2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატთა პროგრამები დღეიდან ვებსაიტზე prezidenti.ge-ზე მოიყრის თავს, რომლის პრეზენტაციაც 12 ოქტომბერს გამართა „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD).
ვებსაიტი იძლევა საშუალებას ამომრჩეველმა გაიგოს კანდიდატების ხედვა 19 თემის ირგვლივ და მათი პოზიცია თითოეულ საკითხზე ერთმანეთს შეადაროს. დღეისთვის ვებრესურსი დავით ბაქრაძის, გრიგოლ ვაშაძის, შალვა ნათელაშვილის, დავით უსუფაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის პოლიტიკურ ხედვებს აერთიანებს. პროექტის ავტორების თქმით, მათ ამ დრომდე ვერ მიიღეს საარჩევნი პროგრამაზე პასუხი მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისგან.
ასევე ნახეთ რა ადგილი უჭირავთ ეთნიკურ უმცირესობებს საპრეზიდენტო კანდიდატების გულებში?„ვებსაიტი ორი ძირითადი მიზნის გამოა შექმნილი: ერთი, ეს არის ის, რომ ამომრჩეველს მიაწოდოს ინფორმაცია საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო ხედვების შესახებ, რადგან მნიშვნელოვანია, რას აძლევს ამომრჩეველი ხმას. რას გვპირდებიან, რა ხედვები აქვთ კანდიდატებს - სწორედ ამ ვებსაიტზეა მოცემული“, განაცხადა ლევან ცუცქირიძემ, EECMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. მისი თქმით, პროექტის კიდევ ერთი ამოცანაა თავად კანდიდატების წახალისება, რათა მათ პასუხები ნათლად ჩამოაყალიბონ იმ პროცესებზე, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს“.
Your browser doesn’t support HTML5
ტენდენცია ძირითადად ასეთია: როგორ შევამციროთ გადასახადი, არის კონკრეტული, ხოლო როგორ მოვიზიდოოთ ახალი შემოსავლები, წერია, რომ სწორედ გადასახადების შემცირების გზით. არადა, როგორ იქნა ეს დათვლილი, არსად ჩანს...ბაკურ კვაშილავა
კანდიდატებს წინასწარ დაეგზავნათ კითხვარი ეკონომიკის, განათლების, ქალთა უფლებების, საგარეო პოლიტიკური კურსისა და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ, მათ პასუხებში კი გამოიკვეთა როგორც საერთო, ასევე ურთიერთგანსხვავებული მიმართულებები, რაც ექსპერტებს ანალიზის საშუალებას აძლევს.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანის, ბაკურ კვაშილავას, თქმით, კანდიდატების მიერ წარდგენილი პროგრამებიდან ჩანს, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი აცნობიერებენ პრეზიდენტის შემცირებულ როლს, თუმცა გარკვეულ მიმართულებებში ამ ფაქტორს არ ითვალისწინებენ. კვაშილავამ ყურადღება გაამახვილა კანდიდატების პროგრამებში ეკონომიკის, გადასახადების, დასაქმების, სოციალური უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მიმართულებებზე. „ძირითადად პარტიები უფრო დეტალურები არიან, როცა საუბრობენ გადასახადების შემცირებაზე და შემდეგ უკვე ხარჯვით ნაწილზე - რამდენად მეტი უნდა დახარჯონ განათლებაზე, სოციალურ უზრუნველყოფაზე და ა.შ.. შედარებით ზოგადი და კონკრეტული მექანიზმების გარეშეა წარმოდგენილი, როგორ იზრდება შემოსავლები. პროგრამებში შემოსავლები გადაბმულია გადასახადის შემცირებაზე, რასაც ხშირად ვისმენთ ხოლმე, ბოლო წლებია, პარტიებისგან. ტენდენცია ძირითადად ასეთია: როგორ შევამციროთ გადასახადი, არის კონკრეტული, ხოლო როგორ მოვიზიდოოთ ახალი შემოსავლები, წერია, რომ სწორედ გადასახადების შემცირების გზით. არადა, როგორ იქნა ეს დათვლილი, არსად ჩანს“, აცხადებს კვაშილავა.
Your browser doesn’t support HTML5
„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ 2012 წლიდან აგროვებს პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო დაპირებებს, რომლებიც ვებრესურსის სახით რჩება არჩევნების დასრულების შემდეგაც. პროექტის ავტორების თქმით, ის დაინტერესებულ მოქალაქეებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ არჩევნებამდე გაცემული დაპირებები და კანდიდატის მიერ შემდგომში განხორციელებული პოლიტიკა ერთმანეთს შეადარონ.
გადადით ბმულზე და გაიგეთ: როგორია კანდიდატების ხედვა ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, განათლების პოლიტიკის მიმართ და საგარეო პოლიტიკაში.