რუსთაველის მეტროში, ესკალატორის ამოსასვლელიდან ხელმარცხნივ დიდ სარეკლამო ეკრანზე უხმო ვიდეორგოლი ტრიალებს: ახალგაზრდები, ლამაზი, მოქნილი სხეულებით იოგას ვარჯიშობენ. „თუ მოხვალ ევოლუშენში, იოგას კლასი სამსახურში გექნება“, - ამბობს ხმა ვიდეოს დასასრულს და ეკრანზე „პირველი სამსახურის“ ბმული ისახება.
ბმულზე ჰეშტეგით #დაიწყეაქ სამი ვაკანსიაა გამოცხადდებული. კომპანია „ევოლუშენი“ ეძებს:
- აზარტული თამაშის წარმდგენს, იგივე დილერს;
- აზარტული თამაშის ინგლისურენოვან დილერს;
- და ბანქოს მჩეხავს.
სამუშაო გამოცდილება საჭირო არ არის. სრულწლოვანება და ენის ცოდნა საკმარისია. ბანქოს მჩეხავს ენის ცოდნაც არ სჭირდება.
„პირველი სამსახურის“ საიმიჯო ვიდეოებში ყველაფერი სწავლის, უნივერსიტეტის, წიგნების, აუდიტორიის, ახალგაზრდების გარშემო ტრიალებს. „ევოლუშენი“ აწესებს სტიპენდიას, ქალ თანამშრომლებს სტარტაპებს უფინანსებს, სამსახურშივეა სპორტული დარბაზი, იოგას და ზუმბას უფასო კლასები.
და, რაც მთავარია, „ევოლუშენი“ სტუდენტებს ყველაზე მნიშვნელოვანს - სწავლაზე მორგებულ გრაფიკს სთავაზობს.
„სინამდვილეში ეს არის ლეგენდები მოქნილი გრაფიკისა და მაღალი ანაზღაურების შესახებ… რაც უფრო მეტს მუშაობ, მით უფრო იაზრებ, როგორ იმსხვრევა ილუზიები და შენი სამსახური მონობას ემსგავსება“, - ამბობს სამხატვრო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტი, მახარე პატაშური.
მახარემ „ევოლუშენ საქართველოში“ ბანქოს მჩეხავად მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო. მაშინ ის არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. წელიწადში 2250 ლარი ჰქონდა გადასახდელი - პირველსავე სემესტრში სტუდენტური სესხი აიღო. იმავე წლის მეორე სემესტრში კი „ევოლუშენში“ მივიდა - სესხისა და სწავლის ფულს ერთად ვეღარ იხდიდა, სამუშაო სჭირდებოდა, მის გარშემო ყველა „ევოლუშენ ჯორჯიაზე“ ლაპარაკობდა.
დღეს მახარე თავის პირველ სამსახურში გაფიცვის ერთ-ერთი ორგანიზატორია. კვირაზე მეტია დიდუბის მეტროსთან, მექანიზაციის #4-ში, „ევოლუშენ საქართველოს“ A კორპუსის წინ მწვანე კარავში კომპანიის სხვა თანამშრომლებთან ერთად მორიგეობს და ცდილობს იმათ დარწმუნებას და შემოერთებას, ვინც ჯერ არ გაფიცულა.
კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები 12 ივლისს 12 საათიდან გაიფიცნენ. მათ შეთანხმებულად მიატოვეს სამუშაო მაგიდები და ერთმანეთს შენობის გარეთ ოვაციებით დახვდნენ. გაფიცულების კარავი კომპანიამ რკინის ჯებირებით შემოსაზღვრა და კერძო დაცვის მორიგეობა დააწესა.
„ევოუნიონში“, პროფესიული კავშირში, რომელიც დასაქმებულებმა 2 წლის წინ ჩამოაყალიბეს, ამბობენ, რომ გაფიცულია თანამშრომელთა ნახევარი - 4621 ადამიანი. კომპანია სხვა რიცხვს ასახელებს - 800 ადამიანი, დასაქმებულების მხოლოდ 10%.
„საუკეთესო წლები „ევოლუშენში“ გავხარჯე და 600-700 ლარად თვეში მუდმივად უსამართლობის განცდა მქონდა… მეუბნებოდნენ, თუ არ მოგწონს, წადი. ეს სიტყვები დამსაქმებლებისგანაც მესმოდა და საზოგადოებისგანაც. სულ ვფიქრობდი - სად?! ყველგან დაბალი ხელფასი და საშინელი მენეჯმენტია“, - ამბობს მახარე და ამატებს: - „სტუდენტებს საქართველოში წასასვლელი არსად აქვთ. ერთადერთი გამოსავალი პროტესტი და გაფიცვაა“.
თამაში 24/7-ზე
„ევოლუშენის“ A კორპუსში მეორე ცვლას მუშაობა ნახევარი საათის დაწყებული აქვს. ამ შენობაში ყველა სართულზე სტუდიებია გახსნილი.
