევს:

„საბოლოოდ, მე მაინც მიმაჩნია, რომ ქვეყანა მოახერხებს კონსტიტუციურ რეჟიმში დაბრუნებას. პროტესტის ხარისხი მატულობს და პროტესტში მონაწილეთა რაოდენობაც იზრდება. აი, ასეთი სახის პროტესტი საქართველოში ამ 35 წლის განმავლობაში არ ყოფილა ჯერ არასოდეს. ამიტომ ვამბობ, რომ ფაქტობრივ ხელისუფლებას დათმობა მოუწევს. მაგრამ რის ხარჯზე მოხდება ეს, ეს უკვე არ ვიცი“.

14 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება და იმოქმედოს საქართველოს და მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად.

ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა კი, ორგანიზაციის ხედვით, შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი ზომების მიღებით:

  1. „გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული უკანონო პატიმრები და შეწყდეს მათ წინააღმდეგ დაწყებული ყველა საქმე;
  2. „დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომელიც გაიმართება ახალი, სამართლიანი წესით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციით და სამართალდამცავი უწყებების (სუსი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, შსს) პოლიტიკური ნეიტრალობის უზრუნველყოფით“.

ამ აზრზეა ოპოზიციაც და დასავლური ინსტიტუტების ნაწილიც. კერძოდ, მსგავს ნაბიჯებს ითვალისწინებს ევროპარლამენტის ბოლო, 28 ნოემბრის რეზოლუცია საქართველოს შესახებ საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, არ აღიარებს მის შედეგებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

ასევე ნახეთ ევროპარლამენტი 26 ოქტომბრის არჩევნების აღიარებას არ აპირებს - რა წერია რეზოლუციის პროექტში