ირანი-პაკისტანის დარტყმები, აშშ-ბრიტანეთი ჰუთების წინააღმდეგ და ღაზის ომი - რა ხდება ახლო აღმოსავლეთში

აჯანყებული ჰუთები აშშ-ისა და ბრიტანეთის წინააღმდეგ აქციაზე, თავიანთ კონტროლირებად დედაქალაქში, სანაში.

დღეს პაკისტანმა ირანს საპასუხო სარაკეტო დარტყმები მიაყენა. ჰუთები აგრძელებენ აგრესიას წითელ ზღვაში. აშშ და ბრიტანეთი მათ საპასუხო დარტყმებს აყენებენ. ჰეზბოლასა და ისრაელის შეტაკებებიც გრძელდება. ისრაელი-ჰამასის ომის შემდეგ რეგიონში შექმნილი დაძაბული ვითარება დუღილის ტემპერატურას აღწევს.

თეირანი და ისლამაბადი ამტკიცებენ, რომ მათ მიზანში ამოიღეს მილიტარისტული დაჯგუფებები, რომლებიც ირან-პაკისტანის საზღვრის მიმდებარე რეგიონში, ბელუჯისტანში ოპერირებენ.

თავდაპირველად თეირანმა განაცხადა, რომ 16 იანვარს „განახორციელა ზუსტი სარაკეტო და დრონებით თავდასხმები“ სუნიტური მილიტარისტული ჯგუფის, „ჯაიშ ალ-ადლის“ პოზიციების მიმართულებით - პაკისტანის ტერიტორიაზე.

ბელუჯისტანის პროვინცია, სადაც ირანმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

პაკისტანის თანახმად, თავდასხმას ემსხვერპლა 2 ბავშვი, კიდევ სამი კი დაშავდა. ისლამაბადმა ეს „ირანის მხრიდან პაკისტანის საჰაერო სივრცის გაუმართლებელ დარღვევად“ შეაფასა და „სერიოზული შედეგებით“ დაემუქრა.

„სერიოზული შედეგები“ მალე გამოჩნდა: ორ დღეში, 18 იანვარს, ისლამაბადმა განაცხადა, რომ პასუხად სარაკეტო თავდასხმის მიზანში ამოიღო ორი „სეპარატისტული სამხედრო დაჯგუფებების“ - „ბელუჯისტანის გათავისუფლების არმიისა“ (BLA) და „ბელუჯისტანის გათავისუფლების ფრონტის“ (BLF) - სამალავები.

ეს ორი დაჯგუფება, რომლებიც ბელუჯების, - ბელუჯისტანში მცხოვრები ხალხის - ავტონომიისათვის იბრძვის, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს განსაზღვრული. ისინი სამოქალაქო პირებს ხშირად ესხმიან თავს.

ისტორიული ბელუჯისტანი სამი ქვეყნის - ირანის, პაკისტანისა და ავღანეთის - ნაწილებს მოიცავს. ჯაიშ ალ-ადლიც ბელუჯისტანშია აქტიური, მაგრამ უფრო რელიგიური მოტივები ადარდებს, ვიდრე მხოლოდ ეთნიკური ან ნაციონალური საკითხი, განსხვავებით BLA-სა და BLF-ისაგან.

ირანული მედიის ცნობით, პაკისტანის დარტყმებს, ყველაზე ცოტა, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორი სამი ქალი და ოთხი ბავშვი (პაკისტანის ხელისუფლება მხოლოდ „ტერორისტების გარკვეული რაოდენობის“ სიკვდილზე საუბრობს).

პაკისტანმა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში შეშფოთებას გამოთქვამდა პაკისტანელი სეპარატისტი მებრძოლებისათვის ირანში „უსაფრთხო სამალავების“ მოწყობის გამო, თუმცა ირანის ხელისუფლებას მათ წინააღმდეგ ზომები არ მიუღია. ამიტომაც გახდა პასუხი აუცილებელიო.

პაკისტანის თავდასხმა ირანის ტერიტორიაზე

პაკისტანიც და ირანიც დიდი ხანია, ბელუჯისტანის ისტორიულ რეგიონში, მათ შორის თავიანთ ქვეყნებს შორის 900 კმ-ის სიგრძის საზღვარზე, მილიტარისტულ დაჯგუფებებს ებრძვიან. მაგრამ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები სერიოზულია და შესაძლო ესკალაციაზე მიანიშნებს.

სარაკეტო თავდასხმების გაცვლა-გამოცვლა ემთხვევა ისრაელი-ღაზის ომს, რომლის გამოც ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისედაც დაძაბულია. პარალელურად ირანი და მის მარიონეტებად მიჩნეული ძალები რეგიონის სხვადასხვა წერტილში თავდასხმებს აგრძელებენ.

ირანის დარტყმები ერაყსა და სირიაში

15-16 იანვარს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ სირიასა და ერაყის ქურთისტანში განახორციელა სარაკეტო შეტევა.

თეირანის მტკიცებით, მან:

  • სარაკეტო დარტყმები განახორციელა ერაყში, ჩრდილოეთ ნაწილში, ერაყის ქურთისტანის ავტონომიის ქალაქ ერბილში; რევოლუციური გვარდია ამტკიცებს, რომ იქ ისრაელის სპეციალური დაზვერვის სააგენტოს, მოსადის „შტაბბინა“ იყო, რომელიც ირანსა და რეგიონში „ჯაშუშური ოპერაციების და ტერაქტების დაგეგმვის“ ცენტრად გამოიყენებოდა. (ირანი და ისრაელი მოსისხლე მტრები არიან);
  • იერიში მიიტანა სირიაში - იმ ძალებზე, რომლებიც, თეირანის მტკიცებით, გარეულნი იყვნენ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის საფლავთან ორიოდე კვირის წინანდელ აფეთქებებზე, რასაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა; აფეთქებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

აჯანყებული ჰუთები იემენის დედაქალაქ სანაში - აშშ-ბრიტანეთის საპასუხო თავდასხმის შემდეგ.