სოხუმი, ბათუმი, ფოთი, მცხეთა, ქუთაისი - სტუდიებს ქართული გეოგრაფიული სახელები აქვს. მაგალითად, „გუდაურში“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტუდიაა, ერთდროულად 100 მაგიდაა გაშლილი. უფანჯრო დარბაზში მხოლოდ ხელოვნური განათებაა, კედლებზე - ხმის დამხშობი პანელები, აქ ხმამაღლა ლაპარაკი ისედაც არ შეიძლება. ყველა მაგიდაზე დიდი მონიტორი დგას, მაგიდის თავზე მიკროფონი და ძლიერი განათება კიდია. მაგიდას, ბანქოსა და თამაშის წარმდგენს, იგივე დილერს, კამერები დაჰყურებს.
დილერები კლიენტებს ბლექჯეკს, რულეტკას, ტოპქარდს და ბაკარას შეუჩერებლად ეთამაშებიან, მსოფლიოს ყველა კუთხეში, 24 საათი, კვირაში 7 დღე.
ხშირად ჰგონიათ, რომ „ევოლუშენ საქართველო“ ონლაინკაზინოა. სინამდვილეში ეს კომპანია კაზინოებს თამაშების ონლაინ წაყვანისა და უწყვეტი ტრანსლაციის სერვისს სთავაზობს.
სმარტფონების ეპოქაში, კაზინოები რეალური მაგიდებიდან ვირტუალურზე გადადიან. კლიენტებიც სულ უფრო ხშირად ფსონების დასადებად ონლაინპლატფორმებს იყენებენ - თამაშობენ როცა უნდათ, საიდანაც უნდათ, რითიც უნდათ. „სტატისტას“ დათვლით, 5 წელიწადში ონლაინკაზინოების კლიენტების რიცხვი 280 მილიონს გადააჭარბებს.
ჯამში, „ევოლუშენის“ ოთხ კორპუსში, სულ მცირე, 20 სტუდიაა მოწყობილი, ერთ ცვლაში აქ ერთდროულად 1000-მდე ადამიანი მუშაობს.
დღის 17:00 საათია, ვისაც თამაში არ მიჰყავს, ისვენებს - ნაწილი ეზოში ყავას სვამს, ნაწილი კაფეს რიგში დგას, თუმცა ყველა ერთნაირად გამოიყურება: ერთნაირი ფორმა აცვიათ, ფრთხილად მოძრაობენ, ხმადაბლა ლაპარაკობენ. მათი ყველა წუთი გათვლილია, მწყობრიდან სისტემის ერთი ნაწილიც რომ გამოვიდეს, ყველაფერი აირევა. „ევოლუშენში“ კი თამაში არ უნდა გაჩერდეს.
2022 წელს კომპანიის შემოსავალი 172 მილიონი ლარი იყო, აქედან 12 მილიონი სუფთა მოგება.
შვედური „ევოლუშენ გეიმინგის“ მალტაში რეგისტრირებულმა შვილობილმა კომპანიამ საქართველოში წარმომადგენლობა 7 წლის წინ გახსნა და პირველსავე წელს 1000 ადამიანზე მეტი დაასაქმა. კომპანია 13 ქვეყანაში მუშაობს. ყველაზე დიდი ოფისი და მეტი - 8000-მდე თანამშრომელი კი სწორედ „ევოლუშენ საქართველოს“ ჰყავს. კიდევ ორი ამდენი თუ მუშაობს დანარჩენ მსოფლიოში.
„საქართველოში იმიტომ ჰყავს ყველაზე მეტი დასაქმებული, რომ [აქ] იაფი მუშახელია. თანაც, სტუდენტებმა საქართველოში არაჩვეულებრივად იციან მინიმუმ ერთი ან ორი უცხო ენა“, - ამბობს ემა, რომელმაც გამოგონილი სახელით „ევოლუშენში“ დილერად მუშაობა ხუთი წლის წინ დაიწყო.
ახალმისულს აუხსნეს, რომ დილერებს არ აქვთ კლიენტებთან ვინაობის გათქმის უფლება. ერთი კვირა თამაშის წესებსა და მუშაობის სპეციფიკას ასწავლიდნენ. მოეწონათ და საცდელი ვადით, 6 თვით აიყვანეს.
„გამოსაცდელი პერიოდიც ანაზღაურებადია“, - გვეუბნებიან კომპანიის ბრენდინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტში და ფასების ცხრილს გვიგზავნიან.
ამ ცხრილის მიხედვით, 6-თვიანი გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში კომპანია დილერებს დღის ცვლაში საათში 7,1 ლარს იხდის. ღამის ცვლაში - 10,65 ლარს. ბანქოს მჩეხავებს დღე - 4,5 ლარს, ღამით - 6,75-ს.
გამოსაცდელი პერიოდის გავლის შემდეგ ანაზღაურება ორჯერ იზრდება - 6 და 18 თვის თავზე.
