ამჟამად ბელარუსის ლიდერს, როგორც არასდროს, ისე ესაჭირეობა რუსეთის ფინანსური დახმარება, რადგან, პოლიტოლოგ დმიტრი ორეშკინის თქმით, ფსკერზე მყოფი ბელარუსის „ეკონომიკა სანქციების შემდეგ საერთოდ ფსკერს ქვემოთ დაეშვება“.
პარასკევს, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან სოჭში მიმდინარე მოლაპარაკებების დაწყების წინ, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება.
“მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, როდესაც რუსეთი კვლავ რჩება ბელარუსისათვის ძირითად სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორად, ჩვენ ვხედავთ საქონელბრუნვის მნიშვნელოვან, 18,4 %-იან, ზრდას. ეს არის კარგი ტენდენცია, რაც უნდა შენარჩუნდეს მთავრობის აქტიური მუშაობის შედეგად. და ახლა მთავრობის [რუსეთის] მეთაური სწორედ მინსკში იმყოფება“, - განაცხადა მოლაპარაკების დაწყების წინ თავის მისასალმებელ სიტყვაში ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა „ემოციების ამოფრქვევა“ უწოდა ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავის მინსკის აეროპორტში დასმის გარშემო შექმნილ საერთაშორისო ვითარებას.
თუმცა, თავის მხრივ, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ვლადიმირ პუტინს აჩვენა დოკუმენტებით სავსე საქაღალდე და დაჰპირდა, რომ პირად შეხვედრაზე გააცნობს ინფორმაციებს, თუ როგორ ცდილობენ, შარშანდელი აგვისტოს მსგავსად, „დასავლელი მეგობრები“ ვითარების დესტაბილიზებას.
თუ რამდენად ფასეული ინფორმაცია ჩაუტანა ვლადიმირ პუტინს და რას წამოიღებს ალიაქსანდრ ლუკაშენკა სანაცვლოდ ბელარუსში, ეს ახლო მომავალში გამოჩნდება.
ანალიტიკოსთა თქმით, კოლექტიური დასავლეთის მიერ ლამის სრულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში მოქცეულ ლუკაშენკას რუსეთისგან ჰაერივით ესაჭიროება ფინანსური დახმარება ეკონომიკური ვითარების სტაბილიზაციისა და ბელარუსის რუბლის კურსის შესანარჩუნებლად.
რუსეთთან „ბიფოკალური ურთიერთობის“ დასასრული
გაზეთ „კომერსანტის“ თანახმად, მიმდინარე წელს ეს არის პუტინ-ლუკაშენკას მესამე შეხვედრა, რომელზეც ლუკაშენკა შეეცდება მიაღწიოს ბელარუსის ეკონომიკის სტაბილურობისათვის მნიშვნელოვანი რუსული ენერგომატარებლების ფასის შემცირებას.
დღეისათვის მინსკი ათას კუბურ მეტრ რუსეთის გაზს ყიდულობს 128, დოლარად და სურს, რომ ეს რიცხვი $100-მდე შემცირდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან, ანუ ორი წლით უფრო ადრე საბაჟო და საგადასახადო სისტემების დაგეგმილ უნიფიცირებამდე.
მოსკოვს კი სურს, რომ რიგითობა იყოს სხვანაირი - ჯერ ეკონომიკური ინტეგრაცია და საბაჟო და საფინანსო პოლიტიკის უნიფიკაცია.
ასევე ნახეთ „კომერსანტი“: ლუკაშენკა და პუტინი ერთმანეთს თვის ბოლოს რუსეთში შეხვდებიან
ბოლო წლების განმავლობაში ვლადიმირ პუტინი ზეწოლას ახდენს ლუკაშენკაზე 20 წლის წინ საკავშირო სახელმწიფოს შექმნისკენ მიმართული შეთანხმების ფარგლებში ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციის გასაღრმავებლად.
