7-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ორშაბათიდან, 12 ოქტომბრიდან, მუნიციპალური ბაგა-ბაღები იხსნება. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობასთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ ერთობლივად მიიღეს. ვიდრე ბაგა-ბაღები გაიხსნება, ხელმღვანელებს რამდენიმე სავალდებულო რეკომენდაციისა და პირობის შესრულება მოუხდათ. გურჯაანის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი ლელა თევდორაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 37 ბაგა-ბაღისთვის 15 ათასი ლარის ღირებულების სადეზინფექციო საშუალება, დეზობარიერები, უკონტაქტო თერმომეტრები, პირბადეები, ფარები და ხელის დასამუშავებელი ხსნარები შეიძინეს. თევდორაშვილი გვავნობს იმ წესებსაც, რომელთა დაცვითაც ბაღები კორონავირუსის პანდემიის პირობებში იმუშავებენ:
„არც აღსაზრდელი და არც თანამშრომელი შენობაში არ დაიშვება, თუკი არ გაივლის დეზობარიერს და თერმოსკრინინგს, თანამშრომლებს კი პირბადე უნდა ეკეთოთ. ბავშვებზე პირბადის გაკეთების მოთხოვნა არ ვრცელდება. გარდა ამისა, მშობლები შენობაში არ დაიშვებიან, ისინი ბავშვებს უნდა დაშორდნენ ეზოში და ეზოდან ბავშვებს შეიყვანენ ჩვენი თანამშრომლები და მიაცილებენ ჯგუფებამდე. კიდევ ერთი აკრძალვაა ბავშვების მიერ ბაღში სათამაშოს შეტანა“.
თუკი ბავშვს ექნება ტემპერატურა, გადავიყვანთ საიზოლაციო ოთახში. იქ მოხდება ტემპერატურის რამდენჯერმე გადასინჯვა...ლელა თევდორაშვილი
კორონავირუსის პანდემიის პირობებში მომუშავე ბაღებისთვის კიდევ ერთი აუცილებელი მოთხოვნაა შენობებში არსებობდეს საიზოლაციო ოთახი. ამ ოთახში მოხვდებიან ის ბავშვები და პედაგოგები, რომლებსაც შენობაში შესვლის დროს ან შემდეგ, იქ ყოფნის საათებში, მომატებული ტემპერატურა და რესპირატორული ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდებათ. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების ჯგუფის მოთხოვნით, საიზოლაციო ოთახებში უნდა იყოს ხელის სადეზინფექციო საშუალება, პირბადე და უკონტაქტო თერმომეტრი. გურჯაანის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა თევდორაშვილი ამბობს:
„თუკი ბავშვს ექნება ტემპერატურა, გადავიყვანთ საიზოლაციო ოთახში. იქ მოხდება ტემპერატურის რამდენჯერმე გადასინჯვა. თუკი საბოლოოდ ტემპერატურა დადასტურდა, პირველ რიგში ვუკავშირდებით მშობლებს. გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, თუ მშობელი ბაღში მოსვლას ვერ შეძლებს, ასეთ შემთხვევაში მივმართავთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს“.
უბრალოდ, მე ბაღებს რეკომენდაციები მივეცი, რომ უფროს ჯგუფებში, სადაც ბევრი ბავშვი იქნება, მეცადინეობები ჩაატარონ დარბაზში, რადგან იქ დიდი სივრცეა...თამარ ბაღაშვილი
თავდაპირველად ბაგა-ბაღების გახსნა 15 სექტემბერს სკოლებში სწავლის განახლების პარალელურად იგეგმებოდა, მაგრამ ქვეყანაში მოკლე დროში ეპიდსიტუაციის გართულების გამო ბაღების გახსნა ჯერ 1-ელ ოქტომბრამდე, შემდეგ კი 12 ოქტომბრამდე გადაიდო. ამ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, რომ შესაძლოა ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ რამდენ კვადრატულ მეტრ ფართობში იყო განთავსებული კონკრეტული ჯგუფი. როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, საბოლოოდ ასეთი აკრძალვა ჯგუფებში არ იქნება. ბაღების გაერთიანების უფროსი ლაგოდეხში თამარ ბაღაშვილი ამბობს:
„უბრალოდ, მე ბაღებს რეკომენდაციები მივეცი, რომ უფროს ჯგუფებში, სადაც ბევრი ბავშვი იქნება, მეცადინეობები ჩაატარონ დარბაზში, რადგან იქ დიდი სივრცეა და დისტანცია კარგად იქნება დაცული. რეკომენდაცია იმისა, რომ კონკრეტულ ჯფუფში გარკვეული რაოდენობის ბავშვები უნდა იყვნენ, ჩვენ არ მიგვიღია“.
ბაგა-ბაღების გახსნას, როგორც თავად ამბობენ, მოუთმენლად მოელიან მშობლები, უფრო მეტად კი ისინი, ვინც მუშაობს. მათი თქმით, ახლა უფრო მეტად დარწმუნდნენ იმაში, რომ ბავშვის მომავალი განვითარებისთვის მისი ბაღში სიარული მნიშვნელოვანია.
ასევე ნახეთ ბაგა ბაღების მართვის სააგენტო: ბაგა-ბაღები მზადაა ახალი რეგულაციებით მუშაობისთვისაღსანიშნავია, რომ კახეთში ბაგა-ბაღების ნაწილში 12 ოქტომბერს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ვერ განახლდება. ამის მიზეზი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებია. მაგალითად, ასეთი ლაგოდეხში 6 ბაღია, გურჯაანში - ერთი. ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ იმ ბაღებში ჩარიცხული ბავშვები, სადაც მშენებლობები მიმდინარეობს, ყველაზე ახლოს მდებარე ბაღებში გადაანაწილეს.