საბოლოოდ, დილერებისთვის, რომლებიც კომპანიაში 18 თვეზე მეტია მუშაობენ გამოდის:
- დღის ცვლა საათში - 8 ლარი და 10 თეთრი
- ღამის ცვლა საათში - 12 ლარი და 15 თეთრი
ბანქოს მჩეხავისთვის მუშაობის დაწყებიდან 18 თვის შემდეგ ანაზღაურება:
- დღის ცვლაში საათში - 5,3 ლარია
- ღამის ცვლაში საათში - 7,95 ლარი.
სახელმწიფო დღესასწაულებზე მუშაობა დღიურ ტარიფს აორმაგებს.
დილერები და ბანქოს მჩეხავები 8-საათიანი ცვლით 3 დღე მუშაობენ, 3 - ისვენებენ. თვეში საშუალოდ 15 დღე გამოდის. მათ იოლად შეუძლიათ გადაცვალონ, დაიმატონ ან სულაც გააჩუქონ სამუშაო საათები. ამ გრაფიკში ყველაზე რთული ღამის ცვლაა და უფრო მაღალანაზღაურებადიც.
პირობითად, დილერს, რომელიც კომპანიაში 18 თვეზე მეტია დასაქმებულია, თვეში საშუალოდ 15 დღე და დღეში 8 საათი მუშაობს, დღის ცვლაში ხელფასი 972 ლარი გამოსდის, ღამით - 1336, მაგრამ ამდენს მაინც ვერ აიღებს. ამ თანხას საშემოსავლო და საპენსიო შენატანი (20%+2%) დააკლდება.
გაცილებით დაბალია შემოსავალი მათთვის, ვინც მუშაობას ახლა იწყებს. გამოდის, რომ დილერი, პირველი ექვსი გამოსაცდელი თვე, მაგალითად დღის ცვლაში ხელზე დაახლოებით 665 ლარს აიღებს, ბანქოს მჩეხავი კი 414 ლარს.
გაფიცულები განმარტავენ, რომ ღამის ცვლის 8 საათიდან მხოლოდ ექვსი საათის განმავლობაში იხდიან ღამისთვის გათვლილი საათობრივი ანაზღაურების შესაბამისად, დარჩენილი ორი საათი დღის ტარიფს შეესაბამება.
„ეს კომპანია სარგებლობს ახალგაზრდების მოწყვლადობით და შრომით ექსპლუატაციას ეწევა“, - ამბობს გიორგი დიასამიძე, პროფესიულ კავშირ „ლაბორის“ წარმომადგენელი. გიორგი კომპანიის თანამშრომლებს უფლებების დაცვაში ეხმარება.
ხელფასების გაორმაგება მთავარი მოთხოვნაა იმ 44 პირობას შორის, რომლებიც გაფიცულებმა კომპანიას წაუყენეს. ისინი მიუთითებენ, რომ ბანქოს მჩეხავი აშშ-სა და კანადაში საათში მინიმუმ 17 დოლარს იღებს, თითქმის 9-ჯერ მეტს, ვიდრე საქართველოში.
„ევოლუშენ საქართველოში“ ამბობენ, რომ მათთან ხელფასები დაბალი კი არ არის, საქართველოს სამუშაო ბაზრის შესაბამისია: „ვატარებთ კვლევებს, რაშიც გვეხმარება უცხოური კომპანია Ernst & Young. ეს კომპანია ადგილობრივ ბაზარს სწავლობს და ჩვენი ანაზღაურება მათი დახმარებით ითვლება“.
2024 წელს შვედურ „ევოლუშენ გეიმინგს“ რეკორდული 500 მილიონი ევროს მოგება ჰქონდა. მაღალი მოთხოვნის გამო კომპანიის ახალი ამოცანა ოფისების გაფართოება და მაგიდების დამატებაა, მათ შორის საქართველოშიც.
ანგარიშგების პორტალზე ატვირთულ ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ „ევოლუშენმა“ საქართველოში ბიზნესი 5 მაგიდით დაიწყო და ხუთი წლის თავზე გააასმაგა.
„ძალიან სტრესული იყო. ვერ ვივიწყებდი იმას, რომ ვიღაც სულ მიყურებდა, მაკონტროლებდა. [ამ დროს] ძლიერი შუქი, ეკრანი და პროჟექტორები გიყურებს. სხვა მაგიდას რომელი კამერაც აკონტროლებს, ის შენც გხედავს… თავს ვარწმუნებდი, რომ მსახიობი ვარ და აი, ახლა სცენაზე უნდა გავიდე, მაგრამ მსახიობს შეცდომა ეპატიება, „ევოლუშენში“ - არა”, - ასე იხსენებს „ევოლუშენში“ მუშაობის 8 თვეს 26 წლის თამარი, მისი სახელიც გამოგონილია:
„დედაჩემის სახელი ავირჩიე, რომ არ დამვიწყებოდა. ყველაფერთან ერთად შეცვლილი სახელით მუშაობა ცალკე სტრესი იყო, ბევრჯერ ამრევია და ჩემი ნამდვილი სახელით გავცნობივარ მოთამაშეებს“. ეს კორპორაციული წესების დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს. ყველა დარღვევა ხელფასზე ბონუსის დაკლებას იწვევს.
