რა შედეგი აჩვენა კახეთის რამდენიმე სოფელში წყლის ხარისხის კვლევამ?

სოფელი პატარძეული

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მცხოვრებნი სასმელი წლის უხარისხობას წლებია უჩივიან. თუმცა, სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის მიმართვა მხოლოდ შარშან გადაწყვიტეს. ისიც, სასმელი წყლის ფერით და სუნით შეწუხებულმა რამდენიმე მოზარდმა, რომლებმაც ადამიანის უფლებების და მათი დაცვის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ტრენინგი გაიარეს.

საუბარია ოთხ სოფელზე - პატარძეულზე, თოხლიაურზე, გიორგიწმინდასა და ნინოწმინდაზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საგარეჯოს მერიისთვის დეკემბერში გაგზავნილი წერილიდან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ ახლახან გაასაჯაროვა, ირკვევა, რომ ამ სოფლებში სხვადასხვა ადგილას წყლის 6 ნიმუში შემოდგომაზე აიღეს, მათ შორის ნინოწმინდის საჯარო სკოლის ეზოდან.

დაგვპირდნენ, რომ პრობლემას მოაგვარებენ, მაგრამ ჯერ ისევ დაბინძურებული წყალი მოდის.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სინჯები სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიას შეამოწმებინა. კვლევის შედეგზე დაყრდნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო საგარეჯოს მერს წერს, რომ სასმელი წყლის სინჯები არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შესაბამისად, წყალი არ არის უსაფრთხო მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის. უმოკლეს დროში უნდა განხორციელდეს რეზერვუარების რეცხვა-დეზინფექცია, მოხდეს წყლის დაქლორვა. უნდა დადგინდეს წყლის დაბინძურების წყარო. ვიდრე ეს ღონისძებები გატარდება, მიზაშეწონილად მიგვაჩნია მოსახლეობას წყალი მიეწოდოს ავტოცისტერნებით ან ჩამოსხმული სახით“. თავად ლაბორატორიის გამოცდის ოქმში ერთ-ერთ დამაბინძურებლად მითითებულია ფეკალური სტრეპტოკოკი.

ჩვენი ლაბორატორია პერმანენტულად ახორციელებს ყველა სათავე ნაგებობის მონიტორინგს, ახდენს დაქლორვას და სათავე ნაგებობების გაწმენდას. ფეკალური მასები სასმელ წყალში არ ხვდება.
ბექა ფეიქრიშვილი


„დაგვპირდნენ, რომ პრობლემას მოაგვარებენ, მაგრამ ჯერ ისევ დაბინძურებული წყალი მოდის“, - გვეუბნება ლაბორატორიული კვლევის ინიციატორი ახალგაზრდა, რომელიც სოფელ ნინოწმინდაში ცხოვრობს.

დაიწყო თუ არა პრობლემის მოგვარება საგარეჯოს მერიამ? ირკვევა, რომ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური საერთოდ უარყოფს, რომ ზოგიერთ სოფელში სასმელ წყალს ფეკალია ერევა. სამსახურის უფროსის, ბექა ფეიქრიშვილის თქმით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი წყლით ძირითადად მთის მდინარეებიდან მარაგდება და შესაძლოა, წვიმის დროს წყალი შეფერილი იყოს. ფეიქრიშვილი გვეუბნება, რომ მუნიციპალიტეტს საკუთარი ლაბორატორია აქვს და წყალში ფეკალია არასდროს აღმოუჩენიათ: ჩვენი ლაბორატორია პერმანენტულად ახორციელებს ყველა სათავე ნაგებობის მონიტორინგს, ახდენს დაქლორვას და სათავე ნაგებობების გაწმენდას. ფეკალური მასები სასმელ წყალში არ ხვდება. წელს დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო, რაც კიდევ უფრო გაუმჯობესებს როგორც წყლის ხარისხს, ასევე მოიმატებს წყლის დებეტი. მე დაბინძურებას არ უარვყოფ, რადგან ღია ბუნებრივი წყლები შეიძლება იყოს დაბინძურებული, მაგრამ დაბინძურება არ ხდება ფეკალური მასებით“.

„ადამიანის უფლებთა ცენტრი“ კახეთის რეგიონში სასმელ წყალთან დაკავშირებულ პრობლემებს თითქმის ორი წელია იკვლევს. არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე ნინო ტლაშაძე ამბობს, რომ საგარეჯოს მერიამ წყლის დაბინძურების შესახებ 2019 წლის დეკემბრიდან იცის, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადაუდგამს. ტლაშაძის თქმით, საგარეჯოს ოთხი სოფლის მაგალითზე, დარღვეულია ადმიანის ფუნდამენტური უფლება - მიიღოს სუფთა სასმელი წყალი:

როდესაც მოსახლეობას, ბავშვებს, მოზარდებს არ აქვთ წვდომა სუფთა სასმელ წყალზე, ეს ნიშნავს, რომ ირღვევა პირველ რიგში, მათი სიცოცხლის უფლება, რადგან ჯანმრთელობა ერყევათ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გრძელვადიანი ბომბი. როდესაც ამ დონეზე დაბინძურებულ წყალს ყოველდღიურად სვამენ ადამიანები, თუ ახლა არა აქვთ არანაირი დაავადება და შეიძლება ითქვას, მიჩვეული არიან, მომავალში შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ“

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრობლემა მოგვარდება, ადამიანის ფუნდამენტური უფლება უკვე დარღვეულია. ნინო ტლაშაძის თქმით, თუ ადამიანები სამედიცინო დოკუმენტებით დაადასტურებენ, რომ დაბინძურებულმა წყალმა მათი ჯანმრთლეობის მდგომარეობა გააუარესა, შეუძლიათ მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ სამართლებრივი დავაც დაიწყონ.