ალიაქსანდრ ლუკაშენკა ეწინააღმდეგებოდა ამ ზეწოლას, მაგრამ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მინსკისა და ბელარუსის სხვა ქალაქების ქუჩებში დაწყებულმა უპრეცედენტო მასშტაბის აქციებმა შეასუსტა ბელარუსის ლიდერის პოზიციები მოსკოვთან მოლაპარაკების პროცესში.
„ლუკაშენკამ საბოლოოდ უნდა მოუხაროს ქედი პუტინს, რადგან მისთვის დასრულდა ბიფოკალური ურთიერთობის ისტორია, როდესაც ლუკაშენკა ერთიმეორის მიყოლებით აშინებდა ევროპას იმით, რომ შევიდოდა რუსეთის შემადგენლობაში და რუსული რაკეტები გამოჩნდებოდნენ ბრესტში, მოსკოვს კი იმით აშინებდა, რომ მოაგვარებდა ურთიერთობას დასავლეთთან, რასაც შედეგად მოჰყვებოდა არა მაიდანი (უკრაინის „ღირსების რევოლუციის“ სინონიმია - რედ.) უკრაინულ სტილში, არამედ პრივატიზაციისა და ლიბერალიზაციის ხარჯზე მშვიდი დრეიფი ევროპული ფასეულობების მიმართულებით“, - უთხრა პოლიტოლოგმა დმიტრი ორეშკინმა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“, რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივ რუსულენოვან ტელეარხს.
მინსკისა და მოსკოვის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობების თანახმად, სოჭის შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინი და ალიაქსანდრ ლუკაშენკა ისაუბრებენ, ასევე, 23 მაისის ინციდენტზე, რასაც „საჰაერო მეკობრეობის“ ამაზრზენი აქტი უწოდეს აშშ-მა და ევროკავშირმა.
ასევე ნახეთ "საჰაერო მეკობრეობა", "ამაზრზენი აქტი" - ვინ როგორ აფასებს ლუკაშენკას მიერ ჟურნალისტის დაპატიმრების ოპერაციას23 მაისს ლუკაშენკას რეჟიმმა ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი აიძულა მინსკში დაშვებულიყო. მიზეზად ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა დასახელდა. ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკის აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა მიაცილა. დაჯდომისთანავე ბელარუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი, სოფია საპეგა.
25 მაისს მინსკის სასამართლომ სოფია საპეგას 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. იგი ეჭვმიტანილია ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით დანაშაულის ჩადენაში.
სავარაუდოდ, ბელარუსის უშიშროების იზოლატორში ჩაწერილ ვიდეოზე, რომელიც ბელარუსის პროსახელისუფლო ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს, საპეგა ჰყვება, რომ იგი იყო ოპოზიციური ტელეგრამის არხ „ბელარუსის შავი წიგნის“ რედაქტორი. ამ არხზე ხშირად ვრცელდებოდა ცნობები ბელარუსის უსაფრთხოების თანამშრომლების შესახებ, რომლებიც დაეხმარნენ ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომ შეენარჩუნებინა ძალაუფლება აგვისტოს სადავო არჩევნებში.
რუსეთის მოქალაქის დაკავებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რუსეთის მოქალაქის უფლებები დაცული იყოს“, - განაცხადა 27 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
რატომ ვერ „ელევა“ პუტინი ლუკაშენკას?
მიუხედავად ამ და სხვა პრობლემებისა, რომელთაც ლუკაშენკას ამბივალენტური ქმედებები უნდა უქმნიდეს კრემლს, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ, დიდი ალბათობით, რუსეთის ხელისუფლება ბელარუსის ლიდერს ფინანსურ დახმარებაზე უარს არ ეტყვის.
„არსებული ბლოკადის ვითარებაში ბელარუსს, რა თქმა უნდა, დასჭირდება დამატებითი სახსრები. ჩემი აზრით, მინიმალური თანხა, რაც ლუკაშენკას სჭირდება სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, თვეში, დაახლოებით, 300-დან 400 მილიონ დოლარს შეადგენს. სწორედ ამისთვის მიემგზავრება ლუკაშენკა სოჭში და, ჩემი აზრით, მას ამ ფულს მისცემენ. შესაძლოა, ხვალ არა, მაგრამ ამ წელიწადში ბელარუსი კრედიტის არაერთ დამატებით ტრანშს მიიღებს რუსეთისაგან, [ვალების] რესტრუქტურიზაციის გარდა“, - ამბობს ვლადისლავ ინოზემცოვი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.