ბონუსი ხელფასზე დანამატია, ის ყოველი თვის ბოლოს ანგარიშდება და დამოკიდებულია რამდენიმე რამეზე:
- რამდენი საათი იმუშავა თანამშრომელმა თვეში;
- როგორი შეფასებები მიიღო მან კლიენტებისგან;
- რამდენი პარტიის დარიგება მოასწრო;
- და ბოლოს, როგორი „პერფორმანსი“ ჰქონდა - მენეჯერების სპეციალური ჯგუფი აფასებს, რამდენად ზედმიწევნით დაიცვა თანამშრომელმა კორპორაციული შინაგანაწესი.
ბონუსზე მოქმედებს ნებისმიერი არაბუნებრივი მოძრაობაც. განსაკუთრებული ყურადღებით კამერები დილერის ხელის მტევნებს აკვირდებიან:
„ერთი ნეკა თითიც რომ მოკეცო, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ვიღაც მოთამაშეს რაღაცას ანიშნებ. კარტი რომ გადაგივარდეს, უნდა დააჭირო SOS ღილაკს და დაელოდო, როდის ჩამოვა მენეჯერი, ვინც ამ კარტს აიღებს, ანახებს მოთამაშეებს და უკან ჩააბრუნებს. შენ არ გაქვს უფლება აიღო, ითვლება, რომ იქ შეიძლება რამე შეცვალო“, - გვიხსნის თამარი.
წითელი ღილაკი
გადაუდებელი დახმარების SOS ღილაკი წითელი ფერისაა და ყველა მაგიდაზეა დამონტაჟებული. მას იმ დროსაც იყენებენ, როცა ვინმე ცუდად ხდება. ეს არის ნიშანი მენტორისთვის, რომ დილერს მაგიდის დატოვება სჭირდება და დროებით, მან უნდა ჩაანაცვლოს.
მენტორებს თავისუფალი გრაფიკი აქვთ და მაგიდასთან მხოლოდ მაშინ მიდიან, როცა რაიმე გაუთვალისწინებელი ხდება.
„[ერთხელ] დაღლილობისგან მაგიდასთან ცუდად გავხდი, 15 წუთი ველოდე მენტორს, არ მოვიდა და რადგან არ ჩამანაცვლეს, გადავწყვიტე დამეტოვებინა ყველაფერი და გავსულიყავი გარეთ… შევამჩნიე, რომ ერთი ფლორიდან [სტუდიიდან] გამოსული იყო ყველა თანამშრომელი … დამწვრის სუნი იდგა, გადაიწვა რაღაც და, შესაბამისად, ბავშვები გამოვიდნენ და მენტორები შეიყვანეს. ერთ ნაწილს ეშველა, მეორე ზიანდებოდა… „ევოლუშენის“ მთავარი მოტივაცია იყო - მაგიდა არ გაჩერებულიყო“, - ამბობს სტუდენტი ანანო კოროშიძე. „ევოლუშენში“ მუშაობა მან ორი წლის წინ დაიწყო.
ცუდად ვინც ხდება, დასასვენებლად „ევოლუშენის“ ეზოში, მინისგან შეკრულ გამჭვირვალე კონტეინერში მიჰყავთ. იქ მათ მენეჯერი ელოდება. თითოეული მენეჯერი 60-მდე თანამშრომელზეა პასუხისმგებელი.
„მენეჯერები ხშირად საკუთარ მოვალეობას არ ასრულებენ, არ გვიზომავენ სიცხეს და წნევას, შეიძლება ეხვეწო, სასწრაფოს დაურეკეო და მაინც არ დარეკოს და გაიძულოს 10 წუთში დაბრუნდე სამუშაო ადგილზე“, - ამბობს ანანო.
თუ მენეჯერის მიერ დათქმულ დროში დილერი ან შაფლერი - ბანქოს მჩეხავი მაგიდას არ დაუბრუნდება, მას გაფრთხილებას დაუწერენ და ბონუსს დაკარგავს.
ბუნებრივი სინათლის ნაკლებობა ცირკულარულ რიტმს არღვევს, ეს კი პირდაპირაა დაკავშირებული დეპრესიასთან, - წერია Chronobiology International-ში გამოქვეყნებულ 2015 წლის კვლევაში. თითქმის გაუნძრევლად ჯდომა და ეკრანის გამოსხივება დამატებით აზიანებს ჯანმრთელობას.