ირანის მარიონეტები

რეგიონში ირანის მოქმედმა მარიონეტებმა ისრაელის ძალებსა და მის მოკავშირეებზეც მიიტანეს იერიში.

ერაყსა და სირიაში ირანის მხარდაჭერილმა ჯგუფებმა ათობით შეტევა მიიტანეს ამ ორ ქვეყანაში შეერთებული შტატების სამხედრო პოზიციებზე. შეერთებული შტატები საპასუხო შეტევებს ახორციელებს.

ჰეზბოლა თითქმის ყოველდღე უპირისპირდება ლიბანი-ისრაელის საზღვარზე ისრაელის ძალებს. 17 იანვარს ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევმა განაცხადა, რომ ომის შესაძლებლობა ჩრდილოეთ საზღვარზე „გაცილებით მაღალია“, ვიდრე ოდესმე. მან თქვა, რომ ისრაელი მზადაა, ლიბანში იომოს.

ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ გახშირდა იემენელი მეამბოხე ჰუთების მიერ წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები.

ვინ არიან ჰუთები

ჰუთები (ქართულ მედიაში მათ „ჰუსიტებს“ უწოდებენ), რომლებიც ირანის მარიონეტებად მიიჩნევიან, იემენის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ. ისინიც მოსისხლე მტრებად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-სა და საუდის არაბეთს.

ჰუთები თავიანთ თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებენ - ღმერთის მხარდამჭერებს. ეს შიიტური ისლამის მიმდევარი გასამხედროებული ორგანიზაციაა, რომელმაც 2014 წლიდან იემენის სამოქალაქო ომში მნიშვნელოვანი პოზიციები დაიკავა.

ჰუთებს, - ჰეზბოლასა და ჰამასის მსგავსად, - სამხედრო და ფინანსურ დახმარებას ირანის ისლამური რესპუბლიკა უწევს.

ჰუთები აცხადებენ, რომ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს [ირანის საგარეო მინისტრიც აცხადებს, რომ მისი მხარდაჭერილი ჯგუფების თავდასხმები ომის დასრულებამდე არ შეწყდება].

წითელ ზღვაზე გადის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 12% მოდის.

წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია. მისი ალტერნატივა აფრიკის კონტინენტის, კეთილი იმედის კონცხის შემოვლაა - რაც ტრანსპორტირებას 30 დღით აგრძელებს. ეს კი პროდუქციას აძვირებს.

გახშირებული თავდასხმების გამო მსხვილ კომპანიებს სულ უფრო ხშირად უწევთ წითელი ზღვისთვის თავის არიდება.

ჯო ბაიდენისა და რიში სუნაკის სიტყვებით, წითელ ზღვაში გემებზე „უპრეცედენტო თავდასხმებზე“ პასუხად, 12 იანვარს ამერიკულმა და ბრიტანულმა სამხედრო გემებმა და ავიაციამ ჰუთების ობიექტებზე პირველი იერიში მიიტანეს. ოფიციალური მონაცემებით, 60-ზე მეტი სამიზნე განადგურდა.

17 იანვარს ამერიკელმა სამხედროებმა მორიგი იერიში მიიტანეს ჰუთების კონტროლირებულ ტერიტორიაზე. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, მათ გაანადგურეს თავდასხმისთვის გამზადებული 14 რაკეტა, რომლებიც წითელ ზღვაში საფრთხეს უქმნიდნენ სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო გემებს და ამერიკულ სამხედრო გემებს.

18 იანვარს ამერიკის მთავრობამ ჰუთები ტერორისტულ დაჯგუფებად კიდევ ერთხელ გამოაცხადა.

ღაზის სექტორი. 2024 წლის 17 იანვარი

ისრაელი-ღაზის ომი

არაერთი ქვეყანა, - და ანალიტიკოსებიც, - შიშობდნენ, რომ კონფლიქტი, რომელიც აქტიურ ფაზაში ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმამ შეიყვანა, უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში გადაზრდილიყო. ამჟამად ფართო რეგიონულ დაძაბულობაში უკვე არაერთი, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო მოთამაშეა ჩართული.

ომი დაიწყო მას მერე, რაც ჰამასმა 7 ოქტომბერს უპრეცედენტო ტერორისტული შეტევა მიიტანა ისრაელზე, რასაც არსებული მონაცემით, ემსხვერპლა 1140-მდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები. 250-მდე ადამიანი ჰამასმა მძევლად აიყვანა.

ღაზის ჯანდაცვის წარმომადგენელთა განცხადებით, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს, ისრაელის თავდასხმებს ომის განმავლობაში შეეწირა 23 000-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უმეტესობაც ქალები და ბავშვები არიან.

ომს მოჰყვა მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი. პალესტინელთა ტერიტორიის დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული.

„ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს“ ჰამასის განადგურებისგან, - ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში კვლავ მოითხოვს „ცეცხლის დაუყოვნებელ ჰუმანიტარულ შეწყვეტას“, რათა რეგიონში დახმარებამ ჩააღწიოს.

ასევე ნახეთ წითელი ზღვის კრიზისი: რატომაა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე გვგონია