რა შენდება და რა ინგრევა მთაწმინდაზე

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მძიმე ტექნიკა მთაწმინდაზე მიწას რამდენიმე დღეა ჭრის.

8 მარტის ქუჩა ნომერ 38-ში კომპანია “MK Development” აშენებს სახლს, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულდეს. კომპანიამ მშენებლობის ნებართვა 2018 წლის 17 ოქტომბერს მოიპოვა. პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ “პროექტი დამუშავდა ამხანაგობა "მთაწმინდა რეზიდენსის" დაკვეთით, რომელიც შეიძლება ითქვას სოციალური ხასიათისაა. ასაშენებელი ფართის 60% ადგილობრივი მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი. ტერიტორიაზე განთავსებული შენობები ავარიულია და მოსახლეობას წლების განმავლობაში გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება.”

მშენებლობისთვის გამზადებული ტერიტორია ტვერელის ეკლესიის გალავანს ესაზღვრება.

მოსაზღვრე ღობესა და კედელზე ჯერ კიდევ ჩანს ძველი ბინადრების აბაზანისა და საძინებლის ფრაგმენტები.

აქვეა სამი ქვევრი და მურაბის ქილები, რომლებსაც მფლობელი გააჩუქებს.

​ეკლესია, რომლის გვერდითაც მშენებლობა მიმდინარეობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს კი კანონის თანახმად, ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალი აქვთ, რაც მათ სიახლოვეს განაშენიანებას უნდა ზღუდავდეს.

დამცავი ზონის დადგენის კრიტერიუმები: მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის, ძეგლების, კულტურული ღირებულების მქონე ურბანული ქსოვილისა და ცალკეული შენობა-ნაგებობების, ისტორიული განაშენიანების, ქუჩათა ქსელის, გეგმარებითი სტრუქტურის, ისტორიული ლანდშაფტის, არქეოლოგიური ობიექტების არასასურველი ზემოქმედებისაგან დაცვა;

მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ბუნებრივი, ისტორიული, ესთეტიკური, ეკოლოგიური გარემოს, მისი ავთენტიკური ელემენტების, ისტორიულად ჩამოყალიბებული ხედებისა და პანორამების, ასევე იმ სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კონტექსტის შენარჩუნება, რომელიც ხელს შეუწყობს ძეგლისა და მისი გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას, ძეგლის, როგორც ისტორიის მოწმის, როლის შენარჩუნებას.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქალაქის იერსახის დამახინჯება არც თავად მოსწონთ, მათი მშენებლობა კი წესისა და რიგის დაცვით, კანონიერად მიმდინარეობს.

“ამხანაგობა "მთაწმინდა რეზიდენსს", აქვს ყველა იურიდიული საბუთი და დასკვნა. პროექტი დამტკიცებულია ახალი რეგულაციებით და გათვალისწინებულია ყველა უსაფრთხოების ნორმა, გავლილი აქვს ურბანული დაგეგმარების და ისტორიული საბჭოები, რომლის გარეშეც არ ხდება ქალაქის მუნიციპალიტეტში პროექტის შეთანხმება, რასაც საკმაოდ დიდი დრო და არქიტექტორების პროფესიონალური მუშაობა დასჭირდა, არანაირი კოეფიციენტი არ ყოფილა ნაყიდი და საცხოვრებელი შენდება იმ მოცულობის, რაც არსებული ზონალობით და კანონით არის გათვალისწინებული.”

"ტფილისის ჰამქარი" თვლის, რომ ასეთი მშენებლობების შედეგად საფრთხე ექმნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელსაც საძირკველი ფაქტობრივად გამოცლილი აქვს, თავად მშენებლობა კი სარისკო გრუნტზე უნდა დაიწყოს.

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ამბობს, რომ მშენებლობა კანონიერად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის უსაფრთხოდ მიმდინარეობს: „მშენებლობის ნებართვა არამხოლოდ კანონიერად გაიცა, არამედ მშენებელს არანაირი ცვლილება არ მოუთხოვია იმ ნებართვისგან, რაც მოქმედებს ამ ტერიტორიაზე. არც ზონის ცვლილება და არც კოეფიციენტის მატება. რაც შეეხება ეკლესიასთან სიახლოვეს, წარმოდგენილია ყველა დასკვნა, კონსტრუქციული თუ გეოლოგიური, რომ ფერდობი, რომელიც ემიჯნება ეკლესიას, არ წარმოადგენს საფრთხეს, თუმცა დამატებით მაინც იქნება გამაგრებული."

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელის თქმით, "აქ პრობლემა ობიექტის სიმჭიდროვე, თავისუფალი სივრცის თითქმის სრული ათვისება და რაც მთავარია, ლანდშაფტთან საკმაოდ უხეში დამოკიდებულებაა.

თითქოს ობიექტი ლანდშაფტს "ერგება", სიმაღლეშიც არ არის "ავარდნილი", დანაწევრებულიც არის სხვადასხვა "სეგმენტად", ტრადიციული მასალაც გამოყენებულია, მაგრამ ფოტოზე, რომელიც შედარებისთვის არის მოყვანილი კარგად ჩანს: როგორ ჭამს ობიექტი სივრცეს, როგორ "ეტენება" და სრულად ეწინააღმდეგება არსებულ ისტორიულ განაშენიანებას."

MK Development”-ის მშენებლობა ერთადერთი არ არის მთაწმინდაზე მიმდინარე სადავო მშენებლობებიდან. მაგალითად, ყიფიანის ქუჩაზე 2018 წლის გაზაფხულზე მშენებლობა კლდის ნგრევის გამო შეჩერდა, თუმცა დღეს აქ მშენებლობა უკვე იმ ეტაპზეა, რომ ჩამოშლილი კლდე აღარც კი ჩანს.

"ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ პლუსის" დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ბიძინა წაქაძე, რომელსაც სხვა კომპანიებშიც აქვს ინტერესები და რომელიც პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია.

“მკ დეველოპმენტის” მიერ სამშენებლოდ მონიშნული ტერიტორიიდან ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობამდე მანძილის ფეხით გავლას სულ 15 წუთი სჭირდება. ამ მანძილის გავლისას გზად შეხვდებით გასაყიდ ადგილებს, აშენებულ სასტუმროებს, მშენებლობისთვის გამზადებულ ტერიტორიებს და ისეთ მშენებლობებსაც, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ უბნისთვის დამახასიათებელ ტერასული ტიპის განაშენიანების პრინციპებს.

ტვერელის ეკლესიის სიახლოვეს მიმდინარე მშენებლობა 26 მარტს სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს. პროტესტი ახლდა, მაგალითად, ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასაც, თუმცა მთაწმინდის შენება და ნგრევა დიდი პროცესია, რომელიც საპროტესტო აქციებით მხოლოდ დროებით თუ შეჩერებულა.