2014 წელს სამეცნიერო ჟურნალში Clinical Sleep Medicine გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე დღის სინათლის გავლენას აკვირდებოდა. კვლევის ავტორები უფანჯრო და ფანჯრებიან ოთახებში მუშაობას ადარებდნენ ერთმანეთს. გაირკვა, რომ ბუნებრივ სინათლეს მოკლებულ სივრცეებში ადამიანები კონცენტრაციას კარგავდნენ და დაძინება უჭირდათ.
„ხელოვნურ განათებაზე თვალები მტკივდება, მაგიდიდან ადგომის უფლება კი არ გვაქვს, ერთნაირი და განმეორებადი მოქმედებები კუნთებს გვიღლის, შეიძლება პანიკური შეტევა დაგემართოს, ასეთი შემთხვევა ბევრი ყოფილა, ღამის ცვლაში მაგიდებთანაც ჩასძინებიათ გადაღლილებს“, - ჰყვება 19 წლის დილერი, ლუკა ნადირაძე და ამატებს: „ერთი ან ორი ადამიანი მაინც მიჰყავს სასწრაფოს დღეში, ეს ჩვეულებრივი ამბავია“.
„ევოლუშენის“ კორპორაციული კულტურა
„ევოლუშენის“ გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ რაღაც თვალსაზრისით „პერფორმანსი“ ყველაზე რთული კომპონენტია იმ მოთხოვნებს შორის, რომელთა დაცვაც მათ ბონუსს ჰპირდება.
სპეციალურად შერჩეული ჯგუფი აკვირდება, ინიშნავს დარღვევებს და ითვლის, რა გავლენას მოახდენს ის თანამშრომლების „პერფორმანსზე“, რომელიც რამდენიმე კომპონენტით ფასდება:
- ჩაცმულობა
- მაკიაჟი
- როგორ იქცევი სათამაშო მაგიდასთან
- რამდენად სხარტად და სწორად არიგებ კარტს
- და ისიც კი, როგორ ხასიათს ავლენ.
„უბრალოდ რობოტობას გთხოვენ, ქავილზე გაწერილი აქვთ, რომ 10 წამზე მეტი ქავილის შემთხვევაში ქულა გაკლდება, არ ვიცი, როგორ მოიგონეს ეს წესი, 5 წუთში თუ სამჯერ დაამთქნარე, ქულა გაკლდება“, - ქცევის დადგენილი წესები არ მოსწონს ლუკას, განსხვავებით ემასგან, რომელსაც ყოველთვის კარგი პერფორმანსი ჰქონდა.
ემა კარგი მუშაობისთვის დააწინაურეს და ახლა „ევოლუშენის“ ერთ-ერთ კორპუსში ოფისმენეჯერია, ხელფასი საშუალოდ 300 ლარით გაუზარდეს.
„გლობალური სტანდარტებია, რომელსაც ამ კომპანიაში ყველა უნდა დაემორჩილოს. ეს სტანდარტი იმისთვისაა, რომ დილერი გამოიყურებოდეს მაქსიმალურად აკურატულად, ლამაზად, სუფთად, მოწესრიგებულად, რომ მომხმარებლისთვის სასიამოვნო გარემო შეიქმნას. იგივე და კიდევ უფრო რთული წესები მოქმედებს კაზინოებშიც“, - გვიხსნის ემა.
„ევოლუშენში“ დასაქმებულები ორნაირ ფორმას ატარებენ: ჯენერიკი (generic) და დედიქეითიდი (dedicated).
სტანდარტული, იგივე „ჯენერიკი“ სამოსი ყველასთვის ერთნაირია - შავი კლასიკური კაბა, ბოლეროთი ან მის გარეშე და კლასიკური ფეხსაცმელი. კაცებს აცვიათ შავი შარვალი, თეთრი პერანგი, შავი ჟილეტი და უკეთიათ შავი ბაფთა.
„დედიქეითიდ“ ფორმებზე რომელიმე კაზინოს სარეკლამო ნიშნებია დატანილი, მაგალითად - ფერი. თუკი „ევოლუშენი“ რომელიმე კონკრეტული კაზინოს რეკლამას ყიდის, მაშინ ყველგან ბრენდის ლოგოები და ფერებია - სტუდიაში, ტანისამოსზე. იცვლება ქცევის წესიც.
„არის ერთი კაზინო, რომელიც კრძალავს ტატუს, მაგალითად, მე თუ ვარ დილერი და მაქვს ტატუ, ვერ ვიმუშავებ იმ კაზინოსთვის. ზოგი კაზინო კრძალავს დიდ პირსინგებს, წარბზე, თუმცა, თუ მე გადავწყვიტე, რომ პირსინგი მინდა, პერფორმანსის შეფასებაში [იგივე ბონუსი - რ.თ.] ქულას დამაკლებენ“, - გვიხსნის ემა.
„ევოლუშენ ჯორჯია“ თანამშრომლებს სამუშაო ტანსაცმელს თავად აძლევს. გაფიცულები მოითხოვენ, რომ კომპანიამ ფეხსაცმლისა და მაკიაჟის ხარჯებიც თავის თავზე აიღოს.
