საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსულ მედიაჰოლდინგს, „ნტვ-პლუსს“, ავტორიზაცია საკუთარი თხოვნის საფუძველზე შეუჩერა. შესაბამისად, მედიაჰოლდინგს კომისიაში არ წარუდგენია საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირების შესახებ ამონაწერი. ჯერჯერობით უცნობია, საერთოდ მიმართა თუ არა “ნტვ პლუსმა” საქართველოში მაუწყებლობის დაწყებისთვის სავალდებულო ამ პროცედურას, თუმცა ავტორიზაციის შეჩერება არ ნიშნავს იმას, რომ „გაზპრომ-მედიის“ შვილობილი “ნტვ პლუსი” საქართველოს ტელე-მედიაბაზარზე ვეღარ შემოვა, თუ მას ამის სურვილი და განზრახვა კვლავაც აქვს.
Your browser doesn’t support HTML5
„ნტვ პლუსისთვის“ ავტორიზაციის შეჩერება
- „ნტვ პლუსისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების მიუხედავად, კანონმდებლობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მან საქართველოში მაუწყებლობისთვის მუშაობა განაგრძოს.
- ამ ეტაპზე რუსეთში რეგისტრირებული “ნტვ პლუსი” თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურების ნებართვას ვერ მიიღებს.
- მას შეუძლია საქართველოში გაიაროს რეგისტრაცია და ავტორიზაციისთვის თავიდან მიმართოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოს.
- ჯერჯერობით “ნტვ პლუსის” ახალი, მათ შორის, სამართლებრივ-პროცედურული გეგმების შესახებ ოფიციალურად არაფერია ცნობილი.
რუსული თანამგზავრული ტელევიზია „ნტვ პლუსისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების მიუხედავად, საქართველოს კანონმდებლობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მან საქართველოში მაუწყებლობის დასაწყებად მუშაობა განაგრძოს, - გვითხრა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, მარიამ გოგესაშვილმა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე რუსეთში რეგისტრირებული “ნტვ პლუსი” თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურების ნებართვას ვერ მიიღებს, თუმცა მას შეუძლია საქართველოში გაიაროს რეგისტრაცია და ავტორიზაციისთვის თავიდან მიმართოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოს:
“ანუ რეესტრში მან უნდა გაიაროს რეგისტრაცია, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში დარეგისტრირდეს როგორც უცხო ქვეყნის ფილიალი ან როგორც ახალი სუბიექტი, მაგალითად, შპს ან სააქციო საზოგადოება. არ აქვს მნიშვნელობა. ანუ სამეწარმეო სუბიექტად უნდა დარეგისტრირდეს და შემდგომში უნდა მიმართოს კომისიას ავტორიზაციის მოთხოვნით“.
მარიამ გოგესაშვილისთვის ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, თავად რატომ მოითხოვა “ნტვ პლუსმა” ავტორიზაციის შეჩერება და, საერთოდ, გახდება თუ არა შესაძლებელი ამის რეალური მიზეზების გამოვლენა. თუმცა მისთვის ნათელია,რომ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც კომუნიკაციების კომისიამ მედიაჰოლდინგს წერილობით მოსთხოვა საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან მონაცემების წარდგენა. მარიამ გოგესაშვილმა არც ის იცის, უკვე მიმართა თუ არა “ნტვ პლუსმა” აღნიშნულ რეესტრს და კომპანიის მიერ ავტორიზაციის შეჩერების თხოვნა ხომ არ უკავშირდება რეესტრის მიერ მისი რაიმე სახით დაბლოკვას:
“მიმართა თუ არა და რაიმე პრობლემა იყო თუ არა, ან რა სახელით მიმართა, ჩვენთვის უცნობია. აქედან გამომდინარე, ამას ვერ გადავამოწმებთ. შეიძლება საქართველოში არ დარეგისტრირებულიყო როგორც „ნტვ პლუსი“, დარეგისტრირებულიყო სხვა კომპანიის სახელით და ამ კომპანიაზე შემდგომში მომხდარიყო უფლების მინიჭება, რომ „ნტვ პლუსის“ არხების გავრცელების შესაძლებლობა ჰქონოდა“.
მარიამ გოგესაშვილი ვარაუდობს, რომ, მისამართისა და დოკუმენტაციის სწორად წარდგენის შემთხვევაში, სამეწარმეო რეესტრი კომპანიას რეგისტრაციაზე უარს ვერ ეტყოდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით კი, „ნტვ პლუსი“ საქართველოში თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებაზე ავტორიზებული პირი 2016 წლის 16 სექტემბრიდან იყო. 2018 წლის 10 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ იგი პირველი ციფრულ-თანამგზავრული ტელეოპერატორია, რომელიც რუსეთის საზღვრებს გარეთ, კერძოდ, საქართველოში დაიწყებდა მაუწყებლობას საკუთარი ბრენდით, „ნტვ პლუს ჯორჯიას“ სახელწოდებით. რაც მთავარია, „გაზპრომ-მედიაში“ არ დამალეს, რომ რუსული თანამგზავრული ტელევიზია საქართველოში საქმიანობის დაწყებას სოციალურ მისიად განიხილავდა და მას მხოლოდ ბიზნესს არ უკავშირებდა. „ნტვ პლუსის“ განაცხადი თავიდანვე რუსული საინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფართოებისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული ომის ეფექტიანობის გაზრდის მცდელობად შეფასდა.“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაპროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე ასევე ადასტურებს, რომ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირება უმარტივესი პროცედურაა და სათანადო დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში ამ პროცედურის გავლა არც „ნტვ პლუსს“ გაუჭირდებოდა. აქვე მამუკა ანდღულაძე აქცენტს აკეთებს ერთ მიმდინარე პროცესზე, დისკუსიაზე, რომელიც, მისი შეფასებით, სწორედ „ნტვ პლუსის“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად გაიშალა:
“ეს აქამდე რაღაც ლოკალურ დონეზე მაინც მიმდინარეობდა, მაგრამ გამოჩნდა აუცილებლობა იმისა, რომ უფრო ფართო დისკუსია იყოს: რას ვშვრებით რუსეთის სახელმწიფოს მიერ კუთვნილ მედიასაშუალებებთან? ამის აუცილებლობა და გარდაუვალობა დადგა -რას ვაკეთებთ? უნდა იყოს საუბარი იმაზე, რამდენად არის პროპორციული შეიზღუდოს, რომელი მედიასაშუალება უნდა შეიზღუდოს და ამით საფრთხე ხომ არ შეექმნება პარალელურად, ვთქვათ, გამოხატვის თავისუფლებას, კრიტიკული აზრის გამოხატვის თავისუფლებას,თუნდაც თეორიულადაც კი. ანუ არა მარტო რუსული მედიის შეზღუდვას ვგულისხმობ, არამედ სხვა მედიასაშუალებებსაც“.
მამუკა ანდღულაძე დასძენს, რომ დისკუსია უნდა გაგრძელდეს და ისეთი სტრატეგიული გეგმის კონსენსუსის საფუძველზე მიღებით დასრულდეს, რომელიც კრიტიკული აზრის შეზღუდვას არ დაუშვებს. რაც შეეხება „ნტვ პლუსს“, ახალი გარემოებების შესაბამისად, მისი ახალი, მათ შორის, სამართლებრივ-პროცედურული გეგმების შესახებ ოფიციალურად არაფერია ცნობილი.