პოლიტოლოგ დმიტრი ორეშკინის თქმით, არსებობს გარკვეული გეოპოლიტიკური ნიუანსი, რის გამოც პუტინი კვლავ დაეხმარება ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რათა მან შეძლოს ბელარუსში ძალაუფლების შენარჩუნება.
„პრობლემებს, ცხადია, ის ქმნის, მაგრამ პუტინისათვის ლუკაშენკას წასვლით გამოწვეული პრობლემები კიდევ უფრო დიდი იქნება, რადგან თუ ლუკაშენკა საკუთარი ხალხის ზეწოლით წავა, მაშინ პუტინი მიიღებს მაიდნის მსგავს ვარიანტს, რაც კატასტროფა იქნება სამყაროს მისეული აღქმისა და პერსონალური ხელისუფლების სტრუქტურის თვალსაზრისით“, - ამბობს დმიტრი ორეშკინი.
25 მაისს ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ, გააფართოონ ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები, განაცხადა სამიტის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. სანქციების სიაში შევლენ პირები და ორგანიზაციები, რომლებსაც კავშირი აქვთ 23 მაისს მომხდარ ინციდენტთან, რომლის დროსაც ბელარუსმა Ryanair-ის თვითმფრინავი აიძულა მინსკში დამჯდარიყო. ამის შემდეგ ბელარუსის სამართალდამცავებმა დააკავეს თვითმფრინავში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი.
ევროკავშირმა აქამდე უკვე სამჯერ გამოაქვეყნა ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების სიები: 2020 წლის 2 ოქტომბერს, 6 ნოემბერსა და 17 დეკემბერს. საერთო ჯამში, მასში შედის ბელარუსის 55 მოქალაქე, მათ შორის ალიაქსანდრ ლუკაშენკა და, ასევე, შვიდი იურიდიული პირი. ამჟამად ევროკავშირი სანქციების მეოთხე პაკეტს ამზადებს.
მაგრამ რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები არ წარმოადგენს ევროკავშირის პოლიტიკის ერთადერთ პოლუსს.
სწორედ 28 მაისს გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირს განზრახული აქვს, 3 მილიარდი ევროს ეკონომიკური დახმარების პაკეტი შესთავაზოს ბელარუსს, თუ ქვეყანა გადავა დემოკრატიაზე და განახორციელებს რეფორმებს კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სფეროში, მოახდენს სახელმწიფო უწყებებისა და ინფრასტრუქტურული ხარჯების რესტრუქტურიზაციას.
„დემოკრატიული ბელარუსის ყოვლისმომცველი ეკონომიკური დახმარების“ პროექტს, რომლის ტექსტსაც რადიო თავისუფლება გაეცნო, ევროკავშირში, სავარაუდოდ, 28 მაისს წარადგენენ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „როგორც კი ბელარუსი დემოკრატიის გზას დაადგება, ევროკავშირი პრიორიტეტული თანამიმდევრობით განახორციელებს ქვეყნის გადაუდებელ და გრძელვადიან შემწეობას, რათა დაეხმაროს მას ეკონომიკის სტაბილიზებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირებაში, რაც მათ გახდის უფრო დემოკრატიულს და შესაძლებლობას მისცემს თავისი წვლილი შეიტანონ მოქალაქეთა და, მთლიანად, საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფაში“.
3 მილიარდი ევროს მოცულობის ეკონომიკური მხარდაჭერის გეგმას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მომდევნო კვირაში განიხილავენ.
ეს გეგმა ევროკავშირში პირველად წარდგენილ იქნა 2020 წლის შემოდგომაზე, ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც გამარჯვებულად გამოცხადებულმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ სასტიკად ჩაახშო ქვეყნის მასშტაბით გაჩაღებული საპროტესტო გამოსვლები.