მინუს ერთ სართულზე ქალების გასახდელია, ერთ ოთახში ორმხრივად დგას განათებული სარკეები. იქვეა თმისა და ორთქლის უთოები, ფენი. გვერდით საშხაპეები და გამოსაცვლელი ოთახებია. თამაშის წინ ყველამ თავი უნდა მოიწესრიგოს.
მაკიაჟი უნდა იყოს სადა, ელეგანტური, სახე არ უნდა პრიალებდეს, არ უნდა ჩანდეს სიწითლეები და თვალის გარშემო სიშავე უნდა ამონათდეს, ტუჩეზე მხოლოდ წითელი ან წითლის გარდამავალი ტონები შეიძლება, თმა სახეს არ უნდა ფარავდეს, არ შეიძლება დრედები, ბევრი ნაწნავი თავზე - თუ ასეთი ვარცხნილობა აქვს, დილერს პარიკის ტარებას სთხოვენ.
„ეს გარემო აღმოჩნდა ჩემთვის პირველი შოკი და, ამასთანავე, საინტერესო გამოცდილება. ვერ ვიტყვი, რომ გაფიცულებივით თავს ექსპლუატაციის მსხვერპლად მივიჩნევდი, მაგრამ სტრესული გარემო იყო…“, - ამბობს თამარი.
აკრძალულია სამკაული, გარდა ნიშნობის ბეჭდისა, თუმცა სავალდებულოა ყელსაბამი. ფრჩხილი უნდა იყოს მოწესრიგებული და სიგრძე არ აღემატებოდეს 4-5 სანტიმეტრს. თამაშისას არ უნდა დაკაწროს კარტი ან მაგიდა.
„აკრძალულია ჯვრის კეთება, ის კონკრეტულ სარწმუნოებას უსვამს ხაზს, ჩვენ კიდე არ განვარჩევთ არც სარწმუნოების მიხედვით, არც მრწამსით ან კანის ფერით“, - ამბობს ემა.
თამაშისას დილერებს ეკრძალებათ საუბარი, ხმამაღალი სიცილი ან პირიქით, შესამჩნევი მოწყენილობა. არსებობს ე.წ. VIP მაგიდები, სადაც განსაკუთრებით მაღალი ფსონები იდება, მაგალითად, ერთი ფსონი შეიძლება ნახევარი მილიონი დოლარიც იყოს. ასეთ მაგიდებზე კლიენტებთან საუბარიც აკრძალულია.
„ყველაზე მეტად დაძაბული ასეთ მაგიდებზე ვიყავი, დიალოგზე საუბარი ზედმეტია, სერიოზული ხალხი თამაშობს, დიდ ფულზე და განსაკუთრებული თავდაჭერა გმართებს“, - ამბობს თამარი.
სტანდარტულად, „ევოლუშენის“ თანამშრომლები კლიენტებს თამაშის გარდა, არაფერზე ელაპარაკებიან, დიალოგი ჩატში ჩანს, დილერების წინ დაკიდებულ ეკრანზე.
ბრძოლა უფლებებისთვის
„ტირილი დავიწყე, როცა დამირეკეს აყვანილი ხართო, ისე მჭირდებოდა შემოსავალი და ისე მიხაროდა, დღეს კი ამ კომპანიის წინააღმდეგ გაფიცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარ“, - ამბობს ნიკა კატაპარიაშვილი, რომელმაც „ევოლუშენში“ მუშაობა სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ კურსზე, ოთხი წლის წინ დაიწყო და ორ წელიწადში სხვებთან ერთად პროფესიული კავშირი „ევოუნიონი“ ჩამოაყალიბა.
„დიდი ხანი ვაგზავნიდი სივის და არ მირეკავდნენ, 2020 წლის დეკემბერში ამიყვანეს და ტრენინგების ეტაპზევე მივხვდი, რომ ჩემი მოლოდინები რეალობას არ შეესაბამებოდა. ტრენერები აგდებულად გვიყურებდნენ, შეგრძნება მქონდა, რომ პიროვნებას გვართმევდნენ. ჩემი ჯგუფელი ამის გამო, ტრენინგის ეტაპიდანვე წავიდა, თქვა - პირად სივრცეში იჭრებიანო“.
„ევოუნიონმა“ შრომითი პირობები „ევოლუშენში“ პირველად 2022 წელს გააპროტესტა.
მხარეებმა მაშინ ჯანდაცვის სამინისტროდან მედიატორი მოიწვიეს. 37 მოთხოვნიდან კომპანიამ 10 დააკმაყოფილა. მათ შორის - დილერებს მაგიდის ქვეშ დაუდგეს დაბალი სკამები, რომელზეც ფეხის შემოდება შეიძლება და ტუალეტები ქალებისა და კაცებისთვის ცალ-ცალკე გააკეთეს.
ნიკა კაპატარიაშვილმა მოახერხა და კომპანიას 23 თანამშრომელზე გამოწერილი „ემერჯენსი ქეისი“ გააუქმებინა. მათ ბონუსი აღარ დაკარგეს. „ემერჯენსი ქეისს“ უწოდებენ დოკუმენტს, რომელსაც საგანგებო ვითარების დროს მენეჯერი წერს, მაგალითად, მაშინ, თუ „ევოლუშენში“ დასაქმებულს ჯანმრთელობის ან სხვა პრობლემა აქვს და მუშაობას ვერ აგრძელებს.
„ევოლუშენამდე“ ნიკა ქსელურ მარკეტებში მუშაობდა, სადაც 2020 წლის ნოემბრის თვეში 20 ღამე და 10 დღე, 360 საათი გადაბმულად იმუშავა და თვის ბოლოს 812 ლარი აიღო.
ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) 2022 წლის კვლევის თანახმად, გამოკითხული ახალგაზრდების თითქმის ნახევარმა თქვა, რომ მათ „მშობლები არჩენენ“, მხოლოდ 37%-ს ჰქონდა თავისი შემოსავალი. ამავე კვლევით, ახალგაზრდების ნახევარზე მეტს არ აქვს სამსახური. ყოველი ხუთი გამოკითხულიდან ერთი მაინც ეძებს სამუშაოს.
ჰიგიენა, ანტისანიტარია, პირადი სივრცე
გაფიცულების პრეტენზიების სიაში ანაზღაურების შემდეგ, პირველ ადგილზე ჰიგიენის პრობლემებია.
„მაგიდებს ხავერდის ზედაპირი აქვს. ასეთ რბილ მატერიაში სასათბურე პირობებია მწერებისთვის და ბაქტერიებისთვის. კამერაში არ ჩანს, თუმცა ზევიდან რომ უყურებ, ხედავ ზედ დაყრილ თმის ბეწვებს, წამწამებს, წვერის ნარჩენებს, ჭერიდან ჩამოსულ მტვერს“, - ჰყვება ნიკა კატაპარიაშვილი, რომელმაც ამის გამო შინაგანაწესის შესაბამისად ბევრჯერ იჩივლა.
მწერებზე ჩივის ანანო, თუ სპეციალურად შეკერილი მოსაცმელისა და კოლგოტის გარეშე მაგიდასთან დაჯდები, სტუდიიდან ხელებსა და ფეხებზე ნაკბენებით გამოხვალო.
„ტილო, რომლითაც დამლაგებელი მაგიდებს წმენდს, ჭუჭყისგან შავი ფერია ხოლმე და რასაც წმენდენ, ზედვე რჩება“.
კომპანიაში ონლაინსაჩივარების პრაქტიკა კი არსებობს, თუმცა გაფიცულები ამბობენ, რომ პლატფორმა გაუმართავია, არც კომენტარის დატოვების ფუნქცია აქვს და საჩივრების თემატიკა წინასწარ არის განსაზღვრული - ყველაფერს არ მოიცავს. გაფიცულების კიდევ ერთი მოთხოვნაა გასაჩივრების პროცედურის გამარტივება, ითხოვენ, რომ სტუდიებში დაამონტაჟონ პლანშეტები, სადაც საჩივარს სწრაფად ატვირთავენ.
გაფიცვას წინ უსწრებდა 2 ივლისს ონლაინმედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ფეისბუკგვერდზე, „ევოლუშენ ჯორჯიას“ მენეჯერების ერთი ჯგუფის მიმოწერის გასაჯაროება, სადაც ისინი დასაქმებულებს კამერების საშუალებით აკვირდებიან და შეურაცხმყოფელად მოიხსენიებენ - დასცინიან დილერებს, ფრჩხილის სიგრძის, ჩაცმულობის, წონის თუ კანის ფერის გამო.
მენეჯერების ეს ჯგუფი დაწინაურებამდე თავადაც დილერები და ბანქოს დამრიგებლები იყვნენ.
მართალია, „ევოლუშენ საქართველომ“ ოფიციალურ განცხადებაში კატეგორიულად მიუღებელი უწოდა მიმოწერის შინაარსს, თუმცა რა ზომები მიიღო კომპანიამ ამ თანამშრომლების მიმართ, ძნელი სათქმელია. „დაწყებულია შესაბამისი მოქმედებები, რათა გამოკვლეულ იქნას პრობლემის სათავე და მიიღონ უმკაცრესი ზომები“, - ეწერა განცხადებაში.
„ევოლუშენის“ გაფიცული თანამშრომლები გაფიცვის პარალელურად ავრცელებენ ვიდეოჩანაწერებს, სადაც ასახულია, როგორ მუშაობენ ბანქოს მჩეხავები და თამაშის წარმდგენები რემონტის პარალელურად. ვიდეოში ისმის ხმაური და ჩანს, რომ სტუდიაში რაღაც ვარდება. თამაშის წარმდგენი სტუდიას ტოვებს.
კიდევ ერთი ჩანაწერი ასახავს, როგორც იხდიან ტანსაცმელს თანამშრომლები კამერების წინ. ამ ჩანაწერზე კომპანიაში თქვეს, რომ მათთან ყველას შეუძლია გასახდელში გამოცვლა, მაგრამ „ზოგიერთი მათგანი თავად წყვეტს კამერებთან გამოიცვალოს“.
44 მოთხოვნა
გაფიცულები გამოსაცვლელი და დასასვენებელი ოთახების დამატებას და ნივთების შესანახად ინდივიდუალურ კარადებს მოითხოვენ. ამას გარდა, მათ გრძელ სიაშია ის, რომ:
- კლიენტებს შეეძლოთ, თამაშის წარმდგენებსა და ბანქოს მჩეხავებს თიფი (დამატებითი თანხა) დაუტოვონ;
- თამაშის წარმდგენებს არაუმეტეს სამი თამაშის შემდეგ შესვენების შესაძლებლობა ჰქონდეთ, ბანქოს მჩეხავებს კი - 8-საათიან ცვლაში, სულ მცირე, სამი ნახევარსაათიანი შესვენება;
- აიყვანონ თურქულენოვანი სერვისმენეჯერები;
- გაიხსნას ახალი სასადილო ან კაფე ორ შენობაში, თანამშრომლებს ჰქონდეთ მაცივრები, სადაც თავიანთ საჭმელს შეინახავენ, გასცენ კვების ვაუჩერები;
- არ შეუქმნან მტრული გარემო პროფესიული კავშირის წევრებს;
- დაამატონ მენტორები;
- აიყვანონ ექიმი და გახსნან სამედიცინო ოთახი.
გაფიცვამდე ოცდღიანი მედიაცია უშედეგო აღმოჩნდა. კომპანია და თანამშრომლები 44 საკითხიდან ვერცერთზე ვერ შეთანხმდნენ. „ევოლუშენში“ ამბობენ, რომ „კომპანიის ქცევისა და თამაშის წესები საერთაშორისო სტანდარტია და ვერ და არ შეიცვლება“.
ხოლო რაც შეეხება თანამშრომლების ჯანმრთელობას, მათ დაზღვევა აქვთ - „ძალიან კარგი პირობით“. ფსიქოლოგის სერვისი დაზღვევას წელს დაემატა. კომპანია წელიწადში 5 კონსულტაციის საფასურის ნახევარს ფარავს.
„სახელმწიფო საკმარისად არ უწყობს ხელს ახალგაზრდების დასაქმებას, რაც აიძულებს მათ, ჩაერთონ მძიმე შრომაში და პარალელურად ისწავლონ, არ უზრუნველყოფს მათ სტუდენტური საცხოვრებლით. ახალგაზრდები გამოცდილების დაგროვებას ნაკლებანაზღაურებად, დაუცველ დასაქმების ადგილებში ცდილობენ, ეს გავლენას ახდენს განათლების ხარისხზე. ასეთი შრომითი გამოცდილებები ექსპლუატაციური და მძიმეა“, - ამბობს სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის კვლევით, უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 44.6% - 15-დან 19 წლამდე ახალგაზრდებშია, რომელსაც 31.9%-იანი უმუშევრობის მაჩვენებლით მოჰყვებიან 20-24 წლამდე ახალგაზრდები. საქსტატი ცალკე არ იკვლევს ახალგაზრდების დასაქმების სფეროებს, სამსახურის მიტოვების, დაწყების ან სწავლის პარალელურად მუშაობის სტატისტიკას.
წყარო „ევოლუშენიდან“ რადიო თავისუფლებას უყვება, რომ გაფიცვის პირველ დღეს კომპანიაში მაგიდების ნაწილი არ მუშაობდა. მათი შეკვეთები სახვა ქვეყნებმა აიღეს. გაფიცვისას არ გაჩერდა მხოლოდ კონკრეტული კომპანიების მიერ დაჯავშნილი, ბრენდირებული კაზინოების მაგიდები.
„ევოლუშენ საქართველო“ დასაქმებულთა უმრავლესობისთვის პირველი სამსახურია. „პირველი ტრავმა მძიმე კვალს ტოვებს ახალგაზრდების თვითშეფასებაზე და იმაზე, თუ როგორ გააგრძელებენ საკუთარ კარიერას. მაღალი მოთხოვნა ასეთ სამსახურზე კი იმიტომაა, რომ ახალაგაზრდებს უბრალოდ სხვა გზა არ რჩებათ“, - ასკვნის თამთა მიქელაძე.
მახარე პატაშური, რომელიც „ევოლუშენის“ წინ მოწყობილ კარავს არ მოსცილებია, ამ წინააღმდეგობას სხვანაირად უყურებს - ის დარწმუნებულია, რომ გამარჯვების შემთხვევაში ისინი სხვა კომპანიებში დასაქმებულ ახალგაზრდებსაც შთააგონებენ იბრძოლონ შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის.
19 ივლისი გაფიცვის მერვე დღეა. ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა.